ევრაზიის ინსტიტუტი ამერიკელი ატლანტისტების სამიზნედ

ევრაზიის ინსტიტუტი ამერიკელი ატლანტისტების სამიზნედ

  შეერთებულ შტატებში გამომავალი გავლენიანი ჟურნალი „ამერიკული ინტერესი“ (“The American Interest”),

რომელსაც ფრიად ცნობილი ატლანტისტები - ფრენსის ფუკუიამა და ზბიგნევ ბჟეზინსკი რედაქტორობენ, დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოში ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და მათ „მეხუთე კოლონად“ განიხილავს (სტატიის ამერიკული ორიგინალი: „Georgia’s Fifth Column Stirs“, რუსული თარგმანი: „Оживление в грузинской пятой колонне“). აშკარაა, რომ ამერიკელი ატლანტისტები და ნეოკონსერვატორები არ მოელოდნენ, რომ მათი დაფინანსებისა და კეთილი ნების გარეშე საქართველოში ვინმე გაბედავდა გააქტიურებას საზოგადოებრივ ასპარეზზე. სტატიის ავტორი განსაკუთრებით გაღიზიანებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოში, რომელიც მას ჩამორჩენილი და ამერიკის მონა მასისგან შემდგარი ფსევდონაცია ეგონა, ვინმეს 15 წლის შემდეგ გაახსენდებოდა იუგოსლავიის მუხანათური განადგურება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ.

  დიახ, ეს და არა მარტო ეს ფაქტები ახსოვთ საქართველოში და, ევრაზიის ინსტიტუტიც სწორედ იმიტომ მუშაობს, რათა საზოგადოებას კომპეტენტურად მიაწოდოს საერთაშორისო პოლიტიკის რთული ნიუანსები. ამერიკელი ავტორი სავსებით სწორად აღნიშნავს, რომ ევრაზიის ინსტიტუტი 1999 წლის ნატოს თავდასხმას სუვერენულ იუგოსლავიის ფედერაციაზე (რასაც შემდეგ სერბეთისგან კოსოვოს ჩამოშორება მოჰყვა) განიხილავს დასავლეთის მხრიდან მართლმადიდებელი ცივილიზაციის წინააღმდეგ წამოწყებულ ექსპანსიად. სამწუხაროდ, გავლენიანი ამერიკული ჟურნალის ავტორს დღემდე ვერ შეუგნია, რომ მართლმადიდებელი ცივილიზაცია ცალკე აღებული, თვითკმარი რელიგიურ-კულტურული სივრცეა, ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური ინტეგრაციის პერსპექტივით, ამიტომ იგი ამ ტერმინს ბრჭყალებში აქცევს - „მართლმადიდებელი ცივილიზაცია“.

   თუმცა მთავარი არა ამერიკელი ავტორის მიკერძოებული აზრი, არამედ ახალი რეალობაა - საქართველოში გამოცოცხლებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შედეგები უკვე მოცემულობაა, რომელსაც გამყარება სჭირდება. სავარაუდოდ, სწორედ ეს შედეგები იწვევს მოწინააღმდეგეთა აგრესიას, რაც ბოლო დროს ევრაზიის ინსტიტუტის წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური კამპანიითაც გამოიხატა (თითქოს ევრაზიის ინსტიტუტი ცდილობდა 17 მაისს არეულობის მოწყობას და ამ გზით ე. წ. ევროასოცირების ხელშეკრულების ჩაშლას).