„დაბადების დღე მიულოცეთ, მაგრამ სიმართლეც თქვით!“ - გულბაათ რცხილაძე

„დაბადების დღე მიულოცეთ, მაგრამ სიმართლეც თქვით!“ - გულბაათ რცხილაძე

მეც ვულოცავ დაბადების დღეს და პიროვნულად ყველაფერს კარგს ვუსურვებ, მაგრამ სიფრთხილით ვუყურებ მას, ვინც:

მოგვასწრო ისეთ საქართველოს, სადაც პირდაპირი იერიში მართლმადიდებელ ეკლესიაზე და პატრიარქის მიმართ ცილისმწამებლური, ურცხვი კამპანიის გაჩაღება შესაძლებელი გახდა;

ხალხი აიძულა, მარგველაშვილი და ზურაბიშვილი აერჩიათ პრეზიდენტებად;

მისმა ხელთდასმულმა მთავრობამ ვერაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ მომძლავრებულ მეზობელს დავით გარეჯის მონასტრის დიდი ნაწილი არ წაერთმია ჩვენთვის;

მისი მთავრობა აგრძელებს ბენდუქიძისეულ ეკონომიკურ პოლიტიკას, საქართველოს ხედავს უცხოელებისთვის გამოსაყენებელ „დერეფნად“, ქართველ ადამიანებს კი - ევროკავშირში არალეგალურად გადახვეწილ, იაფ მუშა-ხელად;

ვინც არ გამოიყენა ისტორიული შანსი და არ დაიწყო პოლიტიკური პროცესი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისა, ვინც არ აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს ერთადერთ ბუნებრივ მფარველთან;

ვინც საქართველო რუსეთთან არამეგობრულ პოზიციებზე დატოვა, პარალელურად ამისა კი დასავლეთს იმტერებს და ქვეყანას სრული გეოპოლიტიკური იზოლაციისკენ მიაქანებს, თურქულ „ვილაიეთად“ გადაქცევის პერსპექტივით;

ვისი პოლიტიკური გუნდიც სტალინის სახელს განაქიქებს, ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლიკის გამოყენებას გვიკრძალავს და თან ფარულ ბიზნესებს აწარმოებს მეზობელ რუსეთში;

ვინც ათი წელია, იყენებს დამნაშავე „ნაცმოძრაობას“, როგორც ხალხის შესაშინებელ იარაღს.

რაც შეეხება ყბადაღებულ „მეორე ფრონტს“: რატომღაც, ეს თემა მხოლოდ საქართველოში განიხილება აქტიურად, მხოლოდ საქართველოს უბედავს კიევის ფაშისტური რეჟიმი, რომ რუსეთთან ომში ჩათრევისკენ მოუწოდოს. ამ დროს, რატომ ვერავინ უბედავს ვერაფერს აზერბაიჯანს და მის ლიდერს, ალიევს? რატომ არავინ სთხოვს ყაზახეთს, რომელსაც უზარმაზარი საზღვარი აქვს რუსეთთან, გაუხსნას მეზობელ ქვეყანას „მეორე ფრონტი“? ან იქნებ, ყირგიზეთს უნდა ჩაედინა ასეთი სისულელე?

ეს იმიტომ ხომ არ ხდება ჩვენს თავს, რომ იუბილარის მიერ დასმული მთავრობა ათი წლის მანძილზე ატარებდა მორჩილ, რადიკალურად დასავლურ პოლიტიკას და მხოლოდ ახლა, როდესაც მათი პიროვნული სანქცირების საკითხი დადგა დღის წესრიგში, ნაგვიანევად გაიღვიძა?!

ისიც გასათვალისწინებელია, რომ „მეორე ფრონტს“ თავად რუსეთი არ ხსნის, თუმცა ძალიან იოლად შეუძლია, კიევის ფაშისტურ რეჟიმთან ბრძოლის პარალელურად, ერთი ბლიც-კრიგი ჩაატაროს აქ, სავსებით უმტკივნეულოდ. ხომ უკვე ცხადი გახდა, რომ ეს ჩვენი მედროვე პოლიტიკოსები ახლა რუსულ ტანკებს დახვდებიან ყვავილებით, როგორც თავის დროზე ჯორჯ ბუშს დახვდა არაერთი მათგანი, თავისუფლების მოედანზე!

ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ ჩვენი მთავრობა არც ისე მტკიცედ იდგა რუსეთთან მშვიდობის პოზიციებზე და მოსკოვიდან განხორციელებულმა სატელეფონო მუქარის ზარმა შეაცვლევინა მათ აზრი! თუმცა, ამ ინფორმაციას მე ვერც უარვჰყოფ და ვერც დავადასტურებ!

ასე რომ, მეც ვულოცავ დაბადების დღეს, ჯანმრთელობას და ახალ მილიარდებს ვუსურვებ, მაგრამ სიმართლესაც ვამბობ; თქვენც თქვით სიმართლე!

 

გულბაათ რცხილაძე