აშშ საქართველოში ქაოსის მზადებას იწყებს

აშშ საქართველოში ქაოსის მზადებას იწყებს

 უახლოეს ხანში, შესაძლებელია, რომ საქართველოში პოლიტიკური ქაოსი წარმოიშვას. ამას მიანიშნებს იური ვაზაგაშვილზე განხორციელებული ტერორისტული აქტის ცხელ კვალზე გახსნის ჩაშლა.

მეტიც, ვაზაგაშვილის ლიკვიდაციას დღემდე არ აქვს მინიჭებული ტერაქტის კვალიფიკაცია და მისი ფსევდოგამოძიება მიმდინარეობს ჩვეულებრივი მკვლელობის მუხლით.

   ყოველივე ეს მკვეთრად ამძაფრებს სურათს და ამას ემზარ კვიციანის ნაგვიანევი გათავისუფლებაც ვერ გადაფარავს (კვიციანის დროული გათავისუფლების პოლიტიკურ მნიშვნელობაზე, ადამიანურთან ერთად, ხელისუფლებას იმთავითვე ვაფრთხილებდით!).

   ნაცვლად იმისა, რომ იური ვაზაგაშვილზე განხორციელებული მუხანათური და ცინიკური ტერაქტი ხელისუფლებისთვის გამოფხიზლების ნიშანი ყოფილიყო, ივანიშვილი–ღარიბაშვილის რეაქცია უსუსტესი აღმოჩნდა. მეტიც, ივანიშვილის მიერ დაწუნებულ „ენჯეოშნიკებს“ მათი მბრძანებელი, ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი გამოესარჩლა. ნორლანდის საჯარო განცხადება არ უნდა მივაწეროთ დიპლომატიურ ხარვეზს, ეს სავსებით გამიზნულად მოხდა. ბიძინა ივანიშვილს მიუთითეს, რომ იგი „ჭკუით“ იყოს.

  ამის პარალელურად, ამერიკულმა „რადიო თავისუფლებამ“ დამახინჯებით გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრის, თ. ბერუჩაშვილის ინტერვიუ, თითქოს საქართველო რუსეთთან სავაჭრო–ეკონომიკურ საკითხებზე დიალოგის შეწყვეტას აპირებს.  ხომ ბავშვისთვისაც  გასაგებია, რომ ამჟამინდელ უმძიმეს სოციალურ–ეკონომიკურ ვითარებაში ერთადერთი რეალური არჩევანი რუსული ბაზარია. უკვე ორი წელია, გახსნილი რუსული ბაზრის წყალობით სოფლის მეურნეებმა სული მოითქვეს, ყურძენს და ციტრუსებს ნორმალური ფასი დაედო. ესეც რომ არ მომხდარიყო, სოციალურ აფეთქებას მთავრობა თავს ვერ აარიდებდა.

  შესაბამისად, ბერუჩაშვილს რომ ასეთი განცხადება გაეკეთებინა, იგი საქართველოს ეკონომიკის დანგრევისკენ მოწოდება იქნებოდა (რუსეთთან სავაჭრო–ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებების შეჩერება სხვაგვარად ვერ შეფასდება!). „რადიო თავისუფლების“ საშუალებით მოხდა საკითხის ზონდირება და ქართულ–რუსული ურთიერთობების კიდევ უფრო დამძიმების მცდელობა. ქალბატონმა მინისტრმა კი უარყო ინტერვიუს ეს პასაჟი, მაგრამ საერთოდ მიუღებელია, როდესაც მინისტრი მთელი ერთი კვირის განმავლობაში იმყოფება ამერიკაში, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქალბატონი მინისტრის სერიოზული „დამუშავება“ მიდის.  ყოველ შემთხვევაში, მსოფლიოს არც ერთ სუვერენულ სახელმწიფოში არ ხდება ისე, რომ მთავრობის წევრი, ხანგრძლივი დროით გადაიხვეწოს რომელიმე ერთ კონკრეტულ უცხო სახელმწიფოში. ეს მარტო საქართველოს დიპლომატიურ პრაქტიკაშია მიღებული.

  გამომდინარე ყოველივე აქედან, ის, რაც ახლა ხდება, არის შეერთებული შტატების მიზანმიმართული პოლიტიკა. საქართველოს არ აძლევენ საშუალებას, იმოქმედოს საკუთარი ინტერესებით, საქართველო თავიდან ბოლომდე ამერიკის მონა უნდა იყოს. „ნატოს სასწავლო ცენტრის“ უახლოეს დროში გახსნაც ამ მიზანს ემსახურება.

   სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლება ამ ყველაფერში ვერ გარკვეულა და პროცესები დინებაზე აქვს მიშვებული. საჭიროა, ისევ ქართული საზოგადოება გამოფხიზლდეს და აიძულოს ხელისუფლება, განახორციელოს ყბადაღებული პროქართული კურსი. სწორედ ამ პათოსით უნდა შეიკრიბოს იური ვაზაგაშვილის ლიკვიდაციით აღშფოთებული ქართველობა. ერთი ტერაქტის გამოძიების მოთხოვნა საქმეს ვერ უშველის!

 

გულბაათ რცხილაძე