ანტიაზერბაიჯანული ბუდე საქართველოში უნდა დაირღვეს

ანტიაზერბაიჯანული ბუდე საქართველოში უნდა დაირღვეს

 ისტერია, რომელიც საქართველოში ატყდა აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან მუხტარლის დაპატიმრების შემდეგ, არ ცხრება. ვითომ საქართველოს თავისი პრობლემები არ ჰყოფნის განსახილველად, მაგრამ ლიბერალურმა მასმედიამ

(საქართველოში კი მასმედიის უდიდესი ნაწილი ლიბერალურ-დასავლური შეფერილობისაა), ერთხმად და ერთად გადააქცია ვინმე „ჟურნალისტ მუხტარლის“ თემა უძველებელ სიახლედ.

მთავრობა, როგორც ყოველთვის, თავის მართლების რეჟიმშია აგრესიული მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, და, რა თქმა უნდა, „ნაციონალური“ ოპოზიციის წინაშე. სწორედ ეს „ოპოზიცია“ გუშინ და გუშინწინ თავად ფეხებით თელავდა ადამიანის უფლებებს. ახლა ყველა ისინი ა. მუხტარლის შემთხვევის გამო ადამიანის უფლებების შელახვაზე ხმაურობენ.

4 მაისს აზერბაიჯანულ მასმედიაში გამოქვეყნდა ჟურნალისტ ეინულა ფატულაევის სტატია («Азербайджанское подполье в Тбилиси: явки, деньги, инструкции»), რომელშიც დაწვრილებით არის აღწერილი იატაკქვეშა აზერბაიჯანული ოპოზიციის მოღვაწეობა საქართველოს ტერიტორიაზე. აზერბაიჯანელი ჟურნალისტისადმი პატივისცემის მიუხედავად, მას არ შეეძლო, ოპოზიციურ იატაკქვეშეთთან დაკავშირებული ასეთი დეტალების ცოდნა. არ არის საჭირო დიდი ექსპერტობა, რომ მიხვდე სტატიის წაკითხვის შემდეგ - სტატია ეფუძნება სპეციალური სამსახურების მიერ მიწოდებულ ფაქტოლოგიურ მონაცემებს. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში საუბარია აზერბაიჯანის სპეცსამსახურებზე, რომლებიც ვერ დასხდებიან გულ-ხელდაკრეფილნი და ისინი თბილისში ჩაბუდებული არასისტემური ოპოზიციის შესახებ დაზვერვითი ხასიათის ინფორმაციებს შეაგროვებენ. აზერბაიჯანმა ამ სტატიის მეშვეობით ქართულ მხარეს „მესიჯი“ გაუგზავნა, რომ ბაქოში ძალიან უკმაყოფილონი არიან, საქართველოს ხელისუფლების, სულ მცირე, უმოქმედობით, ანტისამთავრობო ძალების მიმართ, რომლებიც აზერბაიჯანიდან გამოიქცნენ და ამ სახელმწიფოს ხელისუფლების დესტაბილიზაციას ამზადებენ.

როგორც ჩანს, ეს მესიჯი საქართველოს შესაბამის სტრუქტურებში სწორად იქნა გაგებული და სტატიის ერთ-ერთი ფიგურანტი - ა. მუხტარლი აზერბაიჯანის სამართალდამცავთა ხელში აღმოჩნდა. მას ბრალი ედება კონკრეტულ სამართალდარღვევებში, ამასთან, არ არსებობდა მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე ჩატარებული სპეცოპერაციის არც ერთ ეტაპზე. დიახ, ეს იყო სპეცოპერაცია, მეზობელი სახელმწიფოს ეჭვმიტანილი მოქალაქის დაკავებისა. არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რომელი სტრუქტურა მონაწილეობდა ამ ოპერაციაში და როგორ იყო განხორციელებული ტექნიკური თვალსაზრისით - სპეცსამსახურები არსებობენ მათ შორის ასეთი ტიპის ოპერაციების ჩასატარებლად. ვინც დღეს კანონზე აკეთებს აპელირებას, უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა, განხორციელდეს კანონიერი არასაჯარო ქმედებები, თვით სასამართლოს გვერდის ავლით. საქმე ხომ საქართველოს მოქალაქეს არ ეხება. საქართველოში არ არის კანონი, რომელიც სამართალდარღვევებში ეჭვმიტანილ უცხოელებს ხელშეუხებლობის გარანტიას მისცემდა.

საქართველოს ხელისუფლებამ უფრო სხვა კანონები დაარღვია, კერძოდ, საიმიგრაციო: პოლიტიკური მოტივებით მთავრობა თვალს ხუჭავს უცხო სახელმწიფოების მოქალაქეების საქართველოში უვადოდ ყოფნაზე, თანაც ისეთებზე, რომლებიც, შესაძლოა, რამეს აშავებენ. ჩვენი ქვეყანა უკვე დიდი ხანია, გადაიქცა სანავარდო მინდვრად სხვადასხვა ჯურის საეჭვო ელემენტებისათვის - ახლო აღმოსავლეთიდან, ევროპიდან და ამერიკიდან, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. მაგრამ დესტრუქციული ძალების მხარდაჭერა ჩვენდამი მეგობრულად განწყობილი აზერბაიჯანიდან, უკვე ჩვენი „მეოცნებე“ ხელისუფლების ნოვაციაა.

მაგრამ ვინმე დაიჯერებს, რომ ამჟამინდელი ჩვენი ხელისუფლება დაინტერესებულია აზერბაიჯანის დესტაბილიზაციით და ილჰამ ალიევთან ურთიერთობების გაფუჭების რისკზე წავა? რა თქმა უნდა, ასეთი რამის წარმოდგენა რთულია. ამიტომ ლოგიკურად ჩნდება ეჭვი - საქართველო ფაქტობრივად აიძულეს, მიეღო და ხელი დაეფარებინა ყველა ამ აზერბაიჯანელი „ოპოზიციონერისთვის“. ეს გავლენიანი ძალების მხრიდან მოხდა, მაგრამ ისინი არც რუსეთიდან, არც თურქეთიდან არ იმართებიან. ისევ და ისევ ჩვენს „დემოკრატიულ დასავლეთამდე“ მივყავართ კვალს, რომელმაც უკვე მოასწრო მუხტარლის გამო „შეშფოთების“ გამოხატვა და საყვედურის თქმა ჩვენი შეშინებული ხელისუფლების მიმართ. თუმცა თავად დასავლეთი ამ საკითხში დიპლომატიურ რიტორიკას იცავს, სამაგიეროდ მან ჯაჭვიდან ახსნა და საქართველოს მიუსია თავისი აგენტურა - სწორედ ის, რომელიც ახლა ადამიანის უფლებების დარღვევაზე გაჰკივის და მუხტარლის ჯიუტად მოიხსენიებს „ჟურნალისტად“. დასავლური აგენტურის საყურადღებოდ ვიტყვით: მუხტარლი მართლაც რომ ჟურნალისტი იყოს (არადა, არც ერთ მის ჟურნალისტურ ნაშრომზე - რეპორტაჟი, სტატია, ინტერვიუ - არფერია ცნობილი), ეს არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მისი იატაკქვეშა მოღვაწეობის საფარველად და გარანტად.

   როდესაც ვამბობთ, რომ აზერბაიჯანული იატაკქვეშეთის უკან დასავლეთი დგას, არ გვაქვს მხედველობაში მხოლოდ ქართული ლიბერალური წრეების რეაქცია, რომლებიც ოფიციალურად ფინანსდებიან ამერიკული და ევროპული სტრუქტურების მიერ. ამას ამბობს აზერბაიჯანული იატაკქვეშეთის კიდევ ერთი ფიგურანტი, ექსპროკურორი ვიდადი ისკენდერლი. როდესაც სულ ახლახანს ქართველმა ჟურნალისტმა მას ინტერვიუში ჰკითხა, თუ მან აზერბაიჯანის დატოვებისას რატომ აირჩია მაინცდამაინც საქართველო, ისკენდერლიმ უპასუხა, რომ მას ასე „საერთაშორისო ორგანიზაციებმა“ ურჩიეს. ისკენდერლი საქართველოში ჩამოვიდა 2016 წლის 10 ივნისს და უკვე ხუთი დღის შემდეგ მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი. ამასთან იგი აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ საქართველოში მანამდე არ დაფიქსირებულა  აზერბაიჯანის მოქალაქისადმი პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების ფაქტი. ამრიგად, გამოდის, რომ ისკენდერლი ან სულელია ან იგი ყველაფერს „საერთაშორისო ორგანიზაციების“ რჩევებით აკეთებდა. სხვა შემთხვევაში იგი უფრო შორს, ევროპაში, სადმე შვედეთში ან ფინეთში გადავიდოდა, სადაც პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღების მეტი შანსია და თან იცხოვრებდა უფრო დაცულად, მშვიდად. მაგრამ არა, აზერბაიჯანული იატაკქვეშეთი დასავლეთს აზერბაიჯანის გვერდით - საქართველოში სჭირდება!

   საქართველოს ყველა პატრიოტს უნდა ავუხსნათ, რომ საქართველოში მოქმედი მასმედიისა და ორგანიზაციების უმეტესი ნაწილი, რომლებიც ახლა აზერბაიჯანის და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან, წარმოადგენენ იმ მეხუთე კოლონას, რომელიც პირველი მიესალმება ხელისუფლებაში სააკაშვილის დაბრუნებას, მას რომ ასეთი შესაძლებლობა გამოუჩნდეს. დასავლეთს არ მოსწონს ალიევი, იმიტომ, რომ მან შორს მოიქნია დასავლური სტრუქტურები, რომლებიც აზერბაიჯანის სუვერენიტეტის შეზღუდვას ცდილობდნენ. ამ მიზეზით, საქართველოსაც არ აძლევენ შესაძლებლობას, მიიღოს სუვერენული გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ არის ატეხილი მუხტარლისთან დაკავშირებული ისტერია. მისი დამცველები არც თუ დიდი ხნის წინ ყვიროდნენ აზერბაიჯანთან მეგობრობაზე, რის გამოც თურმე არ შეიძლება რუსული „გაზპრომისაგან“ შევისყიდოთ ბუნებრივი აირი, მაგრამ ახლა ისინი იმავე აზერბაიჯანს ფაქტობრივად შეურაცხყოფას აყენებენ, როდესაც ამბობენ, რომ მუხტარლის და სხვა სამართალდამრღვევებს იქ წამება და არაადამიანური მოპყრობა ელოდებათ. ამასთან, ყველა ცნობა, რომელსაც ისინი ავრცელებენ ამ ადამიანის „მოტაცებაზე“, მიღებული აქვთ მისგანვე - მისი ადვოკატის საშუალებით. აი ასეთი „დიქტატურაა“ აზერბაიჯანში...

   საქართველოს ინტერესია - მოშალოს ანტიაზერბაიჯანული ბუდე ჩვენს ტერიტორიაზე, რომელიც მოეწყო ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების სულისკვეთების საწინააღმდეგოდ და რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად შემობრუნდება ჩვენი საქართველოს საწინააღმდეგოდ, როგორც ახალი რევოლუციური ინტერნაციონალი, „ვარდების“, „ფორთოხლისფერი“ და სხვა რევოლუციების ანალოგიით. დაე იხმაურონ ადამიანის უფლებათა ფსევდო-დამცველებმა - საქართველო უპირველეს ყოვლისა!

 

             გულბაათ რცხილაძე

- პოლიტოლოგიის დოქტორი, გერმანისტი, ა.ი.პ. „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამაარსებელი

           დავით ფურცხვანიძე

ანალიტიკური სააგენტო "უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრი"- ხელმძღვანელი