შოთა აფხაიძე: "რუსულ-ქართული ურთიერთობები უნიკალური ფენომენია"

შოთა აფხაიძე: "რუსულ-ქართული ურთიერთობები უნიკალური ფენომენია"

 ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენელი შოთა აფხაიძე აანალიზებს ქართულ-რუსული ურთიერთობების ფენომენს რუსეთის ახალგაზრდობის წარმომადგენლების წინაშე - ქვემოთ იხ. შ. აფხაიძის გამოსვლა

ახალგაზრდულ ფორუმზე "ვოლგა-2013" (ვოლგოგრადი, 2013 წლის ივლისი).

 

   პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,

   მადლობას მოგახსენებთ რუსეთის ამ მშვენიერ ქალაქში მოწვევისა და თქვენს წინაშე გამოსვლის მინიჭებული პატივისთვის. ვოლგოგრადში უკვე მეორედ ვიმყოფები და ჩემს ყველაზე პოზიტიურ შთაბეჭდილებებს ვერ დავმალავ - იგრძნობა, რომ ადგილობრივი მთავრობის ძალისხმევით, ფედერალური ხელისუფლების მხარდაჭერით, რეგიონი სტაბილურად ვითარდება და შესანიშნავი პერსპექტივაც გააჩნია. მსგავს სურათს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებშიც შევესწარი, რომლებსაც წელს თებერვალში ვეწვიე: ყველგან ფედერალური ცენტრი ეხმარება და ხელს უწყობს, ბევრ ინვესტიციას დებს რეგიონების განვითარებაში. რეგიონალური განვითარება კი სწორი გზაა რუსეთის აყვავებისკენ.

  მე, როგორც ქართველი ხალხის წარმომადგენელს, მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო რუსულ-ქართულ ურთიერთობებს. ჩემთვის, როგორც ყოფილი პოლიტპატიმრისთვის, რომელიც ჩემს მეგობრებთან ერთად სააკაშვილის რეჟიმმა დააკავა  მოგონილი მიზეზით და 4 წელი მიუსაჯა, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ ღიად გამოვდიოდით ქვეყნის შიგნით მართლმადიდებლურ- ქრისტეანული ფასეულობების პრიორიტეტულობის მხარდასაჭერად და საგარეო პოლიტიკაში რუსეთზე ვიყავით ორიენტირებულნი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზაციის შანსები, რომელიც გაჩნდა საქართველოში ხელისუფლების შეცვლასთან ერთად, სრულად იქნას გამოყენებული. მით უმეტეს, რომ ევრაზიის ინსტიტუტი საქართველოში უკვე წლების მანძილზე ღიად და მიზანმიმართულად პროპაგანდას უწევს რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის იდეას.

    ბევრი ქართველი აცნობიერებს: ისტორიულად საქართველო გადარჩა მაშინ, როცა რუსეთზე მყარი კურსი აიღო. თავის დროზე საქართველოს რუსეთთან მიერთებამ ფაქტობრივად გადაარჩინა ქართული ეთნოსი გარე აგრესორებისგან, გააერთიანა საქართველო თავის ისტორიულ საზღვრებში. ამის აღიარება არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს ეროვნულ თავმოყვარეობაზე, ეს უბრალოდ ისტორიული ფაქტია. მით უმეტეს, რომ ქართველები ერთგულად ემსახურებოდნენ რუსეთის იმპერიას და საბჭოთა კავშირს. რომ ავიღოთ სამხედრო შემადგენელი, მაშინ ქართველები ერთადერთი მართლმადიდებელი ერია, რომელიც დახვდა ერთმორწმუნე რუსებს კავკასიაში და მათ გვერდით  იბძოდა რუსეთის ყველა ომში კავკასიაში XIX-XX საუკუნეებში. საქართველომ მისცა რუსეთს ბევრი გამოჩენილი ოფიცერი და სარდალი. შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენ ვიმყოფებით ქალაქში, რომელსაც, ადგილობრივი ხელისუფლების ბრძნული გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სტალინგრადის წმინდა სახელი ერქმევა. აღსანიშნავია, რომ სწორედ სადღესასწაულო დღეებში და არა ყოველდღიურად. ეს დასახელება სულაც არ ასახიერებს ერთ ადამიანს, გამოჩენილსაც კი, მაგრამ ამასთან ერთად სიმბოლურ დატვირთვას ატარებს: რუსულ-ქართული ურთიერთობები უნიკალური ფენომენია; რუსების და ქართველების ერთად ყოფნა ზეციდან ნაკარნახებია, ეს განგების მიერ არის განსაზღვრული.

  ვიღაცას ძალიან არ აწყობს რუსულ-ქართული მეგობრობა, რომელსაც ყოველთვის ეფუძნებოდა კავკასიის რეგიონის სტაბილურობა. ამ „ვიღაცებმა“ ხელი შეუწყვეს სსრკ-ს დაშლას, დაშალეს იუგოსლავია, მერე სერბეთი, უბიძგეს საქართველოს, ისევე, როგორც სხვა პოსტსაბჭოურ რესპუბლიკებს, თვითგანადგურების მატარებელი ქმედებებისკენ, იმავე ძალას სურს რუსეთის დასუსტება და, საბოლოო ჯამში, დაშლა. მათი საქმეა გაყოფა და ფრაგმენტაცია, მაშინ, როდესაც ჩვენი საქმეა, გვახსოვდეს ჩვენი სახელოვანი წინაპრები და მტკიცედ მივყვებოდეთ დაახლოების, მეგობრობისა და მჭიდრო თანამშრომლობის გზას, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობის ახლო წარსული წყვდიადითაა მოცული და სამარხცვინოც კია.

  ამ ვითრებაში სააკაშვილის რეჟიმის ბრალეულობა აშკარაა. ეს რეჟიმი კი, სხვათა შორის, გარედან არის თავს მოხვეული, მძლავრი საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით. თანამედროვე პოლიტიკური ტექნოლოგიების გამოყენებით, საქართველოში აამოქმედეს რეჟიმი, რომელსაც ქართულ ისტორიასთან და ქართველი ხალხის მენტალიტეტთან არაფერი საერთო არა აქვს. ეს რეჟიმი რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციებს ეწეოდა, რომლის კულმინაციას  ცხინვალში რეჟიმის მიერ წამოწყებული სამარცხვინო სამხედრო კამპანია წარმოადგენდა. ამ ომს მე პირადად ვლადიკავკაზში სააკაშვილის მხრიდან გენოციდი ვუწოდე. აქაც იმავეს გავიმეორებ. რა თქმა უნდა, არის ყოველი ქართველი მოქალაქის პასუხისმგებლობის წილიც, რომლებმაც არ შეაჩერეს სააკაშვილი, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ საქართველოში მისი მმართველობის მთელი დროის განმავლობაში არ წყდებოდა მრავალათასიანი ქუჩის გამოსვლები და სახალხო მღელვარება მასსა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ. ჩემსა და ჩემი მეგობრების გარდა, საქართველოში დააკავეს ასობით მოქალაქე პოლიტიკური მოტივით. სხვა ურჩებს უმოწყალოდ სცემდნენ ქუჩაში, ავიწროებდნენ სამსახურში, ემუქრებოდნენ, აშინებდნენ, აშანტაჟებდნენ. მრავალტანჯული ქართველი ხალხი განსაკუთრებით დაზარალდა ბოლო 9 წლის განმავლობაში, სააკაშვილის და მისი ბანდის მმართველობის შედეგად.

   ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებას, მაგრამ ამასთან ერთად, გვესმის ის სიტუაციაც, რომელშიც ეს აღიარება იქნა გაკეთებული. რაც მთავარია, რუსეთის სახელმწიფო უშუალოდ საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენებას არ ისახავდა მიზნად. ჩვენ გვახსოვს რუსეთის პრეზიდენტის, აწ უკვე პრემიერ მინისტრის დიმიტრი მედვედევის გულწრფელი სიტყვები, წარმოთქმული 2008 წლის 26 აგვისტოს: „ეს აღიარება ჩვენთვის მძიმე გადაწყვეტილება გახლდათ“. ამით ყველაფერია ნათქვამი: გადაწყვეტილება იყო მძიმე და იძულებითი. და ასე ვთქვათ, კარგი ცხოვრებისგან არ ყოფილა მიღებული.      

    ამასთან ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ წინ უნდა ვიმოძრაოთ, ვითანამშრომლოთ, ნდობა აღვადგინოთ. დიდ მადლობას იმსახურებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პოზიცია. შეგახსენებთ, 2012 წლის 20 დეკემბერს კრემლის დიდ პრესკონფერენციაზე მან დაახლოებით შემდეგი განაცხადა: „ჩვენ, რუსეთში გვესმის, რომ სავაჭრო ურთიერთობების განახლება უფრო საქართველოს სჭირდება, ვიდრე ჩვენ, თუმცა ჩვენ არ წამოვაყენებთ   რაიმე წინასწარ პოლიტიკურ პირობებს და გავხსნით ჩვენს ბაზარს ქართული პროდუქციისთვის- მინერალური წლებისთვის, ღვინისთვის...“ ეს გულახდილი პირობა ნელ-ნელა ხორცშესხმას იწყებს, ეს წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია, თუმცა მოთმინება გვმართებს და იმის გაცნობიერება, რომ სააკაშვილის დამანგრეველმა რეჟიმმა  ჩვენი ურთიერთობების საძირკველამდე მიაღწია და მათ აღდგენა დიდ დროს მოითხოვს და მთლად უმტკივნეულოდ ვერ ჩაივლის.     

   როცა სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი დიალოგის გააქტიურება, ცხოვრების სხვადასხვა სფეროს ექსპერტთა შორის მსჯელობა, კულტურული, სამეცნიერო და სპორტული კონტაქტები, ეკლესიური ურთიერთკავშირები.  ევრაზიის ინსტიტუტი მეთოდურად მუშაობს  ორმხრივი ურთიერთობების პრობლემატიკაზე,   მჭიდროდ თანამშრომლობს რუსულ პოლიტოლოგიურ წრეებთან. თუმცა, სასურველი იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდანაც მხარდაჭერის დანახვა - მარტო საზოგადო მოღვაწეების ენთუზიაზმი საკმარისი არ არის.    

   კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ  სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობისათვის, და კიდევ ერთხელ გთავაზობთ, ყველანაირად შევუწყოთ ხელი რუსეთი-საქართველოს დაახლოებას, რომლითაც ჩვენ ყველანი მოვიგებთ!

გმადლობთ!