მსოფლიოს სამეცნიერო–პოლიტიკური რუკა

შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს ამგვარი ტერმინი – სამეცნიერო–პოლიტიკური რუკა, თუმცა აქ გასაკვირი არაფერია: მეცნიერება ყოველთვის მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული დიდ პოლიტიკასთან, და საერთოდ,

ამა თუ იმ ქვეყნის იდეოლოგიასთან, ფილოსოფიასთან და რელიგიასთან.

ამ შემთხვევაში არ იგულისხმება მხოლოდ მეცნიერების გამოყენებითი მხარე, ანუ ის, რომ მეცნიერების მიღწევების საშუალებით შესაძლებელია ეკონომიკის განვითარება, იარაღის თუ სხვადასხვა მოწყობილობების შექმნა და ა.შ. თავად მეცნიერებაში, მისი განვითარების მიმართულებებში და ტემპებში აირეკლება ქვეყნის, საზოგადოების მდგომარეობა მოცემულ ეტაპზე.

ამიტომ დიდ შემეცნებით ღირებულებას შეიცავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში მეცნიერების განვითარების ტენდენციების შეფასება. ამისთვის არსებობს სხვადასხვა მეთოდები, თუმცა უფრო მარტივი და ნებისმიერი არასპეციალისტისთვის გასაგები მეთოდი არის სამეცნიერო პუბლიკაციების და სტატიების რაოდენობის დათვლა, რომლებიც ქვეყნდება სოლიდურ სამეცნიერო ჟურნალებში. გარდა სტატიების რაოდენობისა, არის ისეთი მაჩვენებლებიც, როგორებიცაა ციტირების ინდექსი, ჰირშის ინდექსი და ა.შ., თუმცა ისინი, ჩვენი აზრით, გარკვეულ სუბიექტივიზმს შეიცავენ, გეოპოლიტიკური და კულტურული განსხვავებებიდან გამომდინარე. საქმე ისაა, რომ ევროპელი და ჩრდილო ამერიკელი მეცნიერები მაინც გაურბიან ან ტექნიკური შესაძლებლობა არა აქვთ ციტირება გაუკეთონ ჩინელი, ირანელი, თურქი და სხვა არადასავლელი კოლეგების სტატიებს. ეს არ ნიშნავს, რომ ხსენებული სტატიები დაბალი ხარისხისაა.

ამგვარად, შეფასების საფუძვლად იღება გარკვეული რეიტინგის და სანდოობის (highest impact) მქონე სამეცნიერო გამოცემებში განთავსებული პუბლიკაციების რაოდენობა. იმის გამო, რომ ჟურნალების სხვადასხვა ბაზა შეიძლება არსებობდეს, შედეგები ოდნავ განსხვავებული იქნება, მაგრამ ძირითადი ტენდენციები, როგორც დავინახავთ, იგივეა.

ამგვარი კვლევები რეგულარულად ტარდება მსოფლიოში. განსაკუთრებით ცნობილია კანადაში ბაზირებული კომპანიის – „Science-metrix”–ის მიერ ჩატარებული გამოკვლევა. ის ეფუძნება ე.წ. Web of Science (Thomson Reuters) მონაცემთა ბაზას, რომელშიც შედის 10 000–ზე მეტი ჟურნალი 45 ენაზე, მეცნიერების ყველა დარგში, ჰუმანიტარულის ჩათვლით.

მთავარი, რაც ამ კვლევაში ჩანს და რასაც თავად ავტორები აღნიშნავენ, არის ის, რომ ბოლო ათწლეულში სამეცნიერო ზრდის მთავარი რეგიონი მსოფლიოში არის აზიის რეგიონი. აზიიდან კი გამოიყოფა ორი ქვეზონა: ჩინეთი და ახლო აღმოსავლეთი. ამ უკანასკნელში, თავის მხრივ, ზრდის ძირითადი ლოკომოტივებია ირანი და თურქეთი. ამრიგად, 2000–იანი წლების დასაწყისიდან, მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე არსებობს ყველაზე სწრაფი ზრდის სამი ადგილი: ჩინეთი, ირანი და თურქეთი. არის სხვა სწრაფად მზარდი ქვეყნებიც, მაგრამ ისინი ძირითადად მცირე ქვეყნების რანგს განეკუთვნებიან. ხოლო თუ ავიღებთ უფრო დიდ ინტერვალს, კერძოდ 1980 წლიდან 2009 წლამდე, მაშინ ასევე ლიდერთა შორის იქნებიან სამხრეთ კორეა და ბრაზილია.

ვნახოთ რამდენიმე დიაგრამა ზემოთმოყვანილი დასკვნების თვალსაჩინოებისთვის.

პირველი გრაფიკი აჩვენებს მსოფლიოს რეგიონების წილს სამეცნიერო სტატიების რაოდენობაში. აშკარად ჩანს, რომ აზიის წილი იზრდება, ხოლო ევროპის, და განსაკუთრებით, ჩრდილოეთ ამერიკის წილი მცირდება. კერძოდ, აზიის პროცენტული წილი 1980–2009 წლებში გაიზარდა 11–დან 29 პროცენტამდე, ევროპის შემცირდა 41–დან 36–მდე, ხოლო ჩრდ. ამერიკის – 43–დან 28 პროცენტამდე.

მეორე გრაფიკზე ჩანს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სამეცნიერო პუბლიკაციების განაწილება წლების მიხედვით. თუკი მე–20 საუკუნის 80–იან წლებში ამ რეგიონში ლომის წილს შეადგენდა ისრაელის მეცნიერების სტატიები, 90–იანი წლების მეორე ნახევრიდან იწყება თურქეთის სწრაფი ზრდა, ხოლო 2000 წლების მეორე ნახევრიდან – ირანის კიდევ უფრო სწრაფი ზრდა. ერთი შეხედვით უცნაურია, მაგრამ ორივე ამ ქვეყანაში სტატიების რაოდენობის ზრდა „დაემთხვა“ ქვეყნის პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებს. კერძოდ, თურქეთში 90–იანი წლებიდან იწყება სწრაფი ისლამიზაცია, რაც დაგვირგვინდა 1997 წელს ხელისუფლების სათავეში პირველი ისლამური მთავრობის მოსვლით (ერბაკანის მეთაურობით), ხოლო ირანში 2005 წელს ხელისუფლების სათავეში აჰმადინეჟადის მთავრობის მოსვლით. ირანის ზრდის ინდექსი (ანუ ზრდის ტემპის შეფარდება მსოფლიოს საშუალო ზრდის ტემპთან) ყველაზე მაღალი იყო 2009 წლისთვის და 11–ს აღემატებოდა. ეს ნიშნავს, რომ პუბლიკაციების რაოდენობა ირანში 11–ჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში. ანალოგიური მაჩვენებელი თურქეთში 5,5–ს შეადგენს.

კიდევ ერთი გრაფიკი აჩვენებს ირანის და რამდენიმე ევროპული ქვეყნის – შვედეთის, ბელგიის, დანიის და ნორვეგიის მაჩვენებლებს. აშკარაა, თუ როგორ სწრაფად დაეწია და გაუსწრო ირანის გრაფიკის ხაზმა ამ წარმატებული ევროპული ქვეყნების მაჩვენებლებს სულ რამდენიმე წელიწადში.

ახლა ვნახოთ მსხვილი ისლამური ქვეყნების გრაფიკები. ვიღებთ 4 ქვეყანას – თურქეთი, ირანი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი. აქედან თურქეთი ბოლო წლებში სულ უფრო ანტიამერიკულ და ისლამისტურ პოზიციებზე გადადის, ხოლო რაც შეეხება ეგვიპტეს, ბოლო დრომდე პროამერიკული და ანტიისლამური რეჟიმი მართავდა. საუდის არაბეთი, მართალია, გარეგნულად ისლამისტურია, თუმცა პროამერიკული პოლიტიკით გამოირჩევა. აშკარაა თურქეთის და ირანის უპირატესობა ეგვიპტეზე და საუდის არაბეთზე.

და ბოლოს, აშშ–ს და ჩინეთის ზრდის ტემპების გრაფიკი. კარგად ჩანს, რომ ამ ტემპების მდგომარეობის შენარჩუნების შემთხვევაში, 2015 წლისთვის ჩინეთი პირველ ადგილზე გავა მსოფლიოში სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობით. ამასთან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩინეთი უკვე პირველ ადგილზეა ისეთ დარგებში, როგორებიცაა ქიმია, ცალკეული საინჟინრო სპეციალობები (მეტალურგია და სხვა), ფიზიკა, მათემატიკა, რადგან ამერიკული სამეცნიერო სტატიების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჰუმანიტარული სფეროები – ფსიქოლოგია, ეკონომიკა, სოციალური მეცნიერებები.

ამგვარი მონაცემებიდან სხვა დასკვნების გაკეთებაც შეიძლება. მაგალითად, იმავე კანადური კომპანიის თანამშრომელმა ოლივიე ბოშენმა შეადგინა ცხრილები უფრო ფართო მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, რის გამოც დათვლილ სტატიათა აბსოლუტური რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ ტენდენციები და თანაფარდობები ქვეყნებს შორის თითქმის იგივე დარჩა. ეს მონაცემები გამოქვეყნებულია SCImago Journal & Country Rank–ის პორტალზე და მოიცავს ინტერვალს 1996 წლიდან 2009 წლის ჩათვლით. მაგალითად, თუ ავიღებთ რუსეთის მაჩვენებელს, 2000 წელს ის შეადგენდა 30 476–ს, რითაც ქვეყანა მე–9 ადგილზე იყო მსოფლიოში, ხოლო 2009 წლისთვის თითქმის არ გაზრდილა და მიაღწია მხოლოდ 33 690–ს, რის გამოც რუსეთი მე–16 ადგილამდე ჩამოქვეითდა. შედარებითვის ჩინეთის მაჩვენებლები 2000 და 2009 წლებში: 44 641 და 280 568 (ზრდა დაახლოებით 7–ჯერ). ანალოგიური ციფრები ირანისთვის შემდეგია: 1 663 და 21 673 (ზრდა დაახლოებით 15–ჯერ). ტენდენციები აშკარაა. ლიბერალ–მონეტარისტების ბატონობა რუსეთის პოლიტიკაში კატასტროფულად აქვეითებს ამ ქვეყნის მდიდარ შესაძლებლობებს.

მსოფლიოს სამეცნიერო–პოლიტიკური რუკა ასეთია: წითელი ფერით აღნიშნულია მეცნიერების თვალსაზისით სწრაფად მზარდი ქვეყნები, ყვითელით მათი მომდევნო, შემდეგ ღია ცისფერი და ა.შ.

დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია უფრო სრულ მონაცემებს გაეცნოს ინგლისურ ენაზე შემდეგი ბმულების საშუალებით:

http://www.science-metrix.com/30years-Paper.pdfhttp://www.science-metrix.com/30years/index.html#http://www.scimagojr.com/countryrank.php?area=0&category=0&region=all&year=all&order=it&min=0&min_type=it