აგვისტოს ომიდან ხუთი წელი გავიდა

აგვისტოს ომიდან ხუთი წელი გავიდა

 8 აგვისტოს მთელი საქართველო იხსენებს. 8 აგვისტოს რუსეთიც იხსენებს. 8 აგვისტოს სამხრეთ-ოსეთი და აფხაზეთიც იხსენებს. მაგრამ მარტო 8 აგვისტოს იხსენებენ ქართველები 8 აგვისტოს? 2004 წლის 8 აგვისტოდან დაწყებული,

8 აგვისტოს ყოველდღე იხსენებენ, როგორც ქართველები, ისე ოსები და აფხაზები, იხსენებენ რუსებიც, მაგრამ არა ყველა და არა ყოველდღე.

რუსეთი სუპერ სახელმწიფოა, მას სხვა უფრო სერიოზული საკითხები აქვს დღის წესრიგში - სუპერობის შესაბამისი. მისთვის 8 აგვისტო მძიმე იყო, მაგრამ ყოველდღიური პრობლემები, მიმდინარე საკითხები, მისგან სხვა ყურადღებას მოითხოვს. გარდა ამისა, 8 აგვისტო მისთვის არც საბედისწერო შეცდომაა და არც საქვეყნო ტრაგედია.

8 აგვისტო საქართველოსთვის არის საბედისწერო შეცდომა, ისეთი, რომლის გამოსწორება სასწაულის ტოლფასია.

8 აგვისტო - ოსებისთვისაც ტრაგედიაა ისეთი, რომელიც ძნელად, მაგრამ მაინც გაივლის. 8 აგვისტოს მომსწრენი ცრემლით აღნიშნავენ ამ დღეს, გაიხსენებენ დაღუპულებს, ყვავილებით შეამკობენ მათ საფლავებს.

დრო გავა, მოვა ახალი თაობა, რომელიც ასევე გაიხსენებს 8 აგვისტოს დაღუპულებს და იტყვის - სამარადისო ხსოვნა დაღუპულ გმირებს, ვინც თავი შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას.

8 აგვისტოს აფხაზიც აღნიშნავს - დამოუკიდებლობის, თავისუფლების დღეს. ძნელად გასახსენებელი იქნება 8 აგვისტო ახალი ქართული თაობისთვის, რომელიც იმჟამად მეტნაკლებად შეგუებული იქნება ახალი რეალობისადმი, თუმცა შეგუება დაკარგული ტერიტორიებისადმი ადვილი არ იქნება. 

საქართველოს, თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ათასობით კვადრატული კილომეტრი აქვს დაკარგული - მტერთან უთანასწორო ომებში. 2008 წლის აგვისტოს ომიც უთანასწორო იყო, თუმცა არა მოწინააღმდეგის მიერ მეზობლის ტერიტორიების მითვისების სურვილით გამოწვეული, არამედ მეზობლის მიერ გაუთვლელი, ამასთანავე მზაკვრული გეგმების შემაჩერებელი.

8 აგვისტო მსოფლიო ისტორიის ის უნიკალური ფურცელია, რომელიც გვაუწყებს პატარა, სუსტი ქვეყნის ჭკუასუსტი, თანაც ამბიციური ხელისუფლების თავდასხმას ათასჯერ და ათასჯერ მასზე დიდ, ბირთვულ სახელმწიფოდ წოდებულ მეზობელ ქვეყანაზე.

დიახ! 8 აგვისტოს სააკაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ გაილაშქრა, ვინაიდან მხოლოდ მასსავით ბრიყვს შეეძლო ეფიქრა, რომ ცხინვალზე იერიშის მიტანა, რუსი სამშვიდობოების დახოცვა და საერთაშორისო ხელშეკრულების უგულებელყოფა რუსეთის რეაქციას არ გამოიწვევდა.

სააკაშვილები და მათი მსგავსნი დღესაც უტუხად აცხადებენ, რომ საქართველო თავისი ტერიტორიის ფარგლებში მოქმედებდა - გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულში. არგუმენტს, რომ იტყვიან, წყალი არ გაუვა, მაგრამ მხოლოდ საქართველოში - ქვეყანაში, რომელშიც საერთაშორისო სამართლის უმარტივესი მოთხოვნების ცოდნა ნულის დონეზეა.

დიახ! საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებდა. მაგრამ ეს სამხედრო მოქმედება გამოწვეული იყო წინა ხელისუფალთა უნიათობით, მათი პოლიტიკური მოუმწიფებლობით და რაც მთავარია სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციით ოსეთ-აფხაზეთის მიმართ, რამაც სააკაშვილამდე გაავლო საზღვარი სამხრეთ-ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის, აიძულა მხარეები, ხელი მოეწერათ სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის, ხაზგამყოფ ზოლზე ჩააყენა მხარეთა სამშვიდობო ძალები, კონტროლი მიმდინარე პროცესებზე დააკისრა ეუთოს და ა.შ.

ვიმეორებ! ხელშეკრულების დარღვევა, სამშვიდობოების (რუსეთი) დახოცვა, რბილად რომ ვთქვათ დანაშაულია. სხვა სახის დანაშაულია, როდესაც ცენტრი საკუთარ საშინაო პრობლემებს (თუმცა იმჟამად სამხრეთ-ოსეთი სპეციალური რეგიონი იყო, რომელზედაც არ ვრცელდებოდა საქართველოს იურისდიქცია), ტანკით, გრადით და ყუმბარ-ტყვიით აგვარებს. ამას „ჯიუტი“ მოსახლეობის ამოწყვეტა ქვია.

2013 წლის აგვისტოს გახსენება მაღალ დონეზე განხორციელდა - პრეზიდენტ სააკაშვილის და რუსეთის პრემიერ-მინისტრ მედვედევის ხანგრძლივი ინტერვიუებით, ქართველ პოლიტიკოს-პოლიტოლოგთა განცხადებებით.

აღნიშნულმა განცხადებებმა დამარწმუნეს, რომ ქართულმა პოლიტიკამ, ამ 5 წლის განმავლობაში, არათუ რაიმე პოზიტიური შეიძინა, არამედ ნიშნები თანამედროვე აზროვნებისა, რაც უწინ ასე თუ ისე შეინიშნებოდა, დაკარგა. 5 წლის შემდეგაც, მიუხედავად არაერთი უცხოური პუბლიკაციისა, აგრესორის (საქართველო) არაერთჯერადი ხსენებისა, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი შეუქცევადია და დაკარგულ ტერიტორიებს არავინ დააბრუნებს, რომ სხვაგვარი პოლიტიკაა შესამუშავებელი, საქმისადმი სხვაგვარი მიდგომა - ქართული პოლიტიკა და საზოგადოება მაინც თავისას გაიძახის - რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, მან განახორციელა სამხედრო აგრსია და მანვე კეთილი უნდა ინებოს და დააბრუნოს ტერიტორიებიო.

ქართულ საზოგადოებას ვერაფრით გაუგია - ის, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა, ქვეყნისთვის უბრალო რამ არ იყო; რომ დამნაშავე ხელისუფლება სამართალში უნდა მიცემულიყო; რომ მთავარ დამნაშავეს - სააკაშვილს, ქვეყნის ღალატისთვის სამუდამო პატიმრობა უნდა ხვდომოდა წილად. ნაცვლად ამისა საზოგადოებამ თავი უმანკო კრავად, მგლის მიერ შეურაცხყოფილად ჩათვალა (ასე თვლის დღესაც) და პარლამენტის შენობის წინ უცეკვა, უმღერა, მხარი დაუჭირა მის დამაქცევარს ანუ ქვეყნის დამაქცევარ პრეზიდენტს.

მაშინ ხალხმა არაფრად ჩააგდო ქვეყანა, მისი ტერიტორია და არ მოითხოვა ამ ტერიტორიების ჰარიჰარად გამნიავებელის დასჯა. ანტისამთავრობო საპროტესტო ტალღას არ მოუცვია თბილისი, სხვა ქალაქები. პირიქით, ხალხი მხარში ამოუდგა ხელისუფლებას - ნაციონალთა მიერ ორგანიზებულ „საპიარო“ ღონისძიებებში, „სამედიო“ გამოსვლებში. 

არადა ეს რომ გაეკეთებინა, საქართველოს ეშველებოდა, ვინაიდან რუსეთმა აფხაზეთ-სამხრეთ-ოსეთის პოლიტიკურ-დიპლომატიური აღიარება მოგვიანებით მოახდინა ანუ მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ თბილისი ისევ აგრესიულ განზრახვას ატარებდა.

ერი გადაიქცა ყოყოჩა თან დაჩაგრულ ყვინჩილად, მხოლოდ თავის პატარა საქათმეში მოქოთქოთედ, სხვათა ნათქვამის წამყრუებლად. „ისედაც დაკარგული იყოო“, - ამბობდნენ ნაცები, კულუარულად. „ერთი-ორი სოფელი დავკარგეთ, მეტი ხომ არაო“, - ამბობდა სააკაშვილი. ამ ნათქვამს ბეჯითად იმეორებდნენ ნაცებთან დაახლოებული ძველგაზრდები და ახალგაზრდები.

დიახ! ფაქტობრივად დაკარგული იყო, მაგრამ არა იურიდიულად. იურიდიულად 2008 წლის აგვისტოში დაიკარგა და დაიკარგა შემოუბრუნებლად, რაც თქვა თავის ინტერვიუში რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დღევანდელმა პრემიერმა მედვედევმა.

დაიკარგა მარტივი მიზეზის გამო - შევარდნაძის ხელისუფლების უმეცრებით. მას თავი საბჭოთა კავშირში ეგონა. იმ კავშირში, რომელიც ეროვნებათშორის საკითხებს კრემლში აგვარებდა.

საბჭოთა კავშირის დაშლას თუ ვინმე შეხვდა მოუმზადებლად საქართველო იყო. შევარდნაძემ, ნაცვლად აფხაზებთან და ოსებთან ლაპარაკისა, რუსებთან გადაწყვიტა მოლაპარაკება და რუსების დახმარებით საკითხის მოგვარება. შევარდნაძემ ვერ იგრძნო, რომ გარეთ სხვა სეზონი იდგა - ახალი პოლიტიკური სეზონი. მისთვის, როგორც საბჭოეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, აფხაზ-ოსებთან დალაპარაკება არაპრესტიჟული საქმე იყო. მას რუსის ხელით სურდა განდეგილთა მორჯულება. ეს ტენდენცია პრეზიდენტობიდან განდევნამდე, დომინირებდა. არადა აფხაზთან და ოსთან პირდაპირი დიალოგი, რაზეც რუსეთიც მიანიშნებდა, შედეგის მომტანი იყო.

დავუშვათ ამ დიალოგს უცბათ არაფერი მოეტანა, პროცესი ხომ გაგრძელდებოდა?

პროცესის გაგრძელება კი სულაც არ ნიშნავდა ტერიტორიების დაკარგვას. რომ არა 2008 წლის ომი, დღესაც მოლაპარაკების პროცესში ვიქნებოდით - კარგ შემთხვევაში ერთობ წინწასულში, უარეს შემთხვევაში ისევ ძველ წერტილზე მდგომში, მაგრამ მთლიანი ტერიტორიით, ყოველ შემთხვევაში იურიდიული თვალსაზრისით.

2008 წლის აგვისტოს ავანტიურამ გააქარწლა ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობა და რაც მთავარია რუსეთის ამ საქმეში ჩართულობა. ეს პოზიცია პირდაპირ თუ ირიბად აღნიშნა პრემიერმა მედვედევმა. ერთსაათიან ინტერვიუში მან ილაპარაკა არა მარტო ომის გამომწვევ მიზეზებზე, სააკაშვილის შეცდომებზე, არამედ უმძიმეს შედეგებზეც, რაც ქვეყანამ მიიღო. კარგ მთქმელს, კარგი გამგონი უნდაო - ამ შემთხვევაშიც არ აღმოვჩნდით კარგი გამგონნი - ავტეხეთ რა ჩვენთვის შესაფერისი ყაყანა, თანაც როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ.

საკუთარი მოწოდების სიმაღლეზე იყო სააკაშვილიც, რომელმაც პრეზიდენტისთვის შეუფერებელი ლექსიკით, ისეთი ცეცხლი დაანთო, ამერიკელ სენატორ მაკკეინსაც რომ გააკვირვებდა.

სააკაშვილის მონოლოგმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა ქართველი ამომრჩევლის უბადრუკობაში. ასეთს რომ პრეზიდენტად აირჩევ, ის ხალხი ყველაფრის ღირსია. შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ დაშვებული შეცდომის შემდეგ ცდილობს გამოსწორებას. ქართველ ხალხს არ უცდია მსგავსი რამ სააკაშვილთან მიმართებაში, უფრო მეტიც არათუ მის მიმართ, სააკაშვილის ნაცების მიმართაც არ გაუკეთებია ასეთი.

„ოქტომბრის არჩევნებში სააკაშვილის პარტიის მარცხის მიზეზი არა აგვისტოს ომი, არამედ არჩევნების წინ ციხის კადრების გამოქვეყნება იყო“, - წერს კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის დოცენტი ლინკოლნ მიტჩელი, რაც ბევრის მაუწყებელია, თუნდაც იმის, რომ პერსონალური შეურაცხყოფა გაცილებით მგრძნობიარე თემაა აქ, ვიდრე ქვეყნის ტერიტორიები.

ქვეყანა, თანამედროვე ქართველებისთვის აბსტრაქტული ცნებაა. ასეთი ხალხი აიტანს იმას, რაც სააკაშვილმა ბრძანა: „პრეზიდენტმა ხალხს სიმართლე უნდა უთხრას, არ უნდა მოატყუოსო“ და ამას აკადრებს სააკაშვილი ხალხს, რომელიც არაერთხელ მოატყუა, შეურაცხყო, დააჩაჩანაკა, გააუპატიურა.

თავის ინტერვიუში მან იმდენი ტყუილი დაახვავა, ბარონ მიუნჰაუზენსაც რომ გააკვირვებდა. მისი თქმით, რუსი სამშვიდობოები თვით რუსებმა დახოცეს და ქართველებს დააბრალეს; რომ რუსეთი ამ ომისთვის დიდ ხანს ემზადებოდა. ეს მას გერმანიის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმა უთხრა; რომ მედვედევის ნაცვლად, ტელეფონს პუტინი იღებდა, მედვედევი ტყემალზე იჯდა და ფორმალური პრეზიდენტი იყო; რომ მედვედევი არარაობაა, ხოლო პუტინი კი ის პოლიტიკოსი, რომელმაც უთხრა - „ეგ ქაღალდები დაახვიე და უკან შეიტენეო“.

სააკაშვილის ინტერვიუ, ქუჩის ბაზრობას ჰგავდა, ვიდრე სახელმწიფოს მეთაურის, დამჯდარი პოლიტიკოსის. არის თუ არა სააკაშვილის ამომრჩეველი ღირსი, ჰყავდეს სააკაშვილის მსგავსი რჩეული? ცხადია არის. არის არა მარტო იმისთვის, რომ შეცდომა დაუშვა არჩევნებში (შეცდომა ვის არ მოსდის), არამედ იმისთვის, რომ არასდროს უცდია შეცდომის გამოსწორება. 2012 წლის 1 ოქტომბერი კი ის იყო, რაც მიტჩელმა თქვა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რუსეთს ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებზე არ უომია. არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან რუსეთს ძალისმიერი გზით - ტანკით, ჯარით, რაკეტებით საკამათო საკითხი არ გადაუჭრია. საქართველოს პრეზიდენტმა ყოველივე აღნიშნული შეაძლებინა, მაგრამ მარტო საქართველოს პრეზიდენტმა?

სააკაშვილი არც ისეთი სულელია, დათვის ხახაში თავი ჩაეყო. ის მაშინაც და დღესაც გრძნობდა და გრძნობს სერიოზულ მხარდაჭერას დასავლეთიდან, კერძოდ აშშ-დან. რომ არა ბუშის ადმინისტრაციის მხარდაჭერა, რომ არა პრეზიდენტობის კანდიდატის მაკკეინისა და მისი გუნდის მხარდაჭერა, მითუმეტეს წაქეზება, სააკაშვილი არ გადადგამდა ამ ნაბიჯს.

დავუშვათ მე ვცდები, მაგრამ ნუ დავიბრმავებთ თვალებს, იმ აშკარა მხარდაჭერის მიმართ, რასაც ადგილი ჰქონდა სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ: აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტი, სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის ჩამოსვლები, რესპუბლიკელი სენატორებისა და კონგრესმენების სისტემატური ჩამოსვლები, დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტის ბაიდენის ვიზიტი და ხოტბა, გამოთქმული სააკაშვილის მისამართით, სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტები. ყველა ვიზიტორის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ეს ვიზიტები, რომ მარტო პროტოკოლური ხასიათისა ყოფილიყო, კიდევ არაფერი, მაგრამ საქართველოში გასეირნება არ იყო ამერიკელი მაღალჩინოსნების მთავარი მიზანი. მთავარი მიზანი იყო (და არის) სააკაშვილის დამჯერ ამერიკულ რობოტად გადაქცევა. სააკაშვილიდან გამომდინარე მთელი საქართველოს ამერიკულად მორჯულება, ანტირუსულად გარდაქმნა. ამერიკელთა სასახელოდ უნდა ითქვას - მათ ეს მოახერხეს, თანაც გაცილებით მცირე დროში, ვიდრე სხვაგან.

„აშშ-ს ადმინისტრაციაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს გარკვეულ სიგნალებს უგზავნიდნენ და წინსვლისკენ მოუწოდებდნენ. შესაძლოა, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ეს სიგნალები უფრო სერიოზულად მიიღეს, რადგან ეს სწორედ ის იყო, რისი გაგებაც მათ უნდოდათ“, - წერს ლინკოლნ მიტჩელი, აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ის იმასაც ამბობს, თუ როგორ უშენებდა აშშ-ი საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურას - „„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ი საქართველოში სახელმწიფოებრივი მშენებლობით იყო დაკავებული და სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. შედეგად, როცა საქართველოში ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში აღმოჩნდა, არ აღმოჩნდა კონტროლისა და ბალანსის სისტემა“.

მიტჩელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის სხვა ქვეყნების (ამ შემთხვევაში საქართველოს) საშინაო საქმეებში ჩარევის როლი, რაც არახალია, მაგრამ საყურადღებოა ქართული საზოგადოებისთვის, ვინაიდან ამერიკელი არსად წასულა, არც სააკაშვილი გადახვეწილა და არც ნაცები. კოჰაბიტაციის წყალობით, ნაცთა ძალა არა მარტო პარლამენტშია, არამედ ქვეყანაშიც.

გამოთქმა - პრეზიდენტები მოდიან და მიდიან, ქვეყანა კი რჩება, საქართველოზე არ ითქმის, ვინაიდან სააკაშვილი ამჯერად კი წავა, მაგრამ ისევ მოვა, ცოტა ხნის შემდეგ - ახალი ძალითა და ავანტიურით. გაუძლებს განახევრებული საქართველო მის ავანტიურას? ძნელი სათქმელია, რამეთუ ფაქტის წინაშე მდგარს გაუჭირდება, ფაქტამდე კი არაფერს ღონობს სააკაშვილისა და ნაციონალების მოსაშორებლად.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

 

 

სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში

 

  მოსკოვში ბოლო ვიზიტის დროს საქართველოს პატრიარქს, ილია II-ს, ინტერვიუ ჩამოართვა გაზეთ „კავკაზსკაია პოლიტიკა“-ს კორესპონდენტმა ნატალია კევორკოვამ. ინტერვიუში უწმიდესი და უნეტარესი შეეხო საქართველო-რუსეთის ისტორიულ კავშირებს და აღნიშნა: „ის დაძაბული ურთიერთობები, რომლებიც საქართველო-რუსეთს შორის წარმოიშვა - ხელოვნურადაა შექმნილი. მიუხედავად ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული რთული ურთიერთობისა, ჩვენმა ეკლესიებმა შეინარჩუნეს ძმური, ჩვენმა ხალხებმა კი თბილი ურთიერთობები“.

უწმიდესი და უნეტარესი სტალინსაც შეეხო: “როდესაც ის გარდაიცვალა, სასულიერო სემინარიის სტუდენტი ვიყავი. დაკრძალვისას ყველანი დარბაზში ვიდექით და ვტიროდით. მის შესახებ ბევრს გველაპარაკებოდა ჩვენი რექტორი, მამა კონსტანტინე რუჟიცკი, რომელმაც სტალინის შესახებ ბევრი იცოდა, რუსეთის პატრიარქი ალექსეი I, ვისაც ძალიან უყვარდა სტალინი. სტალინი გამოჩენილი პირივნებაა. ასეთი პირივნებები იშვიათად იბადებიან“.

უწმიდესისა და უნეტარესის ინტერვიუ სააკაშვილის ანტისტალინურ გამონათქვამებს დაემთხვა, რომელიც მან პოლონელი კაჩინსკის მასპინძლობის დროს გააკეთა. სააკაშვილის გამონათქვამები ყურსაც ჭრის და საღ აზროვნებასაც. შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს, ვისაც ახსოვს სტალინის პერიოდი, ვინც სამშობლოსთვის, სტალინისთვის დიდ სამამულო ომში თავი გასწირა. სააკაშვილის ბოროტი დემაგოგია დასავლურ პოლიტიკას ემსახურება, იმ დასავლეთს, რომელსაც ის და მისი მსგავსნი (ასეთები ცოტანი არ არიან) სულით და გულით ეტრფიან.

სტალინის პიროვნების, მისი საქმის, მოღვაწეობის შესაფასებლად მიუკერძოებელი დასკვნების გასაკეთებლად, ღრმა მეცნიერულ საფუძვლებზე დამყარებული კვლევაა საჭირო. მანამდე კი ისღა დაგვრჩენია გავეცნოთ უამრავი რუსი და უცხოელი ავტორის ნაშრომს, ტომებს სტალინის შესახებ, რომლებშიც მიუკერძოებლად, სუბიექტურად თუ ობიექტურად აღწერილია ამ მართლაცდა დიდი პიროვნების შესახებ. და რაც თვალშისაცემია - უარყოფითი თუ დადებითი დახასიათების მიუხედავად, თითქმის ყველა ავტორი, ერთ დასკვნამდე მიდის - დიდი პიროვნება.

სტალინის თემა სხვაგვარადაა განსახილველი - იმჟამინდელი მსოფლიო ისტორიის ჭრილში. სხვადასხვა ქვეყნებში იმჟამად მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრების გათვალისწინებით და არა მიმდინარე ვითარებით წარმოქმნილი შეხედულებების ჭრილში. მსოფლიო ვითარება, ის, რაც გუშინ მისაღები იყო, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, არადა მაშინ მსგავსი მცნებები შორს იყო პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრებისგან, დღეს აღმაშფოთებელია.

აღმაშფოთებელია ნაცისტური რეჟიმი გერმანიაში, ფრანკიზმი ესპანეთში, ფაშიზმი იტალიაში, დიქტატორული რეჟიმები პორტუგალიასა და იაპონიაში, კომუნისტების დევნა აშშ-ი, ფერადკანიანთა წინააღმდეგ დაძრული სადამსჯელო მოქმედებები. საბჭოთა კავშირი არ ყოფილა ედემის ბაღი, მაგრამ არც სხვები ყოფილან ასეთნი. მეტნაკლებად ყველგან ადგილი ჰქონდა იმას, რაც დღეს ადამიანის უფლებათა დარღვევად მიიჩნევა.

იმჟამინდელი პოლიტიკოსები თავიანთ ქმედებას ქვეყნის უსაფრთხოების, წინსვლა-განვითარების უმთავრეს პირობად  მიიჩნევდნენ, ისე, როგორც დღეს, აშშ-ი რიგითი მენინგის 136 წლით ციხეში გამომწყვდევას. ანდა 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეთა დასჯა-მკვლელობას სააკაშვილი უკავშირებდა ქვეყნის სტაბილურობას. სააკაშვილის მიხედვით, 25 ათასი ადამიანის ციხეებში ჩაყრა, მათი წამება და უკანალში ცოცხის ტარების გარჭობა - ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურის გამტკიცების საწინდარი იყო.

რით არის გუშინდელთან შედარებით დღევანდელი ძალადობა ლმობიერი? რით არის აშშ-სა და მისი მოკავშირეების სამხედრო მოქმედება ავღანეთში ლმობიერი? უდანაშაულო ქალების, ბავშვების, მოხუცების ხოცვა, მშვიდობიანი სოფლების გადაბუგვა და ლმობიერება შორს არის ერთმანეთისგან. და არ შეიძლება ჩაითვალოს ჰუმანიტარულ აქტად, ტერორიზმის წინააღმდეგ ომის გაჩაღების საბაბად.

დანაშაულს სჩადიოდნენ და სჩადიან მაშინაც და დღესაც, ოღონდ დღევანდელებს დიდი უპირატესობა აქვთ მოპოვებული გუშინდელთა კრიტიკაში. გუშინდელები, ამ პრივილეგიებს მოკლებულები არიან. განგების წყალობით, სტალინის პერიოდის ადამიანები რახანია იმქვეყნად განისვენებენ. მხოლოდ მათ საქმეებს შეუძლიათ პაექრობა დღევანდელებთან, რასაც ახერხებენ კიდევაც - ობიექტურ მკითხველში და არა სააკაშვილის, მითუმეტეს მაია ფანჯიკიძის მსგავს უმწიფარ პოლიტიკოსებში.

„არა ბატონებო, დემოკრატიის სისასტიკის წინაშე ფერმკრთალია დეპოტიზმი. გვითხარით, როდის იყო იმედგაცრუებული, უსახლკარო ადამიანები, უამრავი პატიმარი, როდის ჰქონდა დანაშაულს, უწესობას ესოდენი თავისუფლება ქუჩებსა და ტელეეკრანებზე, ბეჭდვით სიტყვასა და მის გარეთ? როდის იყვნენ ხალხები, ზოგიერთთა გამოკლებით, შიმშილობის ზღვარს მისულნი? როდის და რომელი ხელისუფალი, ისეთი ცინიზმით, როგორც დღეს, ანადგურებდა საკუთარ ეკონომიკას უფრო ძლიერი მეზობლის სასარგებლოდ? . . .

. . . დიახ, რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ რუსულ ათეიზმ-სოციალიზმში არის მართლმადიდებლური ტრადიცია, ამიტომაც კომუნისტური მოძრაობა რუსეთში ეწერება რუსეთის ისტორიას. ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია, მას ვერ ამოშლი. რაც შეეხება დღევანდელ დემოკრატიას, იქნება თუ არა ის ჩვენი ისტორიის ნაწილი, საეჭვოა, ვინაიდან ის დასავლეთთან შეუთანხმებლად არაფერს აკეთებს. ეს, უცხო მოვლენაა რუსეთისთვის“, - ასე წერს მღვდელი დიმიტრი დუდკო.

რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მიხედვით, სტალინი არასოდეს ყოფილა ეკლესიის დევნის ინიციატორი, თუმცა არ უხვევდა პარტიის ხაზს. სტალინი არ ყოფილა „მებრძოლი ურწმუნო“, - წერს მოლოტოვი. როგორც ის ამბობს, სტალინს დროდადრო უყვარდა ბიბლიის მოშველიება თავის უახლოეს წრეში. „სტალინი ამაყობდა იმით, რომ საქართველომ ქრისტიანობა გაცილებით ადრე მიიღო, ვიდრე რუსეთმა“, - წერს მოლოტოვი.

„ჩვენ, სამივენი ეკლესიაში ვგალობდით, სტალინი თბილისში, ვოროშილოვი ლუგანსკში, მე - ნოლინსკში. სტალინი ცუდად არ მღეროდა, ვოროშილოვი მღეროდა, მას კარგი სმენა ჰქონდა. ჩვენ სამივე ვმღეროდით საეკლესიო სიმღერებს სადილის შემდეგ. ვმღეროდით თეთრგვარდიელების სიმღერებსაც. სტალინს სასიამოვნო ხმა ჰქონდა“, - იხსენებს მოლოტოვი.

1927 წელს მმართველ პარტიაში სტალინისტებმა გაიმარჯვეს ტროცკისტებზე, რის შემდეგ დაიწყო ყოველივე, რუსეთის, მათ შორის ეკლესიის, პატრიოტიზმის აღორძინება. მაშინ აიკრძალა სექტები.

გასაოცარია, მაგრამ ფაქტია - პატრიარქია, რომელიც გაუქმებული იქნა მართლმადიდებელი მეფის პეტრე I-ის დროს, აღდგა ურწმუნო ბოლშევიკების დროს. ისიც ფაქტია, რომ 1939-52 წლებში არც ერთი პარტიული ყრილობა არ ჩატარებულა, მაშინ, როდესაც თავის უფლებებში აღდგა საპატრიარქო, ჩატარდა სამი საეკლესიო კრება და ა.შ.

როგორ ეპყრობოდა ეკლესია სტალინს? როგორც მთელი ხალხი - სიყვარულით. აი, რას ამბობს ეკლესიის სახელით მიტროპოლიტი სერგი (სტაროგოროდსკი) - „სიღრმისეულად გულს ხდება ეკლესიის მიმართ სახალხო ბელადის, სტალინის დამოკიდებულება - რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის საჭიროებებისადმი“.

ალექსანდრიის პატრიარქი ქრისტოფორი კი ამბობდა: „მარშალი სტალინი ერთ-ერთი უდიდესი ადამიანია ჩვენი ეპოქისა, რომელიც ნდობით არის განმსჭვალული ეკლესიის მიმართ და კეთილად ეპყრობა მას“.

საყურადღებოა მღვდელი დიმიტრი დუდკოს განცხადებაც - სწორედ იმ პირისა, რომელმაც მრავალი წელი გაატარა ციხეში: „თუ ღმერთის თვალით შევხედავთ სტალინს, ის ნამდვილად გამორჩეული ადამიანია, ღმერთის მიერ დაცული. სტალინმა შეინარჩუნა რუსეთი, მთელ მსოფლიოს დაანახა მისი მნიშვნელობა“.

საბჭოთა ისტორიაში 1941-53 წლები მიჩნეულია რელიგიის აღორძინების ხანად. ამ პერიოდში აღდგენილ და გარემონტებულ იქნა ტაძრები, ეკლესიები. გაიხსნა 22 ათასი სამლოცველო, სემინარია, აკადემია. აღინიშნა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის 500 წლისთავის ზეიმი.

ერთხელ, სტალინისთვის უკითხავს დედამისს - „ახლა ვინ ხარ შენ, იოსებ“? რაღაც, რუსეთის მეფის მსგავსი - უპასუხია სტალინს. რა დასანანია, რომ მღვდელი არ გახდი - უთქვია კეკეს. „ამ სიტყვებს ყოველთვის აღფრთოვანებით ამბობდა მამა“, - იხსენებს სტალინის შვილი სვეტლანა ალილუევა.

უდიდესი ქვეყნის შექმნა რუსული ეკლესიის გარეშე, რომელიც რუსული სულიერებისა და ცივილიზაციის ფესვების მატარებელია - შეუძლებელი იყო. სტალინმა კარგად იცოდა ეს. ამდენად გაიარა რა გზა გარდაქმნისა, ის დაუბრუნდა ღმერთს, ეკლესიას და წარმართა ქვეყნის განვითარება პარალელურად ორი გზით - ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება, რუსულ მართლმადიდებლურ მორალურ ფასეულობებზე დაყრდნობით. ეს ისაა, რაც მოსკოვის სამეფო ივანე მრისხანეს დროს, რომელიც რუსეთის იმპერიად გადაიქცა.

წიგნში „სტალინი და ეკლესია“ პარალელია გავლებული სტალინსა და წმინდა მეფე კონსტანტინეს შორის, რომელმაც რომის იმპერიაში თავისუფლება არგუნა ქრისტიანებს, ხოლო შემდეგ გახდა ბიზანტიის დამაარსებელი.

313 წელს იმპერატორმა კონსტანტინემ ხელი მოაწერა მილანის ედიქტს, რომლის მიხედვით, აიკრძალა ქრისტიანობის დევნა. ამ აქტით ქრისტიანობის მდევარი, ქრისტიანობის დამცველად იქცა. კონსტანტინემ ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიციალრ რელიგიად გამოაცხადა. მისი ინიციატივით ჩატარდა ნიკეს პირველი კრებაც, რომელსაც თვით თავმჯდომარეობდა.

დაახლოებით მსგავსი რამ გააკეთა სტალინმაც რუსული ეკლესიისთვის, მოიწვია რა კრება და 1943 წელს აირჩია პატრიარქი.

1943 წლის 4 სექტემბერს, კრემლში, გაიმართა ისტორიული შეხვედრა სტალინსა და სამ მიტროპოლიტს - მოსკოვის სერგის, ლენინგრადის ალექსის და კიევის ნიკოლაის შორის. შეხვედრიდან გამომდინარე, 8 სექტემბერს მოსკოვში მოწვეული იქნა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსთა კრება, რომელზედაც პატრიარქად არჩეულ იქნა სერგი. სამი დღის შემდეგ, გამოვიდა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური გამოცემა „მოსკოვის პატრიარქიის ჟურნალი“.

პატრიარქ სერგის გარდაცვალების შემდეგ, საბჭოთა მთავრობის დახმარებით მოსკოვის, სოკოლნიკების აღდგომის ეკლესიაში 1945 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლამდე გაიმართა კრება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, როგორც რუსეთის, ისე სხვა ქვეყნების ღვთისმსახურებმა. ყველა მათგანს სახელმწიფოს ხარჯზე გამოეყოთ სასტუმროებში ნომრები, ავტომანქანები და ავტობუსები.

ამ კრებაზე ალექსი იქნა არჩეული რუსეთის პატრიარქად. და მიღებულიქნა დებულება „რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მმართველობის შესახებ“, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საბჭოთა კავშირში მართლმადიდებლური ეკლესიის განმტკიცებას.

 ჰამლეტ ჭიპაშვილი

 

არის თუ არა მოსკოვის სამიტის ჩაშლა - საღი გადაწყვეტილება?

 

  მსოფლიოს პოლიტიკური წრეები თვეზე მეტია გაფაციცებით აკვირდებიან აშშ-რუსეთს შორის შექმნილ ვითარებას. ორი სუპერ სახელმწიფოს დაპირისპირება კარგს არც ერთს და არც მსოფლიოს არ მოუტანს. ამ დაპირისპირებაში ორივეს თავისი მომხრეები ჰყავს - ძლიერიც და გავლენიანიც, რაც უკიდურესი დაპირისპირების შემთხვევაში თავის სიტყვას იტყვის. ვაშინგტონ-მოსკოვს შორის არსებულ სერიოზულ უთანხმოებას ისეთ საკითხებში, როგორებიცაა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგება ევროპაში, სირიის ომი, ირანის ბირთვული პროგრამა, არასამთავრობოებსა და გეებთან დამოკიდებულება, სნოუდენის საკითხიც დაემატა.

ცსს (CIA) ყოფილი თანამშრომლის ედვარდ  სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემა, ის მწვავე წვეთი გამოდგა, რომელმაც საბოლოოდ მოუწამლა ვაშინგტონს გუნება-განწყობილება და ხელი ჰკრა ერთობ უხერხული გადაწყვეტილების მიღებისკენ - ორი პრეზიდენტის მოსკოვის  სამიტის გაუქმებისკენ.

არადა შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება დიდი რვიანის ბოლო სამიტზე იქნა მიღებული. აშშ-ს  პრეზიდენტისთვის (ტექნიკური თვალსაზრისით), სანკტ-პეტერბურგის დიდი ოცეულის შეხვედრის შემდეგ, მოსკოვში, პუტინთან დიალოგი, მოსახერხებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მარტო ტექნიკური თვალსაზრისი საკმარისი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოლიტიკური განაწყენება იჩენს თავს. სნოუდენის ამერიკისთვის არ გადაცემამ გაანაწყენა ვაშინგტონი.

არადა უნდა ითქვას, რომ სნოუდენის პრობლემა - სრულიად მოულოდნელად გაჩენილი, რუსეთისთვის ერთობ არასასიამოვნო რამ იყო, ვინაიდან ამერიკის მოთხოვნის დაუკმაყოფილება, უდავოდ, გამოიწვევდა ამერიკელთა მხრიდან მკაცრ ნაბიჯს.

შეეძლო თუ არა რუსეთს სნოუდენის აშშ-ს გადაცემა? ცხადია შეეძლო, ოღონდ მისი, როგორც სუპერ სახელმწიფოს როლი მსოფლიოში, დაკნინდებოდა. რუსეთი იქნებოდა ისეთი, როგორიც ევროპის ქვეყნები - ვაშინგტონის დაკრულზე მომღერალ-მოცეკვავე. გარდა ამისა - გადაცემა არაადამიანურ, არაჰუმანურ აქტად ჩაითვლებოდა და ის ქვეყნებიც, რომლებიც ვაშინგტონის ნებისმიერ სურვილს აკმაყოფილებენ, პუტინის ასეთ ნაბიჯს არაკაცურად ჩათვლიდნენ.

პუტინს, უდავოდ, სურდა მოსკოვის სამიტის გამართვა, მაგრამ სამიტზე მაღლა - ერთი ადამიანის სიცოცხლე დააყენა, რაც უდავოდ მისასალმებელია.

ამერიკელი ექსპერტები თვლიან, რომ სამიტზე უარის თქმა დიდი შეცდომაა, ვინაიდან, ერთი ადამიანის (სნოუდენის) გამო, ქვეყნების ურთიერთობა არ უნდა შეფერხებულიყო. თუმცა არიან ისეთებიც, მაგალითად სენატორი მაკკეინი, რომელიც არა მარტო სამიტის გაუქმებას მოითხოვდა, არამედ სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების  ბოიკოტირებასაც. მაგრამ ამ მოწოდებას პრეზიდენტმა ობამამ დაუსვა წერტილი - „ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი არ ექნება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა სნოუდენთან დაკავშირებით დიდად დაგვწყვიტა გული“.

ობამამ ისიც თქვა, რომ მარტო სნოუდენის თემა არ ყოფილა განხეთქილების საბაბი. სირიის, ირანის და ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების საკითხები იყო მთავარი სამიტის ჩაშლისთვის.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობა საჭიროებს პაუზას და შესწავლას იმისა, საით მიდის რუსეთი. ჩამოთვლილ ნეგატივში მან მოიხსენია რუსეთში ადამიანის, მათ შორის პედერასტთა უფლებების დარღვევა, სირიისა და ირანის საკითხები.

ის, რომ ობამასთვის პუტინი მოუხერხებელი პარტნიორია, ისედაც ნათელია, მაგრამ ობამამ სხვაგვარად აღნიშნა ეს - პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ რუსეთში ანტიამერიკულმა რიტორიკამ იმატა და ცივი ომის პერიოდს ემსგავსებაო. ერთმანეთისადმი მიუღებელი რიტორიკის თვალსაზრისით, ძნელია რომელიმეს გამოყოფა. თითოეული მათგანი „მოწოდების“ სიმაღლეზეა და არც ერთი მხარე თავს არ იზღუდავს.

გაიბუტა ობამა, და შეხვედრაც ჩაშალა, რაც მსოფლიო პოლიტიკის მოჭირნახულე პოლიტიკოსის უსუსტესი გადაწყვეტილებაა. აშშ-ს და რუსეთის ისტორიაში მსგავს მომენტს ვერ იხსენებენ და არა მარტო რუსეთის, არამედ „ავადსახსენებელი“ საბჭოთა კავშირის დროსაც, თუმცა ეკზოტიკური ხრუშჩოვის პერიოდში ჰქონდა ასეთს ადგილი. მაშინ ხრუშჩოვმა თქვა ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი - ამერიკული უ-12 თვითმფრინავის საბჭოთა ტერიტორიაზე შემოფრენის გამო.

ისტორია გამეორდა - ათეული წლების და საბჭოეთის დანგრევის შემდეგ, ოღონდ ამჯერად აშშ-ს პრეზიდენტის მხრიდან.

დიდი სამეულის (ჩერჩილი, რუზველტი, სტალინი) შთამომავლებს უფრო სერიოზული დაფიქრება ესაჭიროებათ. წარმოვიდგინოთ ასეთი რამ - რა იქნებოდა, რომ რუზველტს, სტალინის საპასუხო წერილის შემდეგ, განაწყენებულს, ანტისტალინური ნაბიჯი გადაედგა, გაბუტულიყო და თავის ამერიკულ ნაჭუჭში ჩაკეტილიყო?

შეექმნებოდა თუ არა მსოფლიოს პრობლემები?

მავანი შემედავება - მაშინ ომი მიმდინარეობდა და სამთა კოალიციას მეტი გამოსავალი, გარდა კონტაქტისა არ ჰქონდაო. მაგრამ დღესაც ომია, სირიაში და რომ საყოვეთაო ომად არ გადაიზარდოს, ლაპარაკია საჭირო. დღეს, სხვა ძალთა თანაფარდობაა, ვიდრე მაშინ. დღეს აშშ-ი მსოფლიო ჰეგემონია, რასაც  მაშინ ადგილი არ ჰქონდა. მაშინ, 1945 წლის თებერვალი იდგა - წითელი არმიის უამრავი გამარჯვებებით დასავლეთის ფრონტზე, სტალინს გაკვრითაც არ უგრძნობებია თავისი პარტნიორებისთვის საბჭოეთის პრიორიტეტულობა.

სტალინის პასუხით უკმაყოფილო (პოლონეთის მომავალ მთავრობასთან დაკავშირებით), რუზველტი და ჩერჩილი ატყობინებენ სტალინს, რომ სამეულის სასწრაფო შეხვედრა იყო საჭირო. შეთანხმების შედეგად და იქედან გამომდინარე, რომ სტალინისთვის უფრო მოსახერხებელი იქნებოდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, მაგალითად, ყირიმში შეხვედრა - გადაწყდა იალტის კონფერენციის ჩატარება.

საბჭოთა მხარემ ყველაფერი იღონა, გერმანელთა ოკუპაციის შედეგად განადგურებული ყირიმის წესრიგში მოსაყვანად. „ჩვენმა მასპინძლებმა ყველაფერი იღონეს, რათა ჩვენთვის კომფორტი შეექმნათ. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი სურვილების დასაკმაყოფილებლად. ერთხელ ჩვენი დელეგაციის წევრმა პორტალმა შენიშნა, რომ აკვარიუმში, რომელშიც მცენარეები იზრდებოდა, არ იყო თევზები. ორი დღის შემდეგ აკვარიუმი წითელი თევზებით აივსო. . .

. . . ერთ-ერთმა ჩვენთაგანმა აღნიშნა, რომ კოქტეილში ლიმონი არ იყო. მეორე დღესვე, ჩვენი შენობის ჰოლში ლიმნის ხე მოიტანეს, ნაყოფით დახუნძლული. ყველაფერი ეს მოჰქონდათ შორი გზიდან, თვითმფრინავებით“, - წერს ჩერჩილი.

ერთ-ერთი სადილის დროს, სტალინს უთქვამს: „მე, მინდა ჩვენი კავშირის სადღეგრძელო დავლიო, ვისურვო, რომ მან არ დაკარგოს მიღწეული ინტიმურობა, აზრის გამოხატვის თავისუფლება.

დიპლომატიის ისტორიაში მე არ მახსოვს მსოფლიოს სამი უდიდესი ქვეყნის ასეთი მჭიდრო კავშირი, სადაც მოკავშირეებს აქვთ საშუალება გულღიად განაცხადონ თავიანთი შეხედულებები. შეიძლება ეს ზოგიერთებს გულუბრყვილოდ მოეჩვენოს. კავშირში, მოკავშირეებმა არ უნდა მოატყუონ ერთმანეთი. შეიძლება, ესეც გულუბრყვილობაა? გამოცდილმა დიპლომატებმა შეიძლება თქვან - რატომ არ უნდა მოვატყუო ჩემი მოკავშირე? მაგრამ მე, როგორც გულუბრყვილო კაცი, ვთვლი, რომ არ უნდა მოატყუო, მაშინაც კი, თუ ის სულელია. სწორედ ამიტომ არის ჩვენი კავშირი მტკიცე, რომ არ ვატყუებთ ერთმანეთს“, - იხსენებს ჩერჩილი სტალინის სიტყვებს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩერჩილის მოგონება ეყრდნობა იმ დიპლომატიურ ჩანაწერებს, რომელსაც ინგლისის დელეგაციის წევრი აკეთებდა. მსგავსი ჩანაწერები დღესაც მიღებულია დიპლომატიაში და ის კეთდება არა დიქტაფონით, არამედ მარტივად - კალმისტრით ქაღალდზე.

სტალინის სურვილი - სამეულის მჭიდრო, მეგობრულ თანამშრომლობაზე, უდავოდ ახდებოდა, რომ არა პრეზიდენტ რუზველტის მოულოდნელი გარდაცვალება. ახალმა პრეზიდენტმა სხვა გზა აირჩია, მათ შორის მოტყუების, ძალის დემონსტრირების - ამის მაგალითი იყო პრეზიდენტ ტრუმენის სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილება იაპონიის ქალაქების ჰიროსიმასა და ნაგასაკის ბირთვული დაბომბვა.

ჰიროსიმას თავზე, ატმოსფეროში აფეთქებულმა ატომურმა ბომბმა, სამასი ათასი ადამიანი უმალ გაანადგურა და ასეულ-ათასობით - დაასახიჩრა. ბომბის აფეთქების შედეგად გამოწვეულმა რადიაციამ უამრავი იაპონელი გაისტუმრა საიქიოს. იაპონელები, ყოველწლიურად, აგვისტოში აღნიშნავენ ბირთვული თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს. მდუმარე პროცესია, მკაცრი გაფრთხილებაა ყველა ხელისუფალისა, იმუშაოს მშვიდობისთვის, მაგრამ. . .

სამწუხაროდ, ამას ნაკლებად აქვს ადგილი. პირველობისთვის ბრძოლაში იყენებენ ყველაფერს - იარაღით დაწყებული, ელექტრონული ჯაშუშობით, მოსმენებით დამთავრებული. სწორედ მალული მოსმენების გამომზეურებლის რუსეთში შეფარებამ დაძაბა ვითარება მოსკოვ-ვაშინგტონს შორის. ობამამ ბოლო პრეს-კონფერენციაზე კი განაცხადა, რომ ეს პროცესი გამჭვირვალე  იქნება, მაგრამ არავინ იცის, მართლა იქნება თუ არა.

ყოველ შემთხვევაში თეთრ სახლს, მიუხედავად საპროტესტო გამოსვლებისა, არ შეუმცირებია ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA - The National Security Agency) ბიუჯეტი. წარმომადგენლობათა პალატამ კენჭისყრის შედეგად, არ შეიტანა ცვლილება კანონში. 205-მა დეპუტატმა, როგორც რესპუბლიკელმა, ისე დემოკრატმა, კენჭი უყარა ანტიჯაშუშურ შესწორებას - 217-მა კი თანხმობა განაცხადა დაფინანსების გაგრძელებაზე.

ექსპერტები თვლიან, რომ ობამას ადმინისტრაცია ყველაფერს იღონებს აღნიშნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფისთვის. და არა მარტო მისთვის, არამედ ყველა სპეცსამსახურისთვის, რომელთა შორის ეს სააგენტო გამორჩეულია. NSA  თავისი პერსონალითა და ბიუჯეტით გაცილებით აჭარბებს ცსს-ს (CIA).

NSA - იჭერს და უსმენს ტელეკომუნიკაციას მსოფლიოს მასშტაბით და ამარაგებს უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო ორგანოებს ინფორმაციით. ცხადია, ასეთ ინფორმაციაზე არც ერთი ადმინისტრაცია უარს არ იტყვის. დედამიწაზე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სარგებლობს მობილური ტელეფონით ან ინტერნეტით შეიძლება ფარული თვალთვალის მსხვერპლი აღმოჩნდეს.

ის, რომ კონგრესში ანტირუსული თემა აქტუალურია, მტკიცება არ სჭირდება. ვაშინგტონი ვერ ეგუება მოსკოვის სიჯიუტეს, დამოუკიდებელ პოლიტიკას. ვაშინგტონი სხვა ქვეყნების განსხვავებულ აზრსაც ვერ ეგუება, მაგრამ ის სხვები „სხვებია“. რუსეთი მძიმეწონიანია, ამდენად მისი ქმედება მძიმედ აღიქმება და ეს მაშინ, როდესაც აშშ-ს უამრავი პრობლემები აქვს. მარტო 17 ტრილონიანი დოლარის სახელმწიფო ვალი რად ღირს? რომ არაფერი ვთქვათ უმუშევრობაზე, ეკონომიკურ ჩავარდნებზე.

ეს პრობლემები რომ აშშ-ს საზღვრებს გარეთ არ გადიოდეს, კიდევ არაფერი, მაგრამ გლობალიზაციამ მჭიდროდ მიაბა ერთმანეთს დიდი და პატარა ქვეყნები. ვაშინგტონში დაცემინებას სხვა ქვეყნების ფილტვების ანთება მოჰყვება. ასეთ დროს ყბადაღებული რუსული თემა გაუგებარია. სამწუხაროდ, კონგრესში არიან სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც ობამას დაყოლიებას ცდილობენ, ერთმა ჯგუფმა წარმატებასაც მიაღწია, პუტინთან შეხვედრის გაუქმების თვალსაზრისით. მეორე ჯგუფი მოუწოდებს პრეზიდენტს სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას.

რესპუბლიკელი სენატორი ლინსდეი გრემი იმასაც სთხოვდა პრეზიდენტს, რომ „დიდი ოცეულის“ სანკტ-პეტერბურგის სამიტი სხვაგან გადაეტანათ. მას მხარი დაუჭირა დემოკრატმა სენატორმა ჩარლზ შუმერმა. გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტ“-მა გააკრიტიკა პრეზიდენტი ობამა სისუსტისათვის და მოსთხოვა მას მეტი სიმკაცრის გამოჩენა რუსეთის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიურ თამაშებს, 1979 წელს ავღანეთში შეჭრისათვის გამოეცხადა  ბოიკოტი. აშშ-ა მილიონობით დოლარი ჩაყარა ავღანეთიდან საბჭოთა ჯარის გამოსადევნად, შედეგი - ალ-ქაიდა, თალიბანი და 11 სექტემბერი და რაც მთავარია,  საკუთარი 12-წლიანი ავღანეთი - ათასობით ამერიკელის სიკვდილით, ქარს გატანებული მილიარდებით.

დიდი პოლიტიკა სხვა აზროვნებას მოითხოვს, ამასთვანავე შორსმჭრეტელობას. სამწუხაროდ, თანამედროვე პოლიტიკაში მსგავსი რამ არცთუ თვალში საცემია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი