გამოკითხვა 2014: საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ნატოსა და აშშ-სადმი

გამოკითხვა 2014: საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ნატოსა და აშშ-სადმი

 ევრაზიის ინსტიტუტმა 2014 წლის 10-იდან 17 ნოემბრამდე განახორციელა

ბოლო ორი წლის მანძილზე მეორე სოციოლოგიური გამოკვლევა, საქართველოს მასშტაბით. ამჯერად გამოკითხვის თემატიკა მხოლოდ და მხოლოდ საგარეო პოლიტიკის ასპექტებს მოიცავდა, კერძოდ, საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (ნატო) ინტეგრაციისადმი და საკუთრივ ამ ორგანიზაციისადმი, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატებისადმი.

  გამოკითხვა ჩატარდა ქალაქებსა და სოფლებში, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. სავსებით შეგნებულად, მეთოდოლოგიური (და არა რაიმე სხვა) მოსაზრებით, ჩვენ გვერდი ავუარეთ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებს - ქვემო ქართლსა და ჯავახეთს.

 საველე სამუშაოებს ევრაზიის ინსტიტუტის თანამშრომლები აწარმოებდნენ რესპონდენტების საცხოვრებელ ადგილზე, მათი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, და არავითარ ზეგავლენას მათზე არ ახდენდნენ. გამოკითხვა ანონიმურია, რაც მითითებულია კიდეც ყველა ანკეტა-კითხვარზე.

   გამოკითხვის გეოგრაფია შემდეგნაირად გამოიყურება:

თბილისი (საბურთალო, დიდი დიღომი, ვერე, ჩუღურეთი, დიდუბე)– 482 რესპონდენტი (გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან 28,1%);

გორი – 262 (15,3%);

ბათუმი – 296 (17,2%);

ზუგდიდი – 151 (8,8%);

ზუგდიდის რაიონის სოფლები – 100 (5,8%);

საგარეჯოს რაიონი – 160 (9,3%);

მცხეთის რაიონი – 48 (2,8%);

დუშეთის რაიონი – 73 (4,2%);

ლტოლვილები ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან (დასახლებულნი მცხეთის რაიონში) – 146 (8,5%).

   მთლიანობაში: 1718 რესპონდენტი მთელი საქართველოდან. მათგან 825 მამაკაცი (48.5%) და 875 ქალბატონი (51.5%). გამოკითხულთა სოციალური სტატუსი: თვითდასაქმებულები - 22.8%, სახელმწიფო მოხელეები - 11.2%, ბიზნესმენები - 2.9%, უმუშევრები - 35.2%, პენსიონერები - 17.3%, სტუდენტები - 8.2%, დაქირავებული მუშაკები - 2.5%.

   გამოკითხულთა ასაკობრივი დიაპაზონი ასევე დაბალანსებულია: 18-25 წელი – 14.5%, 26-35 წელი – 16.0%, 36-45 წელი – 20.9%, 46-55 წელი – 19.7%, 56-65 წელი – 14.7%, 65 წელზე ზევით – 14.1%.

   მოსახლეობამ აქტიური მონაწილეობა მიიღო გამოკითხვაში. განსხვავებით 2012 წლის აგვისტო-სექტემბრისაგან, აშკარაა ხალხის მეტი გაბედულება, გამოხატოს საკუთარი აზრი, ძალიან ცოტა იყო მათი რიცხვი, ვინც უარი განაცხადა გამოკითხვაში მონაწილეობაზე ან ცალკეულ შეკითხვებს პასუხი არ გასცა. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამჟამინდელი გამოკითხვა მხოლოდ საგარეო პოლიტიკას შეეხებოდა.

   ცალკეული საკითხების კორელაციამ ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების საკმარისად მაღალი სანდოობის ხარისხი აჩვენა. ამიტომ, ეს გამოკითხვა შეიძლება, ჩაითვალოს რეპრეზენტატიულად.

  ევრაზიის ინსტიტუტი გეგმავს, უახლოეს პერიოდში მოაწყოს მასმედიისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია და გამოაქვეყნოს დეტალური მონაცემები (რეგიონული, სოციალური და სხვა თავისებურებების გათვალისწინებით).  აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ყველაზე «პრონატოური“ და „პროამერიკული“ რეგიონი აღმოჩნდა ქალაქი ზუგდიდი და ზუგდიდის რაიონი, ხოლო ყველაზე „ანტინატოური“ და „ანტიამერიკული“ შედეგები მცხეთისა და დუშეთის რაიონებში, ლტოლვილების ჩათვლით, აგრეთვე ქალაქ ბათუმში დაიდო.

   მაგრამ ყველაზე მთავარს - საქართველოს მასშტაბით მიღებულ გამოკითხვის შედეგებს - მკითხველთა ყურადღებას უკვე ახლა ვთავაზობთ:

 

 1.    ნატო თქვენი აზრით არის...

 

ა) თავდაცვითი სამხედრო ბლოკი --------------------------------------- 51%

 

ბ) აგრესიული სამხედრო ბლოკი ---------------------- 28%

 

გ) მიჭირს პასუხის გაცემა --------------------21%

 

 2.    თქვენი შეფასებით, ნატო საკმარისად ეხმარება თუ არა საქართველოს?

 

ა) დიახ -------------------- 20%

 

ბ) არა ---------------------------------------------------------------- 66%

 

გ) მიჭირს პასუხის გაცემა --------------------- 13%

 

 3.    საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატებისა (აშშ) და ნატოს მიზნები და ინტერესები ემთხვევა საქართველოს მიზნებსა და ინტერესებს, მეორე ნაწილის აზრით კი - ეს მიზნები და ინტერესები არ ემთხვევა. თქვენ რომელ მოსაზრებას იზიარებთ?

 

ა) ემთხვევა ----------------------------------- 29%

 

ბ) არ ემთხვევა ----------------------------------------------------- 52%

 

გ) მიჭირს პასუხის გაცემა ---------- 13%

 

 4.    თანახმა იქნებით თუ არა, რომ ახლო მომავალში საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ბაზები განთავსდეს?

 

ა) თანახმა ვიქნები ------------------------------------- 20%

 

ბ) არ ვიქნები თანახმა ----------------------------------------------- --------- 55%

 

გ) ნეიტრალურ პოზიციას დავიკავებ -----------18%

 

დ) მიჭირს პასუხის გაცემა -------- 7%

 

 5.    როგორ აფასებთ საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას, გააგზავნოს სამხედრო კონტინგენტები აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ოპერაციების ზონებში?

 

ა) დადებითად ------------- 16%

 

ბ) უარყოფითად ---------------------------------------------------- 62%

 

გ) ნეიტრალურად ------------- 18%

 

დ) მიჭირს პასუხის გაცემა ----7%

 

 6.    თქვენი აზრით, რას წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსათვის?

 

ა) აშშ არის მეგობარი, მოკავშირე ------------- 29%

 

ბ) აშშ არის მოწინააღმდეგე, გამოუცხადებელი მტერი ------- 17%

 

გ) აშშ არც ერთია და არც მეორე, არამედ სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ახორციელებს -----------------------------------------------  44%

 

დ) მიჭირს პასუხის გაცემა --------- 11%

 

 7.    ხვალ რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით პლებისციტი იმართებოდეს, თქვენი არჩევანი როგორი იქნებოდა?

 

ა) დადებითად ვუყრიდი კენჭს ---------------------- 32%

 

ბ) უარყოფითად ვუყრიდი კენჭს ------------------------------- 40%

 

გ) არ წავიდოდი ხმის მისაცემად ------------- 16%

 

დ) მიჭირს პასუხის გაცემა ---------- 12%

 

 8.    როგორ მიგაჩნიათ, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო ნატოში გაწევრიანების კურსს განაგრძობს, ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან...

 

ა) გაუმჯობესდება -------- 8%

 

ბ) გაუარესდება ------------------------------------------------------------- 64%

 

გ) არ შეიცვლება -------------------- 18%

 

დ) მიჭირს პასუხის გაცემა ----- 10%

 

  ძირითადი დასკვნა: საქართველოს მოსახლეობა მთლიანობაში საკმაოდ სკეპტიკურად აფასებს ნატოსთან და შეერთებულ შტატებთან საქართველოს თანამშრომლობას. ამ დღეებში (2014 წლის ბოლო) რომ ტარდებოდეს პლებისციტი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგებში საქართველოს შესვლას, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლები მისცემდა (32% „დადებითად ვუყრიდი კენჭს“ + 12%, ვისაც პასუხის გაცემა გაუჭირდა + 4% მაქსიმალურად დასაშვები სტატისტიკური ხარვეზი, ესეც ნატოს მომხრეთა სასარგებლოდ ჩავთვალოთ = 48%).

   მოსალოდნელია, რომ დასავლური საელჩოების მიერ დაფინანსებული ანგაჟირებული ორგანიზაციები ჩვენი გამოკითხვის შედეგებს საკამათოდ გახდიან და ჩვენს „ევრაზიულ“ დასახელებაზე გაამახვილებენ ყურადღებას. მაგრამ ჩვენ მზად ვართ, წარმოვადგინოთ ყველა შევსებული ანკეტა-კითხვარი, და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ჩავატაროთ განმეორებითი გამოკითხვა.

 

გულბაათ რცხილაძე -

გამოკითხვის ხელმძღვანელი, პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი