ქვეყანათმცოდნეობა

ვინ მართავდა თვითმფრინავებს?

11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ უმალვე გაჩნდა კითხვა, რომელიც დღესაც აქტუალურია, კერძოდ, როგორ შეძლეს თვითმფრინავების სავარაუდო გამტაცებლებმა

აშშ-ის საჰაერო თავდაცვის გადალახვა. ახალი გარემოებები საშუალებას იძლევა, ეს უცნაური ფაქტი ავხსნათ, მაგრამ შესაბამისი დასკვნები მნიშვნელოვანწილად კითხვის ნიშანს აჩენს გამოძიების ოფიციალური ვერსიის მართებულობასთან დაკავშირებით.

არსებობს სამი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელსაც დღემდე არ ექცეოდა განსაკუთრებული ყურადღება მიუხედავად იმისა (ან სულაც იმის გამო), რომ ეს ფაქტები ეწინააღმდეგება “9/11-Commission”-ის, ანუ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების საგამოძიებო სახელმწიფო კომისიის მიერ გაკეთებულ დასკვნებს.

1.    სამხედროების ადრეული ინფორმირება

“9/11-Commission”-ის მოხსენების თანახმად, აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთის სექტორის საჰაერო თავდაცვას - NEADS-ს (“North East Air Defense Sector”) თვითმფრინავების სავარაუდო გატაცების შესახებ 08:38 საათს ეცნობა. ამ ცნობების წყაროდ NEADS-ის აუდიოჩანაწერები სახელდება, რომლებზეც დაფიქსირებულია შესაბამისი ზარი და იმავე დილას გაკეთებული სხვა შეტყობინებები, ტაიმკოდთან ერთად.

აღნიშნული ცნობები ეწინააღმდეგება კოლინ სკოგინსის ჩვენებებს, რომელმაც ტერაქტების დილას ბოსტონის სამოქალაქო ავიადისპეჩერებსა და სამხედროებს შორის კავშირის განხორციელება ჩაიბარა. სკოგინსის სიტყვებით, მან, როგორც სამხედრო მეკავშირემ 11 სექტემბრის დილით 30-დან 40-მდე ზარი განახორციელა NEADS-ში, რომელიც, თავის მხრივ, კოორდინაციას უწევს სამხედრო თვითმფრინავ-გამანადგურებლებს. სკოგინსი წარმოადგენს სახელმწიფო საგამოძიებო კომისიის მოხსენების მნიშვნელოვან წყაროს და მისი სანდოობა არასოდეს ყოფილა ეჭვს ქვეშ დაყენებული. რამდენიმე ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მისი პირველი სატელეფონო ზარი NEADS-ში ჯერ კიდევ მაშინ განხორციელდა, როდესაც პირველი გატაცებული თვითმფრინავი “ელბანიდან სამხრეთით 20 მილის მანძილზე იმყოფებოდა”. ტრანსპორტირების უსაფრთხოების ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით კი რეისი ნომერი 11 ელბანიდან სამხრეთით 20 მილის მანძილზე უკვე 08:31 საათს იმყოფებოდა. ამასთან სკოგინსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მასზე ადრე NEADS-ში განგაში მისმა კოლეგა ჯო კუპერმა ატეხა, ანუ, ყველაზე გვიან – 08:30 საათს. მაგრამ სახელმწიფო კომისიის მოხსენებაში კუპერის ზარი აღნიშნულია 08:38 საათით.

ამ შეუსაბამობაზე სკოგინს პირველად ავტორმა დევიდ რეი გრიფინმა მიუთითა, მან კი საპასუხოდ განაცხადა, რომ ამგვარი შეუსაბამობა მისთვისაც გასაგებია, მაგრამ მას ამის ახსნა არ გააჩნია (David Ray Griffin, "Debunking 9/11 Debunking", Northampton 2007, გვ.43 და 335). სკოგინსმა გერმანული ტელეარხის, WDR-ისათვის 2011 წლის ზაფხულში მიცემულ ინტერვიუშიც დაადასტურა თავისი უწინდელი ჩვენებები და მზადყოფნა გამოთქვა, ეს ჩვენებები სასამართლოს წინაშეც დაადასტუროს. გამოდის, რომ მოვლენების ოფიციალური ქრონოლოგია და აუდიოჩანაწერებზე მითითებული საათები სერიოზული ეჭვის ქვეშ დგება. აქედან კონკრეტულად გამომდინარეობს, რომ თვითმფრინავის პირველი გატაცების ფაქტის შემდეგ საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება ამჟამად ცნობილ და ოფიციალურად მითითებულ დროსთან შედარებით 8 წუთით ადრე განხორციელდა.

ამრიგად, მეტად საინტერესო სიტუაცია იქმნება, რადგან ორივე გამანადგურებელი, რომელიც ოტისში განლაგებული ავიაბაზიდან პირველი განგაშის შემდეგ აფრინდა ჰაერში, ფრიად უცნაური მარშრუტით გაემართა. ისინი არა პირდაპირ, ნიუ იორკის მიმართულებით, გაფრინდნენ – სხვათა შორის, სწორედ ამას ამტკიცებდნენ სამხედროები 2003 წლამდე, არამედ მათ განახორციელეს ე. წ. მოლოდინის მარყუჟი, “Holding Pattern”, ატლანტიკის ოკეანის თავზე. ოფიციალური ვერსიით, ეს მოხდა 09:09 და 09:13 საათს შორის ანუ მსოფლიო სავაჭრო ცენტრში თვითმფრინავის მეორე ტარანის შემდეგ. თუკი მივყვებით სკოგინსის ჩვენებებს და დროს 8 წუთით დავაზუსტებთ, გამოდის, რომ სამხედრო თვითმფრინავებმა მოლოდინის მარყუჟი გააკეთეს 09:01 და 09:05 საათს შორის, ესე იგი, უშუალოდ მეორე ტერაქტის მოხდენის წინ და მის დროს.

ასევე საინტერესოა, რომ “9/11” კომისიის შტაბის ოფიციალურმა წევრმა მაილს კარამ, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემის საკითხს კურირებს, 2010 წელს აღიარა, რომ არ არსებობს არანაირი პირველწყარო იმის გასარკვევად, თუ სამხედრო მფრინავებმა რა მიზეზითა და ვისი ბრძანებით დაიწყეს მოლოდინის მარყუჟის გაკეთება და იგი ოთხ წუთში დაასრულეს. შესაბამისი ჩანაწერები ჩამწერ აპარატურაზე, რომელიც აფიქსირებს საუბრებს NEADS-სა და სამხედრო მფრინავებს შორის, 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ბუკვალურად ცარიელი აღმოჩნდა.

მსგავსი სიტუაცია შეიქმნა ლენგლის ავიაბაზიდან აფრენილ გამანადგურებლებთან დაკავშირებითაც. NEADS-ის მითითების საწინააღმდეგოდ ისინი გაემართნენ აღმოსავლეთის მიმართულებით, სადაც ოკეანეა, 09:30 საათიდან 09:38 საათამდე (ოფიციალური მონაცემები), მაშასადამე, ზუსტად პენტაგონში განხორციელებული ტერაქტების წინ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 09:37 საათზე. არასოდეს თქმულა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მფრინავების არასწორი მიმართულებით გაშვებაზე. შესაბამის სამხედრო მართვის პუნქტ “Giant Killer”-ში არსებული კასეტები “ჩვეულებისამებრ” წაშლილ იქნა 9/11-ის ტერაქტების შემდეგ, “9/11” კომისიის ზემოთ აღნიშნული წევრის განცხადების თანახმად.

დასკვნა: გამანადგურებლების ორივე ესკადრილია, როგორც ოტისიდან, ისევე ლენგლიდან, როგორც ჩანს, უცნობი პირების მიერ ჩამოცილებულ იქნენ თავიანთ სამიზნეებს ნიუ იორკსა და ვაშინგტონში, უშუალოდ ტერორისტული დარტყმების განხორციელების წინ.

 

2. ფრენის მარშრუტებში წრიულ გზებს ე. წ. “სარადარო ხვრელებთან” მივყვართ

თუკი დავაკვირდებით 11 სექტემბრის დილით გატაცებული თვითმფრინავების მარშრუტებს, თვალში საცემი იქნება, რომ ყველა მთგანი თავიანთი სამიზნეებისკენ არა უმოკლესი საჰაერო გზებით გაემართა, არამედ ერთი შეხედვით, უსარგებლო და გაუგებარი შემოვლითი გზები აირჩია. რეისი ნომერი 11, მაგალითად, მაშინვე სამხრეთისკენ, ნიუ იორკისკენ, სადაც მისი სამიზნე მდებარეობდა, კი არ გაემართა, არამედ ჯერ ჩრდილო-დასავლეთით გაფრინდა 150 კილომეტრის მანძილზე. რეისმა ნომერი 175 მარყუჟი მოხაზა ასევე 150 კმ მანძილზე. რეისმა ნომერი 77 სტარტი ვაშინგტონში აიღო და დასავლეთის მიმართულებით 400 კმ-ით იმიტომ გაფრინდა, რომ შემდეგ უკან მობრუნებულიყო და იგივე დისტანცია დაეფარა. დაბოლოს, რეისმა ნომერი 93 ასევე შემოვლითი გზა აირჩია და მთელი 800 კმ დაფარა.

მაგრამ ვინაიდან თვითმფრინავების გამტაცებლებს ნამდვილად უნდა სცოდნოდათ, რომ ადრე თუ გვიან მათ სამხედრო გამანადგურებლები დაეწევათ, რატომ არ აირჩიეს თავიანთი სამიზნეებისკენ უმოკლესი მარშრუტი? რისთვის დასჭირდათ მათ ყველა ეს მარყუჟი და კაუჭი, რაც ძვირფასი დროის დაკარგვას ნიშნავს და შესაბამისად, გეგმის განხორციელება საფრთხის ქვეშ დგება?

ამ უცნაურობებს ახსნა აქვთ, თუკი შევისწავლით ამერიკის შეერთებული შტატების სარადარო დაფარვის რუკას (იხ. სურათი ქვევით: რუხი ხაზები – სამოქალაქო თვითმფრინავების მარშრუტები რეისების ნომრების მითითებით, მათი აფრენიდან და ტერორისტების მიერ გატაცებიდან მათ ჩამოვარდნამდე; წითელი ხაზები – სამხედრო გამანადგურებლების მოქმედებები; ყვითელი ფერი – ტერიტორიები, რომლებიც რადარებით იფარება; წითელი წერტილები – ადგილები, სადაც ტრანსპონდერები იქნა გამორთული; რუხი წერტილები ვარსკვლავით – სამხედრო-საჰაერო ბაზები გამანადგურებლებით). ოთხიდან სამი რეისი ზუსტად იქნა მიმართული ე. წ. “სარადარო ხვრელებისკენ” – ასე იწოდება სივრცე, რომელსაც რადარები ძალზე სუსტად მოიცავენ. ამ სივრცეებში იქნა გამორთული ე. წ. ტრანსპონდერები – აპარატი, რომელიც დისპეჩერებს მიაწვდის მონაცემებს რეისის ნომერზე, თვითმფრინავის სიმაღლესა და სიჩქარეზე. ტრანსპონდერული სიგნალის გარეშე საჰაერო უსაფრთხოების სამსახურებს საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ სუფთა სარადარო სიგნალი მოსდით, რომელიც არანაირად არ შეიცავს ინფორმაციას ამა თუ იმ თვითმფრინავის იდენტობის შესახებ. თუკი ტრანსპონდერი გაითიშება “სარადარო ხვრელში”, მაშინ თვითმფრინავი მთლიანად ქრება.

 

მე-11 რეისის შემთხვევაში ტრანსპონდერი გამორთულ იქნა მხოლოდ 7 წუთის შემდეგ, როდესაც თვითმფრინავი გაიტაცეს, 08:21 საათზე – მომენტში, როდესაც თვითმფრინავი იმყოფებოდა ლოკალური სარადარო დაფარვის მიჯნაზე. 77-ე რეისმა აპარატი 08:56 საათს გათიშა. თვით “ვაშინგტონ პოსტმაც” მიაპყრო ყურადღება “სარადარო ხვრელების” ასპექტს, რადგან თვითმფრინავი მთლიანად გაქრა ყველა ეკრანიდან. 93-ე რეისთან დაკავშირებითაც პრინციპი შესამჩნევია: ტრანსპონდერი გამოირთო თვითმფრინავის გატაცებიდან 13 წუთის შემდეგ, 09:41 საათს – არა ადრე ან გვიან, არამედ ზუსტად იმ მომენტში, როდესაც თვითმფრინავი მოცემულ მომენტში სუსტი სარადარო დაფარვის ვიწრო ზოლში იმყოფებოდა (ყველაფერი ეს “9/11” კომისიის მოხსენებაში ასახული მონაცემებია).

ისმის კითხვა: საიდან უნდა სცოდნოდათ მუჰამედ ატასა და მის თანამზრახველ ტერორისტებს აშშ-ის საჰაერო სივრცის სამხედრო და სამოქალაქო სარადარო დაფარვის ყველაზე უფრო დაფარული დეტალები, რომლებიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტებამდე ხშირად თვით ავიადისპეჩერებისთვისაც უცნობი იყო? და კიდევ, როგორ შეეძლოთ მათ წუთის სიზუსტემდე სცოდნოდათ, რომ ესა თუ ის თვითმფრინავი “სარადარო ხვრელში” მოხვდა? დაბოლოს, რატომ არ ახსენა ყოველივე ეს სახელმწიფო კომისიამ? – შესაძლოა, იმიტომ, რომ ამრიგად ჩნდება თვითმფრინავების ცენტრალური მართვის შესაძლებლობა...

 

3.    თვითმფრინავების გატაცების ზუსტი ერთდროულობა

კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც ვერ ჯდება მომხდარის ოფიციალური თეორიის ფარგლებში, ესაა მომხდარი ფაქტების ზუსტი ერთდროულობა 9 საათის შესრულებამდე ათი წუთის განმავლობაში. 08:46 საათზე პირველმა თვითმფრინავმა დაარტყა მსოფლიო სავაჭრო ცენტრს. რამდენიმე წამში, 08:47 საათს, მეორე თვითმფრინავმა შეცვალა თავისი ტრანსპონდერის კოდი და დამალა საკუთარი იდენტობა; 08:51 საათს იგი შემობრუნდა. 08:54 საათს მობრუნდა მესამე თვითმფრინავიც, რომელმაც, თავის მხრივ, ტრანსპონდერი 08:56 საათს გათიშა. ამრიგად, სულ რაღაც 10 წუთის მანძილზე დისპეჩერები შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი – და ეს იმ ავიალაინერებიდან, რომელთა “გამტაცებლებს” იმ მომენტში არ შეეძლოთ ეთმანეთთან კომუნიცირება. ვინაიდან ზემოთ აღნიშნული ყველა რეისი 10-15-წუთიანი დაგვიანებით აფრინდა, ძალას კარგავს ატასა და მის თანამზრახველებს შორის წინასწარი შეთანხმება, როგორც ერთდროულობის მიზეზი. ასევე, როგორც უკვე ითქვა, ვინაიდან კომუნიკაცია მათ შორის ბორტზე შეუძლებელი იყო, ასახსნელად მხოლოდ ორი შესაძლებლობა რჩება: შემთხვევითობა ან რეისებისა და ტრანსპონდერების ცენტრალური მართვა გარედან.

თვითმფრინავების დისტანციური მართვის შესაძლებლობა ისე ჟღერს, როგორც სამეცნიერო ფანტასტიკა. პრეზიდენტმა ბუშმა 2001 წლის ტერაქტებიდან მოკლე ხანში განაცხადა თავის სურვილის შესახებ, რომ მხარი დაუჭიროს ტექნიკურ გამოკვლევებს, მიმართულს იმისკენ, რომ ოდესმე გაჩნდეს გატაცებული თვითმფრინავების დისტანციური მართვის შესაძლებლობა და ამ გზით გამოირიცხოს 9/11-ის მაგვარი ტერორისტული აქტები. ბუშის ეს განცხადება გულისხმობდა, რომ ასეთი ტექნოლოგია მხოლოდ მომავლის საქმეა.

თუმცა ფაქტები სხვაზე მეტყველებენ. დისტანციურად მართული “ბოინგი” ამერიკელმა სამხედროებმა ექსპერიმენტის ფარგლებში ჯერ კიდევ 1984 წელს ჩამოაგდეს. 1990-იან წლებში პენტაგონი მასობრივად ამუშავებდა თვითმფრინავების დაჯდომის სისტემის JPALS (“Joint Precision Approach and Landings System”) გეგმებს. სამხედროების კერძო პარტნიორი მაშინ იყო ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო-სამრეწველო კონცერნი Raytheon, რომელმაც 2001 წლის ოქტომბერში სიამაყით გამოაცხადა, რომ მისმა ტექნიკოსებმა იმავე წლის აგვისტოში, ესე იგი, 9/11-მდე ერთი თვით ადრე, წარმატებით შეძლეს “ბოინგ 727”-ის დისტანციური მართვა. ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე სახის სირთულეებს 757 და 767 ტიპის “ბოინგების” – გატაცებული “ბოინგების” ტიპის – დისტანციურ მართვაში, გაურკვეველია.

ის, რომ თითქოს არავის შეეძლო 9/11-სცენარის წარმოდგენა, არ შეესაბამება სიმართლეს. იმავე 2001 წლის მარტში ტელეარხ Fox News-ზე გავიდა სერიალი “Lone Gunmen”, რომელშიც სავსე სამგზავრო თვითმფრინავი, დისტანციურად მართული, ეჯახება მსოფლიო სავაჭრო ცენტრს. სხვათა შორის, სცენარისტებმა შეთქმულებად შიდა, ამერიკული ელიტა გამოიყვანეს. მათი მიზანი: ახალი ომები და მათი საშუალებით შეიარაღებებზე ხარჯების ზრდა მასობრივად და ხანგრძლივად. ფილმი მილიონობით ტელემაყურებელმა ნახა.

მაგრამ არა მხოლოდ კინოსცენარისტებმა მისცეს გასაქანი თავიანთ წინასწარმეტყველურ შესაძლებლობებს. 9/11-მდე სამხედროებმა არაერთხელ ჩაატარეს წვრთნები სხვადასხვა სიტუაციებში, მათ შორის ტერორისტების მიერ შიდა რეისის თვითმფრინავის გატაცების სცენარით. ამას მოწმობს დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფო საგამოძიებო კომისიამ 2009 წელს გამოაქვეყნა. არ უნდა დავივიწყოთ უშუალოდ 11 სექტემბრის დილას ჩატარებული წვრთნები, როდესაც ამ წვრთნების ობიექტს სხვა შემთხვევებს შორის თვითმფრინავის გატაცების შემთხვევაც წარმოადგენდა. შედეგად, რადარების ეკრანებზე რეალური ტერაქტების პარალელურ რეჟიმში ფიქტიური მონაცემები გაჩნდა.

საფუძვლები საკმარისზე მეტია ტერაქტების ახალი, ღია გამოძიების ჩასატარებლად, რასაც, მაგალითად, უკვე მოითხოვს, მრავალწლიანი სენატორი მაიკ გრეიველი, რომელიც შესაბამისი ინიციატივით გამოდის.

პაულ შრაიერი,ჟურნალი Telepolis.de.თარგმანი გერმანულიდან – ევრაზიის ინსტიტუტი

 

ევრაზიის ინსტიტუტის კომენტარი: ჩვენ არ ვემხრობით “შეთქმულების თეორიების” პოპულარიზაციასა და ჩვენს ანალიტიკურ მუშაობაში მათზე დაყრდნობას. მაგრამ როდესაც არის ფაქტები, არ შეიძლება მათი უყურადღებოდ დატოვება, თუმცა საჭიროა, კრიტიკულად და სიფრთხილით მოვეპყროთ ძალზე გაბედულ ვარაუდებს, როგორც ეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების განხორციელების ზემოთ წარმოდგენილ ვერსიაშია წარმოდგენილი. ასე მაგალითად, სტატიის ავტორის არგუმენტებს შეიძლება დავუპირისპიროთ შემდეგი კონტრარგუმენტები:

-    “ადამიანური ფაქტორი”, რომელიც იძლევა იმის ახსნის საშუალებას, თუ რატომ მიმართეს ტერორისტებმა, რომელთაც მართლა არ ჰქონდათ “ბოინგების” მართვის რეალური პრაქტიკა, თვითმფრინავები “არასწორი მიმართულებით”. მაგრამ ეს კონტრარგუმენტიც ბათილდება იმით, რომ სამმა მათგანმა წარმატებით მიაღწია თავის სამიზნეებს (გამოდის, რომ ტერორისტების გამოუცდელობას არ შეუსრულებია როლი);-    ოთხიდან ორ თვითმფრინავს თავისი ტრანსპონდერი არ გაუთიშავს “სარადარო ხვრელებში”. ამას ავტორი არანაირ კომენტარს არ უკეთებს;-    სამიდან ერთ-ერთი თვითმფრინავი მაინც იქნა ჩამოგდებული აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ, გამოდის, რომ თეორიულად მაინც არის შესაძლებელი სიტუაციის დაშვება, რომ პირველი დარტყმების შემდეგ სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელობამ არ იცოდა, როგორი რეაგირება უნდა მოეხდინა, მაგრამ როდესაც ცხადი გახდა, რომ თვითმფრინავები გატაცებულია თვითმკვლელი ტერორისტების მიერ, რომლებიც არანაირ მოთხოვნებს არ სვამენ, არამედ პირდაპირ უტევენ სამიზნეებს ხმელეთზე, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, თვითმფრინავების ჩამოგდების შესახებ;-    ტერორისტებს სავსებით შეეძლოთ ერთმანეთთან კავშირის დამყარება თვითმფრინავის ბორტზე, მობილური ტელეფონების საშუალებით. აქედან – მათი ქმედებების სინქრონულობა;-    ავტორი მიანიშნებს, რომ ტერორისტები, შესაძლოა, სულაც არ იმყოფებოდნენ ბორტზე, ხოლო ადგილი ჰქონდა ავიალაინერების დისტანციურ მართვას. ეს საეჭვოა, რადგან გარდა იმისა, რომ არსებობს ცნობები მოწმეებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ თვითმფრინავში ტერორისტები იმყოფებოდნენ (მგზავრების ზარები მობილური ტელეფონებიდან), სავარაუდო შეთქმულებს ეს ტერორისტები ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდებოდათ, რათა მომხდარიყო თვითმფრინავების ეკიპაჟების ნეიტრალიზება და თავიანთი იქ ყოფნით არ გაჩენილიყო კითხვები დისტანციურ მართვასთან დაკავშირებით.

ყველა ეს კონტრარგუმენტი აუცილებლად არ გადასწონის ავტორის არგუმენტებს. პირიქით, სახელმწიფო კომისიის მიერ ჩატარებული გამოძიების დამაჯერებლობის ეჭვს ქვეშ დამაყენებელი უცნაური ფაქტი ძალზე უხვად არსებობს. ასევე არსებობს მრავალი ირიბი მითითება იმაზე, რომ ამერიკის ხელმძღვანელობა ასე თუ ისე, თავიდანვე იყო ინფორმირებული ტერაქტების შესახებ და მან ეს ტერაქტები გამოიყენა ავღანეთსა და ერაყში ომების გასაჩაღებლად. ამასთან დაკავშირებით, შეიძლება, გავიხსენოთ როგორც აშშ-ის ხელმძღვანელობის რეაქცია უშუალოდ ტერაქტების შემდეგ, როდესაც, მაგალითად, მაშინდელმა პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, კონდოლიზა რაისმა 11 სექტემბრის ტერაქტების მოხდენისთანავე მოიწვია თათბირი და რეკომენდაცია გასცა, მოფიქრებული ყოფილიყო, თუ “როგორ შეიძლება წარმოშობილი შესაძლებლობებით სარგებლობა”, ისევე კარლ კემერონის სკანდალური გამოძიებები, რომელთაც აშშ-ში ბეჯითად აჩუმათებენ. ყველაფერთან ერთად არის ცნობილი დოკუმენტური ფილმი “Zeitgeist”, რომელიც, მართალია, ბევრ ნაკლს შეიცავს, მაგრამ ფიზიკის კანონებს გვახსენებს, და ეს კანონები შეუსაბამობაშია 11 სექტემბრის ტერაქტების ოფიციალურ ვერსიასთან – როგორ შეიძლება, თვითმფრინავმა საძირკვლამდე დაანგრიოს უზარმაზარი შენობა, თუკი ამ შენობაში არ არის წინასწარ ჩადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა?! აფეთქებები საკმაოდ მკაფიოდ ჩანს გადიდებულ ვიდეოკადრებზე.

ამიტომაც “შეთქმულების თეორია” 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით უფრო წონადია, ვიდრე თითქმის ნებისმიერი ანალოგიური სხვა “თეორია”.