ქვეყანათმცოდნეობა

დასავლეთის ამბიციები კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში

აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბრძოლა თეთრი სახლისთვის დაწყებულია.

განსაკუთრებული აქტიურობაა რესპუბლიკელთა ბანაკში, ისინი ბეჯითად ემზადებიან რევანშისთვის.

როგორც ჩანს, მომავალი არჩევნები დიდი სიმძაფრით წარიმართება. ამის დასტურად ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ერთ-ერთი მათგანია პრეზიდენტი ობამას პროგრამა მზარდი უმუშევრობის (9,2%) შემცირებასთან დაკავშირებით. კონგრესის წევრთა გამონათქვამებიდან გამომდინარე, პროექტი ვერ მიიღებს რესპუბლიკური უმრავლესობის მხარდაჭერას, რაც თავისთავად გამოიწვევს უმუშევრობის შემცირების გეგმის შეფერხებას, პრეზიდენტის ისედაც დაბალი რეიტინგის გაუარესებას.

რესპუბლიკელები ძალას არ იშურებენ პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტების დაბლოკვისათვის. კრიტიკის ქარ-ცეცხლში ტარდება პრეზიდენტის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. საშინაოში - ეკონომიკურ-ფინანსური, საგარეოში - „გადატვირთვა“, ახლო აღმოსავლეთი, ირანი და სხვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკით აღინიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, რესპუბლიკელი ჯონ ბეინერის ამასწინანდელი გამოსვლაც. მან მკაცრად გააკრიტიკა ობამა რუსეთთან ზედმეტი ლოიალურობისა და დამთმობი პოლიტიკისთვის, რასაც, მისი აზრით, რუსეთი არაკეთილსინდისიერად იყენებს - ავითარებს რა ურთიერთობას, ამერიკის მტერ ირანთან.

სენატორმა აღშფოთებით აღნიშნა, თითქოს ადმინისტრაცია აძალებს საქართველოს დაეთანხმოს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლაზე. ბეინერს მიაჩნია, რომ რუსეთისთვის აღნიშნული ორგანიზაციის კარი მხოლოდ მაშინ უნდა გაიღოს, როდესაც ის უარს იტყვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ბეინერის მიხედვით, რუსეთი ვერასოდეს ეღირსება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, ვინაიდან 2008 წლის ომის შედეგებს ის „შექმნილ რეალობად“ აღიქვამს.

ამერიკის ადმინისტრაციის, ისე, როგორც ევროკავშირის სურვილია რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ჩარჩოებში მოქცევა, სადაც რუსეთს ძალაუნებურად მოუწევს წევრი სახელმწიფოებისთვის ანგარიშის გაწევა.

თვით რუსეთში სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლასთან დაკავშირებით არაცალსახა მიდგომაა. ბევრი მიიჩნევს, რომ შესვლით რუსეთი უფრო წააგებს, ვიდრე მოიგებს.

აშშ-ს ადმინისტრაციისა და ევროკავშირის ამ საკითხისადმი მიდგომა პრაგმატულია და შორს რუსეთისადმი ლოიალურობისგან.

რუსეთის ერთადერთ ბარიერად საქართველო დარჩა. მოლაპარაკება მასთან, რუსეთის აზრით, ტყუილი წყლის ნაყვაა, ვინაიდან საქართველოს პოზიცია ძველებურად უცვლელია, თუმცა სულ ახლახანს გაჩნდა ახალი წინადადება - რუსეთ-აფხაზეთის (საქართველოს) საზღვარზე ნაცვლად ქართველი მებაჟეებისა, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩაყენება.

საქართველოს ხელისუფლება, 2008 წლის ომში „გამარჯვების“ მსგავსად, მთელი ძალით გაჰყვირის ახალი „გამარჯვების“ შესახებ, თან იმასაც აცხადებს, რომ საქართველო ყოველთვის მზად იყო რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის.

დაეთანხმება თუ არა რუსული მხარე ქართულ წინადადებას, ძნელად გამოსაცნობია, ვინაიდან ეს საკითხი ფორმალურად მაინც „დამოუკიდებელ“ აფხაზეთთანაც არის შესათანხმებელი. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დათანხმდება, ეს ისეთი თანხმობა იქნება, რომელიც არ დააფიქსირებს საქართველო-რუსეთის საზღვრის ამ მონაკვეთს.

რუსეთის პასუხს ნოემბრის პირველ დეკადაში უნდა ველოდოთ. როგორც ჩანს, ბეინერის აღშფოთების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებაზე მაინც მოხდა ზეწოლა, არც ევროკავშირს დაუკლია ხელი.

რესპუბლიკელთა შეტევების მოსაგერიებლად დემოკრატები ვალში არ რჩებიან, თუმცა ესეც რუსეთის ხარჯზე ხდება, თანაც ამერიკელთა გულის მოსაგებად. მედიის წყალობით, რუსეთისადმი დამოკიდებულება ვერაფრით გასცდა „ცივი ომის“ დროინდელს.

ჯერ იყოდა ამერიკას არ მოსწონდა იდეოლოგიური მტერი - საბჭოთა კავშირი, ახლაა და - არ მოსწონს კაპიტალისტური რუსეთი. როგორც ჩანს, საქმე იდეოლოგიაში არ ყოფილა. აქ უფრო მძაფრ კონკურენციასთან გვაქვს საქმე, ბრძოლასთან, რომელსაც გავლენის სფეროების მოპოვება ჰქვია.

ეკონომიკური და სამხედო პაექრობა სახეზეა - უმეტესად გაუმჭვირვალე საბურველით მოსილი, ხან პირდაპირი კრიტიკითა და გამომწვევ ქმედებათა სიუხვით, ხან დაყვავებით, ურთიერთის მიმართ რევერანსული დამოკიდებულებით.

„ცივი ომის“ პერიოდი ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ ამჟამინდელი პოლიტიკა არცთუ იშვიათად გვახსენებს წარსულს - ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განლაგების სახით და ენერგეტიკის სფეროში რუსეთის ნეიტრალიზების თვალსაზრისით.

აშშ-ს და ევროკავშირის საფინანსო-ეკონომიკური კრიზისი გარკვეულწილად ხელს უწყობს რუსეთის თვითდაჯერებას, მაგრამ არა შორეული პერსპექტივისათვის, ვინაიდან გლობალიზაცია, რუსეთის ეკონომიკური კავშირები დასავლეთთან - ერთობ მჭიდრო და ინტენსიური, მეტნაკლებად ამ ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალურ ყოფაზეც მოქმედებს.

2007 წლის წინაკრიზისულ პერიოდში ერთიანი ეროვნული პროდუქტის წარმოების ტემპმა 8,5% მიაღწია. 2008 წელს, როდესაც მსოფლიომ პირველი ფინანსური დარტყმა იგემა, ეროვნული პროდუქტის ზრდის მაჩვენებელმა 5,2%-ე იკლო. წელს ეს მაჩვენებელი 4%-ს არ ასცდება. პრემიერ-მინისტრ პუტინის განცხადებით, მატება მხოლოდ მომავალი წლის პირველ კვარტალშია მოსალოდნელი.

მიუხედავად ვარდნისა, რუსეთის ეკონომიკური მაჩვენებელი უსწრებს ევროპის ლიდერი სახელმწიფოებისა და აშშ-ს მაჩვენებლებს, რაც ნაკლებად ახარებს ვაშინგტონის პოლიტიკურ ელიტას, განსაკუთრებით ნეოკონსერვატორებს.

რუსეთის შედარებითი ეკონომიკური მდგრადობა თავისთავად უკავშირდება სამხედრო მშენებლობის საქმესაც, თავდაცვის სისტემების მოდერნიზაციას, თანამედროვე იარაღით ჯარის აღჭურვას.

თავდაცვის საქმისთვის გამოყოფილი თანხები მომავალი სამი წლის განმავლობაში გაცილებით დიდია გასული წლების სამხედრო ხარჯებზე, თუმცა მრავალჯერ ჩამოუვარდება ამერიკისას.

რუსეთ-ჩინეთის გაძლიერება, მათი მხრიდან გარკვეული ინტერესების დაფიქსირება მოსაზღვრე რეგიონებში, უარყოფითად აღიქმება ვაშინგტონში. ვაშინგტონმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთ-ჩინეთი სირიის საკითხთან დაკავშირებით. უკმაყოფილების საგნად იქცა ამ ორი ქვეყნის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ამერიკა-ევროპის პროექტისთვის ვეტოს დადება.

ლიბიაში განვითარებული ერთობ შემაშფოთებელი ვითარებიდან გამომდინარე, რაშიც რუსეთის პირდაპირი თუ არა ირიბი წვლილიც არის, რუსეთმა ჭკუა იხმარა და არ დაეთანხმა სირიის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღებას. რუსეთმა არც ირანთან გაწყვიტა ურთიერთობა და ბუშერის ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობა ბოლომდე მიიყვანა.

ვაშინგტონისთვის ირანის მოდრეკვა სერიოზულ პრობლემად რჩება. მისი აზრით, რომ არა რუსეთ-ჩინეთის ლოიალურობა ირანისადმი, ეს ქვეყანა ნაკლები თავსატეხი იქნებოდა ამერიკისთვის. ვაშინგტონს და არა მარტო მას, არამედ ახლო აღმოსავლეთში მის მოკავშირე საუდის არაბეთს, რომ არაფერი ვთქვათ ისრაელზე, აწუხებს რეგიონში ირანის ავტორიტეტის ზრდა, ირანის მიმართ არაბული ქვეყნების მოსახლეობის დადებითი განწყობა.

ირანის დისკრედიტაციას ემსახურებოდა პრეზიდენტ ობამას, ჰილარი კლინტონის, სხვა ამერიკელი პოლიტიკოსების განცხადება ირანის მიერ დაგეგმილი ტერაქტის გამო. ირანის მეთაურმა, აიათოლა ჰამენეიმ, შეაფასა რა ამერიკელთა მორიგი ანტიირანული განცხადება, აღნიშნა, რომ აშშ-ს რთული საშინაო ცხოვრებიდან ყურადღება ირანზე გადააქვს.

აშშ-ი საუდის არაბეთის ელჩზე „დაგეგმილი“ ტერაქტის „გამოაშკარავება“ საუდის არაბეთსა და ირანს შორის ურთიერთობის დაძაბვის ერთ-ერთი კომპონენტია. თუმცა საზოგადოების დარწმუნება ირანის მზაკვრობაში არცთუ იოლია, მარტივი მიზეზის გამო - რა ისეთ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს ელჩი, რომ მისი ლიკვიდაციისთვის ერთობ ჩახლართული ტერორისტული გეგმა შეემუშავებინათ?

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ-ა მიაღწია მთავარ მიზანს - მსოფლიოს ერთპიროვნულ ლიდერობას, რასაც მოჰყვა თუნდაც მოკავშირე ქვეყნების მიმართ, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, მენტორული ტონით ლაპარაკი, ქედმაღლური დამოკიდებულება.

ამგვარმა პოზიციამ შეარყია ამერიკელთა იმიჯი და აიძულა ისინი სხვაგვარად შეეგრძნოთ ვითარება. ობამამ და დემოკრატებმა, მართალია სხვებთან მიმართებაში, შეცვალეს საგარეო-პოლიტიკური მიდგომები მენტორობიდან - პარტნიორობაზე, მკაცრი კურსიდან - „გადატვირთვაზე“, მაგრამ ძირითადი მიმართულება - გავლენის სფეროთა გაფართოება უცვლელი დატოვეს.

ვაშინგტონისთვის მიუღებელია რუსეთის ან ირანის მხრიდან საკუთარი ინტერესების გამოხატვა, მაგალითად კავკასიისადმი ან ახლო აღმოსავლეთისადმი, იმ ფონზე, როდესაც თვით ცდილობს იგივეს მისგან ათეულ-ათასობით კილომეტრზე მდებარე რეგიონებში. შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოს მაგალითიც კმარა.

ვაშინგტონმა, ქართველთა დაყოლიებისა და გამყიდველი ხელისუფლების წყალობით, მოახერხა ის, რასაც ვერ ახერხებდა ვერც ერთი მომხდური. აზროვნების გადაგვარება, ტრადიციებზე შეტევა, საზოგადოების გარკვეული გავლენიანი ფენების, მათ შორის ე.წ. ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების ფულით გახრწნა, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ხელის აღმართვა და სხვა. და ეს ყველაფერი გააკეთა თითზე ჩამოსათვლელ პერიოდში.

რაც მთავარია, მან შეძლო პოლიტიკური ელიტის და ე.წ. ინტელიგენციის მისდამი უაღრესად პოზიტიურად განწყობა. და ისმის სახელისუფლებო ტელეეკრანებიდან, რადიოებიდან, ბეჭდვითი მედიიდან, რომ ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ფულსაც გვაძლევს და სულიერ საკვებსაც.

არც ერთი მეხოტბე წამითაც არ ფიქრობს - რატომ აკეთებს აშშ-ი ამას, თუ რატომ აკეთებს, შესანიშნავად აქვს აღწერილი ამერიკელ ავტორს ჯონ პერკინს თავის წიგნში „ეკონომიკური მკვლელის აღსარება“. ამერიკის მეხოტბეებს ვურჩევდი თვალი გადაევლოთ ამ წიგნისთვის, ისე, როგორც ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ალბერტ გორის წიგნისთვის „შეტევა აზროვნებაზე“.

არც ერთი მეხოტბე არ სვამს კითხვას, ამერიკა ამას იმიტომ აკეთებს, რომ ქველმოქმედია და ღარიბ-ღატაკი ქვეყნების დამპურებელი თუ? . . . ძნელია დაიჯერო ქვეყნის ქველმოქმედება, როდესაც თვით 60 მილიონი ღარიბ-ღატაკი ჰყავს. მეხოტბენი დღემდე ვერ მიმხვდარან, რომ „უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია“.

საკუთარი მიზნების მისაღწევად დასავლეთი მზადაა აწარმოოს კოლონიური ომებიც, სხვას ვერაფერს დაარქმევთ. იმას, რასაც ლიბიაში ჰქონდა ადგილი. ნატოს გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა თქვა, რომ ნატომ წარმატებით გაართვა თავი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას კადაფის აგრესიისგან. აშშ-ს და მის მოკავშირე ევროპის ქვეყნებისთვის 25 ათასზე მეტი ლიბიელის დახოცვა და 50 ათასზე მეტის დასახიჩრება, ნახევარი ლიბიის ნანგრევებად ქცევა - „მშვიდობიანი ლიბიელების“ დაცვაა.

კადაფის თითქმის მთელი ოჯახის ამოხოცვა, მათ შორის მცირეწლოვანი შვილებისა და ჩვილი შვილიშვილების, კეთილშობილურ საქმედ ითვლება. სისასტიკე ემსახურებოდა მხოლოდ ერთს - მართალი სიტყვის სამარადისო ჩაჩუმებას, კადაფის მიერ ევროპელი ლიდერებისთვის ფულის და ძვირფასი საჩუქრების გადაცემის არაერთი ფაქტის მიჩუმათებას.

აშშ-ი და ევროკავშირი, სამხედრო ძალასთან ერთად, ხშირად მიმართავს ეკონომიკურ ბერკეტებსაც, რაც კარგად ჩანს კავკასიის მაგალითიდანაც. ბოლო დროს ახალი ძალით ამოქმედდა კასპიის ზღვის ფსკერზე მილსადენების გაყვანის პროექტებზე საუბარი.

ტრანსკასპიურ მილსადენებს აშშ-ი და ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობს. ინტერესი უპირველესად გამოწვეულია პოლიტიკური მოტივებით, კასპიის ზღვის ქვეყნების, გეოპოლიტიკური ინტერესების გაღვივებით, მათი რუსეთთან დაპირისპირებით.

დასავლეთი ახერხებს ახალი მილსადენების პროექტებთან მიმართებაში ენერგეტიკული რესურსების მქონე ისეთი ქვეყნების მიმხრობას, როგორებიცაა აზერბაიჯანი და თურქმენეთი. ამ ქვეყნებში მილსადენის მშენებლობას განიხილავენ, როგორც საშინაო საქმედ, იგნორირებენ, რა რუსეთ-ირანის ნეგატიურ პოზიციას მილსადენის პროექტების რეალიზაციასთან დაკავშირებით.

ცნობისათვის მოგახსენებთ, რომ დღემდე ნაკლები წარმატებით მიმდინარეობს კასპიის ზღვის ქვეყნების მოლაპარაკება ზღვის სექტორებად დაყოფასთან დაკავშირებით, ვიდრე ეს საკითხი არ გადაიჭრება, მილსადენების პროექტების განხორციელება გაჭირდება, თუმცა აშშ-ი და ევროკავშირი არ უშინდება პრობლემებს და შემოვლითი გზებით ცდილობენ დასახული მიზნის მიღწევას - აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და ყაზახეთის საკუთარი ინტერესების მორევში ჩათრევით.

დასავლეთის მიზანი არა მარტო ენერგეტიკული რესურსების მოპოვებაა, არამედ რუსეთის ინტერესების შეკვეცაც. დღეს, ისე, როგორც გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით აზერბაიჯან-საქართველოს მიბმა დასავლეთზე და რუსეთიდან ჩამოშორება, ტრანსკასპიური პროექტებით ხდება ცენტრალური აზიის მიბმა დასავლეთზე.

ტრანსკასპიური გაზსადენის და ნავთობსადენის პროექტების რეალიზაციის შემთხვევაში ადგილი ექნება კასპიის ზღვის ქვეყნების ერთმანეთთან დაპირისპირებას, რეგიონულ დაძაბულობას, რამეთუ ამ აუზში გაცილებით დიდია პოლიტიკური წინააღმდეგობა, ვიდრე აზრთა თანხვედრა.

დასავლეთთან მილსადენური კავშირები, რომლებიც მესამე ქვეყნების ინიციატივით ხორციელდება, დააკნინებს თვით კასპიის ქვეყნების ერთმანეთთან ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმს, პროექტში მონაწილე ქვეყნებს გაუჩენს მოჭარბებულ ამბიციებს, შეასუსტებს მათ ურთიერთობას რუსეთთან, დააკნინებს რუსეთის პოზიციას კასპიის ზღვის ქვეყნების სექტორებად დაყოფის მოლაპარაკების დროს. პროექტში ირანის სრული იგნორირება დაძაბავს კასპიის რეგიონსა და კავკასიაში ისედაც დაძაბულ ვითარებას.

ცენტრალური აზიის ქვეყნები ფლობენ გაზის მარაგის უმსხვილეს პოტენციალს ანუ მსოფლიო მარაგის 12%-ს, 22 ტრილიონ კუბ.მეტრს. ცნობისათვის, რუსეთის მარაგი 24 ტრილიონი კუბ.მეტრია. ამ ქვეყნებს დღესაც გააქვთ საკუთარი გაზი ექსპორტზე, როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე დსთ-ში. 2009 წელს უზბეკეთმა გაიტანა 60 მილიარდი კუბ.მეტრი, ყაზახეთმა - 30.

ცენტრალური აზიის ქვეყნების გაზი 10-15% იაფია, ვიდრე ახლო აღმოსავლეთის და 30-33%-ით იაფი, ვიდრე ტიუმენის (რუსეთის) გაზი. ამ რეგიონს არ აქვს ევროპისა და მსოფლიოსაკენ მიმავალი საექსპორტო გზები. ისინი ამას რუსეთის გავლით ახერხებენ, სწორედ ამ გზის სხვა გზით ჩანაცვლებისთვის იღწვის აშშ-ი და ევროკავშირი. თუ რა გამოუვათ, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ერთია - ბრძოლა იქნება სერიოზული, კონფრონტაციული, დაუნდობელი.

 

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი