ქვეყანათმცოდნეობა

ამერიკული პოლიტიკის ტროას ცხენი

მერაბ რატიშვილი

მუდმივი იმპერიები არ არსებობენ. არც მუდმივი საზღვრები, მოკავშირეები და მეგობრები.

მუდმივი შეიძლება იყოს მხოლოდ ინტერესები (თუ რა თქმა უნდა იარსებებს სახელმწიფო), ისიც გარკვეული ცვალებადობით, ინტერესები ან მცირდება, ან იზრდება. ამას გვასწავლის კაცობრიობის ისტორია. ხშირად ისმის კითხვა: რატომ არ განხორციელდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ამერიკული კომპანიების სერიოზული ინვესტიციები ეკონომიკის რეალურ სექტორში, ენერგეტიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, კომუნიკაციები და ა.შ. ამავე დროს რატომ შეეწყო ხელი სხვადასხვა ფორმით შეფუთული რუსული კაპიტალის შემოსვლას ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორში? ამ კითხვაზე პასუხს ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ.

საქართველოში აგვისტოში განვითარბული მოვლენების შედეგად კავკასიაში და მიმდებარე რეგიონში აშშ-ს სტრატეგიული გეგმის განხორციელების ერთ-ერთი ეტაპი დასრულდა. რომელიც დაამთხვიეს თუ დაემთხვა აშშ-ში პრეზიდენტის და ადმინისტრაციის ცვლილებას. სტრატეგიული გეგმის განხორციელების შემდგომი ეტაპები მოითხოვს პრინციპულად სხვა მიდგომას, როგორც პრეზიდენტის, ასევე მისი გუნდის მხრიდან. ამიტომ ბარაკ ობამას ახალი ადმინისტრაცია უფრო მოქნილი და შენიღბული მეთოდებით გააგრძელებს მეორე ეტაპის განხორციელებას, რაც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება რეგიონში ყველა დიდი რეგიონალური მოთამაშეების შევიწროებას, მათი მადის შემცირებას და ამბიციების მოთოკვას. გასაგებია, რომ ამ მიზნების რეალიზაცია ძალიან რთული და ძვირი სიამოვნებაა ისეთი მეგა სახელმწიფოსთვისაც კი, როგორიც აშშ-ა. მას საკუთარი მიზნების და სტრატეგიული გეგმების რეალიზაციისთვის საკმაოდ დიდი არსენალი აქვს. მაგრამ ამ ეტაპზე მოსალოდნელია დემოკრატებისთვის დამახასიათებელი, ტრადიციული ზეწოლის მთავარი იარაღის გააქტიურება: დემოკრატიის პრინციპების და ფასეულობების დაცვა. ამით გაძლიერდება ზეწოლა რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის, ხალხების და ეთნიკური უმცირესობების თვითგამორკვევის უფლებების მტკივნეულ საკითხებზე. როდესაც ვამბობთ კავკასია და მიმდებარე რეგიონები, იგულისხმება როგორც კავკასიის ქვეყნები და რუსეთი, ასევე თურქეთი, ერაყი და ირანი, როგორც ერთიანი რეგიონალური გეოპოლიტიკური სივრცე. ამ მხრივ კი სიტუაცია აღნიშნულ რეგიონში არცთუ ისე არასახარბიელოა. ამიტომ ობამას ადმინისტრაციის და დემოკრატების ტრადიციულ “ტროას ცხენს” უდავოდ თავისუფალი სამოქმედო არეალი ექნება.

საქართველოს ხშირად მოიხსენიებენ როგორც კავკასიის გასაღებს და ამაში გასაკვირიც არაფერია, რადგან არამარტო გეოგრაფიულად და სტრატეგიულად, არამედ პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონისთვის. ძალიან პატარა ქვეყანაში და მცირე ტერიტორიაზე კონცენტრირებულია და იკვეთება ყველა ის პრობლემა, რაც მთლიანად რეგიონში არსებობს. ამავე დროს საქართველო გამოირჩევა ეთნიკური მრავალფეროვნების სინთეზით და თანაცხოვრების უნიკალური გამოცდილებით, რომელიც იძლევა რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც გარკვეულ მაგალითს. ამიტომ ანიჭებენ საქართველოს მნიშვნელოვან როლს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების გატარებაში რეგიონის მოთამაშეები. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ყურადღების ცენტრში იქნება საქართველოში განვითარებული პროცესები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება რეგიონის თითოეული ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს. საქართველოში განვითარებული აგვისტოს მოვლენები და შედეგად კონფლიქტის ახალ ფაზაში გადასვლა აღიქმება რეგიონში, როგორც მისი უსაფრთხოების და სუვერენიტეტის ხელყოფის პირდაპირი საფრთხე.

ზოგიერთი ჩემი კოლეგა განიხილავს რუსეთის ღია აგრესიას საქართველოს მიმართ, როგორც რუსეთის როლის გაძლიერებას რეგიონში და მის მიერ ბოლო წლებში შელახული ინტერესების დაბრუნების აგრესიულ მცდელობას. ამავე დროს აშშ-ს როლის დაკნინებას რეგიონში. მაგრამ ვფიქრობთ, ეს მცდარი ხედვაა იმ პროცესების შეფასებისას, რისი მომსწრენიც ჩვენ აღმოვჩნდით. თუ უფრო საფუძვლიანად გადავხედავთ ბუშის მმართველობის პერიოდში საქართველოში განხორციელებულ ცვლილებებს, საშინაო და საგარეო პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებს, უახლოესი მეზობლების და რეგიონის სხვა ქვეყნებში განვითარებულ პროცესებს, შეგვიძლია მკაფიოდ დავინახოთ ის როლი, რომელიც საქართველოს მიაკუთვნეს როგორც აშშ-მ, ასევე რუსეთმა. აშშ-ს მხრიდან ეს იყო დროის გარკვეულ მონაკვეთში, ზუსტად გაწერილი სცენარი, როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონის სხვა მოთამაშეებისთვის. რუსეთის შემთხვევაში კი ეს უფრო ჰგავდა სხვის სცენარში იძულებით ჩართვას და ამ სამხედრო-პოლიტიკურ თეატრში მონაწილეობის დროს იმპროვიზებას, რამაც გამოიწვია მისი უარყოფით რაკურსში წარმოჩენა და აგრესიული პერსონაჟის როლის შესრულება. ამიტომ შეგვიძლია ავღნიშნოთ ამ გეგმის-სცენარის პირველი აქტი უკვე გათამაშდა, სადაც საქართველოს და მის ხელისუფლებას შეასრულებინეს მნიშვნელოვანი როლი, რათა რუსეთი ჩაეთრია ახალ კონფრონტაციაში, სადაც ყველა გათვლებით საბოლოოდ რუსეთი უნდა დამარცხდეს. რა თქმა უნდა, ამ საპასუხისმგებლო როლის შესრულება მოხდა საქართველოს ტერიტორიების და ხალხის ხარჯზე, მაგრამ როგორც ცნობილია, ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს, მათ შორის განსაკუთრებით პოლიტიკური, რომელიც ითხოვს დიდ მსხვერპლს. ჰოდა, ჩვენც გავიღეთ ეს მსხვეპლი. ხელისუფლება სიამაყით აღვსილი გვამცნობდა, რომ მისმა ქმედებებმა ნიღაბი ჩამოხსნა და აჩვენა მსოფლიოს რუსეთის აგრესიული იმპერიის რეალური სახე. მაგრამ ვის სჭირდებოდა ეს? ეკეთა კი ოდესმე ასეთი ნიღაბი რუსეთს?

რა იქნება შესრულებული როლისთვის ქვეყნის ”ჰონორარი”? რა შეიძლება იყოს კომპენსაცია დაღუპული ხალხისთვის, შელახული სახელისთვის, დაკარგული ტერიტორიებისთვის, ჯერჯერობით უცნობია. ამ კომპენსაციას მხოლოდ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ხედავს, რომელმაც დროებით, მაგრამ მაინც გაიხანგრძლივა უზურპირებული ხელისუფლება. დღესაც ცდილობს ადმინისტრაციული რესურსით და აშშ-ს მხარდაჭერით შეინარჩუნოს ძალაუფლება. მაგრამ ვფიქრობთ, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს ნაკლებად შესაძლებელია, რადგან რესპუბლიკელების მიერ დაწყებული საქმის გაგრძელებას ახალი, უფრო, შედარებით ”უმწიკლო” რეპუტაციის პერსონაჟები სჭირდება. რა თქმა უნდა, ობამას ადმინისტრაცია შეეცდება წინამორბედების მიერ რეგიონში დაწყებული პროცესები, რომლებმაც სერიოზულად შეულახა ქვეყანას სახელი, დააპირისპირა მთელ ისლმურ სამყაროს, ახლებურად შეფუთოს. ამავე დროს, განავრცოს და გააძლიეროს თავისი გავლენა რეგიონში. ის მოლოდინი, რომ აშშ გაიყვანს ერაყიდან ჯარებს, მიატოვებს ერაყის ომში დახარჯულ მილიარდებს და ათასობით შეწირულ, საკუთარი თუ მოკავშირე ქვეყნების ჯარისკაცების სიცოცხლეს, მცდარი გვგონია. ძალიან ბევრს, ობამას წინასაარჩევნო რიტორიკიდან გამომდინარე, სჯერა, რომ აშშ მიატოვებს ომში ჩადებულ ინვესტიციებს და სხვას გადაულოცავს ნავთობის ელდორადოს. ეს ამერიკულ მენტალიტეტში და რეალპოლიტიკაში ნაკლებად ჯდება. ამიტომ აშშ მოპოვებულს არ დაკარგავს და ერაყთან მიმართებაში მოახდენს უფრო ადრეული გეგმის დღევანდელ სიტუაციასთან ადაპტირებას. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია უახლოეს მომავალში დაიწყოს ბალკანეთის სცენარის გათამაშება, როგორც ერაყში, ასევე მეზობელ ქვეყნებში.

არ გამოვრიცხოთ, რომ ერაყში ობამას ადმინისტრაციაც საყრდენს გააკეთებს ქურთებზე. ქურთული ფაქტორი ერაყში დღითი დღე ძლიერდება. ქურთების ტერიტორიული ადმინისტრაცია (ავტონომია) ერაყის ჩრდილოეთში პრაქტიკულად მზად არის უკვე დღეს გამოაცხადოს დამოუკიდებლობა, რომელსაც დღევანდელი ცენტრალური ხელისუფლებაც არ გაუწევს წინააღმდეგობას, რომლის სათავეშიც მრავლად არიან ქურთები, პრეზიდენტ ტალაბანის მეთაურობით. მაგრამ ტაქტიკური მოსაზრებებით ამ პროცესს არ აჩქარებენ, რადგან ზოგიერთი დეტალების, პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების მოგვარება სჭირდებათ. მაგალითად, კირკუკის ნავთობის ათვისებული საბადოების რაიონი, სადაც 90% ქურთი ეროვნების მოსახლეობა ცხოვრობს, ქურთების ადმინისტრაციულ ერთეულს მიუერთონ. სულეიმანიის რეგიონში, სადაც ჯერ კიდევ აუთვისებელი ნავთობის დიდი საბადოებია ცენტრალური ხელისუფლების ხელშეწყობით ინვესტიციები მოიზიდონ და სამრეწველო ათვისებაც დაიწყონ. დაარეგულირონ სხვა ენერგეტიკული და საკომუნიკაციო პრობლემები, რომელსაც ბარზანების მმართველი კლანი აქტიურად ახორციელებს.

ქალაქი ერბილი, რომელიც ქურთული ადმინისტრაციული ერთეულის დედაქალაქია, ეკონომიკურ კრიზისამდე სამშენებლო ბუმი იდგა. ერბილს ერაყის მეორე ეკონომიკურ ცენტრად განიხილავენ, სადაც პრაქტიკულად ყველა წამყვანი კომპანიები ახორციელებენ ინვესტიციებს აშშ-ს კომპანიების გარდა. ნავთობის საბადოების ათვისებაში, ენერგეტიკის, კომუნიკაციების, გადამამუშავებელ და ინფრასტრუქტურის სფეროში მიმდინარეობს კონკურენცია საფრანგეთის, გერმანიის, ჩინეთის, ისრაელის, ბრიტანული და სხვა ქვეყნების კომპანიებს შორის, მხოლოდ აშშ-ს ინვესტორებს და კომპანიებს ვერ ნახავთ. ამ შემთხვევაშიც გაგიჩნდებათ შეკითხვა. რატომ არ აქტიურობენ ამერიკული კომპანიები ერაყში შედარებით მშვიდად და ნაკლებად სარისკო ქურთულ რეგიონში, როდესაც ამერიკელები აკონტროლებენ მთელ ქვეყანას? რატომ შემოიფარგლებიან მხოლოდ სავაჭრო ოპერაციებით და ჰუმანიტარული დახმარებებით? ამ კითხვაზეც ცოტა ქვემოთ მოვძებნოთ პასუხი.

ინტენსიურად მიმდინარეობს ავტონომიის ფარული შეიარაღება, რითაც თურქეთი სერიოზულადაა შეშფოთებული. რეგიონში ყველას კარგად ესმით, რომ ერაყის ქურთული ადმინისტრაციის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება, სადაც 7 მილიონამდე ქურთი ეროვნების მოსახლეობა ცხოვრობს, შეუძლია რეგიონში გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები და დაძაბულობა მეზობელ ქვეყნებში. ქურთული ადმინისტრაციის მოსაზღვრე ქვეყნებში, თურქეთში, ირანში, სირიაში, იორდანიაში, სხვადასხვა მონაცემებით, დაახლოებით 18-20 მილიონი ქურთი ცხოვრობს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ერთ დიალექტზე ლაპარაკობს და ამავე დროს ისინი მიისწრაფიან და ოცნებობენ დიდი ქურთული სახელმწიფოს შექმნაზე. აშშ-ს მიერ ქურთული სახელმწიფოს შექმნის ხელშეწყობა პირდაპირ უკავშირდება თურქეთის, სირიის და ირანის უსაფრთხოებას, სახელმწიფო ინტერესებს და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც რეგიონში ახალი დაძაბულობის და ომის საფრთხეს ქმნის. ქურთებსაც და რეგიონის სხვა ხალხებსაც შეუძლიათ დასვან კითხვა: თუ 80 ათას ოსს და 60 ათას აფხაზს შეუძლიათ მიიღონ დამოუკიდებლობა, ან თუ 2 მილიონ კოსოვარს შეუძლია გამოაცხადოს დამოუკიდებლობა და საერთაშორისო საზოგადოებისგან მიიღოს აღიარება, რა დააშავეს ქურთებმა და რატომ არ უნდა ჰქონდეს 25 მილიონიან ერს საკუთარი სახელმწიფო? ამ კითხვაზე დადებითად პასუხის გაცემა შეუძლიათ აშშ-ს და მის მოკავშირეებს. ბევრს დაებადება კითხვა, მზად იქნება კი აშშ ეს ნაბიჯი გადადგას? ყველა წინაპირობას თუ გავითვალისწინებთ, რაც წლების მაძილზე მზადდებოდა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, გვიჩნდება იმის ფიქრის საფუძველი, რომ აშშ უკვე მზად არის საამისოდ. ან რა უშლის ხელს, რომ გაიძლიეროს პოზიციები და გაზარდოს თავისი ზეგავლენა თურქეთზე, სადაც მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე სულ მცირე 10 მილიონი ქურთი ცხოვრობს. თურქეთი ბოლო წლების განმავლობაში უფრო რთულად საკონტროლებელი ხდება, მოექცა რუსეთთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის, ინტერესების ზეგავლენის ქვეშ, ხშირად არ ითვალისწინებს ნატოს წევრი ქვეყნების ინტერესებს, ხისტი პოზიცია აქვს აშშ-ს სტრატეგიული ინტერესების მიმართ რეგიონში. ამავე დროს თურქეთში ხდება ენერგეტიკული მარშრუტების კონცენტრაცია. თუ ამას დაემატება ნაბუკოს აქტუალური პროექტიც, თურქეთს უჩნდება სერიოზული ენერგეტიკული ბერკეტი ევროპაზე. კიდევ ერთი ენერგეტიკული იმპერიის შექმნა სახიფათოა ევროპისთვის. ამიტომ ხომ არ დადგა დრო თავისი ადგილი მიუჩინოს თურქეთს, რომ საკუთარი ავტორიტეტი და ზეგავლენა აიმაღლოს რეგიონშიც და ევროპული ქვეყნების მიმართაც? ქურთული ფაქტორით გაძლიერდება ზეგავლენა ირანზეც, სადაც 6 მილიონამდე ქურთი ცხოვრობს და სირიაზეც, სადაც 2 მილიონამდე ქურთი ეროვნების მოსახლეობაა.

რა არჩევანს დაუყენებს ამ ქვეყნებს აშშ? სამოქალაქო დაპირისპირება და შესაძლო სამოქალაქო ომი ტერიტორიების დაკარგვით, ან ლოიალურობა ამერიკული სტრატეგიული ინტერესების მიმართ რუსეთის გავლენის შესუსტების ხარჯზე. ყოველ შემთხვევაში, ეს შესაძლებლობის მისცემს აშშ-ს დანარჩენი ენერგორესურსებიც და სატრანსპოტო მარშუტებიც გააკონტროლოს რეგიონში. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამძაფრებს სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს რეგიონში, რაც დროულს, ხელსაყრელს და შესაძლებელს ხდის მათზე ზეწოლის გაძლიერებას და ზეგავლენის მოპოვებას. ეკონომიკური კრიზისი ბევრ პროცესებს როგორც აფერხებს, ასევე აჩქარებს და ამავე დროს ამართლებს კიდეც. ამიტომ ძალიან ბევრ მოლოდინსაც და კითხვებსაც გასცემს პასუხს. ეს კრიზისი რომ არ მომხდარიყო, უნდა გამოეგონათ, სხვაგვარად, მომძლავრებულ და გვარიანად გამდიდრებულ ნავთობმომპოვებელ ქვეყნებთან, რომლებსაც ნავთობზე ფასების ზრდასთან ერთად ამბიციებიც ეზრდებოდათ, ურთიერთობა კიდევ უფრო გაჭირდებოდა. ამიტომ ეკონომიკურმა კრიზისმა და საქართველოში აგვისტოს მოვლენებმა დეტონატორის ფუნქცია შეასრულა და რეალური საყრდენი მისცა აშშ-ს სტრატეგიული გეგმების ახალი, მომდევნო ეტაპის დაწყებას.