ქვეყანათმცოდნეობა

რუსეთის ისტორიული მისია - სტატიის რეზიუმე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ გურამ მუჩაიძის სტატიაში მოცემულია ორიგინალური ხედვა რუსეთის და რუსი ხალხის ადგილის შესახებ თანამედროვე მსოფლიოში. ჩამოთვლილია რუსი ხალხის ეთნოფსიქოლოგიის დამახასიათებელი ნიშნები, რუსეთის სახელმწიფოს განვითარების პოლიტიკური და გეოგრაფიულ-კლიმატური პირობები. კეთდება დასკვნა, რომ რუსებს, როგორც ერს, შეუძლია იარსებოს მხოლოდ მაშინ, თუ ის წარმოადგენს ფედერალური იმპერიის ბირთვს.

ასევე სტატიაში განხილულია ევრაზიის სამხრეთ ნაწილის გეოპოლიტიკის საკითხები და ნაჩვენებია, რომ რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ზოლში პოზიციების შენარჩუნება და არდაშვება იმისა, რომ აქ მთლიანად აშშ გაბატონდეს. ამავე დროს, ავტორი წერს, რომ რუსეთს და აშშ-ს შეუძლიათ ითანამშრომლონ ევრაზიის სივრცეში (ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად) ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო, კოსმოსურ და სხვა პროექტებში, ამავე დროს აშშ-ს სტრატეგიული ინტერესები მიმართული უნდა იყოს არა რუსეთის გამოძევებისკენ სამხრეთ ევრაზიიდან, არამედ „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ ღერძის ფარგლებში აფრიკის კონტინენტის განვითარებისკენ.

სტატიის დასკვნით ნაწილში საუბარია გლობალიზაციის გარდაუვალობაზე, ოღონდ არა ერთპოლარული გლობალიზაციის, არამედ ცივილიზაციების კონვერგენციის შედეგად წარმოქმნილი გლობალიზაციის. ამ კონვერგენციის ფარგლებში, ავტორის აზრით, უნდა წარმოიქმნას ახალი ევრაზიული ცივილიზაციაც, რომელიც შეითვისებს აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან საუკეთესო ნიშნებს. რუსეთს, როგორც ევრაზიული ცივილიზაციის ბირთვს, უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება ამ პროცესში.

სტატიის ორიგინალი რუსულ ენაზე:

კრემლი, მისი “იდეური ძმები” და ტერორისტები – მეგობრობის თუ თანამშრომლობის აღდგენა?

ონსტანტინე ჟღენტი, რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი

საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში სამხედრო აგრესიის შედეგად, რუსეთმა ჯერ მოახდინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სრული ოკუპაცია, ხოლო შემდეგ

რისთვის სჭირდება რუსეთს შეიარაღებული ძალები?

კახა იმნაძერუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი

"დღევანდელ მსოფლიოში არსებობს ორი დიდი ერი, რომლებიც, მიუხედავად განსხვავებული საწყისი პირობებისა, როგორც ჩანს ერთი და იმავე მიზნისკენ მიილტვიან: რუსები და ანგლო-ამერიკელები. ორივე მოულოდნელად გამოჩნდა წყვდიადიდან და სანამ მსოფლიოს ყურადღება სხვა კუთხეებისკენ იყო მიმართული, მათ უცებ დაიმკვიდრეს ადგილი წამყვან ერებს შორის, და მთელ მსოფლიოს აუწყეს თავიანთი დაბადებისა და სიდიადის შესახებ.

ყველა სხვა ხალხმა, როგორც ჩანს, თითქმის უკვე მიაღწია საკუთარ ბუნებრივ საზღვრებს და ახლა მხოლოდ მათი შენარჩუნება სწადიათ. ეს ორი კი იზრდება და იზრდება. სხვანი ან გაჩრედნენ, ან უდიდესი ძალისხმევის ფასად მიაღწიეს განვითარებას. მხოლოდ ეს ორი მიაბიჯებს წინ, ლაღად და სწრაფად, გზაზე, რომელსაც დასასრული არ უჩანს. ამერიკელი ბუნებრივ (გეოგრაფიულ) წინააღმდეგობებს ებრძვის; რუსი ადამიანებს ეჭიდება. პირველი ველურ ბუნებასა და ბარბაროსობას ეომება, მეორე - ცივილიზაციებს, მთელი თავისი სამხედრო სიძლიერით. ამერიკა იპყობს გუთნით, რუსეთი კი - ხმლით. თავისი მიზნების მისაღწევად პირველი ეყრდნობა პიროვნებათა ინდივიდუალურ ინტერესებს, აძლევს რა უკიდეგანო თავისუფლებას მათ სიძლიერეს და საღ აზრს. მეორე, გარკვეულ წილად, საზოგადოების მთელ ძალას ერთ კაცში უყრის თავს. ერთს თავისუფლება აქვს მოქმედების ძირითად მეთოდად აღებული, მეორეს კი მორჩილება. მათ განსხვავებული ათვლის წერტილები აქვთ, მათი გზებიც სხვაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, როგორც სჩანს, განგების რაღაც იდუმალი ნების გამო ერთ დღეს ალბათ თითოეული მათგანის ხელში აღმოჩნდება ნახევარი მსოფლიოს ბედ-იღბალი.."

ალექსის დე ტოკვილი, 1835 წელი

თითქმის ორი საუკუნე გავიდა ამ სიტყვების შემდეგ.. მაგრამ ისინი კვლავ საყურადღებო და აქტუალურია, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ დემოკრატიული თუ პოლიტიკური აზროვნების საგანძურს განეკუთვნებიან. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მსოფლიოში უკვე სხვა დიდი მოთამაშეებიც არსებობენ, ამერიკისა და რუსეთის მიერ გადადგმული ესა თუ ის ნაბიჯი კვლავაც მსოფლიო რეზონანს იწვევს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვეობამ, ისტორიულმა განვითარებამ თუ ტექნოლოგიურმა პროგრესმა გარკვეული დამატებანი (თუმცა არა ძირეული ცვლილებები) მაინც შეიტანა ამერიკისა და რუსეთის ინტერესთა გამოხატვის, გატარებისა და დაცვის ტოკვილისეულ განსაზღვრებაში. ამერიკულ "გუთანს" ბოლო დროს, გარკვეული დროით, "ხმალი" (ანუ სამხედრო მანქანა) ენაცვლება ხოლმე, რუსულ "ხმალს" კი "გუთანი", ან თუკი დავაზუსტებთ - ენერგო-რესურსები. მაგრამ, როგორც ზევით უკვე აღვნიშნეთ, ეს მხოლოდ დანამატებია და არა ძირეული ცვლილებანი.

ამ სტატიის მიზანი არ არის ამერიკისა და რუსეთის, და მათი პოლიტიკის სამხედრო, ეკონომიკური თუ სხვა კომპონენტების შედარება. ინსტიტუტის (რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი) პროფილიდან გამომდინარე საკითხის ერთ მხარეს შევეხებით. კერძოდ კი იმას, თუ რამდენად "ბასრია" დღეს რუსული "ხმალი" და ზოგადად რა ტენდენციები შეიმჩნევა რუსული სამხედრო მანქანის ყოფასა და მომავალში, როგორც რუსული სახელმწიფოს სიძლიერის ერთ-ერთ საფუძველში.

ის რომ რუსეთის ჯარის წინ უამრავი პრობლემა დგას სიახლე არაა. საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ რუსეთის ჯარმაც განიცადა დაკნინება. რაოდენობა და შეიარაღება არა მხოლოდ შემცირდა, არამედ მოძველდა. იგივე შეიძლება ითქვას მართვის მექანიზმებზე, რასაც ემატება საბიუჯეტო სახსრების სიმწირე (მიუხედავად მუდმივად ზრდადი ბიუჯეტისა), კორუფცია და დემოგრაფიულ-სოციალური პრობლემები. უკანასკნელ დრომდე რუსეთი ცდილობდა შეენარჩუნებინა 1,13 მილიონიანი შეიარაღებული ძალები, რაც რიცხოვნებით მხოლოდ 20% ჩამოუვარდება აშშ-ს. ეს მაშინ, როცა რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი (2007 წლის მონაცემებით) სულ ცოტა 15-ჯერ ჩამოუვარდებოდა ამერიკულს. ბოლო წლების მანძილზე ენერგომატარებლებზე მაღალმა ფასებმა რუსეთის ერთგვარი "გამოღვიძება" გამოიწვია, რაც მისი სუპერ-სახელმწიფოებრივი (დერჟავული) ინსტიქტების განახლებასა და, შესაბამისად, სამხედრო ხარჯების ზრდაზეც აისახა. შემთხვევითი როდი იყო, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ჯერ კიდევ 2006 წელს განაცხადა მომდევნო 8 წელზე გათვლილი გადაიარაღების საკმაოდ ამბიციური პროგრამის შესახებ. მაგრამ ფინანსურმა კრიზისმა და განსაკუთრებით კი ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრმა ვარდნამ, რუსეთი იძულებული გახადა უარი ეთქვა ამ ამბიციურ, და თავს უფლებას მივცემთ დავსძინოთ, უტოპიურ გეგმებზე.

გასული წლის 14 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა სამხედრო რეფორმის დაწყების შესახებ აცნო საზოგადოებას. რეფორმის მიხედვით დივიზიურ-საპოლკო სისტემა ბრიგადულზე გადადის, 2012 წლისთვის მხოლოდ სახმელეთო ძალებში არსებული შენაერთების რაოდენობა 1890-დან 172-მდე დადის, ოფიცერთა კორპუსი კი 315 ათასიდან 150 ათასამდე მცირდება, ხოლო პრაპორშჩიკებისა და მიჩმანების ინსტიტუტი კი საერთოდ უქმდება. საერთოდ კი შეიარაღებული ძალების საერთო რიცხოვნება 1,13 მილიონიდან 1 მილიონამდე ჩამოდის. ეს არა მხოლოდ უბრალო შემცირებაა, არამედ ფუნდამენტური სტრუქტურული ცვლილებები.

შემცირების შემდეგ სამხედრო ძალები 6 სამხედრო ოლქად და მათში გაერთიანებულ 7 ოპერატიულ სარდლობად დაიყოფა. 23 საერთო საჯარისო დივიზია ექვემდებარება ლიკვიდაციას, 12 მოტომსროლელი ბრიგადა - რეფორმირებას. მათ ნაცვლად ჩამოყალიბდება 39 საერთო საჯარისო ბრიგადა, 21 საარტილერიო-სარაკეტო ბრიგადა, 7 საჯარისო ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ბრიგადა, 12 კავშირგაბმულობის ბრიგადა, 2 რადიო ელექტრონული ბრძოლის ბრიგადა. დარჩება მხოლოდ 1 სატყვიამფრქვევო-საარტილერიო დივიზია შორეულ აღმოსავლეთში და 17 ცალკეული პოლკი. სახმელეთო ჯარების შემადგენლობა განისაზღვრება დაახლოებით 270 000 სამხედრო მოსამსახურით. რეფორმის შედეგად შექმნილი ბრიგადების როცხოვნება 2-2,5-ჯე მეტი იქნება, ვიდრე დღეს არსებული პოლკებისა. ამასთან, იგეგმება მხოლოდ მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის ძალების არსებობა (დღეისათვის ასეთი ნაწილები შეიარაღებული ძალების მხოლოდ 17%-ს შეადგენენ). ზემოაღნიშნულ სტრუქტურულ ცვლილებებთან ერთად შეიარაღებული ძალების ტექნიკური გადაიარღება - უახლესი ტექნიკით აღჭურვაცაა გათვალისწინებული.

სამხედრო რეფორმა, რომლიც ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა, მაშინვე გახდა არა მხოლოდ განსჯის, არამედ საკმაოდ მწვავე კრიტიკის საგანიც თავად რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ წრეებში. ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილი მას აფასებს როგორც ანტისახელმწიფოებრივსა და დამანგრეველს რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის, და ამდენად საზიანოდ რუსეთის მზარდი გეოპოლიტიკური ინტერესებისადმი. თუმცა ჩვენი აზრით, ასეთი მიდგომა ზედაპირულია. იგი უფრო ამბიციებისა თუ სასურველის რეალობად აღქმის წადილზე, ან სულაც წარსული დიდების ნოსტალგიაზე დაფუძნებული უფროა (რასაც სამხედრო მაღალჩინოსანთა კერძო, მერკანტილური ინტერესებიც ემატება), ვიდრე არსებულ რეალობებზე, კერძოდ კი შეცვლილ მსოფლიოსა და საკუთრივ რუსეთის პრაქტიკულ შესაძლებლობებზე. სამხედრო რეფორმა უდაოდ აუცილებლობას წარმოადგენს. სხვა საკითხია, რამდენად წარმატებულად განხორციელდება იგი.

დღევანდელ მსოფლიოში პრაქტიკულად გამორიცხულია მესამე მსოფლიოს ომის პირველი ორის მსგავსი სცენარით წარმართვა. ვგულისხმობთ საომარი მოქმედებების კონტინენტურ თუ გლობალურ თეატრს, ფართომასშტაბიანი ფრონტალური დაპირისპირებებით. ბირთვული იარაღის არსებობამ ანუ ომის შემთხვევაში გარანტირებულმა ურთიერთანიჰილაციამ პრაქტიკულად გამორიცხა სამხედრო კონფლიქტები მსოფლიო პოლიტიკური გრავიტაციის ცენტრებს (პოლუსებს) თუ მსოფლიო მოთამაშეებს შორის. ცივი ომის შემდეგ შეცვლილი რეალობის გათვალისწინებით სუპერ-სახელმწიფოს ცნების ტრადიციულ გაგებას დღეს მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები აკმაყოფილებს. მაგრამ, რუსეთს, ისევე, როგორც ჩინეთს და რიგ სხვა სახელმწიფოებს სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ დემოგრაფიული პოტენციალის, ან მათი ერთობლიობის, გამო სერიოზული ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ მსოფლიოზე. ამდენად, გადავწყვიტეთ ვიხმაროთ ტერმინი "მსოფლიო მოთამაშე" (და ამ ტერმინში აშშ-საც ვგულისხმობთ). საომარი მოქმედებების თეატრი დღეს წარმოადგენს ლოკალურ, რეგიონულ კონფლიქტებს, რასაც ემატება ისეთი ახალი საფრთხე როგორიცაა საერთაშორისო ტერორიზმი (თანამედროვეობის სხვა გამოწვევებეზე ამ შემთხვევაში ყურადღებას არ შევაჩერებთ). შესაბამისად იცვლება სახელმწიფოთა (განსაკუთრებით მსოფლიო მოთამაშეთა) უსაფრთხოების ინტერესები და მათი დაცვისა და გარანტირების მექანიზმებიც, მათ შორის შეიარაღებული ძალების ამოცანები და ფუნქციები. ამდენად, როდესაც სამხედრო ძალების რეფორმაზე ვსაუბრობთ, უპირველსად ყოვლისა იმ ფუნქციაზე უნდა ვისაუბროდ რაც სახელმწიფოს მიერ სამხედრო ძალებისთვის იქნება განსაზღვრული. მაგრამ თავად სამხედრო დოქტრინაც უნდა მომდინარეობდეს იმის გააზრებიდან, თუ რა საფრთხეების გასანეიტრალებლად თუ გეოპოლიტიკური (სტრატეგიული) ინტერესების უზრუნველსაყოფად სჭირდება სამხედრო ძალები სახელმწიფოს.

დავუბრუნდეთ საკუთრივ რუსეთს. რუსეთი დღეს არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ძალას. მაგრამ რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი და არის მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფო ტერიტორიისა და ბუნებრივი რესურსების გათვალისწინებით. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ცივი ომისდროინდელი ორპოლუსიანი სამყარო დღეს ერთ ან მრავალპოლუსიანი (ერთი თუ მრავალი - ეს ცალკე გამოკვლევის საკითხია, და არა ამ სტატიის თემა) სამყაროთია შეცვლილი, რუსეთი კვლავ რჩება მსოფლიო მოთამაშეთა რიგში. ამას, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს რუსეთის ბირთვული იარაღი, და არა მისი ეკონომიკა თუ ბუნებრივი რესურსები. აქვე გვინდა დავსძინოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოთა რიცხვი იზრდება (პაკისტანი, ინდოეთი, ისრაელი, ჩრდილოეთ კორეა, ახლო მომავალში შესაძლოა ირანიც), ისინი ვერ განიხილებიან როგორც მსოფლიო მოთამაშეები. ერთია ბირთვული ტექნოლოგიისა თუ იარაღის ფლობა, სულ სხვაა ამ მომაკვვდინებელი იარაღის ადგილზე მიტანის საშუალებანი (კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტები, შესაბამისი ავიაცია და წყალქვეშა ფლოტი), რაც მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთს, აქვს. ბირთვული იარაღის ფლობა რუსეთს უკვე აძლევს გარეშე საფრთხიდან (იგულისხმება პირდაპირი სამხედრო აგრესია) თავის დაცვის სრულ გარანტიას. ამავე დროს იგი რჩება იმ გლობალურ მოთამაშედ, რომელსაც ბირთვული საფრთხის შექმნა მსოფლიოს ყველა წერტილში შეუძლია. ამდენად, ბირთვული შეიარაღება, კერძოდ კი რუსეთის სტრატეგიული ძალები არის და დარჩება რუსეთის უსაფრთხოების გარანტად და იმ ფაქტორად რაც უზრუნველყოფს რუსეთის დარჩენას მსოფლიო მოთამაშეთა რიგში. აქვე დავსძენთ, რომ მიუხედავად რუსეთის ეკონომიკური (მომავალში შესაძლოა დემოგრაფიული) სისუსტეებიდან, ბირთვული იარაღის გამო, თუნდაც სრულიად გაპარტახებული რუსეთი მაინც დარჩება ანგარიშგასაწევ ძალად, უარეს შემთხვევაში კი მსოფლიო მასშტაბის კოშმარად. რუსეთში მიმდინარე სამხედრო რეფორმა რუსეთის "ბირთვული ქოლგის" შესუსტებას არ ითვალისწინებს, პირიქით, მიმართულია, შეძლებისდაგვარად მისი სრულყოფისა და გაუმჯობესებისაკენ. ამ მხრივ რუსეთი უკვე დგამს შესაბამის ნაბიჯებს კონტინენტთაშორისი რაკეტების "ტოპოლ-მ"-სა და "ბულავას" თვალსაზრისით.

ამრიგად, შეიარაღებული ძალების ეს ერთი სახეობა - სტრატეგიული ძალები, რომელსაც რეფორმა არანარიად არ აკნინებს, პირიქით, მის გაზრდასა და გაუმჯობესებაზეა მიმართული, უკვე უზრუნველყოფს მთავარ ამოცანას: თავდაცვას და ქვეყნის მსოფლიო მოთამაშე სახელმწიფოთა კლუბში ყოფნას. რეფორმის კრახის შემთხვევაში, სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში აშშ-სგან რუსეთის სერიოზულმა ჩამორჩენამ შეიძლება, არცთუ შორეულ მომავალში, ეჭვ ქვეშ დააყენოს "გარანტირებული ბირთვული ურთიერთგანადგურების" პრინციპი, დატოვოს რა აშშ, როგორც ერთადერთი უკონკურენტო ბირთვული სუპერ-სახელმწიფო და ამით "ჩამოაქვეითოს რუსეთი". მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალი 2 ათწლეულის განმავლობაში, რუსეთი კვლავინდებურად შეინარჩუნებს გლობალური ან, როგორც მინიმუმ, ევრაზიული მოთამაშის სტატუსს.

სხვა რა სახის საფრთხეებისა თუ გეო-პოლიტიკური ამოცანების შესრულებისთვის შეიძლება დასჭირდეს რუსეთს შეიარაღებული ძალები, უფრო სწორად შეიარაღებული ძალების სხვა სახეობები? რა საფრთხეები ან ინტერესები შეიძლება არსებობდეს რუსეთისთვის სამხედრო თვალსაზრისით, სადაც მას შეიარაღებული ძალების გამოყენება შეიძლება დასჭირდეს?

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი რჩება მსოფლიო მოთამაშედ, იგი დღეისათვის აღარ არის ის სუპერ-სახელმწიფო, რაც იყო ცივი ომის დროს. რუსული სამხედრო ყოფნა საკუთრივ რუსეთისგან საგრძნობლად მოშორებულ რეგიონებსა თუ სხვა კონტინენტებზე (კარიბის ზღვის რეგიონი, ცენტრალური თუ სამხრეთ ამერიკა, აფრიკა, აზია) დღეს აღარ წარმოადგენს არც აუცილებლობას, არც მისწრაფებას (ყოველი შემთხვევისთვის ამ კონკრეტულ ეტაპზე, ცალკეული "ნოსტალგიური შემოტევების" მიუხედავად. მაგალითად ახლო წარსულის სამხედრო ვიზიტები ვენესუელაში). რუსეთის საზღვრებს, უშუალოდ თუ ზოგადად, წარმოადგენენ ევროკავშირი, აშშ, ჩინეთი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. უშუალო აგრესია რუსეთს არცერთი მხრიდან ემუქრება. რაც შეეხება თავად რუსეთის ინტერესების გასატარებლად სამხედრო ძალების გამოყენებას, ევროპა, აშშ და ჩინეთი ამ მხრივ თავიდანვე გამოსარიცხია, თუნდაც იგივე "ბირთვული ქოლგისა" და ბირთვული ურთიერთშეკავების მექანიზმების არსებობის გამო. ასევე წარმოუდგენელია ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებით რუსეთისა და ევროკავაშირის ქვეყნების ანუ რუსეთ-ნატოს და რუსეთ-ჩინეთის დაპირისპრირება. ამდენად, გარეშე საფრთხეებად თუ ინტერესებად, რომელთა მიმართ შესაძლებელია ჯარის (ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალები - ცონვენტიონალ არმედ ფორცეს) გამოყენება, რჩება მხოლოდ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთსა და საქართველოს შორის ამის ნათელი დადასტურებაა. სამხედრო ძალის გამოყენება ასევე შესაძლებელი და საჭირო შეიძლება გახდეს რუსეთის შიდა საფრთხეების გასანეიტრალებლად. მხედველობაში გვაქვს ჩეჩნეთის ომები და მსგავსი შესაძლო სცენარები (ჯარის გამოყენების მართებულობისა თუ კონსტიტუციურობის ასპექტებს არ ვეხებით, რადგან ეს არ წარმოადგენს ამ სტატიის ინტერესს). მაგრამ ამ შემთხევვაში მთავარი დატვირთვა მოდის რუსეთის შინაგან ჯარზე, რომელსაც ასევე პრაქტიკულად არ ეხება შეიარაღებული ძალების რეფორმა რაოდენობრივი შემცირების თვალსაზრისით. ორივე ზემოაღნიშნული მიზნისთვის (ანუ გარე თუ შიდა ინტერესები და საფრთხეები) სამხედრო ძალის გამოყენების შემთხვევაში საქმე გვაქვს მხოლოდ ჩვეულებრივ შეიარაღებულ ძალებთან (conventional armed forces).

ამ მხრივ კი, მიუხედავად უამრავი კრიტიკისა, რუსეთის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის რეფორმაში რაციონალური მარცვალი არსებობს: შეიარაღებული ძალების რიცხოვნების შემცირება, საკომანდო-სახელმძღვანელო სისტემის შემცირება და გამარტივება, დივიზიურ-საპოლკო სისტემიდან ბრიგადულზე გადასვლა საკონტრაქტო სისტემის კიდევ უფრო გაფართოებით. ყოველივე ზმოაღნიშნული, რა თქმა უნდა რეფორმის სწორად წარმართვისა და წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, რუსეთის ჯარს უფრო ბრძოლისუნარიანსა და მობილურს გახდის, შემატებს სწრაფი რეაგირების საშუალებებს. თუ ამას გადაიარაღება და თანამედროვე საშუალებებით აღჭურვაც დაემატება, რეფორმა შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს. შეიარაღებული ძალების მუდმივ მზადყოფნაზე გადაყვანა რუსეთს საშუალებას მისცემს სწრაფად და ეფექტურად განახორციელოს სამხედრო ოპერაციები რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, ანუ პოსტ-საბჭოურ სივრცეში. მაგრამ ეს ჯერ-ჯერობით მხოლოდ გეგმები და სურვილებია, და რუსეთში არსებული მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური პრობლემიდან თუ გარემოებიდან გამომდინარე, რეფორმა შეიძლება ჩავარდეს.

ფინანსური კრიზისი, რა თქმა უნდა, რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი ხელისშემშლელი ფაქტორია. დღეს შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებებზე ექსპერტთა შეფასებით რუსეთის საერთო ეროვნული პროდუქტის 2,3-2,6% პროცენტი იხარჯება. სამხედროები ამ მონაცემის მინიმუმ 3,5%-მდე გაზრდას დიდი ხანია ამაოდ ითხოვენ, და საეჭვოა ახლო მომავალში მიაღწიონ, რადგან ასეთ შემთხვევაში რუსეთის მთავრობის სოციალური პროგრამები დაზარალდება. ფინანსების სიმწირეს შეიარღებულ ძალებში გამეფებული კორუფციაც ემატება: ამ "ხვრელში" ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიარდი რუბლი (თითქმის 45 მილიონი ევრო) ქრება.

რეფორმის გატარებას ხელს უშლის სამხედრო მაღალჩინოსნების წინააღმდეგობა, რაც, ცხადია, განპირობებულია მათი პირადი მოტივაციით - რაოდენობრივი შემცირება პირველ რიგში გენერალიტეტსა და ოფიცერთა კორპუსს ეხება, რომლებიც კარგავენ არა მარტო სამსახურსა და პრივილეგიებს (გენერალიტეტის შემთხვევაში), ასევე შემოსავლის წყაროს ჯარში გამეფებული კორუფციიდან. გენერალთა რაოდენობა 1107-და 886-ზე ჩამოდის, ანუ 20%-ით მცირდება. პოლკოვნიკების რაოდენობა 25 665-დან შემცირდება 9114-მდე. მაიორების - 99550 - დან 25000-მდე, ხოლო კაპიტანთა კი 90-დან 40000-მდე - ანუ, საერთო ჯამში 65%-იანი შემცირება. სამაგიეროდ იზრდება უმცროს ოფიცერთა რიცხვი: ლეიტენანტთა რაოდენობას 10 ათასი დაემატება და 60 000-ს მიაღწევს. დღეისათვის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ყოველ 2,5 ჯარისკაცზე ერთი ოფიცერი მოდის. რეფორმის მიხედვით კი ეს მაჩვენებელი საშუალო ევროპულს უნდა გაუტოლდეს ანუ ერთი ოფიცერი დაახლოებით ყოველ 15 ჯარისკაცზე და 1 გენერალი 1100 სამხდრო მოსამსახურეზე, რაც დახლოებით 200 ათასი სამხედრო მოსამსახურის (ოფიცრის) დათხოვნას ნიშნავს. მათი სოციალური უზრუნველყოფა საკმაოდ დიდი საბიუჯეტო ტვირთია. ეკონომიკური კრიზისის პირობებში ისედაც გართულებული სოციალური ვითარების ფონზე დამატებით 200 ათასი უმუშევრის გამოჩენა ნეგატიურად აისახება შიდა პოლიტიკურ გარემოზე. გარდა ამისა როგორც წესი, თუკი უახლეს ისტორიას გავიხსენებთ, სისტემის გარეთ დარჩენილი ძალოვნები კრიმინალური სამყაროსთვის მეტად სასურველ ადამიანურ რესურსს წარმოადგენენ. მიუხედავად ამისა, ასეთი შემცირება აუცილებელია შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის.

ზემოაღნიშნული მიზეზების გარდა რეფორმისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმაღლესი ჩინის სამხედრო პირებსა და პოლიტიკურ წრეებში ამძაფრებს "წარსული დიდების" ნოსტალგიური ელემენტი და ჯერ კიდევ საკმაოდ მყარად გამჯდარი "დერჟავული ფსიქოლოგია".

რეფორმას სერიოზული, ობიექტური, საფრთხე შეიძლება შეუქმნას რუსეთში არსებულმა დემოგრაფიულმა ვითარებამ. რუსეთის მოსახლეობის რაოდენობას შემცირების ტენდენცია ახასიათებს. კონკრეტულად მოზარდ მამაკაცთა (15-19 წლები) რაოდენობა, სხვადასხვა გათვლებით, საგრძნობი შემცირების ტენდენციით ხასიათდება: თუკი 2005 წელს ის დაახლოებით 6 მილიონს უტოლდებოდა (ანუ მამაკცთა საერთო რაოდენობის თითქმის 9,5%), 2015 წლისთვის ეს ციფრი დაახლოებით 1,3 მილიონამდე ჩამოდის (იმ დროისთვის მამაკაცთა სერთო რაოდენობის 4,7%). ამ მაჩვენებლების მცირედი ზრდა სავარაუდოდ მხოლოდ 2018-დან შეიძლება დაიწყოს. რადგან რუსეთის რეფორმირებული სამხედრო ძალების რაოდენობრივი ბირთვი სწორედ ახალგაზრდა ოფიცრებზე და ჯარისკაცებზე მოდის, შეიარაღებული ძალები შესაძლოა უბრალოდ ადამიანური რესურსის პრობლემის წინაშე დადგეს. როდესაც დემოგრაფიაზე ვსაუბრობთ, ალბათ კულტურული ასპექტიც უნდა ვახსენოთ - რუსეთში მუსულმანური მოსახლეობის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რასაც ალბათ თავისი გავლენა ექნება შეიარაღებულ ძალებზეც.

დაბოლოს, ნებისმიერი რეფორმა მხოლოდ სახელმწიფოს განვითარების საერთო კონტექსტში უნდა ჯდებოდეს. ამ თვალსაზრისით, რუსეთში მიმდინარე სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ პროცესებსაც რომ არ შევეხოდ, შეუსაბამობანი ვლინდება ისეთ საკითხებშიც, რომლებიც უშუალოდ და პირდაპირაა დაკავშირებული თავდაცვის სფეროსთან. სამხედრო რეფორმა მიმდინარეობს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ჯერ არ არსებობს ახალი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, და, შესაბამისად, სამხედრო დოქტრინა. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით ახალი სამხედრო დოქტრინა უკვე შემუშავებულია, მაგრამ ჯერ კიდევ დამტკიცების პროცესშია (საბოლოო შეთანხმება უშიშროების საბჭოს დონეზე, და შემდგომ მისი პრეზიდენტის მხრიდან დამტკიცება), და ამდენად ჯერ არავის უნახავს. თავად სამხედრო დოქტრინა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესაბამისი უნდა იყოს. და რადგან უსაფრთხოების კონცეფცია ჯერ არ არსებობს, საკითხავია რას ეფუძნება სამხედრო დოქტრინა? წინააღმდეგობას ამძაფრებენ პიროვნული ფატორებიც, და ისიც, რომ თავდაცვის სამინისტროსა და გენრალური შტაბს შორის სამხედრო რეფორმისადმი განსხვავებული მიდგომები არსებობს. საბოლოო გადაწყვეტილება ცხადია პრეზიდენტის დონეზე მიიღება, მაგრამ ასეთი განლაგების პირობებში, რა თქმა უნდა, იზრდება შანსი იმისა, რომ სამხედრო რეფორმა, სამხედრო დოქტრინა და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ერთმანეთისგან განყენებულად განვითარდეს, რაც საბოლოოდ სამივე მათგანის მარცხს გამოიწვევს. სავარაუდოდ სწორედ ამდაგვარი შეუთანხმებლობისა თუ დაპირისპირების გამო 26 მარტს კრემლში გამართული უშიშორების საბჭოს სხდომა, რომელზეც 2020 წლამდე რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია უნდა ყოფილიყო მიღებული, უშედეგოდ დამთავრდა. უშიშროების მდივნის ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით სხდომაზე ახალი, მათ შორის დიამეტრულად განსხვავებული წინადადებებიც გაჩნდა, რის გამოც კონცეფციის დამტკიცება კიდევ ერთი თვით გადაიდო. ამდენად, რუსული სამხედრო რეფორმა, რომელიც ჯერ მხოლოდ საწყის ფაზაშია, უკვე უამარავ ობიექტურ, სუბიექტურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ბიუროკრატიულ თუ საერთოდ ალოგიკურ წინააღმდეგობებს აწყდება. თუმცა ასეთი კაზუსები რუსეთის რეფორმების ისტორიაში არახალია. ფაქტი ისაა, რომ რეფორმირებული თუ არარეფორმირებული რუსული სამხედრო მანქანა პოსტსაბჭოურ სივრცეში ჯერ-ჯერობით ყველაზე ძლიერ ძალად რჩება.

საერთაშორისო კონფერენცია ”რუსეთ-ირანის ენერგეტიკული თანამშრომლობა: ჰუმანიტარული სტრატეგიები”

მოსკოვში, რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია თემაზე: ”რუსეთ-ირანის ენერგეტიკული თანამშრომლობა:

რას მოასწავებს რუსეთ-თურქეთის დაახლოება?

გიორგი მოლოდინი

რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი

რუსეთისა და თურქეთის დაახლოება ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საინტერესო რეალიას წარმოადგენს საერთაშორისო პოლიტიკურ სცენაზე

რუსეთის ”ირანიზაცია” - შესაძლებლობა, აუცილებლობა თუ ფანტაზია?

გიორგი ვეკუა

რუსეთის საფონდო ბირჟა ჯერ ისევ ”ფსკერთან” ფართხალებს, როგორც უყვართ ხოლმე თქმა საბირჟო ”ანალიტიკოსებს”, რომლებიც ყოველდღე აცხობენ თავიანთ პროგნოზებს. მათი საყვარელი ფრაზებია: ”ბირჟა ელოდება სიახლეებს აშშ-დან”... ”განწყობას ბირჟაზე განაპირობებს აშშ-ს შრომის ბაზრის ახალი ამბები”... და ა.შ. რა თქმა უნდა, გლობალიზაციის პირობებში ეს გასაგებიცაა, მაგრამ ასეთი მჭიდრო ბმა რუსული საფონდო ბაზრისა ამერიკულთან, თანაც რუსული აქციების უკიდურესი სიიაფის პირობებში მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე: რეალურ სუვერენიტეტამდე რუსეთს ჯერ კიდევ ბევრი უკლია.

კი მაგრამ, რა შუაშია სუვერენიტეტი, იკითხავს მკითხველი. იმ შუაშია, რომ რუსეთის ეკონომიკა, როგორც ჩანს, არც ისე სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, თუკი ე.წ. მსოფლიო კრიზისმა ასე ძლიერ გააიაფა რუსული კომპანიების აქციები, უფრო მეტად, ვიდრე სხვა განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის ე.წ. BRIC-ის ქვეყნებში (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი). ეკონომიკის გარეშე, რომელსაც ნებისმიერი კრიზისის დროს, მათ შორის ხელოვნურად გამოწვეული კრიზისის დროსაც, შეეძლება სტაბილურად იფუნქციონიროს, რაიმე სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია.

და რა დავინახეთ რუსეთის შემთხვევაში, დაწყებული აგვისტო-სექტემბრიდან? ქვეყნიდან დასავლური სპეკულაციური კაპიტალის გაქცევა, საფონდო ბაზრების უფსკრულში ჩაქცევა, რაც გაჭირვებით შეაჩერეს საფინანსო ინექციების საშუალებით, პანიკა, რომელსაც ზოგი ექსპერტი, საიტი თუ გაზეთი აღვივებდა, მოსახლეობის მიერ ანაბრების მასობრივი გატანა ბანკებიდან, და სულ ახლახანს, გიგანტური სავალუტო სპეკულაციები რუსული ბანკების (მათ შორის, სახელმწიფო ბანკების!) მონაწილეობით, რომლებიც ”რუბლის წინააღმდეგ” თამაშობდნენ და ყიდულობდნენ უცხოურ ვალუტას, იმის მაგივრად, რომ ეკონომიკა დაეკრედიტებინათ. ასეთი რამეები არ უნდა მომხდარიყო, ნებისმიერი ”კრიზისის” მიუხედავად, ეკონომიკის ფუნდამენტი სწორად რომ ყოფილიყო ჩადებული. რუსეთის მთავრობა და ფინანსური წრეები არ უნდა გამოკიდებოდნენ სპეკულაციური კაპიტალის მოზიდვას, საფონდო ბირჟების უსასრულოდ გაბერვას და უზარმაზარი რეზერვების დაგროვებას, რომლებიც ახლა ისევე სწრაფად იხარჯება, როგოც იზრდებოდა. ეს უბრალოდ ხდება იმ ვალების დაბრუნება, რომლებიც რუსეთის კომპანიებმა აიღეს დასავლეთში, ოღონდ თუ მაშინ დოლარი 24-25 რუბლი ღირდა, ახლა 35-36 ღირს...

ამგვარი ვალები 400 მილიარდ დოლარს აღემატება. დაიხარჯა თუ არა ეს ფული ინფრასტუქტურის და რეალური ეკონომიკის განვითარებაზე? ნაწილობრივ კი, მაგრამ ამავე დროს მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც იმპორტის გაზრდას მოხმარდა, მათ შორის სასურსათო და სხვა ფართო მოხმარების საქონლის იმპორტს.

ახლა კი ყურადღება მივაქციოთ ირანს. ამ ქვეყანას საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან და საქართველოსაც მოუწევს მასთან ინტენსიური ურთიერთობების აწყობა, თუკი როდესმე ჩვენი სამშობლო განთავისუფლდება პროამერიკული კომპრადორული ხელისუფლებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ირანი დასავლეთის ქვეყნების მხრიდან მკაცრი სანქციების ქვეშ იმყოფება და იძულებულია დიდი თანხები ხარჯოს აშშ-ს და ისრაელის შესაძლო თავდასხმის მოგერიების თავიდან ასაცილებლად, ეკონომიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში ნორმალურ კალაპოტში მიმდინარეობს. თუმცა ირანი უფრო მეტადაც კი დაზარალდა ნავთობზე ფასის დაცემის გამო, ვიდრე რუსეთი, რადგან ირანი მხოლოდ ნავთობის ექსპორტიორია, რუსეთი კი გაზისაც, ხოლო გაზის ფასი ნავთობის ფასზე 6-9 თვიანი დაგვიანებით იცვლება. გარდა ამისა, ირანმა გაცილებით გვიან დაიწყო სამრეწველო განვითარება: 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ქვეყანა ათწლიან ომში ჩათრეული აღმოჩნდა, 90-იანი წლების ბოლოს და ამ საუკუნის პირველ წლებში კი ხელისუფლებაში ე.წ. ლიბერალები, ზომიერი ისლამისტები იყვნენ, რომლებიც არასაკმარისად ანვითარებდნენ ეკონომიკის ყველა დარგს.

ირანში არ შეინიშნებოდა არც ფართომასშტაბიანი სავალუტო სპეკულაციები, არც საფონდო ბაზრის მკვეთრი დაცემა, არც დეპოზიტების გადინება ბანკებიდან, არც ეკონომიკის დაკრედიტების პარალიზება და არც ადგილობრივი ვალუტის გაუფასურება. მართალია, ირანში მაღალი ინფლაციაა, მაგრამ მთავრობის სწორი სოციალური პოლიტიკის გამო ის არ აწვება მძიმე ტვირთად მოსახლეობის ღარიბ ფენებს და არც ეკონომიკის განვითარებას აბრკოლებს. უმუშევრობის დონე ნელა, მაგრამ სტაბილურად მცირდება. ამჟამად ის 10 პროცენტის დონეზეა და 2005 წელთან შედარებით 2-3 პუნქტით შემცირდა და ეს იმ ქვეყანაში, სადაც გაჭირვებით ხერხდება შობადობის კონტროლი და მოსახლეობის 40 პროცენტი 25 წელზე ახალგაზრდაა.

რა შეიძლება იყოს ირანსა და რუსეთს შორის ამგვარი განსხვავების მიზეზი? იქ რატომ არ გაიქცნენ ადამიანები მასიურად თავიანთი ფულის ევროებზე, ფუნტებზე, იენებზე და მით უფრო, დოლარებზე გადასახურდავებლად? რატომ არ დაიწყეს ბანკებიდან ანაბრების გატანა? თავად ბანკებმა რატომ არ მიჰყვეს ხელი სავალუტო სპეკულაციებს? ეს ყველაფერი არ მოხდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ირანში არსებობს გარკვეული დისციპლინა და ზოგიერთი რამ აკრძალულია, არამედ იმიტომაც, რომ ამ ქვეყანაში სხვა ”თამაშის წესები” მოქმედებს, საზოგადოებას და ხელისუფლებას სხვა მენტალიტეტი აქვს. მათ გააჩნიათ მკაფიო გაგება იმისა, რომ ირანი სუვერენული ქვეყანაა და ისე უნდა მოიქცე, რომ ქვეყანა არ დაიქცეს, ხალხმაც ნორმალურად იცხოვროს და ეკონომიკაც რენტაბელური იყოს. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე რაიმე ეკონომიკური თეორიები და მაღალკვლიფიციური ეკონომისტები, რომლებსაც ”დიდი ავტორიტეტი” აქვთ დასავლეთში. სინამდვილეში კი ბევრად უფრო მნიშვნელოვანიცაა, რადგან სწორი მენტალიტეტის გარეშე არავითარი ეკონომიკური რეცეპტები, მითუმეტეს, დასავლური, არ იმუშავებენ.

”სწორი მენტალიტეტი” - ეს მორიგი საბჭოური ელფერის მქონე ლოზუნგი არაა, არამედ გადაუდებელი აუცილებლობა ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც სურს სინამდვილეში სუვერენული იყოს და არ დაიხრჩოს ამერიკულ ”ლიბერალურ” ჭაობში. ეს არის იდეოლოგია, საკუთარი პოლიტიკური თეორია, რომელიც უნდა ჰქონდეს ყველა ქვეყანას, მათ შორის რუსეთს ან თუნდაც საქართველოს. იდეოლოგიის დამკვიდრება შეუძლებელია ”ზემოდან”, დირექტიულად, მაგრამ უპირველეს ყოვლისა სახელისუფლებო, მმართველობითი და ინტელექტუალური ელიტა უნდა იყოს მისი მატარებელი. ”გაჟღენთილი” უნდა იყოს შესაბამისი ფასეულობებით და განწყობებით.

სრულიად ნათელია, რომ რუსეთში (ისევე როგორც საქართველოში) იდეოლოგიის, საკუთარი პოლიტიკური თეორიის საფუძველი უნდა გახდეს მართლმადიდებლობა. არავითარი სხვა საფუძველი არ არსებობს. იგივეა ირანშიც, სადაც შიიზმი წარმოადგენს სახელმწიფო იდეოლოგიის საფუძველს. მაგრამ რუსეთი ის ქვეყანაა, რომელშიც ცხოვრობენ ავტოქტონი არამართლმადიდებელი აღმსარებლობის ხალხები, ძირითადად მუსლიმები (სუნიტები) და ბუდისტები (ლამაისტები). ამიტომაც მუშაობა იდეოლოგიაზე, პოლიტიკურ დოქტრინებზე უნდა გულისხმობდეს არამართლმადიდებელი ხალხების ინტეგრაციის პრობლემას საზოგადოებაში, რომლის იდეოლოგია დაემყარება მართლმადიდებლობას. ჩვენი აზრით, აქ არ არსებობს რაიმე გადაულახავი წინააღმდეგობანი, რადგან ტრადიციულ კონფესიებს (მართლმადიდებლობა, ისლამი, თუნდაც სუნიტური მიმართულების და ბუდიზმი ლამაიზმის სახით) შეუძლიათ თანაცხოვრება ტრადიციულად ორიენტირებული საზოგადოების ფარგლებში.

გარდა საფუძვლისა (მართლმადიდებლობისა), ახალი რუსეთის იდეოლოგია გამდიდრებული უნდა იყოს სხვა სააზროვნო პროდუქტებით და ფასეულობებით, რომლებიც რეალურად გათავისებული იქნებიან ხალხის დიდი ნაწილის და ელიტის მიერ და გამოდევნიან მათი ცნობიერებიდან ე.წ. ლიბერალურ ფასეულობებს, რომლებიც თავს მოახვიეს რუსულ საზოგადოებას (ისევე როგორც ქართულს) ბოლო წლებში. აქ არ არის ამ თემაზე დეტალურად საუბრის საშუალება, მაგრამ აღვნიშნავთ, რომ რუსეთში უკვე შეინიშნება საკმაოდ საინტერესო მოძრაობა ამ მიმართულებით. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ახალი სააზროვნო პროდუქტების შესამუშავებლად, ხდება გადაფასება და წამოწევა ისტორიულად არსებული საზოგადო-ფილოსოფიური მიმართულებებისა და მათ ბაზაზე ახალი მიმდინარეობების ჩამოყალიბება. თუ ეს პროცესი დინამიურად გაგრძელდა, მაშინ შესაძლებელია შეიქმნას ახალი იდეოლოგია, რომელიც დაეფუძნება მართლმადიდებლობას და რუსი ხალხის ყოფიერების, აზროვნების და ისტორიის საფუძვლების გააზრებულ წარმოდგენებს.

ტექნოლოგიურად ამჟამინდელი ”ლიბერალური” იდეოლოგიიდან ახალ იდეოლოგიაზე გადასვლის პროცესი საკმაოდ რთული ჩანს. ლიბერალიზმის ან უფრო სწორად, სამოქალაქო საზოგადეობის დასავლური იდეოლოგია დღეს უკვე იდეოლოგია ან პოლიტიკური თეორიაც აღარ არის. ის იქცა ყოველდღიურობად, ჩაჯდა საყოფაცხოვრებო, საინფორმაციო პროცესების ქსოვილში და დამკვიდრდა, როგორც ფონი, ცხოვრების საფუძველი. შეუძლებელია ამ ფონის კავალერიული შეტევით ან დირექტიულად მოსპობა თუ ბლოკირება. ის განაპირობებს ლამის ყველაფერს ჩვენს ირგვლივ - დაწყებული მოხმარების სტრუქტურიდან დამთავრებული კვების, ჩაცმის, ქცევის სტილით, შობადობის მოდელით და ა.შ. თუ სახელმწიფო შეეცდება დასავლური მას-კულტურის და იდეოლოგიის ეს მძლავრი ნაკადი ერთბაშად შეაჩეროს, მაშინ შეიძლება წარმოიქმნას ვაკუუმი, რადგან არ არსებობს მზა მოდელები, რომლებიც ჩაანაცვლებდნენ არსებულს და ადამიანებს მისცემდნენ ორიენტაციის საშუალებას. ამიტომ აუცილებლობას წარმოადგენს ახალი, ალტერნატიული მოდელების და სააზროვნო პროდუქტების შექმნის დაჩქარება, რათა შესაძლებელი ფახდეს მათი საშუალებით ყოველდღიური ყოფის თანდათანობითი შევსება და ”ლიბერალური” ფასეულობების და მოდელების გამოდევნა.

ავიღოთ, მაგალითად, დემოგრაფიული სიტუაცია. რუსეთი იდგა და დღესაც დგას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე (ისევ და ისევ, საქართველოც ანალოგიურად). მოსახლეობა რუსეთში წინა წლებში მცირდებოდა მილიონზე მეტი ადამიანით ყოველწლიურად, მიმდინარეობდა მოსახლეობის დაბერების და სასკოლო ასაკის ბავშვების რაოდენობის სწრაფი კლების პროცესები. 2000 წლიდან დაწყებულმა ცხოვრების დონის აწევამ თითქმის ვერ მოახდინა გავლენა დემოგრაფიულ სიტუაციაზე. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ცნობილ ფაქტს, რომ შობადობა და ცხოვრების დონე პირდაპირპროპორციული არ არიან. პირიქით, უკუპროპორციულიც კი არიან ხშირად (რაც უფრო მაღალია ცხოვრების დონე, მით უფრო დაბალია შობადობა). მხოლოდ უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში რუსეთში შეინიშნება გარკვეული ცვლილებები, რაც უკავშირდება სამთავრობო პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს მატერიალურ წახალისებას მე-2 ბავშვის გაჩენისთვის. მაგრამ არანაკლები, თუ მეტი არა, როლი ითამაში, როგორც ჩანს, სახელმწიფო პროპაგანდამ. სწორედ ეს არის მთავარი - ადამიანების მენტალიტეტი, მათი შეხედულებები ცხოვრებაზე. არავითარ მატერიალურ წახალისებას არ ძალუძს მენტალობის შეცვლის გარეშე შობადობის აწევა და ეს კარგად ჩანს განვითარებული ქვეყნების მაგალითზე. მხოლოდ მაშინ, როცა მოსახლეობის უმრავლესობა ტრადიციულ ფასეულობებს მისდევს (და არა ლიბერალურს ანუ სამოქალაქო საზოგადოების ფასეულობებს), მართლაც რელიგიურია და ამავე დროს, ამაყობს საკუთარი ქვეყნით და გულდამშვიდებული უყურებს მისი მომავალს, შესაძლებელია მაღალი შობადობის უზრუნველყოფა. ეს მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუკი ქვეყანას გარკვეული ეკონომიკური სიძნელეები აქვს და ცხოვრების დონეც დაბალია სხვებთან შედარებით. აი პრაქტიკული მაგალითი, როცა იდეოლოგიის თავისებურებები, ფასეულობები უშუალოდ ახდენენ ზეგავლენას საზოგადოების ძირითადი პრობლემების გადაჭრაზე, რომლებიც არანაირი სხვა გზით არ გადაიჭრება.

დემოგრაფიის თემას უკავშირდება ისეთი საკითხიც, როგორიცაა მოსახლეობის განსახლება. რუსეთი ამ მიმართულებითას სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას (დავიღალეთ ერთიდაიგივეს წერით, მაგრამ ანალოგიურად საქართველოც - კარგად ჩანს, რამდენად ბევრი საერთოა ამ ორ ქვეყანას შორის, მიუხედავად განხვავებებისა, თუნდაც პრობლემების თვალსაზრისით). ციმბირი, შორეული აღმოსავლეთი დასახლებულია უკიდურესად მეჩხერად. ამავე დროს, საზღვრის მეორე მხარეს, ასობით მილიონი ადამიანი უკვე ვეღარ ეტევა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში. ეს განსხვავება ქმნის ისეთივე წნევას, როგორსაც წყალუხვი მთის მდინარე ახდენს კაშხალზე. ამ კაშხლის გარღვევა უზარმაზარი ტერიტორიების ”დატბორვის” საფრთხეს ქმნის. როგორ შეიძლება საკუთარი (არა ჩამოსული) მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა ამ რეგიონებში? შობადობის გაზრდის გარდა, გარდაუვალი ხდება რუსეთის ცენტრალური რეგიონებიდან ხალხის გადასახლების პოლიტიკის დაწყება. მაგრამ ვერანაირი ეკონომიკური სტიმულები და შეღავათები ვერ იმუშავებს ეფექტურად ამ მიმართულებით, თუ არ იქნა იდეოლოგიური მოტივაცია. მხოლოდ პატრიოტულად განწყობილ ადამიანებს, რომლებსაც შეგნებული აქვთ თავიანთი მისია ქვეყნის და შთამომავლობის წინაშე, შეუძლიათ გახდნენ დიდი იმიგრაციული ნაკადების შემადგენელი ნაწილი. ამავე დროს, ეკონომიკური წახალისების გარეშეც არაფერი გამოვა.

დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას სხვა პრობლემებზეც. ამასწინათ, აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ წამოაყენა დევიზი, რომელიც ეკონომიკის გადარჩენის ოფიციალურ პროგრამაშიც კი ჩაიწერა: ”იყიდე მხოლოდ ამერიკული (ნაწარმი)!”. იგივე დევიზი უნდა ჰქონდეს ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანას: იყიდე პირველ რიგში შენი საკუთარი ნაწარმი. შესაძლებელია თუ არა ამის განხორციელება თანამედროვე რუსეთში, დასავლური სამომხმარებლო მოდელის და სამოქალაქო საზოგადოებისკენ სწრაფვის პირობებში? აბსოლუტურად შეუძებელია. ამასთან იდეოლოგია საჭიროა თუნდაც იმისთვის, რომ საზოგადოებამ რამე აწარმოოს, რადგან თუ არაფერს აწარმოებ, ვერც ვერაფერს იყიდი (შენს საკუთარს).

პირველ რიგში კი საჭიროა საკუთარი კვების პროდუქტების წარმოება და მოხმარება, რათა უზრუნველყოფილი იქნას სასურსათო უსაფრთხოება. და ამასთან, ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი პროდუქტების და არა გენეტიკურად მოდიფიცირებულების და ქიმიკატებით გატენილი, პლასტმასის გემოს მქონე ”სურსათის”. ესეც იდეოლოგიაა - რა ვჭამოთ, როგორ, როდის, როგორ მომზადებული და ა.შ. არავინ იფიქროს, რომ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური კინკლაობები თუ მთავრობის დეკრეტები. ყველაფერი იწყება საფუძვლიდან, ყოველდღიური ცხოვრებიდან, ადამიანთა შორის ურთიერთობებიდან, ქცევის მოდელებიდან... ცოტაოდენი უტრირებას თუ დავუშვებთ, შეგვიძლია ვთქვათ: ხალხი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველდღიურად ან ხშირად მაინც იკვებება, ვთქვათ, მაკდონალდსებში (ჰამბურგერებით), ვერასოდეს შექმნის სუვერენულ სახელმწიფოს, ვერც საკუთარ კულტურას, ფასეულობებს და სააზროვნო პრიდუქტებს.

სხვა გზა კი არ არსებობს, არც რუსეთისთვის, არც ირანისთვის, არც საქართველოსთვის და სხვა ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს თვითიდენტიფიკაციის შენარჩუნება ან გამოკვეთა და არ სურს შთაინთქას პროფანიზებულ თანამედროვე რეალობაში, იმის გარდა, რომ შექმნას საკუთარი იდეოლოგია თავისივე რწმენის საფუძველზე და გაამდიდროს იგი იდეებით, რომლებსაც აიღებს ეროვნული ცნობიერების თუ არაცნობიერის სიღრმეებიდან, მითოსიდან და ტრადიციებიდან.

დამოუკიდებლობის ფორმულა - როგორ განვთავისუფლდეთ რუსეთისგან (ნაწილი მეორე)

 

ჯიმი ჯალიაშვილი

წინა წერილის დასკვნით ნაწილში ვცადეთ გაგვერკვია, რომელი მხარე დარჩა ”აგვისტოს კონფლიქტში” გამარჯვებული.

დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის ფორმულა - როგორ განვთავისუფლდეთ რუსეთისგან (ნაწილი პირველი)

ჯიმი ჯალიაშვილი

 

შესავალი. 

დღიდან დამოუკიდებლობის მოპოვებისა, საქართველო იბრძვის

რუსეთი და საქართველო

ვალერიან ადვაძე 

 აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემების გადაწყვეტის გასაღები მოსკოვის ხელშია, ამბობდა შევარდნაძე.