ქვეყანათმცოდნეობა

ყაზახეთის მოდერნიზაცია

ყაზახეთის მოდერნიზაცია

 რა უნდა გააკეთოს ყაზახეთმა, რათა მიაღწიოს მსოფლიოს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ფარგლებში წარმატებას? ამ კითხვაზე პასუხი მოცემულია ყაზახეთის სახელმწიფოს პრეზიდენტის,

ნურსულთან ნაზარბაევის მიმართვაში, რომელიც ამა წლის 10 იანვარს გამოქვეყნდა.

ახალი ტექნოლოგიური მოწყობა, რომელიც მსოფლიოში მკვიდრდება, კარდინალურად ცვლის ადამიანების ჩვეულ ცხოვრებას - წერს ნაზარბაევი. ამასთან, მისი აზრით, სრულდება ნავთობით განპირობებული შემოსავლების ბუმი, რაც მოითხოვს ყაზახეთისგან, ისევე, როგორც ბევრი სხვა სახელმწიფოსაგან, განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას. გლობალური განვითარების ტენდენცია მოწმობს, რომ ცხოვრების დონის ამაღლება, ახლებურ პირობებში, მოითხოვს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ელემენტების დანერგვას.

ყაზახეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ახალი მსოფლიოს ლიდერთა რიგებში ყოფნა შესაძლებელია შუა აზიის ლიდერი სახელმწიფოსათვის - ყაზახეთისათვის. საამისოდ მას ყველაფერი აქვს. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ამ სახელმწიფომ დააგროვა კრიზისული პერიოდების წარმატებით გადალახვის გამოცდილება, გასულ წლებში რამდენიმე ასეთი კრიზისი იყო მსოფლიოსა და რეგიონშიც, მაგრამ ყაზახეთის ეკონომიკამ სტაბილურობა გამოავლინა, იგი ერთგვარ ბრენდად იქცა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ნდობას იმსახურებს. ყაზახეთის მსოფლიო დონეზე წარმოსაჩენად დიდი როლი შეასრულა საერთაშორისო სპეციალიზებულმა გამოფენამ „ექსპო-2017“, რომელიც ასტანაში გაიმართა, ისევე, როგორც ყაზახეთის არჩევამ გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად. შუა აზიის რეგიონიდან ყაზახეთი პირველი სახელმწიფოა, რომელიც უშიშროების საბჭოს წევრი გახდა და მთელი 2018 წლის მანძილზე იგი წარმოადგენს შუა აზიის ინტერესებს სახელმწიფოთა ამ ავტორიტეტულ კრებულში.

თუმცა, პრეზიდენტი ნაზარბაევი, წარსულ წარმატებებთან ერთად, არ ივიწყებს სამომავლო გეგმებს. მომავლის წარმატებისათვის აუცილებელია ტექნოლოგიური გაძლიერება, რა მიზნითაც დასახულია 10 კონკრეტული, მკაფიო და გასაგები ამოცანა. პრეზიდენტის მიმართვაში ამის შესახებაც არის საუბარი.

პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის ის, რომ ინდუსტრიალიზაციას თან უნდა ახლდეს ახალი ტექნოლოგიების გააზრებული დანერგვა. როგორც აქამდე, ისე ახლაც, ორიენტაცია აღებული უნდა იქნას გადამამუშავებელ სექტორზე, შრომის მაღალი ნაყოფიერებით, მაგრამ, როგორც აღნიშნავს ნაზარბაევი, ეს ინდუსტრიალიზაცია ინოვაციური უნდა იყოს. ყაზახეთის წარმოების „ციფრული ეპოქა“ მაშინ დადგება, როდესაც ქვეყნის საწარმოებისათვის შემუშავებული და დანერგილი იქნება მოდერნიზაციისა და ტექნოლოგიების ტრანსფერტის მასტიმულირებელი ახალი ინსტრუმენტები. უნდა განხორციელდეს საცდელი პროექტები, რომელთა ფარგლებში მოხდება რამდენიმე ინდუსტრიული საწარმოს გადაყვანა ციფრულ ყაიდაზე - ეს პრეზიდენტ ნაზარბაევის ერთ-ერთი პირველი განკარგულებათაგანია.

გარდა ამისა, პრეზიდენტი მოითხოვს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ინოვატორების საკუთარი ეკოსისტემის განვითარებას, რაც ნაზარბაევ-უნივერსიტეტის, ასტანის საერთაშორისო საფინანსო ცენტრისა და IT- სტარტაპების საერთაშორისო ტექნოპარკის ბაზაზე უნდა მოხდეს.  სახელმწიფოს მეთაურმა ყურადღება გაამახვილა კანონმდებლობის შემუშავების აუცილებლობაზე, რომელიც მიმართული იქნება ახალი ტექნოლოგიების მიმართ მოთხოვნილების ზრდაზე, ეკონომიკის რეალური სექტორის მხრიდან. აუცილებელია, თავიდანვე იქნას გამომუშავებული და შეთანხმებული ეკონომიკაში ციფრული სისტემის დანერგვის შედეგად გამოთავისუფლებული სამუშაო ძალის დასაქმების პოლიტიკა - აღნიშნავს პრეზიდენტი. მისი დავალებით, 2018 წელს დაიწყება ინდუსტრიალიზაციის მესამე ხუთწლედის შემუშავება, რომელიც ეძღვნება წარმოებაში „ციფრული ეპოქის“ დამკვიდრებას. 

მეორე ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის სარესურსო პოტენციალის განვითარება. ამასთან დაკავშირებით, ნაზარბაევი აღნიშნავს, რომ აუცილებელია, მოხდეს სანედლეულო წარმოების ორგანიზებისა და ბუნებრივი რესურსების მართვისადმი მიდგომების კრიტიკული გადაფასება.  მნიშვნელოვანია, გამკაცრდეს მოთხოვნები საწარმოთა ელექტროენერგიით მომარაგების, ისევე, როგორც ენერგიის მომწოდებელთა მუშაობის ეკოლოგიურობისა და ეფექტურობის მიმართ. პრეზიდენტი მოითხოვს რეგიონების ხელმძღვანელებისგან, მიიღონ ზომები, რათა ბიზნესის წარმომადგენლები ჩაერთონ ტექნიკური და საყოფაცხოვრებო ნარჩენების თანამედროვე ტექნოლოგიებით უტილიზაციაში. მსოფლიო ბაზრებზე გასასვლელად, კარდინალურად უნდა მოხდეს სოფლის მეურნეობის კომპლექსის ახალი ორიენტირების დასახვა. ამ საქმეში გადამწყვეტი როლი, პრეზიდენტის აზრით, უნდა შეასრულონ აგრარული უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებმა, რომლებიც „აგრარულ სექტორში რეალურად მუშაობას აპირებენ ან  სამეცნიერო საქმიანობის წარმოება სურთ“. ეფექტურ მომხმარებლებს ნაზარბაევი სახელმწიფო დახმარებას ჰპირდება, საბანკო კრედიტების გაიაფების მიზნით, არაეფექტური სუბსიდიების გადმომისამართების გზით.

რიგით მეოთხე ამოცანა მიმართულია სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ეფექტურობის ამაღლებისაკენ. ამ სფეროში ციფრული ნოუ-ჰაუს დანერგვამ ლოგისტიკის ყველა რგოლის ურთიერთქმედების უზრუნველყოფა უნდა მოახდინოს. დასახულია მიზანი, რომ 2020 წლისათვის სატრანზიტო შემოსავლებმა შეადგინოს 5 მილიარდი დოლარი. ამასობაში, გასულ 2017 წელს ტვირთების ტრანზიტმა უკვე 17%-ს მიაღწია. კერძოდ, აუცილებელია, დაინერგოს ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემა, ასევე გაიზარდოს ყოველწლიურად გამოყოფილი თანხების მოცულობა ადგილობრივი მნიშვნელობის ავტოტრასების სარეაბილიტაციოდ, 150 მილიარდ ტენგემდე. ნაზარბაევმა გასცა განკარგულება, დაინერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები საყოფახცოვრებო, ასევე კომუნალურ სექტორებში. 2030 წლამდე ყაზახეთის ყოველ მოქალაქეს საშუალოდ ექნება 30 კვ. მ. ბინა, ნაცვლად ამჟამინდელი 21 კვ. მეტრისა. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელი იქნება „მშენებლობის ახალი მეთოდების, თანამედროვე მასალების, შენობათა პროექტირებაში და საქალაქო მშენებლობების დაგეგმვაში პრინციპულად ახალი მიდგომების გამოყენების გზით“. სახელმწიფოს მეთაურის მოთხოვნით, ინფრასტრუქტურის ყოველი ობიექტი აღჭურვილი იქნება „ინტელექტუალური მართვის სისტემებით“, რაც გამოიწვევს კანონმდებლობის ცვლილებასაც, მათ შორის, ბუნებრივი მონოპოლიების დარგში.

პრეზიდენტი ცალკე გამოყოფს საფინანსო სექტორის „გადატვირთვის“ მნიშვნელობას. კერძოდ, „ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ ბიზნესის გრძელვადიანი დაკრედიტების საკითხი ისე, რომ გათვალისწინებულ იქნას ეკონომიკის დარგების რეალური რენტაბელურობა“ - აღნიშნავს იგი. პრეზიდენტის მიმართვაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ უნდა დადგეს ბანკების იმ აქციონერთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ახდენს თანხების გადაქაჩვას აფილირებული კომპანიების ანგარიშებზე.

პრეზიდენტის მიმართვაში ხალხისადმი განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ადამიანურ კაპიტალს, როგორც მოდერნიზაციის საფუძველს. 2019 წლიდან საბავშვო ბაღებში დაინერგება პროგრამების ერთიანი სტანდარტები, რომლებიც ბავშვების სოციალური უნარ-ჩვევების და თვითგანვითარების განვითარების მიზნით იქნა შემუშავებული. 2021 წელს დასრულდება საშუალო განათლების სეგმენტში განახლებულ შინაარსზე გადასვლა. მეტიც, ამა წლის დასაწყისიდან, მასწავლებლები, რომლებიც ახალ შინაარსზე გადავლენ, მიიღებენ ხელფასს 30-პროცენტიანი დანამატით. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მოსწავლეთა სასახლეების ბაზაზე ყველგან უნდა შეიქმნას საბავშვო ტექნოპარკებისა და ბიზნესინკუბატორების ქსელი, ყველა საჭირო მოწყობილობით. უმაღლეს სასწავლებლებში მეცნიერების განვითარებას პრეზიდენტი მოიაზრებს მეტალურგიის, ნავთობისა და გაზის ქიმიის, სოფლის მეურნეობის, ბიო- და IT-ტექნოლოგიების პრიორიტეტულობით. „განათლების სფეროს უნდა მოვეპყრათ, როგორც ეკონომიკის ცალკე აღებულ დარგს, თავისი საინვესტიციო პროექტებითა და საექსპორტო პოტენციალით“ - მიიშნევს ყაზახეთის პრეზიდენტი.

ჯანდაცვის სფეროს ჩინოვნიკებს ნაზარბაევმა დაავალა „სახელმწიფოსათვის ხარჯიანი და ნაკლებეფექტური დისპანსერიზაციიდან დისტანციურ დიანგნოსტიკასა და ამბულატორულ მკურნალობაზე“ გადასვლა. გარდა ამისა, პრეზიდენტის მოთხოვნით შეიქმნება სამეცნიერო ონკოლოგიური ცენტრი, ასევე შემუშავებულ იქნება „ხალხის ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის სისტემის“ კოდექსის ახალი რედაქცია. რაც შეეხება დასაქმების სფეროს, ეკონომიკის ზრდის რეზერვად უმუშევრები და თვითდასაქმებულები გვევლინებიან - მიიჩნევს პრეზიდენტი. 2018 წლის 1-ლ აპრილამდე მიღებულ იქნება კანონი, რომელიც გააიოლებს თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის პროცესს და და ელექტრონული შრომის ბირჟის შექმნას დააჩქარებს. საპენსიო უზრუნველყოფის სისტემაში გასატარებელი რეფორმა მოითხოვს ყოველი მოქალაქისაგან, „სერიოზულად მიუდგეს თავისი შრომითი საქმიანობის ლეგალიზებას“. ამჟამად სახელმწიფო აძლიერებს შრომის უუნარო მოქალაქეების მხარდაჭერის ზომებს და ამა წლის 1-ლი ივლისიდან შემოღებულ იქნება სახელმწიფო დახმარება მშობლებისთვის, რომლებიც უვლიან 1-ლი ჯგუფის არასრულწლოვან ინვალიდებს.

საპრეზიდენტო მიმართვის მერვე ამოცანად დასახელებულია სახელმწიფო მართვის ეფექტურობის გაზრდა. აქაც, სახელმწიფოს მეთაური, საუბრობს ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესებაზე. „მნიშვნელოვანია, მიღებულ იქნას კანონი, მიმართული ბიზნესის შემდგომი დერეგულირებისაკენ“ - აღნიშნულია დოკუმენტში. ნაზარბაევი დარწმუნებულია, რომ მეწარმეებმა უნდა მიიღონ სახელმწიფოს მხარდაჭერა „ერთი სარკმლის“, ცალკეული სერვისები კი „ერთი მოთხოვნის“ პრინიციპით. მთავრობას დავალებული აქვს, მოამზადოს ბიზნესის ჩრდილიდან გამოყვანის სისტემური ღონისძიებები, ისევე, როგორც, დააჩქაროს პრივატიზაცია, გააფართოვოს საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხა სახელმწიფო ორგანოებისადმი დაქვემდებარებული საქვეუწყებო სტრუქტურების ხარჯზე. გარდა ამისა, პრეზიდენტი გამოყოფს კორუფციასთან პრევენციული ბრძოლის აუცილებლობას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას.  დაბოლოს, ნ. ნაზარბაევი აცხადებს სურვილს, რომ ასტანა ჩამოყალიბებას ე. წ. „ჭკვიან ქალაქად“, რეგიონებმა კი მოახდინონ დედაქალაქის გამოცდილების გაზიარება. „ჭკვიანი ქალაქები“ რეგიონული განვითარების „ლოკომოტივად“ უნდა იქცნენ.

შეჯამებისათვის, ყაზახეთის ლიდერი აღნიშნავს ყაზახების ერთ ერად შედუღაბების მნიშნელობასა და აუცილებლობას - „ერად, რომელიც დგას ისტორიული აღმასვლის ზღურბლზე, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში“. უმნიშვნელოვანესი წინაპირობა საამისოდ არსებობს - ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილობის, ასევე საზოგადოებრივი თანხმობის საფუძველზე ყაზახეთის სახელმწიფომ უკვე დაიწყო ეკონომიკის, პოლიტიკისა და ცნობიერების მოდერნიზაცია. 

რევაზ გიორხელიძე