ქვეყანათმცოდნეობა

ჩინეთის პოლიტიკა გაეროს უშიშროების საბჭოში და გლობალური მშვიდობის პრობლემა

ჩინეთის პოლიტიკა გაეროს უშიშროების საბჭოში და გლობალური მშვიდობის პრობლემა

თბილისის ღია უნივერსიტეტი

ჩინეთის პოლიტიკა გაეროს უშიშროების საბჭოში და გლობალური მშვიდობის პრობლემა

მკვლევარი: პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი გულბაათ რცხილაძე

 

შ ი ნ ა ა რ ს ი :

 

კვლევის შესახებ

§1. კვლევის მიზანი და აქტუალობა

§2. კვლევის მეთოდოლოგია

§3. კვლევის მოსალოდნელი შედეგები და მათი პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა

 

შესავალი: «დიდი სახელმწიფოების» ინტერესები და საერთაშორისო სისტემა

 

თავი 1-ლი: ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ეგოცენტრისტულ «რეალიზმსა» და საყოველთაო კეთილდღეობაზე ორიენტირებულ «იდეალიზმს» შორის

 

თავი მე-2: ჩინეთის საგაერო-პოლიტიკური თვითიდენტიფიკაცია

 

თავი მე-3: რაციონალიზმი საგარეო პოლიტიკაში

 

თავი მე-4: ჩინეთი გაეროში

§1. ირანის საკითხი

§2. ჩრდილოეთ კორეის საკითხი

§3. სირია

§4. ყირიმის (2014 წ.) საკითხის განხილვა გაეროში ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების ფონზე

 

დასკვნები

 

გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა

 

რეზიუმე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კვლევის შესახებ

 

§1. კვლევის მიზანი და თემის აქტუალობა.

 

ბოლო წლებში, მსოფლიოში გართულებული ვითარება უსაფრთხოების თვალსაზრისით, აშშ-სა და მის მოკავშირეებს, ერთი მხრივ და რუსეთს შორის, მეორე მხრივ, მძაფრი დაპირისპირების ფონზე, ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. თუმცა არსებობს მესამე მძლავრი პოლიტიკური ცენტრი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახით, რომელიც აღნიშნულ ორ ბანაკს შორის დაპირისპირების ფონზე, სწრაფი ტემპებით ვითარდება ყველა მიმართულებით და მისი პოლიტიკური წონა გლობალური მასშტაბით კიდევ უფრო იზრდება.

 

ჩინეთი, თავისი მოზომილი საგარეო-პოლიტიკური კურსით, რომელიც, ამავე დროს, ეროვნული ინტერესების უპირობო დაცვაზეა ორიენტირებული, მნიშვნელოვან ბალანსად შეიძლება იქნას განხილული, რუსეთ-დასავლეთის კონფრონტაციის პირობებში. ჩინეთის გლობალური პოლიტიკის პრიორიტეტების უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელთაგანია ამ სახელმწიფოს დამოკიდებულება მსოფლიოში არსებული სხვადასხვა მძაფრი პრობლემის მიმართ, რაც გამოიხატება გაეროს უშიშროების საბჭოში ამა თუ იმ რეზოლუციასთან დაკავშირებული ხმის მიცემით.

 

გამომდინარე აქედან, საკვლევი თემა ფრიად აქტუალურია მსოფლიო უსაფრთხოებისა და მშვიდობის პრობლემატიკის კონტექსტში, რამდენადაც, ჩინეთს, რომელიც არც ერთ მხარეს არ იკავებს და გლობალურ საკითხებს დამოუკიდებელი პოზიციებიდან განიხილავს, აქვს გარკვეული ბალანსის შესაძლებლობა, მსოფლიოში მშვიდობის დაცვის თვალსაზრისით. ეს ეხება როგორც ჩინეთის ხელისუფლების ინიციატივებს, ისე მიდგომებს სხვათა ინიციატივების მიმართ.

 

კვლევის მიზანი მდგომარეობს ჩინეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში ბოლო ათწლეულის მანძილზე მიღებულ ან უაყოფილ რეზოლუციებში გაწეული წვლილის აღწერასა და ანალიტიკურ შეფასებაში. საუბარია იმ რეზოლუციებზე, რომლებიც ეხება გლობალური და რეგიონული უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებს (მაგ., ჩრდ. კორეის ბირთვული პროგრამა, სირიის ომი და სხვ.). კვლევაში მოცემულია შეფასებები, თუ რამდენად მოქმედებს ან არ მოქმედებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკა, აქცენტით გაეროს უშიშროების საბჭოზე, გლობალური მშვიდობის შენარჩუნების თვალსაზრისით, არის თუ არა ჩინეთი ბალანსი დასავლეთისა და რუსეთს შორის არსებულ დაპირისპირებაში ან თუკი შეუძლია მას ასეთი როლის შესრულება.

 

კვლევაში მონაწილეობა აქვთ მიღებული სტუდენტებსაც, მონაცემთა ბაზის დამუშავებაში, ცალკეული დოკუმენტების მოპოვებასა და შესწავლაში, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს სტუდენტების პროფესიულ უნარ-ჩვევებსა და ცოდნის დონის ასამაღლებლად.

 

საქართველოში ადგილი არ ჰქონია საკითხის ამგვარად დასმას და კვლევის მიზანს ჯერ არ წარმოადგენდა ჩინეთის საგარეო პოლიტიკის განხილვა, გაეროს უშიშროების საბჭოში ხმის მიცემის საშუალებით, მსოფლიო მშვიდობის კონტექსტში.

 

 

§2. კვლევის მეთოდოლოგია.

 

დასმული საკითხი განხილულია ემპირიულ-ანალიტიკური მეთოდით, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, ითვალისწინებს აქტორზე მორგებული ინსტიტუციონალიზმის მიდგომებს.1 ეს არის აპრობირებული მეთოდოლოგია, რომელიც თითქმის ზედმიწევნით შეესაბამება ჩვენს მიერ წამოჭრილი საკვლევი საკითხის მოთხოვნებს - ეროვნული სახელმწიფო, ჩინეთი, თავისი პოლიტიკით, განიხილება, როგორც რაციონალურად მოქმედი სუბიექტი, საერთაშორისო სისტემის აქტორი, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუციას - გაეროს უშიშროების საბჭოს, იყენებს საკუთარი რაციონალური პოლიტიკური მიზნების რეალიზებისათვის და პოლიტიკური ამონაგების მაქსიმალურად გაზრდისათვის. ამასთან, საერთაშორისო სისტემის სუბიექტი, აქტორი, ანგარიშს უწევს ინსტიტუციის ფარგლებში დანერგილ შეთანხმებებსა და ჩვეულებებს.

 

მეორეს მხრივ, საინტერესოა ასევე კონსტრუქტივისტული მეთოდოლოგიური მიდგომაც, ამა თუ იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა ინტერპრეტაციის მიზნით, რათა მსოფლიო მასშტაბის პრობლემები შეძლებისდაგვარად დანახულ იქნას ჩინეთის „თვალით“, აღწერილ და გათვალისწინებულ იქნას ის სპეციფიკა, რომელიც ახასიათებს ამ თავისთავად, დანარჩენი მსოფლიოსაგან საკმაოდ განსხვავებული ისტორიისა და მენტალობის მქონე ერს.

 

წინამდებარე კვლევის ფარგლებში შეგნებულად ითქვა უარი პროექტის «ერთი სარტყელი – ერთი გზა» და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების დაწვრილებით განხილვაზე, რადგან ეს კონკრეტული საკითხები თბილისის ღია უნივერსიტეტის სხვა კვლევებშია გაანალიზებული.

 

 

§3. კვლევის მოსალოდნელი შედეგები და მათი პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა.

 

ანალიზის საფუძველზე მიღწეული შედეგები, შესაძლოა, გათვალისწინებულ იქნას ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით მისაღები გადაწყვეტილებების სწორი პროგნოზირებისათვის, განსაკუთრებით, გაეროს უშიშროების საბჭოში დასმული საკითხების (რეზოლუციების პროექტების) მიმართ. კვლევის შედეგებით, გამოიკვეთება ტენდენცია, თუ როგორია ჩინეთისთვის საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები და რამდენად შეესაბამება ეს პრიორიტეტები, საკუთარი თვალით დანახული ინტერესები, მსოფლიო მასშტაბით მშვიდობის დამკვიდრების შესაძლებლობებს. შესაძლებელი იქნება, გარკვეული პროგნოზების და დასკვნების გაკეთება კავკასიის რეგიონთან მიმართებაშიც (ამ მხრივ, საქართველოსათვის პრაქტიკული თვალსაზრისით, განსაკუთრებით ყურადსაღები შეიძლება აღმოჩნდეს ჩინეთის განვითარების პოლიტიკა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, რაც წინამდებარე კვლევაში საკმაოდ დაწვრილებით არის გაანალიზებული).

განხორციელებული კვლევა იქნება ერთ-ერთი საწყისი ეტაპი სამომავლო კვლევებისთვის ბიძგის მისაცემად. გარდა ამისა, იგი უხვად შეიცავს აქტუალურ ინფორმაციებს და გამოსადეგია სასწავლო პროცესში, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

* * *

 

შესავალი: «დიდი სახელმწიფოების» ინტერესები და საერთაშორისო სისტემა.

 

ნებისმიერ სახელმწიფოს, საერთაშორისო სისტემის სუბიექტს, აქვს თავისი გრძელვადიანი, ფაქტობრივად, მუდმივი, ინტერესები და მიზნები. ყოველი სუვერენული სახელმწიფოს საბაზისო ინტერესების სფეროს განეკუთვნება სუვერენიტეტის შენარჩუნება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხოლო სტაბილური, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი სახელმწიფოები გარესამყაროზე თავიანთი გავლენის (სამხედრო-პოლიტიკური, საფინანსო-ეკონომიკური, ასევე კულტურულ-იდეოლოგიური გავლენის) ზრდისკენ ისწრაფიან. სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკა ეფუძნება მატერიალური და არამატერიალური ხასიათის სარგებლის მაქსიმალიზაციის პრინციპს. ასეთია პოლიტიკური მეცნიერებების საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინაში «რეალისტური სკოლის» ხედვა, რომელიც ემპირიულად დადასტურებულია და აქტუალურია დღევანდელობაშიც. სარგებლის მაქსიმალიზაციის მოტივით სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკის განსაზღვრულობა მიიჩნევა რაციონალური მიდგომის გამოხატულებად,2 რაც თითქმის იდენტურია ინდივიდუალური ეგოისტური მისწრაფებებისა და სახელმწიფოთაშორისო დონეზე «ეროვნულ ეგოიზმად» იწოდება.3

მეორეს მხრივ, განსაკუთრებით, თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში, როდესაც არსებობს საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ამა თუ იმ სახელმწიფოს ინტერესების რეალიზება სხვა სახელმწიფოთა ხარჯზე მიუღებელია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) შექმნის უმთავრესი იდეური საფუძველი მსოფლიოში აგრესიისა და ომების მინიმიზაცია იყო, და ეს დღემდე ასეა.4 სუვერენული სახელმწიფოები ნებაყოფლობით ახდენენ გადაწყვეტილების მიღების უფლება-მოსილების დელეგირებას გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებზე (საერთაშორისო სასამართლოების ჩათვლით), მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისინი თავად იღებენ სუვერენულ გადაწყვეტილებას, თუ როგორ იმოქმედონ პრაქტიკაში. ბუნებრივია, რომ სხვადასხვა სახელმწიფოებს განსხვავებული შესაძლებლობები და საშუალებები აქვთ, გვერდი აუარონ საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებსა და გაეროს წესდების სულისკვეთებას, თუკი ეს მოთხოვნები და სულისკვეთება კონკრეტულ შემთხვევებში მათი ინტერესების რეალიზებასა და სარგებლის მაქსიმალიზაციას ხელს უშლის. ამ მხრივ, სხვებზე უფრო მეტ იურიდიულ ბერკეტს ფლობენ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები, რომელთა შორის, აშშ-ის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის გვერდით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დგას.

წინააღმდეგობა ერთის მხრივ, სახელმწიფო ინტერესებსა და, მეორეს მხრივ, თანასწორობის პრინციპს, ასევე საერთაშორისო სამართალს შორის, საერთაშორისო ურთიერთობებში ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს სისტემური პრობლემა არსებობს და კვლავაც იარსებებს. «რეალპოლიტიკა» თანამედროვე პირობებში გულისხმობს სწორედ ეგოცენტრისტული ინტერესების განხორციელებას საერთაშორისო სამართლის თუ სხვა შემზღუდავი ფაქტორების გვერდის ავლით, საჭიროების შემთხვევაში – სამხედრო ძალის გამოყენებითაც კი. ამასთან, ეს შეიძლება ხდებოდეს თავად საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის რიტორიკის ფონზე, მისი დამრღვევი სახელმწიფოს მხრიდან, ვინაიდან თეორიულად არც ერთი სახელმწიფო არ აყენებს ეჭვს ქვეშ სახელმწიფოთა შორის თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს, ყოველი მათგანი გმობს აგრესიასა და ომს, პრიორიტეტად კი საყოველთაო მშვიდობას აცხადებს.

დიდი სახელმწიფოები, რომლებიც ექსპანსიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებენ და საამისო ბერკეტები აქვთ, პასუხისმგებლობას ინაწილებენ მსოფლიო წესრიგზე. მიუხედავად იმისა, რომ «მსოფლიო წესრიგი» არ აუქმებს მოცემულობას, რომ საერთაშორისო სისტემა კვლავინდებურად წარმოადგენს «სახელმწიფოთა ანარქიულ სამყაროს», ამ სისტემაში სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები გარკვეულ იერარქიულობაზეა აგებული.5 სახელმწიფოებს აქვთ სხვადასხვა ბუნებრივი, სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური, დემოგრაფიული, კულტურული, იდეოლოგიური და ა. შ. მაჩვენებლები. სახელმწიფოს პოტენციალი და კომპლექსური სარესურსო ბაზა განაპირობებს კიდეც მისი სიძლიერის დონესა და სხვა სახელმწიფოებზე ან მთლიანად საერთაშორისო სისტემაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობასა თუ ფარგლებს.6 აშკარაა, რომ უფრო წონოსანი სახელმწიფოები, მეტი ძლიერებითა და გავლენით, აწარმოებენ შემტევ, ექსპანსიონისტურ, ნაწილობრივ აგრესიულ საგარეო პოლიტიკას,7 მიზნად ისახავენ რა საკუთარი გავლენის კიდევ უფრო მეტად გაფართოებასა და პოლიტიკურ-ეკონომიკური სარგებლის მაქსიმალიზაციას. ასეთი სახელმწიფოები, როგორც წესი, წარმოშობენ და (ან) სათავეში უდგანან სახელმწიფოთაშორის კავშირებს, ალიანსებსა და სიტუაციურ (ad hoc) კოალიციებს. რაც უფრო ძლიერია ლიდერი-სახელმწიფო, მით უფრო მასშტაბურია მისი ინტერესები თავის გეოგრაფიულ არეალსა და პლანეტის სხვა მხარეებში. ამგვარი სახელმწიფოები, სამეცნიერო ტერმინოლოგიაზე პრეტენზიის გარეშე, პირობითად იწოდებიან «დიდ სახელმწიფოებად» ან «ზესახელმწიფოებად», ხოლო სახელმწიფოები, რომლებიც იძულებულნი არიან, გაატარონ ნაკლებად აქტიური, არსებითად, შენარჩუნებისკენ მიმართული საგარეო პოლიტიკა და დიდი სახელმწიფოების გავლენას განიცდიან, შესაბამისად «მცირე» სახელმწიფოთა კატეგორიას განეკუთვნებიან.8

 

თავი 1-ლი: ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ეგოცენტრისტულ «რეალიზმსა» და საყოველთაო კეთილდღეობაზე ორიენტირებულ «იდეალიზმს» შორის.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, თავისი გეოგრაფიულ-დემოგრაფიული მასშტაბებიდან, სამეცნიერო-ეკონომიკურ-კულტურული განვითარების დონიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ბუნებრივად განეკუთვნება «დიდ» სახელმწიფოთა კატეგორიას, რომელსაც შესაბამისად, შემტევი საგარეო პოლიტიკა აქვს, მიმართული გავლენის ზრდისა და სარგებლის მაქსიმალიზაციისკენ. მაგრამ მიუხედავად ამისა და, განსაკუთრებით, პროდუქტებისა და მომსახურებების წარმოების არნახული დონისა, 2013 წელს ჩინეთის მთავრობა უარს ამბობს მსოფლიოში N1 სავაჭრო ძალის სტატუსზე და აცხადებს, რომ იგი ჯერ კიდევ განვითარებადი ქვეყნების რიცხვს განეკუთვნება. ეს არის ჩინეთის ერთ-ერთი უმთავრესი სპეციფიური მახასიათებელი – სახელმწიფო მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობით, ეკონომიკის რიგით მეორე სიდიდით, ბირთვული იარაღითა და გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს ხმის უფლებით, არ შედის მსოფლიოს მაღალგანვითარებული (ზე-)სახელმწიფოების ვიწრო არაფორმალურ წრეში, ე. წ. «დიდ შვიდეულში» და საკუთარ თავს მოიაზრებს განვითარებად ქვეყნად. ეს ჩინეთის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილოს დამატებითი ვალდებულებები მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით და სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას კომპრომისებზე არ დათანხმდეს. მაგრამ პარადოქსი მაინც თვალშისაცემია, თუკი გავითვალისწინებთ სახალხო რესპუბლიკის მიერ წარმოებულ აქტიურ გლობალურ პოლიტიკასა და გაღებულ ხარჯებს განვითარებადი მსოფლიოს სასარგებლოდ.

თუნდაც ამიტომ ჩინეთის საგარეო პოლიტიკა საკმაოდ სპეციფიკურია. ანალიტიკური თვალსაზრისით, აუცილებელია გამოიკვეთოს ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ზოგადი მახასიათებელი ნიშან-თვისებები და ძირითადი მიმართულებები.

«რეალისტური თეორია» საერთაშორისო პოლიტიკას «ძალის პოლიტიკად» (power politics) განიხილავს, რომელიც გერმანულ ტრადიციაში «რეალურ პოლიტიკად» (Realpolitik) იწოდება.9 ლუდვიგ ფონ როხაუმ «რეალპოლიტიკა» არა იმდენად სამეცნიერო-ისტორიულ ტერმინად მოიაზრა, არამედ უფრო საგარეო პოლიტიკისათვის ერთადერთ სწორ სახელმძღვანელო კონცეფციად, რომელიც ობიექტურად არსებული რეალობიდან გამომდინარეობს.10 თავად ამ ტერმინის - «რეალპოლიტიკა» - სახელწოდება გამოხატავს პრეტენზიას რეალობის ოპტიმალურ აღქმაზე, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, «რეალპოლიტიკაც» არსებული ემპირიის ოდენ ინტერპრეტაციას ახდენს და ამ მხრივ მას ვერ ექნება რეალობის სწორად გაგების ექსკლუზიურობა.11 წინამდებარე კვლევაში გათვალისწინებულია, თუ როგორ ახდენს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თავისი ინტერესების ინტერპრეტაციას და საკუთარი თავის იდენტიფიკაციას საერთაშორისო ასპარეზზე.

«რეალპოლიტიკად» გაგებული საერთაშორისო სისტემა თავისი არსით ე. წ. «ნულოვანი ჯამის თამაშის» (zero-sum game) იდენტურია: «რეალისტი» - მეცნიერი, მაგრამ ასევე პრაქტიკოსი (პოლიტიკოსი) საზრდოობს სამყაროს წარმოდგენით, რომლის მიხედვით სახელმწიფოები ერთმანეთის მიმართ მუდმივი კონკურენციის მდგომარეობაში იმყოფებიან,12 «რასაც ერთი სახელმწიფო მოიპოვებს რესურსების, ტერიტორიების, გავლენისა და ძალაუფლების სახით, მუდამ სხვათა ხარჯზე ხდება; ვინაიდან საერთაშორისო სისტემაში ამ ელემენტების ჯამური რაოდენობა შეზღუდულია, შესაძლებელია მხოლოდ მათი გადანაწილება, და არა, როგორც ეს იდეალისტურ წარმოდგენაშია, მათი ზრდა ეკონომიკური პროდუქტის ნამატის წყალობით».13 ამრიგად, სახელმწიფოებს უანგარო გარე დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეთ, მათი ფუნქციონირება მთლიანად საკუთარი თავის დახმარების პრინციპზეა დამოკიდებული, ისინი ორიენტირებულნი არიან საკუთარი სუვერენიტეტის, საკუთარი უსაფრთხოების, საკუთარი ძალაუფლების ზრდაზე, რაც, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ეგოცენტრისტულ მიდგომას ნიშნავს. თომას ჰობსისეული გაგებით, სახელმწიფო სხვა არაფერია, თუ არა «კოლექტიური ეგოიზმის ფორმა»,14 რომლის მესვეურნი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ღებულობენ «ზოგადი წესიდან გამომდინარე, რომ ყოველი სახელმწიფო თავისი სარგებლისა და უპირატესობის ეგოიზმით არის მოტივირებული და ყველა სხვა მოსაზრებას დაუნდობლად უგულებელჰყოფს».15

ეგოცენტრისტულ მიდგომას უპირისპირდება პირობითად «იდეალისტური» პოლუსი, რომელიც სახელმწიფოთა სისტემას სულაც არ აღიქვამს «ნულოვანი ჯამის თამაშად» და მიიჩნევს, რომ რეალობა სწორედ ისაა, რომ ერთი მხარის ინტერესი და სარგებელი სინამდვილეში აუცილებლად არ ეწინააღმდეგება მეორე მხარის ინტერესებს, ეს წინააღმდეგობები კი უფრო მოგონილი ხასიათისაა ან არასწორი ინტერპრეტაციების შედეგს წარმოადგენს. «იდეალიზმისთვის» პრინციპულად შესაძლებელია, რომ საერთაშორისო ანარქიის მდგომარეობა ადამიანური გონებით იქნას დაძლეული,16 კეთილდღეობა კი ყველასათვის საკმარისი ანუ გადანაწილებადია. «იდეალიზმი» არ არის ერთგვაროვანი, იგი შეიძლება იყოს უტოპიური და რეალობას მოწყვეტილი, მაგრამ აქ საუბარი გვაქვს რაციონალურ «იდეალიზმზე», თეორიულად გამყარებულ სააზროვნო და ფასეულობით სისტემაზე, რომელიც სათავეს ისეთი მოაზროვნეებიდან იღებს, როგორებიც ერაზმუს როტერდამელი და იმანუილ კანტი იყვნენ. თანამედროვე “იდეალისტური» თეორიის განშტოება, «ურთიერთდამოკიდებულების თეორია» (interdependence theory) გამოხატავს მოსაზრებას, რომ «ყოველი ერის კეთილდღეობა დამოკიდებულია ეკონომიკურ კონტაქტებზე, ე. ი. გამომდინარეობს ბაზრებისა და საფინანსო სექტორის ურთიერთდამოკიდებულების ფაქტიდან და ამ გზით დამოკიდებულია სხვა ერების მოქალაქეთა მსყიდველობით უნარიანობაზე, რომლებიც, თავიანთ მხრივ, ასევე არიან დაინტერესებულნი, სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა შეისყიდონ მათი პროდუქცია. ტრადიციული სამხედრო დაპყრობები ამიტომ ვერ იქნება სახელმწიფოს ნამდვილი ინტერესის შემადგენელი ნაწილი».17

 

საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუციონალიზაციამ მე-20 საუკუნის მანძილზე, რომელიც დღემდე გრძელდება, განაპირობა თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის «იდეალისტური» სახე – ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც. ზემოთ უკვე აღინიშნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლი, ომებისა და აგრესიის საყოველთაო მიუღებლობის პრინციპის აღიარება და კიდევ ბევრი სხვა საერთაშორისო ინსტიტუციის ფუნქციონირებაც, რომელიც წინა პლანზე (საერთაშორისო) სამართალს აყენებს, ძალისმიერი (რეალ-)პოლიტიკის საწინააღმდეგოდ. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ გაერო და ვერც სხვა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ ასრულებს ლეგიტიმური იძულების ფუნქციას სახელმწიფოთა მიმართ, ყოველ შემთხვევაში, დიდ სახელმწიფოთა ჯგუფის (მაგ., უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების) ნების გარეშე, ფართო სივრცე რჩება საერთაშორისო სამართლის გვერდის ასავლელად და სახელმწიფოების ეგოცენტრისტული მიზნების განსახორციელებლად – სხვათა ხარჯზე, «რეალპოლიტიკური» სულისკვეთების შესაბამისად. ამის აღიარება ნაკლებად მომგებიანია სახელმწიფოებისათვის, ყოველი მათგანი ცდილობს, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს საერთაშორისო სამართლისა და მიღებული ნორმების ერთგულად, საკუთარი ინტერესების განხორციელების სრული ლეგიტიმურობა დაასაბუთოს და, უთანხმოების შემთხვევაში, ბრალი მეორე მხარეს დასდოს. ინსტიტუციონალიზაციამ მხოლოდ ნაწილობრივ მოახდინა საერთაშორისო ანარქიული სისტემის ჩანაცვლება საერთაშორისო წესრიგით. საერთაშორისო სისტემის სუბიექტები - სახელმწიფოები კვლავინდებურად მოქმედებენ დაფარული მოტივებით და იდეალისტური ფასეულობების ინსტრუმენტალიზებას ეწევიან ხშირ შემთხვევაში.

 

შესაბამისად ამისა, წინამდებარე კვლევაში ინტერესის ობიექტს წარმოადგენს, თუ რამდენად ახდენს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თავისი ინტერესების რეალიზებას საერთაშორისო სამართლის გვერდის ავლით, საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ნორმებისა და ფასეულობების ინსტრუმენტალიზებით და მათი მხოლოდ გარეგნული, ფორმალური აღიარებით. უნდა შეფასდეს, რამდენად არსებობს კონფლიქტი ჩინეთის საგარეო ინტერესებს, ერთი მხრივ, და, საერთაშორისო ნორმებსა და სამართალს შორის, მეორეს მხრივ.

კიდევ ერთი მომენტი, რასაც უნდა მიექცეს ყურადღება, არის ძირითადი საშინაო ფაქტორების ზეგავლენა საგარეო პოლიტიკის და საგარეო პრიორიტეტების ფორმირებაზე. ეს ფაქტორებია:

  • ეკონომიკის მოთხოვნები;

  • დემოგრაფიული და სოციალური განვითარების მოთხოვნები;

  • სხვადასხვა სახელისუფლებო, საფინანსო სეგმენტების, ინტერესთა ჯგუფების ინტერესები;

  • კულტურულ-მენტალური და იდეოლოგიური ფაქტორები;

  • გადაწყვეტილების მიმღებთა (პოლიტიკური ელიტა) თავისებურებანი.



თანამედროვე «იდეალისტური» საერთაშორისო სისტემის მთავარი არამატერიალური ფასეულობაა მშვიდობა თანასწორუფლებიან სახელმწიფოებს შორის.18 ჩინეთი თავისი სახელმწიფო ინტერესების დაუზიანებლად, მხარს უჭერს საყოველთაო მშვიდობას და მშვიდობის განმტკიცების ერთ-ერთ უმთავრეს ელემენტს – განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერას. საქმე ისაა, რომ მშვიდობა თანამედროვე ვითარებაში არ წარმოადგენს მხოლოდ მდგომარეობას, არამედ იგი უფრო პროცესია. მშვიდობა შეიძლება გაგებულ იქნას ნეგატიურად, როგორც ომის არარსებობა. ასეთი მშვიდობა იყო, მაგალითად, «ცივი ომის» დროს, როდესაც მოხერხდა ორი სუპერსახელმწიფოს აშშ და სსრკ-ის შორის სამხედრო კონფრონტაციის თავიდან აცილება – შეიარაღებებზე კონტროლის დაწესებისა და ნდობის ჩამოყალიბებისკენ მიმართული ღონისძიებების შედეგად; ხოლო პოზიტიურად გაგებული მშვიდობა ნიშნავს სტრუქტურული და კულტურული ძალის გამოყენების გამორიცხვას. ეს მდგომარეობა პოზიტიური მშვიდობისა გადადის პროცესში, იმდენად, რამდენადაც მისი განხორციელება შესაძლებელია ეკონომიკური და სოციალური განვითარებით, სამართლიანობისა და თავისუფლების პრინციპების დაცვით. რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, მსოფლიოს მრავალი სახელმწიფო სარგებლობს ასეთი ტიპის დახმარებით, ვინაიდან დიდი სახელმწიფოები ორმხრივ და საერთაშორისო დონეზე აწარმოებენ განვითარების პოლიტიკას, გლობალური მასშტაბით. მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაც აწარმოებს თავის განვითარების პოლიტიკას.

აფრიკა.

პრაქტიკულად ყოველ წელს ჩინეთი აფრიკის კონტინენტის ქვეყნების განვითარებაში რამდენიმე მილიარდ დოლარს ხარჯავს. ჩინეთ-აფრიკის თანამშრომლობის ფორუმი (FOCAC) სამ წელიწადში ერთხელ იკრიბება მაღალ დონეზე. პირველი ასეთი ფორუმიდან უკვე 18 წელი გავიდა. ფორუმის ფარგლებში მიმდინარე განხილვების შედეგად, ჩინეთის მიერ 2006 წელს 5 მილიარდი დოლარი იქნა გამოყოფილი, 2009-ში 10 მილიარდი, 2012-ში 20 მილიარდი, ეს თანხა 2015-ში კიდევ ათი მილიარდით გაიზარდა.19 ბოლო ფორუმზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა უსაფრთხოება, სოფლის მეურნეობა, ეკოლოგია.

დასავლურ მასმედიაში არცთუ იშვიათად გამოითქმის მოსაზრება, რომ ჩინეთის ასეთი გააქტიურება აფრიკის კონტინენტის მიმართ გამოწვეულია ჩინეთის ინტერესით აფრიკული საბადოების და რესურსების მიმართ. ჩინეთის მუდამ მზარდი მოთხოვნა ენერგორესურსებისა (იხ. ქვემოთ) მართლაც არსებობს, მაგრამ საქმის ვითარების გამარტივებული წარმოჩენაც არ შეიძლება. ასე მაგალითად, 2014 წელს ჩატარებულმა საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ არ დასტურდება წარმოდგენა, თითქოს ჩინური დახმარების განაწილება აფრიკაში უკავშირდება იმ ქვეყნებს, სადაც ჩინეთისთვის საინტერესო სასარგებლო წიაღისეული მოიპოვება.20 მეტიც, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორები აქსელ დრეერი და ანდრეა ფუქსი აღნიშნავენ, რომ ჩინეთი თავისი დახმარების ობიექტი ქვეყნის საშინაო საქმეებში არ ერევა, და ეს ჩინეთის სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი პრინციპია.21 თუმცა მეცნიერები ჯერ ვერ აფასებენ ცალსახად, რამდენად ეფექტურია ჯამში ჩინეთის მიერ გაწეული დახმარება ცალკეული აფრიკული სახელმწიფოებისათვის, მით უფრო მაშინ, როდესაც დახმარების უდიდესი ნაწილი ამა თუ იმ ქვეყნის იმ კუთხეებში მიედინება, საიდანაც წარმოშობით ამ ქვეყნების ლიდერები არიან. თუმცა ცნობილი ეკონომისტი ჯეფრი საქსი მიიჩნევს, რომ ჩინეთის დახმარება მეტად ეფექტურია აფრიკისათვის, ვიდრე ევროპული დახმარება. მისი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება და ჩინეთის ხელისუფლებაც აქცენტს სწორედ ამაზე აკეთებს: «ინფრასტრუქტურა ახდენს მომიჯნავე ბიზნესების გენერირებას და ამ გზით ქმნის სამუშაო ადგილებს. ჩინეთის განვითარების სტრატეგია ბევრად უფრო წარმატებულია, ვიდრე ევროპული – ჯერ გზები და ელექტროსადგურები უნდა აშენდეს, და მხოლოდ შემდეგ მოდის ეკონომიკის დანარჩენი ნაწილი».22

ლათინური ამერიკა.

ჩინეთსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის (მ. შ. კარიბის ბასეინის ქვეყნები) ურთიერთობებთან დაკავშირებით 2008 წელს გამოცემულ «თეთრ წიგნში» ჩინეთის ხელისუფლება იწვევს კონტინენტის ქვეყნებს, ყველა დონეზე გააძლიერონ ურთიერთობები სახალხო რესპუბლიკასთან და ითანამშრომლონ საერთაშორისო პრობლემების მოგვარებაში. პრაქტიკულად ყველა მათგანმა მანამდე უკვე დაამყარა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობა და იმავდროულად გაწყვიტა ურთიერთობები ტაივანთან (ბოლოს კოსტა-რიკამ, 2007 წელს). აფრიკისაგან განსხვავებით, სამხრეთ ამერიკაში ჩინეთის აქტიურობა ნაკლებად არის დაკავშირებული განვითარების პოლიტიკიდან გამომდინარე დახმარების გაწევასთან, მაგრამ ყურადღების ფოკუსირება, აფრიკის მსგავსად, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ენერგოშემცველების მოპოვებაზე კეთდება.23 2005 წლიდან მოყოლებული, ხუთი წლის მანძილზე, ჩინეთის საგარეო ვაჭრობა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ორჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე მისი მთლიანი საგარეო ვაჭრობა, აქედან 26,1 პროცენტი ექსპორტი იყო, 22,8 პროცენტი – იმპორტი. რეგიონთან ვაჭრობის მხრივ ჩინეთი ევროკავშირს გაუტოლდა (და მალე გაუსწრო კიდეც), მაგრამ მისი პირდაპირი ინვესტიციები შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება (2003-2009 წლებში 24 მილიარდი დოლარი, პირველ ყოვლისა, ბრაზილიასა და პერუში) და რეგიონის არც ერთ ქვეყანაში 2010 წლისათვის არ აჭარბებდა 1 პროცენტს.24 მაგრამ ეს მაჩვენებელი 2010-იან წლებში რამდენადმე გაიზარდა. ლათინური ამერიკისა და კარიბის ბასეინის ქვეყნების გაერთიანების (Celac) წინაშე ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძიპინმა 2014 წელს გამოაცხადა სახალხო რესპუბლიკის გადაწყვეტილება, რეგიონში ჩადოს ინვესტიციები 250 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით.25 სახალხო რესპუბლიკა რეგიონის სახელმწიფოებს კრედიტებსაც აძლევს, სანაცვლოდ ხშირად თანხმდება ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს. საინტერესოა, რომ განსხვავებით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისაგან და დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფოსაგან, ჩინეთს რეგიონში დადებითი რეპუტაცია აქვს, როგორც არაკოლონიალისტური პოლიტიკის გამტარებელ ძალას. ასე მაგალითად, არგენტინის პრეზიდენტმა კრისტინა ფერნანდეს დე კირხნერმა 2015 წლის 1 მარტს პარლამენტში განაცხადა: «არგენტინას თავისი ძველი კრედიტორები, როგორც, მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, სოციალური ხარჯების შემცირებას აიძულებდნენ. ჩინეთი ამ კოლონიალურ სტრატეგიას არ გაჰყვა, არამედ შემოგვთავაზა თანასწორუფლებიანი პარტნიორობა».26

აღსანიშნავია, ასევე, რომ ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონიდან ჩინეთში დაახლოებით 5 ათასი სტუდენტი სწავლობს ჩინეთის სახელმწიფოს სტიპენდიების ხარჯზე.27 ამ მხრივაც ჩინეთი ჩამოყალიბდა მაღალგანვითარებულ სახელმწიფოდ, რომელიც შესაბამის პოლიტიკას აწარმოებს განვითარებადი მსოფლიოს სასარგებლოდ, რაც, როგორც ზემოთ განხილული საკითხებიდან ჩანს (მათ შორის, აფრიკის კონტინენტის მაგალითზეც), მშვიდობის განმტკიცებას უწყობს ხელს გლობალური მასშტაბით.

საინტერესოა იდეოლოგიური ფაქტორიც. ლათინური ამერიკის მემარცხენე მთავრობები კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით ეკიდებიან კომუნისტურ ჩინეთთან ურთიერთობებს. ჩინეთი იდეოლოგიური ერთიანობის აქცენტირებას საგარეო პოლიტიკაში ნაკლებად ეწევა, მაგრამ არც ამ ფაქტორის უგულებელყოფას ახდენს. ვენესუელაში 2000 წელს ჰუგო ჩავესის გაპრეზიდენტების შემდეგ, ამ ქვეყნის ვაჭრობა ჩინეთთან 300 მილიონი დოლარიდან 2013 წელს 19 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა; ორ ქვეყანას შორის გაფორმდა დაახლოებით 300 ხელშეკრულება 700-მდე სტრატეგიულ პროექტთან დაკავშირებით.28 ტრადიციულად მჭიდრო კონტაქტები აქვთ ერთმანეთთან პეკინსა და ჰავანას, სი ძიპინმა 2011 წელს ორი სახელმწიფო «კარგ მეგობრებად, ამხანაგებად, ძმებად» მოიხსენია. ამ შემთხვევაშიც, იდეოლოგიური სიახლოვის ფაქტორი ხელს უწყობს მეტი ნდობის არსებობას და, ისევ და ისევ, მშვიდობის განმტკიცებას.



თავი მე-2: ჩინეთის საგარეო-პოლიტიკური თვითიდენტიფიკაცია.

ჩინეთი, რომელიც, როგორც უკვე ითქვა, თავს განვითარებად ქვეყნად მიიჩნევს, ამ ვითარებიდან ეკონომიკური ხასიათის სარგებელსაც ნახულობს – 2013 წლის მდგომარეობით, გერმანიის მთავრობის მონაცემებით, ჩინეთი ერთ-ერთი მთავარი მიმღები ქვეყანაა საჯარო განვითარების თანამშრომლობის (ODA) ფარგლებში, მაგრამ პეკინისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ იგი, განვითარებადი ქვეყნის სტატუსით, პრივილეგიებს ფლობს გლობალური კლიმატის დაცვის საკითხებშიც.29 ამავე დროს, ჩინეთის დახმარების მოცულობა მესამე მსოფლიოს ქვეყნებისთვის აღემატება მსოფლიო ბანკის მიერ გაცემულ შესაბამის თანხებს, ჩინეთი არის არა მხოლოდ წამყვანი სავაჭრო ძალა, არამედ უმთავრესი საწარმოო ადგილიც დედამიწაზე.30 ჩინეთის წილი გლობალურ ეკონომიკურ ზრდაში 1/3-ზე მეტია – თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე ყველა განვითრებული ქვეყნის წილი ერთად.31

სამხედრო-პოლიტიკურს რომ თავი დავანებოთ, ეკონომიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჩინეთი ბუნდოვნად აღქმადი პრესტიჟის გამო არ კარგავს პრაგმატიზმს და ხელოვნურად არ ამბობს უარს განვითარებადი ქვეყნის სტატუსზე. ჩინეთს არც «დიდ შვიდეულში» შესვლა უცდია, როგორც რუსეთმა გააკეთა პერიოდში, როდესაც იგი არც ეკონომიკურად და არც სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, მაინცდამაინც ძლიერი არ იყო. ეს, შეიძლება, გარკვეული კრიტერიუმებით, ჩინურ მენტალობასაც დავუკავშიროთ, რომელიც განსხვავდება რუსულისაგან, ასევე ამერიკულისაგან, ამერიკელებისათვის დამახასიათებელი პირველობისა და მისიონერული რიტორიკით. ამერიკული ექსკლუზიურობის იდეა და მსოფლიოში «თავისუფლებისა და დემოკრატიის გავრცელებაზე» ზრუნვა32 არც დღეს შეწყვეტილა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ჟამს, როდესაც გამოცხადებულია ამერიკული პოლიტიკის პრინციპი: «ამერიკა უპირველეს ყოვლისა». ჩინეთს სხვა პრიორიტეტები აქვს. იგი არა მარტო მოითმენს, რომ უარი თქვას მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს სტატუსზე, არამედ თავს იკავებს იდეოლოგიური ექსპანსიისაგან, საკუთარი ფასეულობების გარესამყაროზე თავს მოხვევისაგან.

ჩინური ზომიერება და პრაგმატულობა აისახება მის დამოკიდებულებაზე იმ საერთაშორისო (რეგიონული) გაერთიანებების მიმართ, რომლებშიც თავად მონაწილეობს და დომინირებს კიდეც. მაგალითისათვის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაც (SCO) საკმარისია: თუკი რუსეთი მას უყურებს, როგორც ანტიდასავლურ პლატფორმას პოსტსაბჭოთა სივრცეში, და არა მარტო ამ სივრცეში, საკუთარი პოზიციების გასამყარებლად, ჩინეთი აღნიშნულ ორგანიზაციას განიხილავს ინტეგრაციის ინსტრუმენტად, პეკინის მიერ გამოცხადებული პროექტის - «ერთი სარტყელი – ერთი გზა» ფარგლებში.33 ამასთან, ჩინეთი არც რუსეთთან აპირებს დაპირისპირებას მისი პოზიციის გამო.34 სხვა სიტყვებით, ჩინეთი ნაკლებად არის დაინტერესებული სიმბოლური პრესტიჟით, არ ისწრაფის ამბიციების რეალიზების გზით თვითდამკვიდრებისაკენ. ეს ფაქტორიც, მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით, უდავოდ მნიშვნელოვანია.

ზემოთ თქმული სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩინეთისთვის უინტერესოა ეროვნული პრესტიჟი და მისი აღქმა დანარჩენი მსოფლიოს მიერ. საუბარი იმაზეა, რომ ჩინეთს თავისი პრესტიჟი განსხვავებულად ესმის და ამ საკითხს პრაგმატულად უყურებს. სახალხო რესპუბლიკას დეკლარირებული აქვს მიზანი, რომ იგი 2035 წლისთვის, რეფორმების და სტრუქტურული სრულყოფის გზით, საბოლოოდ ჩამოყალიბდეს გლობალურ წამყვან სავაჭრო ძალად,35 ეკონომიკის განვითარების პიკის მიღწევა კი 2050 წლისთვის არის დაგეგმილი.36

ამ მიზნების განხორციელებას, გიგანტურ «სავაჭრო ნაციად» ჩამოყალიბებას, ჩინური სახელმწიფო აბსოლუტურად მშვიდობიანი გზით აპირებს, გლობალიზაციის პროცესის გამოყენებით. ისტორიულად, «სავაჭრო ერები» ახორციელებდნენ კოლონიურ დაპყრობებს და ერთმანეთში დაუნდობელ ომებს ეწეოდნენ. მაგრამ დღევანდელ რეალობაში, ჩინური მიდგომების გათვალისწინებით, მსგავსი საფრთხე ნაკლებ სავარაუდებელია. დასავლეთის მიერ ინიცირებული გლობალიზაციის პროცესი სხვაზე ნაკლებად არც ჩინეთმა გამოიყენა. ევროპაში ჩინეთს მეტწილად გლობალიზაციის აბსოლუტურ გამარჯვებულად მიიჩნევენ, რადგან მან მოახერხა საკუთარი ეკონომიკის მასობრივი დახმარების შენარჩუნება და შიდა ბაზრის დაცვა უცხოეთისაგან.37

მენტალიტეტთან და საკუთარი იდეოლოგიის გარესამყაროზე თავსმოხვევაზე უარის თქმასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი თავად ეძებს საერთაშორისო ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაფართოების გზებს, საკუთარი მოთხოვნილებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე,38 რაც ჩინეთს დაინტერესებულს ხდის, ხელი შეუწყოს დედამიწაზე ერებს შორის მშვიდობიან გარემოს. ყველაფერთან ერთად, სახალხო რესპუბლიკა ცდილობს, თავისი საგარეო სტრატეგია ყველასათვის მისაღები და არაგამაღიზიანებელი რიტორიკით შეფუთოს. 2006 წლის ნოემბერში აშშ-ის კონგრესის მორიგი კომისიის მოხსენებაში ჩინეთის გლობალური პოლიტიკის კრიტიკის შემდეგ (იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთს, კონგრესმენთა აზრით, არ სურს, გაიზიაროს პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში) ჩინეთის კომუნისტური პარტიის 27-ე ყრილობის მასალებში (2007 წლის ოქტომბერი) «მშვიდობიანი ამაღლების» იდეა ჩანაცვლებულ იქნა ჩინეთის «მშვიდობიანი განვითარების» ფორმულირებით, ანუ, ერთგვარად მედიდური ფორმულირება (სიტყვა «ამაღლება») შეიცვალა უფრო ნეიტრალური ფორმულირებით. აქვე გამოითქვა მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპი. მაგრამ ეს სულაც არ მოასწავებს ჩინეთის უკან დახევას თუნდაც დიპლომატიური რიტორიკის დონეზე, ჩინეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ჰუ ძინტაოს მოხსენებაში მკაფიოდ აღინიშნა, რომ ჩინეთის როლის დაკნინება გლობალურ საკითხებში არ გამოვა: «სოციალისტური ჩინეთი დღეს... მთელი თავისი გიგანტური სიმაღლით არის აღმართული ჩვენი პლანეტის აღმოსავლეთში».39

ჩინეთის ასეთი მიდგომა შეიძლება ჩაითვალოს საკუთარი ინტერესების მშვიდობიან, არაკონფრონტაციულ განხორციელებად, პრესტიჟისა და მორალური ავტორიტეტის სრული შენარჩუნებით. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის «რეალპოლიტიკის» განხორციელება ოპტიმალური მეთოდებით. ამასთან, მძლავრი ჩინეთი თავს უფლებას აძლევს, მთელი რიგი «იდეალისტური» ასპექტები გამოავლინოს თავის საგარეო პოლიტიკაში.

 

თავი მე-3: რაციონალიზმი საგარეო პოლიტიკაში.

ჩინეთის საგარეო პოლიტიკა გამოირჩევა ზედმიწევნით რაციონალური მიდგომით, დასახული მიზნების მისაღწევად ადეკვატური მეთოდების გამოყენებით, საგარეო პოლიტიკის დაქვემდებარებულობით საშინაო მოთხოვნილებებისადმი. ეს მოთხოვნილებებია განვითარება, ეკონომიკური ზრდა, პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება, ეროვნული გაერთიანება ტაივანთან.40 ამ გზაზე ჩინეთის ინტერესები წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ის ინტერესებთან, რაც თუნდაც ბოლო დროს ვაშინგტონში მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებებით გამოიხატა – კერძოდ, აშშ პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც მთელ რიგ ჩინურ ნაწარმს ზღუდავს საბაჟო გადასახადებით. ეს შეზღუდვები ეხება ჩინეთიდან ამერიკის იმპორტის დაახლოებით 10 პროცენტს, რომლის ფულადი ექვივალენტი 60 მლრდ. დოლარის ფარგლებშია.41 ჩინეთის პასუხი ზომიერია და ასევე ეკონომიკურ ხასიათს ატარებს.42 წინააღმდეგობები აშკარაა სტრატეგიულ სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებშიც, რომელთა შორისაა იმავე ტაივანის პრობლემა და მთლიანობაში, ჩინეთის ექსპანსია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ჩინეთის სახმელეთო საზღვრიდან შორს, ნავთობით მდიდარ აკვატორიაზე.43 ჩინეთის «პრაგმატული ნაციონალიზმი»44 ტრადიციულად იოლად მიდის დათმობებზე მეორეხარისხოვან საკითხებში და ამის პარალელურად უკომპრომისობას ავლენს თავისთვის პრიორიტეტულ სფეროებთან მიმართებით.45 ჩინეთის ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ შეერთებული შტატები არ გავა წყნარი ოკეანის აზიური ნაწილიდან (სამხრეთი კორეა, იაპონია, ფილიპინები და ა.შ.), ამიტომ იგი არც ეწინააღმდეგება ამერიკის სამხედრო ყოფნას, როგორც ასეთს, რეგიონში, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, უშუალო ინტერესებს ჩინეთი არც ამერიკას დაუთმობს და საამისოდ სამხედრო ძალის დემონსტრირებასაც არ ერიდება.

უსაფრთხოების გააზრება, როგორც ენერგოშემცველებსა და სხვა სტრატეგიულ ბუნებრივ რესურსებზე მაქსიმალური კონტროლის ქონა, ჩინეთისთვის (ისევე, როგორც სხვა «დიდი სახელმწიფოებისათვის»), დამახასიათებელი მოვლენაა. თანამედროვე მსოფლიოში, მაშინ, როდესაც ცხოვრების დონის ამაღლება პირველ პლანზე დგას, საუბარია უსაფრთხოების პოლიტიკის «ეკონომიზაციაზე».46 თუმცა სწორედ ამგვარი ეკონომიზაცია და რესურსებზე კონკურენცია იწვევს კიდეც სახელმწიფოთა პოლიტიკის მილიტარიზაციას.47 აღსანიშნავია, რომ ჩინეთი მსოფლიოში უკვე პირველ ადგილზეა ნავთობის იმპორტით (67%-ზე მეტი).48 მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა შორეული აზიის ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით უფრო მეტ ნავთობს მოიპოვებს საკუთარ ტერიტორიაზე, მისი დამოკიდებულება იმპორტზე მაინც უზარმაზარია; ჩინეთის ტერიტორიაზე 33 მლრდ. 250 მილიონი ტონა ნავთობია გამოვლენილი, რაც მსოფლიო რეზერვების 1,5%-ს შეადგენს, ხოლო ჩინეთს ნავთობის ამჟამინდელი სტრატეგიული მარაგი მხოლოდ 34 დღის მანძილზე ეყოფა.49 ეს გარემოება ჩინურ სახელმწიფოს მეტად უბიძგებს აქტიური საგარეო პოლიტიკისაკენ,50 მაგრამ სამხედრო კომპონენტსა და გლობალური მშვიდობის აუცილებლობას შორის ბალანსის სწორი დაცვით. ჩინეთის დამოკიდებულება საერთაშორისო პოლიტიკისადმი დენ სიაოპინის სწავლების სულისკვეთების შეესაბამება: «საკუთარი შესაძლებლობების დაფარვა, ხელსაყრელი მომენტის მოლოდინი, საკუთარი უპირატესობის გამოყენება, მიმდინარე ვითარებაში სარგებლის ნახვა».51

რუსეთის მიმართულებით ჩინეთმა მიაღწია თავისთვის მომგებიან ვითარებას. პირველ ყოვლისა, 2004-2005 წლებში მშვიდობიანად დარეგულირდა მანამდე არსებული სადავო სასაზღვრო საკითხები ორ ქვეყანას შორის, მდინარე ამურის რამდენიმე კუნძული ჩინეთის საკუთრებაში გადავიდა. ჩინეთი ავითარებს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს რუსეთთან და ამ მხრივ სტრატეგიულ ინიციატივასაც ფლობს. კერძოდ, მაშინ, როდესაც რუსეთისთვის ჩინეთი მოცულობით მესამე სავაჭრო პარტნიორია, რუსეთი ჩინეთისთვის მხოლოდ რიგით მეშვიდეა.52 მსოფლიო არენაზე ბევრ საკითხში აზრთა თანხვედრის მიუხედავად, პოლიტიკური თანამშრომლობა ჩინეთსა და რუსეთს შორის ბევრად ჩამორჩება ეკონომიკური თანამშრომლობის პარამეტრებს და უნდობლობით ხასიათდება, განსაკუთრებით, ცენტრალურ აზიაში ორივე მხარის გააქტიურების გამო.53 ამავე დროს, ჩინეთმა შეამცირა საჯარისო კონტინგენტის რაოდენობა რუსეთის საზღვართან, თავისი ბალისტიკური საკონტინენტთაშორისო რაკეტები კი რუსეთის ტაქტიკური დამრტყმელი კომპლექსების წვდომის არეალში განათავსა,54 რაც იმას ნიშნავს, რომ პეკინი სტრატეგიულად არ მოელის რუსეთთან საომარი ვითარების წარმოქმნას.

ასე და ამრიგად, იკვეთება პეკინის მხრიდან თანაბრად ზომიერი, საკუთარი ეკონომიკის ინტერესების პრიორიტეტებზე დამყარებული დამოკიდებულება ვაშინგტონისა და მოსკოვის მიმართ, რაც ცხადჰყოფს ჩინეთის პოლიტიკის რაციონალურობასა და პრაგმატიზმს. ჩინეთის განვითარება და მისი ძლიერების ზრდა მიმდინარეობს რუსულ-ამერიკული დაპირისპირების ფონზე, რაც ქვემოთ კიდევ ერთხელ იქნება ნაჩვენები გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებში ჩინეთის მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობის მაგალითზე.



თავი მე-4: ჩინეთი გაეროში.

როგორც ცნობილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად მიღებულ იქნა 1971 წელს, ჩან კაიშის რეჟიმის ტაივანის გარიცხვის შემდეგ, რომელიც მანამდე წარმოადგენდა იურიდიულად ჩინეთს ამ ორგანიზაციაში (იხ. გაეროს გენერალური ასამბლეის 1971 წლის 25 ოქტომბრის რეზოლუცია #2758). პეკინი სწორედ ამ პირობით შევიდა გაეროში, რათა თავად ყოფილიყო მთელი ჩინელი ერის ნების გამომხატველი მსოფლიო არენაზე, ნაცვლად კუნძულ ტაივანზე გამაგრებული «გომინდანის» რეჟიმისა. შესაბამისად, ტაივანის არაღიარების პრინციპი ჩინეთის საგარეო პოლიტიკაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და, ამის პარალელურად, დაკავშირებულია ჩინეთის საქმიანობასთან გაეროს ფარგლებში.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აქტიურობა გაეროში წევრობის ადრეულ ეტაპზე, 1970-იან წლებში, არ იყო მაინცდამაინც მაღალი, თუმცა მაშინვე გამოიკვეთა კომუნისტური ჩინეთის საგარეო-პოლიტიკური მისწრაფებები. უკვე 1972 წელს ჩინეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა და ბანგლადეშის გაეროში გაწევრიანება დაბლოკა, გამომდინარე პაკისტანთან არსებული სტრატეგიული კავშირიდან (ბანგლადეშიც, 1974-75 წლებიდან ჩინეთის პოლიტიკურ ორბიტაზე მოექცა), 1981 წელს კი 16-ჯერ (!) დაბლოკა გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კურტ ვალდჰაიმის მესამედ არჩევა და გზა პერეს დე კუეილიარს გაუხსნა.55 1990-იანი წლების ბოლოს პეკინმა გაეროს მეშვეობით, ასე ვთქვათ, შური იძია გვატემალასა და მაკედონიაზე, ვინაიდან გვატემალამ ყურად არ იღო ჩინეთის გაფრთხილება, როდესაც მოიწვია ტაივანის წარმომადგენელი, ხოლო მაკედონიამ ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. 1997 წლის 1 ოქტომბერს ჩინეთის მიერ დაიბლოკა გვატემალაში გაეროს სამხედრო დამკვირვებლების მისიის გაგზავნა, ასევე მაკედონიაში აღარ გაგრძელდა გაეროს პრევენციული სამხედრო მისია 1999 წლის 25 თებერვლის ვეტოს გამო.56 სხვა მხრივ, ჩინეთში ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჩინურ სახელმწიფოს გაეროში თავისი ვეტოს გამოყენების უფლების მიმართ «აწონილი და ფრთხილი» დამოკიდებულება აქვს.57

თუმცა ჩინეთის როლი გაეროს უშიშროების საბჭოში მხოლოდ ვეტოს ხმის გამოყენების უფლებით და საკუთარი ინტერესების განხორციელებით არ გამოიხატება. საკმაოდ ბევრი მაგალითი არსებობს ჩინეთის მონაწილეობისა საყოველთაო მშვიდობისა და კეთილდღეობის განმტკიცების თვალსაზრისით, რაც ჩვენს მიერ ზემოთ აღწერილი განვითარებადი ქვეყნებისადმი დახმარების პოლიტიკის გაგრძელებაა გაეროში. სახალხო რესპუბლიკის ოფიციალური საინფორმაციო ინტერნეტ-ცენტრი58 იუწყება, რომ «გაეროს როლი საერთაშორისო საკითხებში შეუცვლელია», ხოლო ჩინეთი პირნათლად ასრულებს თავის საფინანსო ვალდებულებებს ამ ორგანიზაციის წინაშე. ასე, თუკი 2000 წელს ჩინეთის წილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაფინანსებაში წევრი-სახელმწიფოებიდან 0,995% იყო, 2006 წელს ამ მაჩვენებელმა 2,053%-ს მიაღწია. ამ მხრივ ჩინეთი გაეროს სიდიდით მეცხრე დამფინანსებელია, ხოლო განვითარებად სახელმწიფოებს შორის – პირველი.59

ასევე მზარდია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მონაწილეობა გაეროს სამშვიდობო მისიებში. მისი სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტი რიგით მეთორმეტეა წევრ-სახელმწიფოთა შორის, ხოლო უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებს შორის – პირველი. 1990-იდან 2008 წლამდე ჩინეთმა სულ 12.443 სამხედრო, პოლიციელი და სამოქალაქო პირი გააგზავნა გაეროს ეგიდით წარმოებულ 24 სამშვიდობო ოპერაციაში.60

ამ ფონზე ყურადსაღებია ჩინეთის დამოკიდებულება გაეროს უშიშროების საბჭოზე გამოტანილი სარეზოლუციო პროექტებისადმი. როგორც ვნახეთ, ჩინური პოლიტიკა შეუვალია ჩინეთის ერთი სახელმწიფოს პრინციპის დაცვაში, რაც გამორიცხავს ტაივანის ცალკე სუბიექტად აღიარებას გაეროს ფარგლებში. ტაივანთან დაკავშირებულ საკითხებიდან გამომდინარე, ჩინეთი აქტიურად იყენებდა და, თუ საჭირო გახდა, კვლავაც გამოიყენებს ვეტოს ბერკეტს და ყველა სხვა საშუალებას უშიშროების საბჭოსა და გენერალურ ასამბლეაზე. გარდა ამისა, როგორც კ. ვალდჰაიმის შემთხვევაში იყო, ჩინეთი, შესაძლოა, მძაფრად რეაგირებდეს მნიშვნელოვან საკადრო საკითხებზეც. მაგრამ მთლიანობაში, ჩინეთისთვის ვეტოს ამოქმედება არ წარმოადგენს თვითმიზანს და ამ საშუალებას იგი ბოროტად არ იყენებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს არსებული საერთაშორისო სისტემის შენარჩუნებისა და განვითარებადი ქვეყნების ინტერესების დაცვის საქმეში. სახალხო რესპუბლიკის ამჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ცალსახად განაცხადა: «ჩვენ მტკიცედ დავიცავთ არსებულ საერთაშორისო სისტემას, რომლის საფუძველს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია წარმოადგენს, ასევე დავიცავთ და გავაფართოვებთ განვითარებადი ქვეყნების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს».61

ქვემოთ განვიხილავთ ბოლო ათწლეულის მანძილზე გაეროს უშიშროების საბჭოზე გამოტანილ სარეზოლუციო პროექტებზე ჩინეთის მიერ ხმის მიცემას, რომლებიც შეეხება მსოფლიოში მიმდინარე საკვანძო და იმავდროულად, კონფრონტაციულ საკითხებს, როდესაც აშკარად ჭირს კონსენსუსი დიდ სახელმწიფოთა შორის. პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს:

  • რა პრინციპებით ხელმძღვანელობს პეკინი მწვავე გეოპოლიტიკური თუ იდეოლოგიური საკითხების მიმართ, როდესაც კენჭი ეყრება ამა თუ იმ რეზოლუციის პროექტს?

  • სხვა რომელი სახელმწიფოების ინტერესებს ემთხვევა ან ეწინააღმდეგება მისი სახელმწიფო ინტერესები კენჭისყრის შედეგად?

  • რამდენად შეიძლება გამოიკვეთოს ტენდენცია, რომ ჩინეთის საერთაშორისო პოლიტიკა და მიდგომები ხელს უწყობს (ან ხელს უშლის) მსოფლიოში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას?

მსოფლიოში მშვიდობის მასშტაბურად დარღვევის საფრთხე, დიდ სახელმწიფოთა, მათ შორის, უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა მონაწილეობით, ბოლო ათწლეულის მანძილზე რამდენჯერმე შეიქმნა. გაეროს უშიშროების საბჭოზე გამოტანილ იქნა ურთულესი საკითხები, რომლებიც მწიფდებოდა 2000-იანი წლების მანძილზე და თანდათანობით გამძაფრდა. ეს საკითხებია: 1) ირანის ბირთვული პროგრამა და ანტიირანული სანქციები; 2) ჩრდ. კორეის ბირთვული პროგრამა და ანტიკორეული სანქციები; 3) სირიის საკითხი (2011 წლიდან დღემდე); 4) ყირიმის საკითხი (2014 წ.).

ბუნებრივია, კვლავინდებურად დღის წეს-რიგში რჩება «ტრადიციული» საკამათო თემები დიდ სახელმწიფოთა შორის, როგორიცაა, მაგალითად, პალესტინის პრობლემა, ნაწილობრივ ავღანეთი და ერაყიც. თუმცა ამ საკითხებში უთანხმოება გარკვეულ ფარგლებს არ სცდება და დიდ სახელმწიფოთა შორის კონფლიქტის გაღვივების პოტენციალით არ გამოირჩევა, ზემოთ ჩამოთვლილ ოთხ საკითხთან შედარებით. ამიტომ, ანალიტიკური თვალსაზრისით უფრო მართებულია, შეფასება მიეცეს ახალ გამოწვევებს, რომელთა წინაშე დადგა მსოფლიო 21-ე საუკუნეში.

§1. ირანის საკითხი.

ირანის საკითხი გაეროსთვის აქტუალური გახდა ამ სახელმწიფოს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. დასავლეთის სახელმწიფოები და ისრაელი ბრალს სდებდნენ ისლამურ რესპუბლიკას, რომ მისი ბირთვული პროგრამა არ ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ფარულად ბირთვული შეიარაღების შექმნას ემსახურებოდა.

ჩინეთის სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებით მოზომილი და მშვიდობიან თანაარსებობაზეა გამიზნული. 2009 წლის 24 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭოზე შეიკრიბა საბჭოს 14 მუდმივი და არამუდმივი სახელმწიფოების ლიდერები – სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურები, ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ სხდომაში, რომელიც მიეძღვნა მასობრივი განადგურების შეიარაღებების გაუვრცელებლობის საკითხს და რომლის შედეგად იქნა მიღებული რეზოლუცია #1887.62 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაშინდელმა ლიდერმა ჰუ ძინტაომ გამოხატა ჩინური სახელმწიფოს პრინციპული პოზიცია ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით: «ჩინეთი ყოველთვის იყო ბირთვული იარაღის აკრძალვისა და სრული განადგურების მომხრე. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და საზეიმოდ განვაცხადო, რომ ჩინეთი თავდაცვითი ბირთვული სტრატეგიის ერთგული რჩება. ჩვენი პოლიტიკა ყოველთვის გამორიცხავდა ბირთვული იარაღის გამოყენებას ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში, ჩვენ ცალსახად განვაცხადეთ, რომ არ გამოვიყენებთ და არც ერთ არაბირთვულ სახელმწიფოს ან ბირთვული იარაღისგან თავისუფალ ზონას არ დავემუქრებით ბირთვული იარაღის გამოყენებით. ჩინეთი არანაირი ფორმით არ მონაწილეობს ბირთვულ შეიარაღებათა შეჯიბრში».63

ამ ფონზე უფრო გასაგები ხდება, თუ რატომ დაუჭირა ჩინეთმა მხარი 2006-2010 წლების რეზოლუციებს, რომელთა ძალით ირანის იძულების მცდელობა იქნა განხორციელებული, რათა ამ სახელმწიფოს უარი ეთქვა ბირთვული პროგრამის გაგრძელებაზე. თუმცა ეს, ჩინეთმა, დასავლეთისგან განსხვავებით, ანტიირანული რიტორიკის გამოყენების გარეშე მოახერხა. უშიშროების საბჭოს იმავე 24 სექტემბრის სხდომაზე ჰუ ძინტაომ მხარი დაუჭირა «უფრო უსაფრთხო მსოფლიოს ყველასათვის», სადაც პირველი ამოცანა იქნებოდა ბირთვული ომის თავიდან აცილება; ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა «თითოეული ქვეყნის უფლებას, აწარმოოს მშვიდობიანი ბირთვული ენერგია». ამ დიპლომატიური ფორმულირებით, ჩინეთი მოქმედების ფართო დიაპაზონს ინარჩუნებს, მათ შორის, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ურთიერთობებშიც.

 

რეზოლუციები:

#1696 (31 ივლ. 2006) – გამაფრთხილებელი რეზოლუცია ირანის მიმართ; მიღებულია ერთხმად.

#1737 (22 დეკ. 2006) – პირველი სანქციების შემცველი რეზოლუცია, რომელიც წარმოადგინეს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა და, რუსეთისა და ჩინეთის შენიშვნების გამო, მასზე მუშაობა ორი თვის მანძილზე მიმდინარეობდა. საბოლოოდ, უშიშროების საბჭომ ერთხმად დაამტკიცა.

#1747 (24 მარ. 2007) – სანქციების მეორე პაკეტი; მიღებულია ერთხმად.

#1803 (3 მარ. 2008) – ეს რეზოლუციაც ერთხმად დამტკიცდა, ინდონეზიის გამოკლებით, რომელმაც უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრებიდან თავი შეიკავა.

#1835 (27 სექტ. 2008) – ერთხმად მიღებულმა რეზოლუციამ გააფართოვა სანქციები.

#1929 (9 ივნ. 2010) – ბოლო რეზოლუცია, რომელმაც, გამომდინარე წინა წლების რეზოლუციებიდან, კვლავინდებურად შეზღუდა ირანის პოზიციები საერთაშორისო არენაზე, განსაკუთრებით, საფინანსო სფეროში. განსხვავება მდგომარეობდა უშიშროების ორი არამუდმივი წევრის – თურქეთისა და ბრაზილიის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევაში. ამ ორმა სახელმწიფომ რეზოლუციის პროექტის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა, ლიბანმა კი თავი შეიკავა. ჩინეთი უმრავლესობის რიგებში აღმოჩნდა და პროექტს მხარი დაუჭირა.

ჩინეთს მჭიდრო ურთიერთობები აქვს ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, ისევე, როგორც მანამდე შაჰის ირანთან ჰქონდა, 1970-იანი წლებიდან მოყოლებული. ამ ურთიერთობების პრაგმატულობის დამადასტურებელია სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის და მთავრობის იმჟამინდელი ლიდერის, ჰუა გოფენის ვიზიტი თეირანში 1978 წელს. ამ ფაქტიდან მალევე შაჰის რეჟიმი ირანში დაემხო და რევოლუციური ხელისუფლება პეკინმა სულ რამდენიმე დღეში აღიარა – და ეს მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ათეისტური ჩინეთი არ იზიარებს რელიგიურ მოტივებს და აიათოლების ხელისუფლება ისეთივე უცხო იყო მისთვის, როგორც შაჰის.64 დღესდღეობით, ჩინეთისა და ირანის ვაჭრობა პრაქტიკულად ყველა სფეროს მოიცავს: ენერგეტიკიდან შეიარაღებამდე, ბირთვული ტექნოლოგიებიდან ირანის ინფრასტრუქტურაში ჩინურ ინვესტიციებამდე, მზესუმზირიდან ჰიჯაბებამდე...65 ჩინეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ენერგეტიკის დარგში, ენერგოშემცველებით მდიდარ ირანთან. ასევე ცნობილია ჩინურ-ირანული თანამშრომლობის გაღრმავება 1990-იან წლებში. ყოველივე ამ ფაქტორების მიუხედავად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არ წავიდა გაეროს უშიშროების საბჭოს ნების საპირისპიროდ და ირანთან ურთიერთობების გაფუჭების გარეშე, მხარი დაუჭირა ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს. ამავე დროს, ჩინეთი, რომელიც ირანული ნედლი ნავთობის მთავარი მომხმარებელია, დიპლომატიურად მიანიშნებს, რომ ისლამური რესპუბლიკის იძულებისათვის სამხედრო კოალიციის შექმნისა და მოქმედების წინააღმდეგი იქნება.66



§2. ჩრდილოეთ კორეის საკითხი.

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის საწინააღმდეგო სანქციები ასევე გამომდინარეობს ამ სახელმწიფოს ბირთვული პროგრამიდან, რომელიც დაუფარავად სამხედრო ხასიათს ატარებს და მნიშვნელოვან მიღწევებს უკავშირდება ამ გზაზე.

ბუნებრივია, ჩინეთის ნების გარეშე გაეროს უშიშროების საბჭო ვერ მიიღებდა შესაბამის რეზოლუციებს, მაგრამ პეკინმა ვეტოს უფლება არც ერთ შემთხვევაში არ გამოიყენა. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ჩრდილო კორეა სულ ბოლო მომენტამდე ღიად აწარმოებდა სამხედრო ბირთვულ პროგრამას და, შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას, მის მიმართ განხორციელებული სანქციები ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე ანტიირანული სანქციები. ჩრდილო კორეასთან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით აკრძალულია ვაჭრობა ბევრ ისეთ დარგში, რომელიც შეხებაში საერთოდ არ არის სამხედრო თემატიკასთან. ირანის მიმართ მიღებული სანქციები პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება სამხედრო სფეროს, რათა ირანმა ვერ მოახერხოს ამ სფეროს განვითარება, ბირთვული იარაღის შექმნის ჩათვლით, ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით კი, ფაქტობრივად, ტოტალური სანქციებია მიღებული, რათა ქვეყანამ არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ვერც ერთი სხვა მიმართულებით ვერ შეძლოს განვითარება.67 რეზოლუციები ##1718 (2006 წ.), 1874 (2009 წ.), 2087 (2013 წ.), 2094 (2013 წ.), 2270 (2016 წ.), 2321 (2016 წ.), 2356 (2017 წ.), 2371 (2017 წ.), 2375 (217 წ.) და 2395 (2017 წ.) ჯამში სწორედ ასეთ მასშტაბურ შეზღუდვებს აწესებენ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თავისთან იდეოლოგიურად ახლოს მდგომი კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის უმთავრესი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. მაგრამ ჩინეთისთვის ჩრდ. კორეასთან მიმართებით მთავარია არა ეკონომიკური, არამედ სამხედრო-პოლიტიკური, გეოსტრატეგიული ინტერესი, რათა დაცულ იქნას სტაბილობა საკუთარი საზღვრებთან. ჩრდ. კორეის გარეშე ჩინეთი სტრატეგიულად დასუსტდება, ვინაიდან აშშ-სა და მის ტრადიციულ მოკავშირეებს – იაპონიასა და კორეის რესპუბლიკას (სამხრეთი კორეა) აღარ ეყოლებათ მძლავრი სამხედრო მოწინააღმდეგე ჩრდ. კორეის სახით და ისინი უშუალოდ ჩინეთს გაუმეზობლდებიან. დღესდღეობით მიმდინარე დათბობის პოლიტიკა აშშ-სა და ჩრდ. კორეას შორის ამიტომაც განიხილება ზოგიერთი პოლიტიკური ექსპერტის მიერ, როგორც აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე კონკურენცია პხენიანზე გავლენის მოსაპოვებლად,68 ვინაიდან აშშ ცდილობს მშვიდობიანი გზით მიიღოს ის, რასაც სამხედრო ზეწოლის გზით ვერ მიაღწია, ეს კი ჩინეთის სტრატეგიულ ინტერესებს არ შეესაბამება.

მეორეს მხრივ, ჩრდილოეთ კორეის დამოკიდებულება ჩინეთზე იმედნად დიდია, რომ პხენიანი იძულებული იქნება, ანგარიში გაუწიოს პეკინის ზეწოლას. ჩინეთის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ეს ზეწოლა ატომური პროგრამის საკითხში არსებობს (ანუ ჩინეთი რეალურად ახორციელებს სანქციების რეჟიმს, რომელიც ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე ირანის სანქციები იყო), მაგრამ არ არის კრიტიკული. ჩინეთი, სავარაუდოდ, არასოდეს გადაუკეტავს შემოსავლის წყაროებს კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას ისე, რომ ეს სახელმწიფო დაეცეს და იქაური კომუნისტური წყობა შეიცვალოს დასავლური ტიპის მმართველობით. ბუნებრივია, რომ ჩინეთი განზე ვერც სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში გადგება, თუკი ჩრდილოეთ კორეას თავს დაესხმება ამერიკული კოალიცია, როგორც ეს 1950-იანების დასაწყისში იყო. სწორედ ჩინეთი აღმოჩნდა შემაკავებელი ფაქტორი ამერიკის პრეზიდენტ ტრამპის თავდაპირველად ხისტი კურსისათვის,69 როდესაც ვაშინგტონი ცდილობდა, სამხედრო ძალის დემონსტრირებით დაეშინებინა ჩრდ. კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი. შესაბამისად, ჩინეთი ამ შემთხვევაშიც გამოვიდა საყოველთაო მშვიდობის დამცველი ძალის ამპლუაში.



§3.სირია.

სირიის სამოქალაქო ომი, როგორც ე. წ. «არაბული გაზაფხულის» გაგრძელება, ჩინეთის ინტერესებს უშუალოდ არ ეხება ამ ქვეყნის ჩინეთიდან დაშორებულობის, მისი შედარებით მცირე მასშტაბისა და ორ ქვეყანას შორის უმნიშვნელო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების არსებობის გამო. სირიის არაბული რესპუბლიკა მისთვის არც პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილების არენად გადაქცეულა, განსხვავებით რუსეთისა და დასავლეთის ქვეყნებისაგან. მიუხედავად ამისა, სახალხო რესპუბლიკამ პრინციპულობა გამოავლინა სირიასთან დაკავშირებული რეზოლუციების პროექტების მიმართ. ოფიციალურმა პეკინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ემხრობა გარედან ძალისმიერი ჩაურევლობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარებას. სირიის საკითხი ჩინეთს არ გადაუქცევია ვაჭრობის საგნად. პირიქით, იგი ყოველმხრივ, არა მხოლოდ სიტყვით, გამოხატავს თავის სამშვიდობო მისწრაფებებს.

ასე, მაგალითად, სირიაში ჩინეთის ელჩმა ცი ციანძინმა მიმდინარე წლის თებერვალში მოინახულა დამასკოს ალ-მუვასატის საუნივერსიტეტო კლინიკა და განაცხადა: «დარწმუნებული ვარ, რომ დადგა დრო, ყოველი ღონე ვიხმაროთ სირიის აღდგენისა და განვითარებისათვის. მე ვფიქრობ, რომ ჩინეთი ამ პროცესში დიდ როლს შეასრულებს, იგი აღმოუჩენს მნიშვნელოვან დახმარებას სირიის ხალხსა და ხელისუფლებას», იუწყება ჩინური სააგენტო სინხუა. ამავე სააგენტოს ცნობით, ჩინეთის მთავრობა მატერიალურად უჭერს მხარს სირიის ჯანდაცვის სექტორს, დაფინანსდა ალ-მუვასატის საავადმყოფოს შენობის აღდგენა, სადაც სასწრაფო დახმარების განყოფილებაა განთავსებული.70

რაც შეეხება სირიის გარშემო მიღებულ რეზოლუციებსა და ვეტოდადებულ პროექტებს. კენჭისყრისას აშკარაა თითქმის სრული თანხვედრა ჩინეთსა და რუსეთს შორის, მიუხედავად მათი მოტივებისა. ეს «თითქმის» იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებით საკამათო მომენტებში, როდესაც დასავლეთის ზეწოლის პირობებში ჭირს ასადის ხელისუფლების ქმედებების გამართლება, ჩინეთი თავს იკავებს და ვეტოს გამოყენების უფლებას მდუმარედ «გადაულოცავს» რუსეთის ფედერაციას. ასე მოხდა ბოლო ნამდვილი თუ მოგონილი ქიმიური შეტევის შემდეგ, როდესაც დასავლეთის ლიდერმა-სახელმწიფოებმა სირიის ხელისუფლებას ბრალი დასდეს ქიმიური იარაღის გამოყენებაში, აღმოსავლეთ გუტას პროვინციაში. შეერთებული შტატების მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ამ ჯგუფისვე მიერ დამნაშავეთა გამოცხადების უფლებით, ვეტო რუსეთმა დაადო, ჩინეთმა კი მხოლოდ თავი შეიკავა71 (ასევე მოიქცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ერთი წლით ადრე, როდესაც ეჭვი გაჩნდა ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ხან შაიხუნში72). სამაგიეროდ, ჩინეთმა ორ მსგავს რუსულ პროექტს დაუჭირა მხარი, რომლებიც უშიშროების საბჭოს სხვა მუდმივმა წევრებმა – ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა დაბლოკეს.73

ჩინეთმა ერთმნიშვნელოვნად დაგმო აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის გარეშე განხორციელებული სადამსჯელო სარაკეტო დარტყმები სირიის ტერიტორიაზე. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე სახალხო რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა მა ჩჟაოსიუიმ განაცხადა: «ჩინეთმა არაერთხელ გააკეთა მოწოდება დავების მშვიდობიანი მოგვარებისკენ, იგი ასევე ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებას. ნებისმიერი ცალმხრივი სამხედრო მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება გაეროს წესდების პრინციპებსა და მიზნებს, არღვევენ საერთაშორისო ურთიერთობების წესებს, საერთაშორისო სამართალს და ქმნიან კიდევ უფრო მეტ გართულებებს».74

ჩინეთისა და რუსეთის მიდგომების თანხვედრა გამოიხატა 2011 წლის 4 ოქტომბრის, 2012 წლის 4 თებერვლის, 2012 წლის 19 ივლისის, 2014 წლის 22 მაისის, 2016 წლის 5 დეკემბრის სარეზოლუციო პროექტებთან დაკავშირებით – სწორედ ამ ორი სახელმწიფოს ვეტო დაედო აღნიშნულ პროექტებს, დასავლეთის ქვეყნების მიერ ინიცირებულთ (ზემოთ ნახსენები ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების გამო წარმოდგენილი ორი პროექტის გარდა, ჩინეთმა ვეტო არ დაადო და მხოლოდ თავი შეიკავა კიდევ ერთ შემთხვევაში – 2016 წლის 8 ოქტომბრის განხილვაზე, რომელიც ალეპოში ჰუმანიტარულ ვითარებას შეეხებოდა75). აქვე აღნიშვნის ღირსია, რომ ჩინეთს არ ჩაუტარებია რაიმე სპეციალური კონსულტაციები აფრიკის ქვეყნებთან, მათი გადმობირების მიზნით და არც რეაქცია ჰქონია იმაზე, რომ რიგი აფრიკული სახელმწიფოებისა ამ პროექტებთან დაკავშირებით, ხმის მიცემისას, დასავლეთის მხარეს აღმოჩნდნენ, და არა ჩინეთის. ესეც ერთგვარი დემოკრატიული მიდგომაა, რომელიც მიბმული არ არის ჩინეთის საერთაშორისო განვითარების პროგრამების დაფინანსებაზე, რაც ბევრი სხვა «დიდი სახელმწიფოს», მათ შორის, დასავლეთის სახელმწიფოების, ქმედებებისაგან განსხვავდება.

მთავარი პრინციპი, რომელიც ჩინეთს ახასიათებს სირიის რეზოლუციების მიმართ, ეს არის აშშ-ის კოალიციის მხრიდან ძალის გამოყენების გამორიცხვა. ბუნებრივია, ჩინეთი ასევე ემხრობა ტერორისტული ფსევდო «ისლამური სახელმწიფოს» სრულ განადგურებას. როგორც რუსეთი, ისე ჩინეთი ბაშარ ასადს განიხილავს, როგორც სირიის კანონიერ მმართველს. დანარჩენ საკითხებში ჩინეთი არანაირ პრობლემას არ ქმნის, სირიის რეზოლუციებთან დაკავშირებით. ამის დასტურია ის არაერთი რეზოლუცია, რომელიც უშიშროების საბჭომ მიიღო სირიაში ტერორიზმის და ადამიანის უფლებების დარღვევების დასაგმობად, ასევე სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით.76 განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 2013 წლის 27 სექტემბრის რეზოლუცია #2118,77 რომლის ძალითაც სირიის რესპუბლიკა უპირობოდ დასთანხმდა საკუთარი ქიმიური შეიარაღებების არსენალის სრულ განადგურებას საერთაშორისო კონტროლის ქვეშ.

 

§4. ყირიმის (2014 წ.) საკითხის განხილვა გაეროში ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების ფონზე.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, მიუხედავად თავისი მასშტაბებისა და აქტიური საგარეო პოლიტიკისა, არ ცდილობს, თავისი ლიდერობის ქვეშ შექმნას რეგიონული ან გლობალური სამხედრო-პოლიტიკური ტიპის ორგანიზაცია, მაგალითად, აშშ-ის მიერ დომინირებული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) ან რუსეთის მიერ დომინირებული კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ნიმუშის მიხედვით. იგი მით უფრო არ აპირებს ამ ტიპის ორგანიზაციებში გაწევრიანებას. ჩინეთი საკუთარ ძალებში დარწმუნებული სუპერსახელმწიფოა, რომელიც ბალანსის პოლიტიკითა და გლობალური მშვიდობის მხარდაჭერით ახორციელებს თავის ეროვნულ ინტერესებს. ამიტომაც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არ ემსახურება ჩინეთის პოლიტიკური ამბიციების რეალიზებას, თავად ჩინეთის სურვლის საფუძველზე.

მეზობელ რუსეთთან ჩინეთს მრავალი პოლიტიკურ-ეკონომიკური, ისტორიულ-კულტურული და სხვა სახის ფაქტორები აკავშირებს. რუსეთს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის ეკონომიკის მომარაგებაში ენერგოშემცველებით, განსაკუთრებით – ბუნებრივი აირით.78 ამერიკული ექსპანსიონიზმის შესაკავებლად რუსეთი ასევე მნიშვნელოვანი საპირწონე ძალაა სახალხო რესპუბლიკისათვის. ამიტომაც არ არის გასაკვირი, ასე ხშირი დამთხვევა ჩინეთისა და რუსეთის პოზიციებისა გაეროში, სხვადასხვა მწვავე საკითხებთან დაკავშირებით. ასე არის სირიის პრობლემასთან დაკავშირებით და ასე იყო ოდნავ ადრე, ლიბიის #1973 რეზოლუციის მიღების მომენტში (2011 წლის 17 მარტი): მაშინ, როდესაც რუსეთი დათანხმდა დასავლეთის სამხედრო ჩარევას აჯანყებულების სასარგებლოდ, ჩინეთი არ დაუპირისპირდა დასავლეთს და რუსეთის მსგავსად, კენჭისყრისას მანაც თავი შეიკავა (უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრებიდან თავი ასევე შეიკავეს ბრაზილიამ, ინდოეთმა და გერმანიამ). ჩინეთმა ასევე გამოიჩინა ობიექტურობა (რაც რუსეთის ინტერესში იყო), ე. წ. «სკრიპალების საქმის» გამო, როდესაც რუსეთის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე სახალხო რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა მა ჩჟაოსიუიმ განაცხადა: «ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ქიმიური იარაღის გამოყენებას ნებისმიერი სახელმწიფოს, ორგანიზაციის ან ცალკეული პირის მიერ. ისინი, ვინც იყენებენ ქიმიურ იარაღს, პასუხისგებაში უნდა იქნან მიცემულნი. ჩინეთი მიიჩნევს, რომ ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში. აუცილებელია, ჩატარდეს ყოვლის მომცველი და დამოუკიდებელი გამოძიება...; ჩინეთი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოს, დაიცვან ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპი».79

ამ განცხადებით ჩინეთის წარმომადგენელმა ერთგვარად გააბუნდოვანა თავისი დამოკიდებულება საქმის არსის მიმართ, არ დაიკავა რომელიმე დაპირისპირებული მხარის პოზიცია (დიდი ბრიტანეთი და სხვა დასავლური სახელმწიფოები რუსეთს აბრალებდნენ მამა-შვილი სკრიპალების მოწამვლას) და, პრინციპში, დაიცვა [რუსეთის] უდანაშაულობის პრეზუმფცია და ლოგიკური მოწოდება გააკეთა ობიექტური გამოძიების ჩასატარებლად.

მაგრამ გამოკვეთილია ტენდენცია, რომ ჩინეთი რუსეთთან ურთიერთობების გამო არ გადავა ზღვარს და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არ დააზარალებს. ეს განსაკუთრებით ეხება სახელმწიფოებს შორის საზღვრების ცვლილებას. ყირიმის რეფერენდუმის წინ, რომელიც 2014 წლის 16 მარტს ჩატარდა და რომლის საფუძველზეც ეს ნახევარკუნძული რუსეთმა ოფიციალურად ჩამოაშორა უკრაინას, შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოში შემოიტანა რეზოლუციის პროექტი (S/2014/189), რომელიც ითვალისწინებდა ყირიმში დაგეგმილი რეფერენდუმის უკანონობის აღიარებას. ვაშინგტონის ინიციატივას მხარი დაუჭირა საბჭოს ყველა (13-მა) წევრმა, გარდა რუსეთისა და ჩინეთისა.80 რუსეთმა რეზოლუციას ვეტო დაადო, მაგრამ ჩინეთმა როგორც მხარდაჭერისაგან, ისე ვეტოს დადებისგანაც შეიკავა თავი. სხვაგვარად რომ ითქვას, პეკინმა ზომიერი პოზიცია დაიკავა, მაგრამ საზღვრის ცვლილება საერთაშორისო სამართლის გვერდის ავლით არ გაიზიარა.

საინტერესოა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ იგივე პოზიცია გამოხატა გენერალურ ასამბლეაზეც. 2014 წლის 27 მარტს 100-მა ქვეყანამ ხმა მისცა უკრაინის მხარდამჭერ #68/262 რეზოლუციას, 58-მა თავი შეიკავა, 10-მა წინააღმდეგ უყარა კენჭი. ჩინეთი ისევ შუალედურ პოზიციაზე დადგა და თავი შეიკავა. მეორეს მხრივ, ეს თავშეკავება განპირობებულია არა მისი მხრიდან საზღვრების ურღვევობის პრინციპის ეჭვს ქვეშ დაყენებით, არამედ შეერთებული შტატების ჰიპერაქტიურობით უკრაინის საკითხში. უკრაინის და, ზოგადად, ტერიტორიული ერთიანობის პრინციპის დაცვის აუცილებლობა ჩინეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაეროს უშიშროების საბჭოს 7205-ე სხდომაზე (24 მაისი, 2014 წ.).81



* * *

ჩინეთის არგუმენტაცია თავისი მხრიდან კენჭისყრაში მიღებულ ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეგნებულად გაბუნდოვანებულია და არ შეიცავს კონკრეტიკას. ჩინეთი მოუწოდებს ყველა მხარეს კონსტრუქციული ქმედებებისკენ და მოლაპარაკებებისკენ. ამით ჩინეთი საკუთარ ინტერესებს იცავს და თავიდან ირიდებს სხვა სახელმწიფოებთან ოპონირების რეჟიმს, მაგრამ ამავე დროს, ხელს უწყობს ბალანსის დაცვასა და საომარი მოქმედებების არდაშვებას. სარეზოლუციო პროექტებზე ვეტოს დადების ან მათი მხარდაჭერის პრაქტიკა ჩინეთის მხრიდან ზოგადი ფრაზებით არის დასაბუთებული, თუმცა ფრაზეოლოგიის აბსტრაქტულობა არ ნიშნავს არგუმენტების არქონას ან საერთაშორისო წეს-რიგის უგულებელყოფას, და არც პრინციპებზე უარის თქმას. ყოველი ასეთი გადაწყვეტილება რეალურად მიმართულია მშვიდობის და საერთაშორისო სამართლის დაცვისაკენ. ჩინეთის ქმედებებიდან ასევე ნათლად იკვეთება სახელმწიფოთა ტერიტორიული ურღვევობის პრინციპის დაცვა, რაც საერთაშორისო წეს-რიგისათვის, ისევე, როგორც, ცალკე აღებული საქართველოსათვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.





დასკვნები:

  • ჩინეთი არ თამაშობს «ნულოვანი ჯამის თამაშს» მსოფლიო არენაზე; იგი აქტიურად მონაწილეობს განვითარებადი ქვეყნების დახმარებაში;

  • 1-ლ თავში ჩამოთვლილი ფაქტორების შეჯამებით:

    ა) ეკონომიკის, დემოგრაფიის და სოციალური განვითარების მზარდი მოთხოვნების მიუხედავად, ჩინეთი არ არის იძულებული, უარი თქვას მშვიდობიან საგარეო პოლიტიკაზე. ჩინეთი შეუვალია თავისი საზღვრების დაცვისას და მაშინ, როდესაც მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნები სამართლიანია (მაგ., სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სადავო კუნძულებთან და აკვატორიასთან დაკავშირებით);

    ბ) ინტერესთა ჯგუფების, სახელისუფლებო ან საფინანსო სეგმენტების გავლენა ჩინეთის საგარეო პოლიტიკაზე არ ჩანს, რადგან ამ სახელმწიფოს წყობა და სისტემა სტაბილურია და იერარქიული. კომუნისტური პარტიის კოლექტიური მმართველობა სუბიექტური ფაქტორების მინიმიზაციასაც ახდენს;

    გ) ჩინეთის კულტურულ-მენტალური და იდეოლოგიური ფაქტორები სამშვიდობო პოლიტიკას უფრო ამყარებს;

    დ) ჩინეთი არ აპირებს სამხედრო-პოლიტიკური ბლოკებისა და კოალიციების შექმნას და მათში მონაწილეობას; ჩინური სამხედრო ბაზების დაფუძნება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამერიკული პრაქტიკის საპირისპიროდ, ჯერ-ჯერობით არ არის ფორსირებული. ასე, ერთადერთი სამხედრო ბაზა (ისიც მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის) ჩინეთს ჯერ-ჯერობით მხოლოდ აფრიკის სახელმწიფო ჯიბუტიში აქვს დაფუძნებული (2017 წლიდან).

  • მე-4 თავში ჩამოთვლილი კითხვების შეჯამებით:

    ა) ჩინეთი იცავს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და გამორიცხავს ძალის გამოყენებას მესამე მხარის მიმართ;

    ბ) ჩინეთის მიერ უშიშროების საბჭოს სხდომებზე კენჭისყრაში მონაწილეობის შედეგი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც უშუალოდ ჩინეთის სასიცოცხლო ინტერესებს არ ეხება, მეტწილად ემთხვევა რუსეთის პოზიციას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საერთაშორისო სამართლის პრინციპები აშკარად არ ირღვევა;

    გ) ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის თემასთან დაკავშირებით ჩინეთი თვალს არ ხუჭავს თავის მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორებთანაც კი, მისი პოზიცია ბოლომდე პრინციპულია და, ამავე დროს, მხოლოდ მშვიდობიანი ზემოქმედების ბერკეტებს ითვალისწინებს.

  • ჩინეთი, რომელიც თავის გლობალურ ინტერესებში პრიორიტეტს ეკონომიკასა და ვაჭრობას ანიჭებს, ობიექტურად არის დაინტერესებული მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილობის შენარჩუნებაში და შესაბამის პოლიტიკას ახორციელებს კიდეც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.





პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი: გულბაათ რცხილაძე



თანაშემწეები – სტუდენტები: სალომე ბიგვავა, სალომე გოგიაშვილი, თამარ გორზამაული







გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა:

კვლევა ეფუძნება უახლეს პერიოდში გამოქვეყნებულ წყაროებსა და ლიტერატურას – როგორც საკუთრივ ჩინურ, ასევე მრავალრიცხოვან საერთაშორისო – გერმანულ, რუსულ, ამერიკულ, ბრიტანულ მასალებს. გარდა ამისა, კვლევაში გამოყენებულია ბელარუსი და ყაზახი ავტორების ანალიტიკური შრომებიც. დამუშავებული და გამოყენებულია წყაროები და ლიტერატურა რუსულ, ინგლისურ, გერმანულ ენებზე.

სტატისტიკური ინფორმაციის პირველწყაროდ ჩინეთის ოფიციალური სტრუქტურებია მითითებული, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვებ-გვერდზე არსებულ უხვ საარქივო მასალებთან ერთად. კვლევის დასაწყისში, მის თეორიულ ნაწილში, გამოყენებულია სამეცნიერო პოლიტოლოგიური მონოგრაფიები, ძირითადად გერმანელი ავტორების, ასევე ამერიკელი ავტორების ნაშრომები. ჩინეთის საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტთან მიმართებით გაანალიზებულ იქნა გაეროს დოკუმენტები, საინფორმაციო სააგენტოებისა და პერიოდული პრესის საშუალებით მიღებული ინფორმაციები და შეფასებები, აგრეთვე სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული ნაშრომები. ყოველი ინფორმაცია, წყარო და ანალიტიკური მასალა ასახავს უახლეს მდგომარეობას საკვლევ თემასთან მიმართებით.

წყაროები და ლიტერატურა სრულადაა მითითებული სქოლიოებში.



რეზიუმე:

წინამდებარე კვლევაში განხილულია ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ძირითადი ასპექტები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოში სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით ხმის მიცემის პრაქტიკასთან მიმართებით. გამოკვეთილია სახალხო რესპუბლიკის სტრატეგიული ინტერესები გლობალურ და რეგიონულ არენაზე, ამ ინტერესების შეპირისპირება საყოველთაო მშვიდობისა და სტაბილობის მოთხოვნებთან.

ანალიზიდან მიღებული შედეგები ცხადჰყოფს, რომ ჩინეთის ინტერესებშია გლობალური მშვიდობა და სტაბილობა, რათა მეტი საფუძველი მიეცეს სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკურ ზრდას, რაც, თავის მხრივ, დამოკიდებულია საექსპორტო წარმოების და თავისუფალი ვაჭრობის ზრდასა და განმტკიცებაზე. ჩინეთი შეუვალია თავისი სასიცოცხლო ინტერესების დაცვისას, როდესაც საქმე ეხება მისი საზღვრების ურღვევობასა და საზღვრებთან ახლო მდებარე სადავო ტერიტორიებს, მაგრამ მისი ხელისუფლება საერთაშორისო მასშტაბით საერთაშორისო სამართალსა და საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს განუხრელად იცავს. ჩინეთი ახერხებს, ამ გზით ბალანსი დაიცვას დასავლეთსა და რუსეთს შორის, რითაც ზრდის საკუთარ სტრატეგიულ და ეკონომიკურ პოტენციალს.



Резюме:

В настоящем исследовании («Политика Китая в Совбезе ООН и проблема глобального мира», автор — канд. полит. наук Гулбаат Рцхиладзе) рассмотрены основные аспекты внешней политики Китая относительно к практике голосования по различным актуальным вопросам в Совете Безопасности ООН. Очерчены стратегические интересы КНР на глобальной и региональной арене, эти интересы противопоставлены требованиям всеобщего мира и стабильности.

Полученные вследствие анализа итоги указывают достаточно ясно, что глобальный мир и стабильность в интересах Китая, так как именно в таких условиях обеспечивается экономический рост КНР, который, в свою очередь, зависит от роста и укрепления экспортной промышленности и свободной торговли. Китай непоколебим в защите своих жизненных интересов, когда дело касается нерушимости своих границ и спорных приграничных территорий, однако китайская власть в международном масштабе непреклонно соблюдает Международное право и общепризнанные нормы. Китаю таким образом удается сохранить баланс между Западом и Россией, чем обеспечивает усиление своего стратегического и экономического потенциала.

 

 

1 შდრ.: Georg Simonis/Helmut Elbers, Studium und Arbeitstechniken der Politikwissenschaft, Opladen 2003:114.

2 Volker Kunz: Theorie rationalen Handelns. Konzepte und Anwendungsprobleme, Opladen 1997:8.

3ამ ტერმინს არ აქვს პრეტენზია მეცნიერულობაზე, იგი ისტორიული ტერმინია, რომელიც პირველად 1848 წელს გერმანელმა მწერალმა და პოლიტიკოსმა კარლ იორდანმა დადებითი დატვირთვით გამოიყენა - «ჯანსაღი სახალხო (ეროვნული) ეგოიზმი» (“Gesunder Volksegoismus”). იხ.: Franz Wigard, Stenographischer Bericht über die Verhandlungen der deutschen constituirenden Nationalversammlung zu Frankfurt am Main, Bd.: 2 Nr. 34 –61, Frankfurt a.M. 1848, 4 J.publ.g. 161 ea-2, S. 1145.

4იხ. გაეროს წესდების პრეამბულა, 1-ლი და მე-7 თავები.

5შდრ.: David A. Lake: Hierarchy in International Relations: Authority, Sovereignty, and the New Structure of World Politics (2004). University of California, San Diego. https://pdfs.semanticscholar.org/5a9e/eb441ba5b9ac2d1de5674064b488eff4772d.pdf

6იხ. ვალერშტაინის მსოფლიო-სისტემის თეორია [Immanuel Wallerstein: Das moderne Weltsystem I – kapitalistische Landwirtschaft und die Entstehung der europäischen Weltwirtschaft im 16. Jahrhundert, Frankfurt am Main 1986 :520] მისი თეორიის კრიტიკის გათვალისწინებით, რომელიც, ამ კრიტიკის მიხედვით, არასათანადო ყურადღებას უთმობს კულტურულ ფაქტორებს, სიმბოლურ ძალაუფლებას, ასევე ეროვნული სახელმწიფოების შესაძლებლობებს [E. Heinze: Einführung in die Welt-System Analyse von Immanuel Wallerstein, Bremen 2009:

https://neuesoziologie.files.wordpress.com/2011/01/einfc3bchrung-in-die-welt-system-analyse-von-immanuel-wallerstein.pdf:78-88].

7იხ. კარლ შმიტის «დედამიწის ნომოსი» [Carl Schmitt: Der Nomos der Erde  im Völkerrecht des Jus Publicum Europaeum, 1950] და მთელი «რეალისტური» სკოლა, თავისი ქვემიმდინარეობებით.

8სახელმწიფოთა ამგვარი ტიპოლოგიური დაყოფა («ძლიერებად» და «სუსტებად») სათავეს ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქიდან იღებს. შდრ.: ფუკიდიდი «მელოსურ დიალოგში» ათენელთა პირით ამბობს: «ძლიერნი იქცევიან ისე, როგორც შეუძლიათ, ხოლო სუსტნი განიცდიან, როგორც ეგებათ» [ფუკიდიდი, პელოპონესის ომის ისტორია/, V 89].

9Joachim Huetter: Einführung in die internationale Politik, Stuttgart 1976:23

10შდრ. Theodore S. Hamerow: Zur Entstehung des Begriffs „Realpolitik“, in:Grimm R. /Hermand J.(Hg.),1975:32-დან.

11Gert Krell: Weltbilder und Weltordnung- Einführung in die Theorie der Internationalen Beziehungen, Baden-Baden 2000:116.

12Jürgen Bellers/Wichard Woyke: Analyse internationaler Beziehungen. Methoden-Instrumente-Darstellungen, Opladen 1989:18.

13Ursula Lehmkuhl: Theorien internationaler Politik (3. Aufl.), München/Wien 2001:73.

14Bernhard Sutor: Politik und Philosophie, Meinz 1966:22.

15Friedrich Meinecke: Die Idee der Staatsräson, München/Berlin 1929:188.

16შდრ. Gottfried-Karl Kindermann (Hg.): Grundelemente der Weltpolitik (4. Aufl.), München 1991:298.

17Manuela Spindler: Interdependenz, in: Schieder S./Spindler M., Theorien der Internationalen Beziehungen, Opladen 2003:90.

18შდრ. იუნესკოს წესდების პრეამბულა: "since wars begin in the minds of men, it is in the minds of men that the defences of peace must be constructed" («ვინაიდან ომები ადამიანის გონებაში იწყება, ადამიანისვე გონებაში უნდა ჩამოყალიბდეს მშვიდობა»): http://www.unesco.org/new/en/unesco/about-us/who-we-are/history/constitution/

19Sven Grimm/Christine Hackenesch: China und Afrika. Die neue Normalität (30.11.2015): https://www.euractiv.de/section/entwicklungspolitik/opinion/china-und-afrika-die-neue-normalitat/

20Internationale Studie: Chinesische Entwicklungshilfe in Afrika (19.12.2014): https://www.epo.de/index.php?option=com_content&view=article&id=10870:internationale-studie-chinesische-entwicklungshilfe-in-afrika&catid=45&Itemid=90

21იქვე.

22 „Die chinesische Entwicklungsstrategie ist viel erfolgreicher als die europäische“,

Von: Marc Etzold (28.06.2016): https://www.euractiv.de/section/entwicklungspolitik/interview/die-chinesische-entwicklungsstrategie-ist-viel-erfolgreicher-als-die-europaeische/

23“China und Lateinamerika – ein Verhältnis auf Augenhöhe?”,von Christian von Haldenwang (14.10.2010): https://www.zeit.de/politik/ausland/2010-10/china-lateinamerika

24იქვე.

25"250 Milliarden für den chinesischen Traum", von Hendrik Ankenbrand und Carl Moses (08.01.2015):

http://www.faz.net/aktuell/wirtschaft/wirtschaftspolitik/china-investiert-250-milliarden-dollar-in-lateinamerika-13359854.html

26"Einige Aspekte der Beziehungen China – Lateinamerika", von Winfried Hansch (27.06.2017): https://amerika21.de/analyse/177413/beziehung-china-lateinamerika

27იქვე.

28იქვე.

29"China ist kein Schwellenland", von Christian Geinitz (27.10.2013): http://www.faz.net/aktuell/wirtschaft/wirtschaftswachstum-china-ist-kein-schwellenland-12636208.html

30იქვე.

31იქვე.

32ჯერ კიდევ თომას ჯეფერსონმა გამოაცხადა აშშ-ის მიზნად, რომ «თავისუფლება» და «თვითმმართველობა» დანარჩენი მსოფლიოსთვისაც მიმზიდველი უნდა გამხდარიყო, თუმცა ჯეფერსონი, განსხვავებით მე-20 საუკუნის ამერიკელი პრეზიდენტებისაგან (ვუდრო ვილსონიდან დაწყებული), არ გულისხმობდა საგარეო-პოლიტიკურ ექსპანსიას, არამედ თავად ამერიკული მოდელის ნებაყოფლობით მიმზიდველობას – შდრ. Henry A.Kissinger: Die Vernunft der Nationen: Über das Wesen der Aussenpolitik, Berlin 1994:30.

33Абдужалил Абдурасулов, «Россия и Китай расширяют ШОС, но используют его по-разному» (09.06.2017): https://www.bbc.com/russian/features-40220593

34იქვე.

35შდრ.: «China aims to be global trade power”, by Zhong Nan and Jing Shuiyu (26.12.2017): http://www.chinadaily.com.cn/a/201712/26/WS5a4175a4a31008cf16da35b1.html

36"China aims to become trade and economic giant by 2050", by Chong Koh Ping (12.03.2018): https://www.straitstimes.com/asia/east-asia/china-aims-to-become-trade-and-economic-giant-by-2050

37Arwed Max Igert: „Die Handelsmacht China? - Die chinesisch-europäischen Handelsbeziehungen“. CGS-Discussion Paper 9, 2013:22.

38იქვე.

39Сергей Челядинский, «Три парадигмы анализа внешней политики Китая» (20.02.2009): http://forsecurity.org/sergey-chelyadinskiy-tri-paradigmy-analiza-vneshney-politiki-kitaya

40Адиль Каукенов: «Ключевые характеристики внешнеполитической стратегии КНР на современном этапе», Вестник КазНУ (Алматы, 2009 г.): https://articlekz.com/article/7050

41“США ввели масштабные санкции против Китая” (22.03.2018): http://www.rosbalt.ru/world/2018/03/22/1690855.html

42იხ. მაგ., "Китай против доллара: нефть переходит на юань" (28.03.2018): https://news.rambler.ru/economics/39453758/?utm_content=rnews&utm_medium=read_more&utm_source=copylink

43შდრ.: «China is putting troops, weapons on South China Sea islands, and has every right to do so, PLA official says» (02.06.2018): http://www.scmp.com/news/china/diplomacy-defence/article/2148979/china-putting-troops-weapons-south-china-sea-islands

44Suisheng Zhao: "China’s Pragmatic Nationalism: Is It Manageable?" in: The Washington Quarterly 29(1):131-144 · December 2005. https://www.researchgate.net/publication/249022920_China's_Pragmatic_Nationalism_Is_It_Manageable

45Каукенов:2009. აქვე აღსანიშნავია ჩინეთის უთანხმოების გამწვავება იაპონიასთან 2010 წელს, სენკაკუს კუნძულების გამო, როდესაც ჩინეთმა იაპონიას შეუჩერა იშვიათი მეტალების მიწოდება (Rühle:98 -იხ. ქვემოთ).

46Michael Rühle: „Primat der Wirtschaftsinteressen“- In: Internationale Politik, November-Dezember 2012:94.

47Rühle:96.

48“Китай продолжит наращивать импорт нефти” (07.02.2018): http://oilreview.kiev.ua/2018/02/07/kitaj-prodolzhit-narashhivat-import-nefti/

49А. Захаров, Н. Русак: "Внешнеэкономические аспекты энергетической стратегии КНР и роль

постсоветского пространства", Москва 2017: http://mirec.ru/upload/ckeditor/files/the-external-aspects-of-energy-security-strategy-of-china.pdf

50მით უმეტეს, «ერთი გზა – ერთი სარტყელი»-ს ფარგლებში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. თუმცა ჩინელი ექსპერტები 2020 წლის შემდეგ მოელიან ნავთობის წილის კლებას ჩინეთის ენერგომოხმარებაში, განახლებადი ენერგიების და ბუნებრივი აირის ხარჯზე: “Китай продолжит наращивать импорт нефти” (07.02.2018): http://oilreview.kiev.ua/2018/02/07/kitaj-prodolzhit-narashhivat-import-nefti/

51Челядинский, 2009.

52Каукенов:2009.

53იქვე.

54Александр Аверин: "Китайская угроза для России: миф или реальность?" (07.07.2017): https://vz.ru/opinions/2017/7/7/877714.html

55Илья Ряснов: Политика Китая в ООН. В: журн. «Власть», 03/2014:158.

56იქვე.

57იქვე.

58http://www.china.org.cn

59http://german.china.org.cn/china/archive/2007figures/node_7038840.htm

602008 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, იხ.: China's Participation in UN Peacekeeping Operations (1990-2008), http://www.china-un.org/eng/zt/wh/t534321.htm

61"МИД КНР: Китай будет поддерживать систему миропорядка на основе ООН" (03.02.2018): https://regnum.ru/news/2375998.html

62"Historic Summit of Security Council Pledges Support for Progress on Stalled Efforts to End Nuclear Weapons Proliferation" (24.09.2009): https://www.un.org/press/en/2009/sc9746.doc.htm

63S/PV.6191: https://documents-dds-ny.un.org/doc/UNDOC/PRO/N09/523/14/PDF/N0952314.pdf?OpenElement

64 "The History of China and Iran’s Unlikely Partnership. How did a communist country and an theocracy form a close partnership?" By Bonnie Girard (16.05.2018): https://thediplomat.com/2018/05/the-history-of-china-and-irans-unlikely-partnership/

65იქვე.

66 შდრ.: «For China’s Global Ambitions, ‘Iran Is at the Center of Everything’», By Thomas Erdbrink (25.07.2017): https://www.nytimes.com/2017/07/25/world/middleeast/iran-china-business-ties.html , აგრეთვე: "Chinese Admiral Threatens World War to Protect Iran", By Matthew Robertson (06.12.2011): https://www.theepochtimes.com/chinese-admiral-threatens-world-war-to-protect-iran_1491585.html

67სხვა შეფასება რთულია, როდესაც რეზოლუციების ძალით აკრძალულია ჩრდ. კორეიდან სხვადასხვა წიაღისეულის, ტექსტილიების, ასევე ზღვის პროდუქტების ექსპორტი, ასევე უკიდურესად შეზღუდულია ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი ამ სახელმწიფოში; სანქციები ეხება ჩრდ. კორეიდან სამუშაოდ გასულ რიგით მოქალაქეებსაც და ა. შ.

68"America and China duel for influence over North Korea", By Lisa Collins (06.04.2018): http://thehill.com/opinion/international/381876-america-and-china-duel-for-influence-over-north-korea

69შდრ. გაეროში ჩინეთის მუდმივი წარმომადგენლის ლი ცზეის განცხადება (2017 წ. 4 სექტემბერი): «ჩინეთი ყოველთვის გამოდიოდა ჩრდილო კორეის პრობლემის მშვიდობიანი დარეგულირებისათვის. პეკინი არასოდეს დაუშვებს სამხედრო მოქმედებებს კორეის ნახევარკუნძულზე»: «Постпред КНР при ООН: Китай не допустит войны на Корейском полуострове»: http://tass.ru/mezhdunarodnaya-panorama/4531092

70"Китай намерен повысить свой статус в развитии Сирии" (12.02.2018): https://regnum.ru/news/polit/2379152.html

71"Совбез ООН отклонил два российских проекта резолюций по Сирии" (11.04.2018): https://ria.ru/syria/20180411/1518349848.html ; აგრეთვე იხ.: "Security Council fails to adopt three resolutions on chemical weapons use in Syria" (10.04.2018): https://news.un.org/en/story/2018/04/1006991

72"Security Council Fails to Adopt Resolution Condemning Chemical Weapons Use in Syria, Following Veto by Russian Federation" (12.04.2017): https://www.un.org/press/en/2017/sc12791.doc.htm

73"Совбез ООН отклонил...", https://ria.ru/syria/20180411/1518349848.html

74"Китай не поддержал силовую реакцию против Сирии" (14.04.2018): https://telegraf.com.ua/mir/aziya/4010762-kitay-ne-podderzhal-silovuyu-reaktsiyu-protiv-sirii.html

75S/2016/846: http://www.securitycouncilreport.org/un-documents/document/s2016846.php

76UN Documents for Syria, Selected Security Council Resolutions:

http://www.securitycouncilreport.org/un-documents/syria/

77S/RES/2118(2013): http://www.securitycouncilreport.org/atf/cf/%7B65BFCF9B-6D27-4E9C-8CD3-CF6E4FF96FF9%7D/s_res_2118.pdf

78შდრ.: "Китай будет наращивать поставки газа из РФ в связи с недостаточными запасами" (06.03.2018): http://tass.ru/ekonomika/5010800

79"Постпред КНР при ООН: Китай призывает к объективному расследованию дела Скрипаля" (05.04.2018): http://tass.ru/mezhdunarodnaya-panorama/5100015

80S/PV.7138: https://documents-dds-ny.un.org/doc/UNDOC/PRO/N14/266/16/PDF/N1426616.pdf?OpenElement

81S/PV.7205: https://documents-dds-ny.un.org/doc/UNDOC/PRO/N14/439/08/PDF/N1443908.pdf?OpenElement