ქვეყანათმცოდნეობა

ირანის ეკონომიკამ მძიმე ტვირთი მოიშორა

დღეს ხშირად ისმის კითხვა, არაბული რევოლუციები გადაედება თუ არა ანტიამერიკულად განწყობილ სახელმწიფოებს ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ირანს,

რომელიც პირდაპირ ყელში ეჩხირებათ შეერთებული შტატების ხელისუფალთ და მის მოკავშირეებს ევროპასა და განსაკუთრებით ისრაელში.

ჩვენი შეხედულებით, აშკარაა, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში რევოლუციისთვის ისევე არ არსებობს ეკონომიკური საფუძველი, როგორც პოლიტიკური. რადიკალური ოპოზიციის მცირერიცხოვან მომხრეთა დროდადრო ხმაურიანი გამოსვლები აშკარად ხელოვნურ ხასიათს ატარებს. ყოველივე ამის თქმის საფუძველს ირანის მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმების კურსი გვაძლევს.

2010 წლის 19 დეკემბერს ძალაში შევიდა პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის ეკონომიკური რეფორმების გეგმა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მზადდებოდა. გეგმის ძალაში შესვლა რამდენჯერმე გადაიდო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, შარშანდელი წლის მიწურულს, ეტაპობრივად დაიწყო მისი განხორციელება.

რაში მდგომარეობს ამ რეფორმების არსი? ბოლო ათწლეულების განმავლობაში ირანში შეიქმნა სისტემა, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფოს მიერ მთელი რიგი პროდუქტების ფასების სუბსიდირებას. ეს პროდუქტები იყო: საწვავი (ბენზინი, დიზელი და სხვა), ბუნებრივი გაზი, წყალი, ელექტროენერგია, ასევე ზოგიერთი სასურსათო საქონელი. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ამგვარი პოლიტიკის წყალობით, ირანის მოსახლეობას ძალიან იაფად, საბაზროზე ბევრად ნაკლებ ფასებში შეეძლო მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი საქონლის და მომსახურების შეძენა.

მაგალითად, ირანის მოქალაქეს შეეძლო თვეში 60 ლიტრი ბენზინი სპეციალური ტალონის საშუალებით ეყიდა შეღავათიან ფასად – 1000 რიალის, ანუ დაახლოებით 10 ამერიკული ცენტის ეკვივალენტის ფარგლებში. 60 ლიტრის ზევით საწვავი უფრო ძვირი ღირდა (4000 რიალი, 40 ცენტი), მაგრამ სხვა ქვეყნებთან შედარებით მაინც იაფი გამოდიოდა. ანალოგიურად, ძალზე იაფი ღირდა მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირი, წყალი, ელექტროენერგია.

მაგრამ სუბსიდიების სისტემას მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები ჰქონდა. იმის გამო, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები თითქმის უფასოდ მიეწოდებოდა მოსახლეობას, მათი მოხმარება არაეკონომიურად ხდებოდა. განსაკუთრებით დიდი იყო საავტომობილო საწვავის ხარჯი 2000-იანი წლების პირველ ნახევარში, სანამ ტალონების სისტემა არ შემოვიდა, რომლის მიხედვითაც, თვეში მხოლოდ 60 ლ. საწვავის შეძენა შეიძლებოდა სუბსიდირებულ ფასად. მანამდე ბენზინის მოხმარება კიდევ უფრო დიდი იყო და სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა ირანის ეკონომიკას. ნორმირების შემოღებამ ნაწილობრივ გააუმჯობესა ვითარება, თუმცა არა ბოლომდე. ამავე დროს, გაზის და ელექტროენერგიის, ასევე წყლის მოხმარება კვლავ ძალზე მაღალი და არაეკონომიკური რჩებოდა.

ირანი მსოფლიოში ბუნებრივი გაზის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. მისი მოპოვება თითქმის 200 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს წელიწადში. მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიგნით დიდი მოხმარების გამო, რაც ხშირად არარაციონალურ ხარჯვასთანაა დაკავშირებული, ირანი ვერ ახერხებდა გაზის ექსპორტს. ასევე პრობლემები იყო ელექტროენერგიასთან დაკავშირებით: მართალია, ბოლო წლებში ბევრი ელექტროსადგური შევიდა მწყობრში, მათ შორის ჰიდროსადგურები, რის შედეგადაც ელექტროენერგიის წარმოება წელს თითქმის 250 მილიარდ კილოვატ/საათს შეადგენს, მაგრამ წინა წლებში, განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში, ხშირი იყო ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებები ქვეყნის შიგნით დიდი მოხმარების გამო.

ახლა კი, რეფორმების შედეგად შეიცვალა სუბსიდირების სისტემა. თუ წინათ სახელმწიფოს ფულადი სახსრები იხარჯებოდა ძირითადად ფასების სუბსიდირებაზე, ამიერიდან ფული პირდაპირ მიეცემათ მოქალაქეებს, რათა მათ აუნაზღაურდეთ გაზრდილი ფასები. ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაიდო თანხა, რომელიც იქნება სპეციალურ ანგარიშზე და ადამიანს თავისი კუთვნილი წილის მიღება ბანკში, ასევე საკუთარ ანგარიშზე, შეეძლება. ამასთან, საწვავის ფასზე გარკვეული სუბსიდირება მაინც შენარჩუნდა, კერძოდ, თვეში 50 ლიტრი ბენზინის შეძენა შესაძლებელი იქნება 4000 რიალის (დაახლოებით 40 ცენტი) ფასად, ხოლო ამ ნორმის ზემოთ – 7000 ათას რიალად (70 ცენტი). მაშინ როცა საქართველოში 1 ლიტრი ბენზინი თითქმის 1,3 დოლარი ღირს, ეს ფასი საკმაოდ დაბალი ჩანს.

ასევე გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფი – 1,6 ცენტიდან კილოვატ/საათზე 4,5 ცენტამდე, გაზის ტარიფი – 1,3 ცენტიდან 7 ცენტამდე კუბომეტრ გაზში, ხოლო წყალზე – 8 ცენტიდან 28 ცენტამდე კუბომეტრ წყალში. ძნელი მისახვედრი არაა, რომ გაზის და დენის ტარიფებიც კვლავ საკმაოდ იაფი რჩება. შედარებისთვის: საქართველოში 1 კუბ. მ. ბუნებრივი აირი მოსახლეობას თითქმის 30 ცენტი უჯდება, ხოლო 1 კვტ/სთ ელექტროენერგია – 8–10 ცენტი.

ირანის ხელისუფლება ას მილიარდ დოლარამდე ხარჯავდა ყოველწლიურად ფასების სუბსიდირებისთვის. ახალ სისტემაზე გადასვლით, პრეზიდენტი აჰმადინეჟადი და მისი მრჩევლები იმედოვნებენ, რომ ხარჯების ეკონომია 20–დან 40 მილიარდ დოლარამდე შეადგენს, ეს თანხა კი მშენებლობაში და სხვა პროექტებში დაიხარჯება. ყოველი მოქალაქე, ვინც განაცხადი შეიტანა, ხვდება სპეციალურ სიაში და მიიღებს ანგარიშზე 810 000 რიალს (დაახლოებით 80 დოლარს) თვის განმავლობაში, დღეისათვის უკვე 62 მილიონზე მეტმა ადამიანმა შეიტანა განაცხადი და მათი მიღება გრძელდება.

ეკონომისტები სხვადასხვა პროგნოზებს გამოთქვამენ, თუ რა შედეგებს მოიტანს რეფორმები სუბსიდირების სისტემაში, რომელსაც აჰმადინეჟადმა ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა ირანის ეკონომიკაში. ერთი მხრივ, ყველა თანხმდება იმაში, რომ ფასების სუბსიდირება ასტიმულირებდა არაეკონომიურ ხარჯვას, რაც მძიმე ტვირთად აწვებოდა ქვეყნის ბიუჯეტს. მეორე მხრივ, არსებობს საფრთხე, რომ საწვავის, გაზის, ელექტროენერგიის და წყლის გაძვირება აისახება ფასებზე, რადგან ეს პროდუქტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ წარმოების პროცესში. ფასების მკვეთრმა გაზრდამ კი, შესაძლოა, დაბლა დასწიოს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა, რაც გასაღების პრობლემებს შეუქმნის ირანულ მრეწველობას და სოფლის მეურნეობას, ასევე აისახება ქვეყნის არასანავთობო ექსპორტზე.

მაგრამ როგორც რეფორმის პირველმა დღეებმა აჩვენა, მთავრობამ მოახერხა თავიდან აერიდებინა ზედმეტი აჟიოტაჟი და ინფლაციური პანიკა, რის შედეგადაც ფასები მომენტალურად არ გაზრდილა. ფულადი სახით მიღებული სუბსიდიები, როგორც ჩანს, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მოსახლეობამ შეინარჩუნოს მსყიდველობითი უნარი და არ შეამციროს დანახარჯები. ამავე დროს, არც უცხოეთში ირანული საქონლის ექსპორტის შეფერხების შესახებ ვრცელდება ინფორმაციები ჯერჯერობით. პირიქით, ირანის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მომავალ წელს არასანავთობო ექსპორტი (ექსპორტი ნავთობის და ნავთობპროდუქტების, ასევე გაზის გამოკლებით) 30 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. 2010 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 25 მილიარდი იყო, ხოლო 2009 წელს 18 მილიარდს არ აღემატებოდა.

სუბსიდიების სისტემის რეფორმას ის დადებითი მხარეც აქვს, რომ არა მხოლოდ ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების დაზოგვა, არამედ ენერგორესურსების ეკონომიურად ხარჯვის სტიმულირებაც. მაგალითად, თუ რეფორმის დაწყებამდე საწვავის ყოველდღიური ხარჯი ირანში 60–65 მილიონ ლიტრს შეადგენდა, რეფორმის შემდეგ მან 50–53 მილიონ ლიტრამდე დაიწია. ამან საშუალება მისცა ირანს, მთლიანად შეეწყვიტა ბენზინის იმპორტი უცხოეთიდან.

ირანის მიერ ბენზინის იმპორტთან დაკავშირებით, ბოლო წლებში დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვა იყო ატეხილი. სარგებლობდნენ რა იმით, რომ ირანს ჰქონდა ბენზინის და სხვა საწვავის მწარმოებელი ქარხნების სიმძლავრეების დეფიციტი, დასავლეთის ქვეყნები ცდილობდნენ ესარგებლათ ამ ფაქტორით და ზეწოლა მოეხდინათ ირანის ხელისუფლებაზე. ამ მიზნით, 2010 წლის ზაფხულს აშშ–მ და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ ცალმხრივი სანქციები შემოიღო ირანის წინააღმდეგ. მათ აკრძალეს ირანისთვის ბენზინის და დიზელის საწვავის მიყიდვა. დასავლეთში ვარაუდობდნენ, რომ ამგვარი ხერხით საწვავით მომარაგების საქმეში შეფერხებებს გამოიწვევდნენ ირანის შიგნით, რაც მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი გახდებოდა.

მაგრამ ასე არ მოხდა. ირანის ხელისუფლებამ ნავთობქიმიურ ქარხნებში სწრაფად მოამზადა სიმძლავრეები ბენზინის საწარმოებლად, რის შედეგადაც დეფიციტი უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრა. მართალია, ამგვარ ქარხნებში საავტომობილო საწვავის წარმოება გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე სპეციალიზირებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში, მაგრამ სამაგიეროდ, არ იქნა დაშვებული დეფიციტი შიდა ბაზარზე. ეკონომიკური რეფორმების ამოქმედების შემდეგ კი უკვე მოხმარებაც შემცირდა, ეკონომიურად ხარჯვის გამო. ამრიგად, უცხოეთიდან იმპორტის საჭიროება მოიხსნა. ამჟამად ირანში მიმდინარეობს რამდენიმე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, რომლებიც უახლოეს წლებში შევლენ მწყობრში და ირანი საწვავის საკმაოდ მნიშვნელოვანი ექსპორტიორი გახდება.

ამრიგად, თუ ირანის ხელისუფლებამ მოახერხა სუბსიდიების მოხსნის გამო მოსალოდნელი ინფლაციის კონტროლქვეშ მოქცევა, სწორი საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის საშუალებით და ააწყო ფულადი დახმარებების შეუფერხებლად გაცემის სისტემა, მაშინ განხორციელებული რეფორმები მნიშვნელოვან ტვირთს მოუხსნის ირანის ეკონიმიკას და განვითარებისთვის თანხების გადასროლის შესაძლებლობას მისცემს ხელისუფლებას.

გიორგი ვეკუა,ევრაზიის ინსტიტუტი