რუსული ენის მნიშვნელობა საქართველოსთვის

ჩვენი დროის საქართველოში, ხანდახან შეიძლება შეხვდე ადამიანებს, რომლებიც მტრულად არიან განწყობილი რუსული ენის მიმართ. ზოგიერთი მათგანი, სამთავრობო პროპაგანდის ზეგავლენით,

მოუწოდებს „აღმოიფხვრას“ რუსული ენის გავრცელება საქართველოში, ჩანაცვლდეს ის ინგლისურით, განადგურდეს რუსული წიგნები და ა.შ. ამგვარი ზრახვები არა მხოლოდ უაზრო და სულელურია, არამედ ვნებს თავად საქართველოს, გარდა ამისა, საკმაოდ დიდი დოზით შეიცავს ბოროტ საწყისს.

რუსული ენა უკვე ორი საუკუნეა ქართველთა უმრავლესობისთვის დიდ სამყაროში გასასვლელ ფანჯარას წარმოდგენს. რუსული თარგმანების საშუალებით ეცნობოდნენ და ახლაც ეცნობიან ქართველები ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადებს. მსოფლიო ლიტერატურას და სხვა. არც ერთ სხვა ენას, მათ შორის ინგლისურს, არ ძალუძს შეცვალოს რუსული ენის ეს ფუნქცია ბევრი ჩვენი თანამემამულისთვის.

რატომ ხდება ასე? რატომ არის, რომ, მიუხედავად თითქმის ოფიციალურად გამოცხადებული დევნისა რუსულის მიმართ, მოსახლეობის უმრავლესობა მაინც მას არჩევს სხვა უცხო ენებს შორის? ამბობენ, რომ ახალგაზრდა თაობამ არ იცის რუსული და უცხო ენებიდან ფლობს მხოლოდ ინგლისურ ენას. ეს მთლად ასე არ არის, და თუნდაც წარსულში იყო გარკვეული ვარდნა რუსული ენის მიმართ ინტერესისა, ამჟამად, რაც უნდა უცნაურად მოეჩვენოს ზოგიერთს, მიმდინარეობს უკუპროცესი - სულ უფრო მეტი ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდა, რომელიც დიდ სიმპათიებს არ განიცდის რუსეთის მიმართ - იწყებენ რუსულის სწავლას, ინგლისურის პარალელურად, და ზოგჯერ პრიორიტეტულადაც კი.

ამის მიზეზი მარტივია: საქართველო მდებარეობს რეგიონში, სადაც Lingua Franca-ს, ანუ ერთაშორისი ურთიერთობის ენას წარმოადგენს რუსული, და როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს დარჩება ასეთად. ინგლისურს, როგორც მთავარ საერთაშორისო ენას, არ შეუძლია ჩაანაცვლოს რეგიონული ენები, მაგალითად, ესპანური ლათინურ და ცენტრალურ ამერიკაში, არაბული ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში, სუაჰილი აღმოსავლეთ აფრიკაში, და რა თქმა უნდა, რუსული პოსტსაბჭოთა სივრცეზე. კარგია ეს თუ ცუდი? ის, ვისაც არ ესმის, რომ უნდა არსებობდეს ენების მრავალფეროვნება და არ უნდა იყოს ერთი გაბატონებული ენა მსოფლიოში, მხოლოდ სიბრალულს იმსახურებს. მას ისიც კი ვერ გაუგია, რომ ამ შემთხვევაში რუსულის დაცვა და შენახვა ქართულის გადარჩენასაც ნიშნავს, რადგან თუკი განადგურდება და დეგრადირდება ისეთი მძლავრი ენა, როგორც რუსულია, შეიზღუდება მისი გამოყენების არეალი ინგლისურის ზეგავლენით და გლობალიზაციის პირობებში, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა დაემართება ქართულ ენას.

ინტერნეტში და ქართული მას-მედიის საშუალებებშიც კი შეიძლება შევხვდეთ ზოგიერთი ჭკუამოკლე ადამიანის გამონათქვამებს და მოწოდებებს, რომლებიც ითხოვენ შეწყდეს ან მკვეთრად შემცირდეს რუსული ენის სწავლება სკოლებში, რუსულ ენაზე გახმოვანებული ყველა ფილმი დუბლირებული იქნას ქართულად, აიკრძალოს რუსული მეტყველება ტელევიზიაში და ა.შ. რუსულის მაგივრად ისინი, ბევრად უფრო დაჟინებით, ვიდრე საბჭოთა ეპოქაში რუსული ვრცელდებოდა ცენტრის მიერ, ცდილობენ დაამკვიდრონ ინგლისური ენა. ამჟამინდელი რეჟიმი საქართველოში, როგორც ჩანს, ყურს უგდებს ამგვარ მოწოდებებს და გამოსცემს შესაბამის განკარგულებებს. მაგალითად, ინგლისურის შესწავლა სკოლებში სურთ პირველი კლასიდან დაიწყოს. ამისთვის ასობით უცხოელი მასწავლებლის ჩამოყვანასაც კი აპირებენ ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან. ჩნდება საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ტელეკომპანიებს, გაუშვან ფილმები ინგლისურად, დუბლიაჟის გარეშე, მხოლოდ სუბტიტრებით. თითქოს ამან ხელი უნდა შეუწყოს მოსახლეობას უკეთ ისწავლოს ინგლისური. ამ დროს კი რუსული ენის შესწავლა განათლების სამინისტროს მიერ მიშვებულია თვითდინებაზე, არანაირი ყურადღება ამ საგანს არ ეთმობა.

ჩვენი აზრით, მთელი ეს ხმაურიანი კამპანია ინგლისურ ენასთან დაკავშირებით ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და ემსახურება ხელისუფლების მიერ დასავლელი სპონსორების და მფარველებისთვის „თავის მოწონებას“. რეგიონში, სადაც ერთმანეთში ყველა რუსულად საუბრობს (აფხაზები, ოსები, სომხები, აზერბაიჯანელები, ჩრდილო კავკასიის წარმომადგენლები), ხოლო მეზობელ რეგიონებში ასევე გავრცელებულია რუსული (უკრაინა, შუა აზია, თავად რუსეთი) შეუძლებელია ძალით ან ვოლუნტარისტული მეთოდებით დაამკვიდრო უცხო ენა, რომელიც გამოდევნის ერთაშორის ურთიერთობის რეგიონალურ ენას. ამგვარი პოლიტიკა მხოლოდ იმას მოიტანს, რომ რუსული ენის ფლობა საქართველოში, თბილისშიც კი, არ იქნება ისეთი კარგი, როგორც ერევანში, ბაქოში ან გროზნოში. ეს კი ნეგატიურად აისახება, პირველ ყოვლისა, თავად საქართველოს მოსახლეობაზე. ხოლო სააკაშვილის ხმამაღალი განცხადებები და ტრაბახი, რომ ნებისმიერი ქართველი ყმაწვილი, რომელიც ინგლისურს და კომპიუტერს ფლობს, კონკურენტუნარიანი იქნება სინგაპურსა თუ პარიზში მცხოვრები თანატოლისადმი, მხოლოდ სიცილს იწვევს, ისევე როგორც ჩვენი ფიურერის სხვა ფანტასტიური პროჟექტები. ასე რომ ის მშობლები, რომლებიც იზრუნებენ, რომ მათმა შვილებმა კარგად იცოდნენ რუსული ენა, ძალზე სასარგებლო ინვესტიციას ჩადებენ მათ მომავალში.