ნამდვილმა ცესკომ თავისი შედეგები გამოაქვეყნა

ამ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ამერიკული ორგანიზაცია NDI-ს მიერ ჩატარებული „გამოკითხვის“ შედეგები, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავას რეიტინგი 57 პროცენტია, ხოლო დანარჩენები

კანდიდატების რეიტინგი სტატისტიკური ცდომილების ზღურბლს ოდნავ აღემატება. სწორედ ამის მიხედვით დაიწერება ოფიციალური შედეგებიც.

რა თქმა უნდა, ეს შედეგები არ დაემთხვევა ზუსტად NDI-ს მონაცემებს. უფრო მეტიც, ოპოზიციური და განსაკუთრებით, „ოპოზიციური“ კანდიდატები ცოტა უფრო მეტ ხმებსაც დააფიქსირებენ, ხოლო უგულავა - ცოტა ნაკლებს, როგორც ეს მოხდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, როცა სააკაშვილმა უფრო ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე ამერიკელების მიერ ჩატარებული გამოკითხვებში ფიქსირდებოდა. ამით ხელისუფლება და მისი ცესკო „დემოკრატიულ“ და „სამართლიან“ იმიჯს შეიქმნის, რადგან არჩევნები ისე ჩაატარა, რომ ოპოზიციამ სოციოლოგიურ გამოკითხვაზეც კი უკეთესი შედეგი აჩვენა. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ბელორუსიის პრეზიდენტ ლუკაშენკოს რომ ჰკითხა ჟურნალისტმა, აყალბებთ თუ არა არჩევნებს, და მან უპასუხა: დიახ, ვაყალბებ, ჩემს ციფრებს დაბლა ვწევ, უხერხული რომ არ იყოს ამხელა უპირატესობაო.

NDI-ს გამოკითხვა უჩვენებს ასევე იმას, რომ ობამას ადმინისტრაცია ჯერ მზად არ არის, შეელიოს სააკაშვილის რეჟიმს და გადააბაროს ხელისუფლება ვინმე სხვას, მაგალითად, ალასანიას. ამ უკანასკნელს ე.წ. ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად მეორე-მესამე ადგილი აქვს გათვალისწინებული არჩევნებში და ლეგალურ ოპოზიციად ჩამოყალიბების უფლებას აძლევენ. ხოლო „ეროვნული საბჭო“ ამერიკელების მიერ საერთოდ არ განიხილება, როგორც პოლიტიკური პროცესის მონაწილე და მარგინალად არის გამოცხადებული. ჩვენი აზრით, ამ ძალამ საბოლოოდ მოიჭრა ამერიკელებთან „მისასვლელი გზა“ და ერთადერთ რეალურ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბება უნდა განაგრძოს, რომელიც რუსეთთან დიალოგს და შემდგომში, შესაძლოა, სტრატეგიულ პარტნიორობასაც დაუჭერს მხარს.