”ხალხთა ერთიანობის” უკეთ გასააზრებლად

საბჭოთა კავშირის დროს გვასწავლიდნენ, რომ ყველა დიდი გამარჯვება საბჭოეთმა ხალხთა ერთიანობით მოიპოვა; საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, იმ ფონზე, როდესაც ცალკეული ”ძმური ხალხები”,

პირდაპირ ვთქვათ, ერთმანეთს დაერივნენ, გაჩნდა იმის ფიქრის საფუძველი, რომ საბჭოთა დროის ხალხთა ერთიანობა მოჩვენებითი იყო. წინამდებარე მოკლე შენიშვნის ფარგლებში რაიმის დაბეჯითებით დასაბუთება რთულია და არც იმის განხილვა იქნება სწორი, რა იყო რეალური და რა მოჩვენებითი, მაგრამ შესაძლოა და საჭიროც, გამოიყოს უმთავრესი მომენტი.

საბჭოთა კავშირში, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რამდენად სიღრმისეული და გულწრფელი იყო მის ფარგლებში მცხოვრები ხალხების (აღარ შევუდგებით მათ დიფერენცირებას ერებად, ეთნოსებად, ეროვნულ ჯგუფებად და ა. შ.) ერთიანობა, ფაქტი აშკარა იყო - ხალხთა შორის არსებობდა მშვიდობა და მეტიც, ეს არ იყო მხოლოდ პასიური (ნეგატიური) მშვიდობა ანუ უბრალოდ ხალხებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების არარსებობა; დიდმა სამამულო ომმა აჩვენა, რომ ამ ხალხების წარმომადგენლები, ერთმანეთის გვერდიგვერდ გმირულად იბრძოდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ ფაქტზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბჭოთა კავშირის ოფიციალური იდეოლოგია, რომელიც ხალხთა მეგობრობისა და ერთიანობის დოგმატს ეფუძნებოდა, ქმნიდა საამისო წინაპირობას სახელმწიფოში, სხვადასხვა ხალხებს შიგნით და მათ შორის. მეფის დროინდელი რუსეთის იმპერიისაგან (ისევე როგორც ბევრი სხვა იმპერიისაგან) განსხვავებით, რომლის მაგალითზეც ხალხთა შორის მშვიდობის არსებობა ასევე მოცემული ფაქტია, საბჭოური (კომუნისტური) იდეოლოგიის პრაქტიკული რეალიზების შედეგად სხვადასხვა ხალხების მობილიზაციის ხარისხი გაცილებით უფრო მაღალი და ამ ხალხებს შორის თანამშრომლობა გაცილებით უფრო მჭიდრო იყო, პოზიტიური ემოციური ფონით გამყარებული. ეს შეიძლება თავისთავად მნიშვნელოვნად არ მოგვეჩვენოს, თუკი არ გავითვალისწინებთ, რა ეპოქასთან გვაქვს საქმე - მეოცე საუკუნე (ანუ სსრ კავშირის არსებობის ხანა) ხომ ნაციონალიზმის გაფურჩქვნის საუკუნე იყო - ხშირ შემთხვევაში მახინჯი ფორმით. ასეთი ნაციონალიზმის ნაყოფია პირველი, და რა თქმა უნდა, მეორე მსოფლიო ომი. ომისშემდგომი მსოფლიო ისტორიაც ფაქტობრივად ნაციონალიზმის ისტორიაა (კოლონიალიზმისგან სხვადასხვა ხალხების გათავისუფლება ნაციონალიზმის პოზიტიურ მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ).

 

და აი ამ ფონზე საბჭოთა კავშირში რამდენიმე ათწლეულის მანძილზე წარმატებით ხორციელდებოდა ხალხთა ერთიანობის პროექტი. ეს არ იყო უუფლებო ხალხების გაუაზრებელი ერთიანობა, რამდენიც არ უნდა გვიჩიჩინონ ეს დღეს - ყველა ხალხს ჰქონდა შესაბამისი სტატუსი და ორგანიზაციული ფორმა მინიჭებული - მოკავშირე თუ ავტონომიური რესპუბლიკის, ავტონომიური ოლქის, მხარის სახით. საბჭოთა კავშირი იყო რთული ტიპის ფედერალური გაერთიანება, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ისტორიკოსები, სამართალმცოდნეები, პოლიტოლოგები, ეკონომისტები და სხვა დარგების წარმომადგენლები აწი და აწი ჩაუღრმავდებიან შესასწავლად. თუნდაც ის რად ღირს, რომ ყველა ხალხში ”მხეცის სახით” არსებული ნაციონალისტური ენერგია საბჭოთა სისტემამ არათუ მიაძინა, არამედ ერთმანეთთან დაპირისპირებული ხალხები დააახლოვა, მათ საერთო ისტორია შეუქმნა და ერთიანი მენტალიტეტიც კი ჩამოუყალიბა. ასევე შეუვალი ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირი მშვიდობიანად დაიშალა, ცალკეული ეთნოკონფლიქტები, მათი სიმწვავის მიუხედავად, მაინც მეტად მცირე ნაწილია იმისა, რასაც ხალხთაშორის ურთიერთობები ჰქვია, სომხეთ-აზერბაიჯანის გარდა არც ერთ სხვა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკას შეიარაღებული კონფლიქტი არ მოსვლია მეზობელთან, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, დნესტრისპირეთის და თვით ჩეჩნეთის კონფლიქტებიც თვისობრივად სხვა მოვლენაა, ვიდრე მაგალითად, ბალკანეთზე გაჩაღებული ტოტალური ომები (და ეს მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი იუგოსლავიაც თითქმის იდენტურ იდეოლოგიურ საფუძველზე იდგა, როგორც საბჭოთა კავშირი).

 

საბჭოთა კავშირს რა სუსტი მხარეები ჰქონდა და რამაც გამოიწვია მისი კრახი, ეს კიდევ ცალკე საკითხია, მაგრამ ბევრი რამ საბჭოთა მოდელიდან შეიძლება, რომ სამომავლოდ პრაქტიკაში იქნას მოდიფიცირებული სახით გამოყენებული - მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, პირველ ყოვლისა კი, ისევ და ისევ პოსტსაბჭოთა სივრცეზე.

 

წინამდებარე მოკლე შენიშვნა არ უნდა იქნას მკითხველის მიერ გაგებული, როგორც საბჭოთა წარსულის იდეალიზაციის მცდელობა. მაგრამ აუცილებელია ისტორიის ჯეროვანი დაფასება და წარსულიდან სწორი დასკვნების გაკეთება. ხალხთა ერთიანობა დიდი სიკეთეა და ეს არ უნდა დავივიწყოთ.