ვიზალიბერალიზაცია ანუ ევროპული საპნის ბუშტი ქართველებისათვის

ვიზალიბერალიზაცია ანუ ევროპული საპნის ბუშტი ქართველებისათვის

   საქართველოში ბოლო წლებში აშკარა გახდა ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილის იმედგაცრუება დასავლეთის მიმართ.

ამ განწყობების ცვლილებას თავისი მიზეზები აქვს, ასევე უმიზეზო არ არის ის გარემოება, რომ ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, მასმედიისა და არასამთავრობო სექტორის უდიდეს ნაწილზე ეს ცვლილებები თითქმის არ აისახა და აღნიშნული სოციალური კატეგორიების წარმომადგენლები კვლავინდებურად რელიგიური აღტაცებით საუბრობენ „დასავლეთისკენ მიმავალ ურყევ კურსზე“. მაგრამ აშკარაა, რომ დღევანდელი ვითარება, საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისით, ბევრად განსხვავდება წინა წლებისა და ათწლეულებისაგან - დასავლეთის იმიჯი დღესდღეობით სერიოზულად შერყეულია საქართველოში.

   საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დასავლეთისადმი კრიტიკულად და, ზოგ შემთხვევაში, მტრულადაც განეწყო, დასავლეთში ძირითადად მოიაზრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს - ნატოს, რომლებმაც საქართველოს უბიძგეს რუსეთთან კონფლიქტისაკენ და ამ კონფლიქტში იგი მიატოვეს. ნატო აღიქმება რუსეთისადმი გამოწვევად და ზედმეტ თავის ტკივილად, სადაც „მაინც არ მიგვიღებენ“. შეერთებული შტატებისადმი იგივე პრეტენზიებია, თან ეს ზესახელმწიფო დიდი ხნის მანძილზე უჭერდა მხარს და დღესაც მფარველობს „ნაციონალებს“. დაახლოებით იგივე კრიტიკა ისმის ევროპის მიმართაც, თუმცა ევროპაში, შეერთებულ შტატებთან ერთად, ჩვენი საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი ხედავს ზნეობის დაცემას, „ლგბტ“-თემატიკის მხარდაჭერას და ტრადიციულ ფასეულობებთან ბრძოლას.

   მაგრამ დასავლეთისადმი ამგვარად განწყობილ ადამიანებშიც ჯერ ბოლომდე არ გაფერმკრთალებულა დასავლეთის, კერძოდ კი, ევროპის სოციალურ-ეკონომიკური მიმზიდველობა. სახელმწიფო პროპაგანდა, ისევ და ისევ დასავლეთიდან მხარდაჭერილი, შედარებით ეფექტურია ამ მიმართულებით - ნატოში ინტეგრაციაზე საუბარი უფრო მეტად იწვევს ადამიანების გაღიზიანებას, ვიდრე ევროკავშირში ინტეგრაციის პროპაგანდა, რადგან ევროპა „ვიზალიბერალიზაციას“ გვპირდება, ეს კი, თავის მხრივ, ჩვენს საზოგადოებაში შინაგანად აღიქმება, როგორც დუხჭირი ცხოვრებისგან თავის დაღწევის გზა და ევროპული ცხოვრების დონის მეტ-ნაკლებად გადმოტანა ქართულ რეალობაში ან, ბოლოსდაბოლოს, უმუშევარი საქართველოდან ევროპაში სამუშაოდ გადაბარგება.

   რეალურად რომ შევხედოთ ვითარებას, საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძალზე ძლიერია საბჭოთა კავშირის ალტერნატივის პოვნის სურვილი - რომელიმე ცენტრისა, რომელიც საქართველოს შეიფარებდა და ისევე უზრუნველყოფდა მას თითქმის მუქთა ცხოვრებით, როგორც ამას საბჭოთა ცენტრი აკეთებდა. ოღონდ ახლა ქართველობას იგივე უნდოდა დამოუკიდებლობის საკუთარი ატრიბუტებით და ასეთ ცენტრად, პირველ ყოვლისა, იმთავითვე ევროპა (შემდგომში - ევროკავშირი) მოიაზრებოდა. ობიექტურობისათვის უნდა ითქვას, რომ ასეთი ლტოლვის ნიშნები პოსტკომუნისტურ სივრცეზე - ყოფილი ვარშავის პაქტის ქვეყნებშიც (მაგალითად, რუმინეთი, ბულგარეთი) გამოკვეთილია, მაგრამ საქართველოსთან შედარებით უფრო ნაკლებად.

   ეს არც უნდა გაგვიკვირდეს და საამისო მიზეზები ნაკლებად უნდა ვეძებოთ „ქართულ ხასიათში“ (რითაც ასე გვიყვარს ქართველებს თვითგვემა), არამედ, უფრო იმ გარემოებაში, რომ საბჭოთა კავშირში საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონემ არნახულ სიმაღლეებს მიაღწია. თამარ მეფის ეპოქის შემდეგ საქართველოს არასოდეს უცხოვრია იმგვარი ეკონომიკური დოვლათის პირობებში, როგორც საბჭოთა კავშირში. ჩვენი ქვეყანა საუკუნეების მანძილზე იმყოფებოდა მუდმივ ომებში, გაჭირვებაში და უპერსპექტივობაში. ქვეყანამ მშვიდობა ჰპოვა, კვლავ გაერთიანდა და სული მოითქვა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, მაგრამ სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველო მხოლოდ გვიანდელი სტალინის ეპოქისა და შემდგომი ათწლეულების საბჭოეთში ავიდა ხარისხობრივად ახალ სიმაღლეზე (იგივე ითქმის მეცნიერებაზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე და სხვ.). როგორც ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა გოჩა გვასალიამ აღნიშნა თავის ერთ-ერთ შესანიშნავ ანალიზში, საბჭოთა კავშირის პირობებში „ქართველი პირდაპირ ქერის ორმოში ჩავარდა“. ამიტომ არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ 1991-1992 წლებიდან მოყოლებული, ცხოვრების დონის მკვეთრი დაცემა და შემდგომი სიდუხჭირე ქართველებისათვის სოციალურ-ეკონომიკურთან ერთად, უდიდესი მორალური დარტყმაც იყო. სწორედ ამ მორალურმა დარტყმამ წარმოშვა ახალი, მდიდარი და ხელგაშლილი ცენტრის პოვნის წყურვილი.

   საბჭოთა კავშირის ცხოვრების დონისადმი ნოსტალგიის პროეცირება მოხდა ევროკავშირზე (სადაც არის მდიდარი ცენტრი, რომელიც შედარებით ღარიბ ქვეყნებს „ეხმარება“). მართალია, ევროკავშირიც ისე მომხიბლავად არ გამოიყურება დღეს, როგორც უწინ, და ხალხში ბევრი ისევ უშუალოდ საბჭოთა კავშირის ნოსტალგიას აჰყვა, სამაგიეროდ, ქართულმა ბიუროკრატიამ ნამდვილად ჰპოვა თავისი „ახალი საბჭოთა კავშირი“ ევრობიუროკრატიის სახით, რომელიც ქართულ ბიუროკრატიას სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დახმარებას უწევს და ფაქტობრივად, თავისზე ჰყავს მიბმული (შეერთებული შტატების მხრიდან ამ პროცესის პოლიტიკური კონტროლის პირობებში).

   სწორედ ამ ბიუროკრატიამ იზეიმა „შალახოს“ ფონზე ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება. „ასოცირებით“ ხალხს ბევრ სიკეთეებს ჰპირდებოდა ბიუროკრატია, მაგრამ რეალურად უკვე წელიწადნახევარზე მეტი გავიდა ამ მომენტიდან და ვერც ერთი ეკონომისტი ვერ დაგვისახელებს რაიმე პოზიტიურ ცვლილებას ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებამ მოიტანა.

   პოლონეთის რადიკალურად ანტირუსული და სააკაშვილთან „ჩახუტებული“ კაჩინსკის ხელისუფლების მიერ 2008 წელს ევროკავშირში ინიცირებულ იქნა ე. წ. „აღმოსავლური პარტნიორობა“, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ექვს სახელმწიფოსთან (აზერბაიჯანი, ბელარუსია, მოლდავეთი, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ურთიერთობების გაღრმავებასა და ინტეგრაციას აცხადებს თავის მთავარ მიზნად. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ამ პროექტში საქართველოს მონაწილეობა კიდევ უფრო ფუყე და უსარგებლო აღმოჩნდა, ვიდრე ასოცირების ხელშეკრულება. “აღმოსავლური პარტნიორობის“ ფარგლებში ინტეგრაციის უმთავრეს წინაპირობად გამოცხადებულია აღნიშნულ ექვს სახელმწიფოში დემოკრატიის განვითარება, მაგრამ სწორედ 2008 წლიდან სააკაშვილის ხელისუფლებამ კიდევ უფრო დაამძიმა ისედაც მძიმე ვითარება ადამიანის უფლებების სფეროში. აგვისტოს ომის შემდგომ რეჟიმს ხელ-ფეხი გაეხსნა ჯაშუშობის ბრალდებით პოლიტიკური ოპონენტების დევნის გასაძლიერებლად. რეჟიმი ახდენდა ამბოხისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების ინსცენირებას, შედეგად კი კრიტიკულად მოაზროვნე სამხედროებს და ოპოზიციონერებს უსწორდებოდა. საზოგადოებამ შემდგომში იხილა ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის უშუალო მონაწილეობა ამგვარ ამაზრზენ სპექტაკლებში, როდესაც იგი ამბობდა - „ორი გვამი მჭირდება“. ევროპელები ყოველივე ამას თვალს ადევნებდნენ, ისევე, როგორც 2011 წლის 26 მაისის მიტინგის უსასტიკეს დარბევას. თვალს ადევნებდნენ, მაგრამ სდუმდნენ. სამაგიეროდ, შანსს არ უშვებდნენ ხელიდან, რომ გაეკრიტიკებინათ და სხვადასხვა პროვოკაციები მოეწყოთ ბელარუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიმართ. ლუკაშენკოს ბევრად უფრო მცირე დარღვევებსაც არ პატიობდნენ თვალთმაქცი ევროპელი ვაი-დემოკრატები, ხოლო სააკაშვილის რეჟიმს მკვლელობები, ციხეში გაუპატიურებები და კიდევ ათასგვარი უბედურების განხორციელება დაუსჯელად გასდიოდა. მიზეზი ცხადია: ლუკაშენკო დამოუკიდებელი ფიგურაა, სააკაშვილი კი - ვაშინგტონის მონა და ბრიუსელის ლაქია.

   „აღმოსავლურმა პარტნიორობამ“, საკუთარი დეკლარირებული მიზნების საწინააღმდეგოდ, არც ეკონომიკური ინტეგრაცია და არც თავისუფალი ვაჭრობის ზონების შექმნა მოიტანა, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ანგარიშვალდებულია ევროჩინოვნიკების წინაშე, საქართველოს ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით. ერთადერთი, „აღმოსავლური პარტნიორობის“ მიზნებიდან, თითქოს ვიზების ლიბერალიზაციას მივაღწიეთ. ეს ფაქტი იმდენად მნიშვნელოვნად საღდება, რომ სწორედ ამ „მიღწევის“ ფონზე გადადგა პრემიერის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია თავის მოღვაწეობაში წარმატებების ზენიტად მიიჩნია.

   ევროკავშირის ე. წ. შენგენის ზონაში თავისუფალი, უვიზო გადაადგილება ნამდვილად არ იქნება ცუდი ფაქტი, თუმცა ქართულ საზოგადოებას არ უხსნიან, რომ ეს ლიბერალიზაცია, თუკი იგი ძალაში შევა, არასგზით არ იძლევა ევროკავშირის ტერიტორიაზე დასაქმების საშუალებას. ევროკავშირი არც იმას დაუშვებს, რომ საქართველოს მოქალაქეები არალეგალურად იქნან დასაქმებულნი. არსებობს ისრაელის მაგალითი: ისრაელმა უკვე ორიოდე წელია, გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოსთან, მაგრამ ისრაელიდან დეპორტირებული ქართველების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა სწორედ ვიზების გაუქმების შემდეგ. ასევე მოხდება ევროკავშირის შემთხვევაშიც - ევროპაში გაურკვეველი წარმომავლობის, ქალების გაუპატიურებაზე, ძარცვა-ყაჩაღობასა და სხვა მძიმე დანაშაულებებზე დახელოვნებულ სუბიექტებს უფრო მიიღებენ, თანაც ძალიან დიდი რაოდენობით, ვიდრე სამუშაოს ძებნაში დატანჯულ ქართველებს. ასეთი ირაციონალურია დღეს ევროპა - ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერსად გავექცევით.

   მაგალითები: გერმანული გაზეთი „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ (18.01.2016) გვაუწყებს, რომ გერმანიაში 7 ათასზე მეტი უკრაინელი ელის თავშესაფარს. ეს ხალხი უკრაინიდან ომს და ამ უსამართლო ომში ჯარში გაწვევის ვალდებულებას გამოექცა. მათ, ვინც უკრაინაში უარს აცხადებენ ჯარში წასვლაზე, სახელმწიფო „მოღალატეებად“ აცხადებს და პატიმრობას უსჯის. გარდა ამისა, მათი ოჯახის წევრებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ექსტრემისტური ორგანიზაციების მხრიდან. მაგრამ გერმანია ამ გარემოებებს საკმარის საფუძვლად არ მიიჩნევს, რათა თავშესაფარი მისცეს უკრაინელ დევნილებს. „სულ უფრო და უფრო მეტი უკრაინელი ღებულობს უარს თავშესაფრის მოთხოვნაზე... გერმანიაში დევნილთა თემაზე დღესდღეობით წარმოებული დებატების შედეგად, ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდება. კონსერვატორი პოლიტიკოსები მოითხოვენ, რომ უკრაინა გამოცხადდეს უსაფრთხო ქვეყნად, საიდანაც ლტოლვილებს არ მიიღებენ. ... ამას ემატება ისიც, რომ ომი, როგორც ასეთი, თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველს არ წარმოადგენს“ - წერს გერმანული გაზეთი.

   ახლა დავფიქრდეთ, თუკი ევროპის კონტინენტზე მდებარე უკრაინა, თავისი საკმაოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, ევროპული მენტალიტეტის მქონე ხალხით, ასე მიუღებელია ევროკავშირის უმთავრესი სახელმწიფო გერმანიისათვის, რისი იმედი უნდა ჰქონდეს აზიის კონტინენტზე მდებარე, ნაკლებად განვითარებულ საქართველოს? ვინ ელის ჩვენს მოქალაქეებს ევროპაში? სამწუხაროდ, ქართულ მასმედიაში იშვიათად აშუქებენ ევროპიდან ქართველების დამამცირებელი გამოძევების ფაქტებს, არადა, სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები უხვად მოიპოვება. აუცილებელია, ხალხს სრული სიმართლე ვუთხრათ, რათა შემდგომი იმედგაცრუება ცუდად არ შემოუბრუნდეს ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობას.

 

 

გულბაათ რცხილაძე