ვის არ სიამოვნებს აჭარის გათავისუფლების თარიღის აღნიშვნა

ვის არ სიამოვნებს აჭარის გათავისუფლების თარიღის აღნიშვნა

   მას შემდეგ, რაც ქართულ-რუსული სახალხო მოძრაობისა და ევრაზიის ინსტიტუტის მიერ აჭარის გათავისუფლებაში დაღუპულ გმირებს მიეგოთ პატივი,

რაც გამოიხატა ქობულეთის რ-ნის სოფ. ხუცუბანში 1878 წლის იანვარში დაღუპული მებრძოლების საძმო სასაფლაოს რესტავრაციაში, აჭარაში კიდევ უფრო გაძლიერდა საზოგადოების მოთხოვნა, ჯეროვნად აღინიშნოს ამ ძირძველი ქართული კუთხის გათავისუფლების თარიღი - 25 აგვისტო. სწორედ ამ დღეს, 137 წლის წინათ, ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილების საფუძველზე, ბათუმში შევიდა რუსული არმია, თავად დიმიტრი ივანეს ძე სვიატოპოლკ-მირსკის მეთაურობით, რითაც დასრულდა აჭარაში ოსმალო თურქთა სამასწლოვანი ბატონობა. რუსული არმიის რიგებში მრავალრიცხოვანი ქართველი მოლაშქრეები იბრძოდნენ - ძირითადად მოხალისეები. 1878 წლის 25 აგვისტოს საფუძველი ჩაეყარა ბათუმის ულამაზეს ქალაქად გადაქცევას, ერთიანი საქართველოს ფარგლებში აჭარის აღორძინებასა და განვითარებას. დღეის მდგომარეობით, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მეოხებით, მრავალი აჭარელი დაუბრუნდა ქრისტეს სარწმუნოებას, რომელიც ჯერ კიდევ მოციქულებმა წმ. ანდრია პირველწოდებულმა და წმ. სვიმონ კანანელმა იქადაგეს აჭარის ტერიტორიაზე, 1-ლ საუკუნეში. აჭარა გახდა და არის ერთიანი საქართველოს მტკიცე დასაყრდენი შავ ზღვაზე.

   მიმდინარე წლის 25 აგვისტოს ბათუმის საზოგადოებამ, ინტელიგენციამ, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ სტუმრებთან ერთად, ღიად აღნიშნა აჭარის გათავისუფლება. ბათუმის მთავარ საკათედრო ტაძართან, ბარათაშვილის ქუჩის გასწვრივ, ოსმალთა სამსაწლოვანი ბატონობისგან გათავისუფლების მემორიალი დაიდგმება. ცერემონიალს მიწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვიც, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. საინტერესოა ის, რომ აღნიშნული მემორიალი (ინფორმაცია მის შესახებ იხ. ქვემოთ) უკვე საკმაო ხანია, მზად არის, მაგრამ მის აღმართვას ხელს უშლიან გარკვეული ძალები, რომელთაც არ სიამოვნებთ აჭარის გათავისუფლების 25 აგვისტოს აღნიშვნა, მათთვის ხომ აჭარა „მიშას“ მიერ არის გათავისუფლებული - ასლან აბაშიძის და არა ოსმალო თურქების ბატონობისაგან. პირიქით, სწორედ „მიშამ“ გაუხსნა ფართოდ კარი თურქებს, რომელთა მონაწილეობის გარეშე დღესდღეობით თითქმის არც ერთი სერიოზული მშენებლობა არ ხორციელდება ბათუმსა და მის შემოგარენში. ამ ძალების მხარდამჭერმა ლიბერალურმა მასმედიამ უკვე მოასწრო აჭარის ინტელიგენციის შეკრება ბარათაშვილის ქუჩაზე „ანტითურქულ მიტინგად“ მოენათლა (სამწუხაროდ, ამ პროვოკაციას ზოგიერთი რუსული გამოცემაც აჰყვა). მაგრამ თავად მემორიალის იდეის ავტორი, ბათუმის ინტელიგენციის თვალსაჩინო წევრი, ბატონი ნიაზ ბოლქვაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მემორიალი ასახავს აჭარის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას, ხოლო დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკა არ უნდა გავაიგივოთ ოსმალეთის იმპერიასთან, რომელთანაც მიმდინარეობდა ბრძოლები აჭარის გამო. შესაბამისად, არავითარი „ანტითურქული“ ამ ნაბიჯში არ არსებობს.

აჭარის გათავისუფლების აღსანიშნავად ასეულობით ადამიანი საკუთარი ინიციატივით შეიკრიბა ("ბათუმელების" ფოტო).

   რაც შეეხება უშუალოდ ოსმალთა  300-წლოვანი  (1552-1878 წ.წ., 25  აგვისტო)  ბატონობისაგან აჭარის  განთავისუფლების და  დედა-სამშობლო  საქართველოსთან  დაბრუნებისათვის თავდადებულ გმირთა მემორიალს:

   მემორიალი  4 (ოთხი) მეტრი  სიმაღლისაა. ორი  მეტრი  ბუნებრივი  გრანიტია, რომელსაც  კლდის  ფორმა  აქვს -  შეუვალი, მარადიული  საქართველოს  სიმბოლო. იგი  პირამიდის  ფორმისაა და რამდენიმე  სიბრტყისაგან შედგება. მასზე  წარმოდგენილია  აჭარის  მთავარი  სიმბოლოები, საქართველოს  კარიბჭე-ფარი: ხიხანის  ციხე, სხალთის  ტაძარი, მარჯვნივ -  გონიოს  ციხე, მარცხნივ -  პეტრას  ციხე, მარჯვნივ მეორე  მხარეს - თამარის  თაღოვანი  ხიდი.

მემორიალის მარცხენა  სიბრტყეზე  წარმოდგენილია: 1877-1878 წ.წ.  რუსეთ-ოსმალეთის ომში  გამარჯვების  სიმბოლოები - გადაჯვარე­დინებული  თოფები  და   ზარბაზანი. ამ გამარჯვების შედეგად აჭარა, დედა-სამშობლო საქართველოს სამუდამოდ დაუბრუნდა.

     შუა  სიბრტყეზე  წარმოდგენილია:

-          ილია  ჭავჭავაძე  -  უგვირგვინო  მეფე, საქართველოს  მთლიანობის  სიმბოლო;

-          წარწერა ოქროს  ასოებით  -  მამული, ენა, სარწმუნოება!

 

     ქვემოთ  მარცხენა  მხარეს:

-          სელიმ  ხიმშიაშვილი, ოსმალთა  ბატონობისაგან  ეროვნულ-გამათავისუფლებელი  მოძრაობის  ფუძემდებელი;

მარჯვნივ:

-          მემედ  აბაშიძე  - აჭარის  განმათავისუფლებელი  კომიტეტის  თავმჯდომარე  1918-1920 წ.წ. . მისი წინამძღოლობით  აჭარის  მოსახლეობამ  დამოუკიდებელი  საქართველოს  მთავრობის  მხარდაჭერით  სელიმის  დაწყებული  საქმე   საუკუნეების შემდეგ  წარმატებით  დააგვირგვინა, დაიცვა  1877-1878  წ.წ.  რუსეთ-ოსმალეთის  ომში  გამარჯვებით   მონაპოვარი.

-             ქვემოთ  სიბრტყეზე  -  სელიმის  ცნობილი  ანდერძი: „ მე  თავს  მჭრით, მაგრამ, იცოდეთ, გურჯისტანი  ოსმალოს   საბოლოოდარ  შერჩება, მე  ამის  ცოდნას  შთამომავლობას  ანდერძად  ვუტოვებ“.

ორი  მეტრი  სიმაღლის  ორიგინალური  კვარცხლბეკი  მემორიალს  წარმოაჩენს  ანთებულ  ჩირაღდნად.

მემორიალზე  დაცულია  აღნიშნული  პერიოდის  ყველა  მთავარი  ისტორიული  მოვლენის  სიმბოლიკა, ეროვნული  ღირსება  და  ერთიანი  საქართველოს  მომავლის  იდეა.

ყველა  სიმბოლო  შესრულებულია  ბრინჯაოში.

იდეის ავტორი   -   ნიაზ  ბოლქვაძე, მწერალი, ფილოსოფოსი, საქართველოს  ეროვნული  აკადემიის  საპატიო  აკადემიკოსი, ქართული ერთობის დარბაზის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, აჭარის  მამულიშვილთა  საგვარეულო  კავშირის  თავმჯდომარე;

მოქანდაკე - დავით ბოლქვაძე, საქართველოს  მხატვართა  კავშირის  წევრი, დამსახურებული  მოღვაწე;

არქიტექტორი - დუგლას  ზამთარაძე, საქართველოს  არქიტე­ქტორთა  კავშირის  წევრი, საქართველოს მხატვართა  კავშირის  წევრი, საქართველოს  დამსახურებული  არქიტექტორი.

 

მემორიალი შესრულებულია  აჭარის  მამულიშვილთა  საგვარეულო  კავშირის  ინიციატივით,  კავშირის  წევრთა  და  საერთო  სახალხო  შემოწირულობებით.

ევრაზიის ინსტიტუტის წევრები ამაყობენ, რომ მათ თავიანთი წვლილი აქვთ შეტანილი ამ მემორიალის დამზადებაში.

ადგილი, სადაც დაიდგმება მემორიალი ("ბათუმელების" ფოტო).

    მეტად მნიშვნელოვანია, რომ მემორიალის დადგმას მხარს ცალსახად უჭერს მართლმადიდებელი ეკლესია. ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ აკურთხა მემორიალის დადგმის ადგილი, რის შემდეგაც აღიმართა ბანერი, რომელიც გვაუწყებს, რომ ახლო მომავალში ამ ადგილზე დაიდგმება აჭარის გათავისუფლების გმირთა მემორიალი. ბათუმის მერისა და საკრებულოს წევრების დასწრება ამ ცერემონიალზე კი ნიშნავს, რომ ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლები პატრიოტულად აზროვნებენ. იმედია, ისინი დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და ხელს არ შეუშლიან ხალხის ნების განხორციელებას.

   აჭარის და სრულიად საქართველოს ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები ხელისუფლებას მიმართავენ მოწოდებით, 25 აგვისტო გამოცხადდეს ეროვნულ დღესასწაულად. პეტიციის ტექსტს „პოლიტფორუმი“ მკითხველებს ახლო მომავალში გააცნობს.

 

დამატებით იხ.: "ბათუმელების" მასალა; "კავპოლიტ.რუ"-ს მასალა.