„რუსული სამყარო“, ერთაშორის მშვიდობისა და ჰარმონიისათვის

„რუსული სამყარო“, ერთაშორის მშვიდობისა და ჰარმონიისათვის

   3 ნოემბერს მოსკოვში, დედაქალაქის მთავრობის სასახლეში, გაიმართა ფონდ „რუსული სამყაროს“ (Фонд „Русский мир») მიერ ორგანიზებული,

რიგით მე-10 ასამბლეა. ყოველი წლის 3 ნოემბერს, რუსეთის ეროვნული დღესასწაულის - „სახალხო ერთიანობის დღის“ წინა დღეს, იმართება ეს ფორუმი, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ასეულობით სტუმარს იწვევენ. სტუმართა შორის, ძირითადად, რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტები, ისევე, როგორც მეცნიერებისა და ხელოვნების მუშაკები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და საზოგადო მოღვაწეები არიან. წლევანდელ საიუბილეო ღონისძიებაზე საქართველოდან მიწვეულთა შორის, დამკვირვებლის სტატუსით, მეც გახლდით.

რუსეთი, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა წამყვანი სახელმწიფოები, ცდილობს საკუთარი ენისა და კულტურის პოპულარიზებას უცხოეთში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფონდი „რუსული სამყარო“. რუსული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის პრიორიტეტი არაერთხელ აღინიშნა ამჟამინდელი ასამბლეის ფარგლებშიც. ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, ცნობილმა პოლიტოლოგმა ვიაჩესლავ ნიკონოვმა თავის გამოსვლაში სინანული გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს არსებულ მძიმე საერთაშორისო ვითარებაში „რუსულ სამყაროს“ მიაწერენ განზრახვას, განახორციელოს რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები. არადა, ათი წლის წინ რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაარსებული ფონდი ოფიციალურად არის მოწოდებული, რუსული ენისა და კულტურის პოპულარიზაციასთან ერთად, დახმარება აღმოუჩინოს ყველა მათგანს, ვინც თავს ერთიანი კულტურულ-ცივილიზაციური სივრცის ნაწილად მიიჩნევს, ეროვნებისა და მოქალაქეობისაგან დამოუკიდებლად (ამას ხაზგასმით აღვნიშნავ - გ. რ.). რუსეთში სწორედ ადამიანების ამ კატეგორიას მიიჩნევენ „რუსული სამყაროს“ ნაწილად და არა მაინცადამაინც, რუსი ეთნოსის წარმომადგენლებს. და, რაც მთავარია, არავისთვის არის იძულებითი, იყოს „რუსული სამყაროს“ წევრი. შესაბამისად, არ იქნება მართებული, დავიჯეროთ, რომ ფონდი, და, საერთოდ, „რუსული სამყაროს“ ცნება, ჩაფიქრებულია რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზებისათვის. ფონდი „რუსული სამყაროს“ საქმიანობა კი იმაზე მეტ საფრთხეს არ შეიცავს, ვიდრე „ბრიტანული საბჭო“ ან გერმანული „გოეთეს ინსტიტუტი“.

რა თქმა უნდა, საიუბილეო ღონისძიებაზე შესაბამისი ფორმისა და შინაარსის გამოსვლები იყო - საზეიმო ხასიათის. პრეზიდენტ პუტინის მისალოცი სიტყვა დამსწრე საზოგადოებას პრეზიდენტის ერთ-ერთმა თანაშემწემ გააცნო, რის შემდეგაც ტრიბუნაზე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, მისი უწმინდესობა კირილე გამობრძანდა. პატრიარქმა შემდეგი საყურადღებო აზრი გააჟღერა: „ისტორიულად ასეა, რომ ბევრი ცდილობდა დამკვიდრებას, ასე ვთქვათ, ‘ზღვიდან ზღვამდე’, მაგრამ არავის გამოუვიდა. მხოლოდ რუსულმა სამყარომ შეძლო ევრაზიის სივრცეში უზარმაზარ ტერიტორიაზე დამკვიდრება. ეს იმიტომ მოხდა ასე, რომ რუსული სამყარო განკუთვნილია არა მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის, არა მხოლოდ რუსებისათვის, არამედ ყველა სხვა რელიგიისა და ეროვნებისათვის. დამპყრობლებს ეს ტერიტორია სურდათ მხოლოდ საკუთარი თავისთვის, სხვათა ინტერესების ხარჯზე, ამიტომ მათ არაფერი გამოუვიდათ“.

   პატრიარქ კირილის აღნიშნული განცხადება ევრაზიული იდეოლოგიის ქვაკუთხედად შეიძლება მივიჩნიოთ. ევრაზიული იდეა ეფუძნება თავისუფალ ხალხთა მიერ საკუთარი იდენტობის გაცნობიერებას ერთი დიდი ცივილიზაციის ნაწილად, სხვადასხვა რელიგიებისა და კულტურების ჰარმონიულ თანაარსებობას. თავისუფალი ხალხები საკუთარი იდენტობის დაცვისა და განვითარების მოთხოვნილებიდან გამომდინარე თანხმდებიან, იყონ ევრაზიული ცივილიზაციის შემადგენელი ნაწილი. ამ ცივილიზაციაში ადგილი არ აქვს ერთი ხალხის მიერ მეორის ჩაგვრას ან თუნდაც რაიმე სახის ზეწოლას. აქ პატივს სცემენ ყველას ტრადიციებს და წარმოუდგენელია ერთი ცენტრიდან ბიუროკრატიის მიერ ფასეულობების გადახედვა, პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და სხვა სფეროების უაზრო ლიბერალიზაცია ან პირიქით, მათ ფარგლებში შეზღუდვების დაწესება.

   მოსკოვში, „რუსული სამყაროს“ ასამბლეაზე, საქართველოს თემამ მოულოდნელად გაიჟღერა, თანაც ორჯერ. პირველ ჯერზე რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში მ. შვიდკოიმ თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრის დირექტორს ნ. სვენტიცკის გადასცა ვლადიმირ პუტინის განკარგულება მისთვის „რუსეთის დამსახურებული არტისტის“ წოდების მინიჭების შესახებ, მოგვიანებით კი, ექსპერტთა დისკუსიის ფარგლებში, ცნობილმა რუს-ებრაელმა პუბლიცისტმა ავიგდორ ესკინმა საგანგებოდ აღნიშნა საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების ტენდენცია ბოლო წლების მანძილზე და ამ ურთიერთობების დათბობის აუცილებლობა მთელი „რუსული სამყაროსათვის“.

   საინტერესო იყო სხვა ექსპერტების გამოსვლებიც. მაგალითად, ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯულიეტო კიეზამ ყურადღება გაამახვილა დასავლეთში არსებულ ტოტალურ სოციალურ კრიზისზე. კერძოდ, დასავლეთის ქვეყნებში ცხოვრების დონის მაქსიმუმი წარსულშია, აღარ ხდება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, იზრდება ნაპრალი მდიდრებსა და ღარიბებს შორის, საშუალო ფენის მოცულობა არსებითად მცირდება. სწორედ ამის გამოძახილია დასავლეთის ქვეყნების ელიტების მცდელობა, საგარეო პოლიტიკის რადიკალიზაციის გზით აღმოფხვრან შიდა დეფიციტები და დაძლიონ კრიზისი. ეს მცდელობები ეჯახება რუსეთისა და მსოფლიოს სხვა პოლიტიკური პოლუსების სასიცოცხლო ინტერესებს, საბოლოო ჯამში კი მათი საკუთარი ხალხების ინტერესებსაც. შედეგად გვაქვს ის არადამამშვიდებელი სურათი, რომელსაც ვხედავთ თანამედროვე მსოფლიოში.

   ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პარიზის დემოკრატიისა და თანამშრომლობის ინსტიტუტის დირექტორი ნატალია ნაროჩნიცკაია უკრაინის თემას შეეხო და აღნიშნა, რომ უკრაინაში ადგილი აქვს „მართლმადიდებლობისა და სლავობის დრამას“. ნაროჩნიცკაიას აზრით, რომელსაც ძნელია, არ დაეთანხმო, წინა პლანზე უნდა იდგეს არა ის, თუ ვინ არის რუსი, ვინ უკრაინელი, არამედ ამ ორი მოძმე ხალხის საერთო ისტორია, საერთო წარმოშობა. „ჩვენ ვართ არა რუსები და უკრაინელები, ცალ-ცალკე, არამედ მართლმადიდებელი ‘როსსები’, კიევის რუსეთის მემკვიდრენი, რომელთაც თავადმა ვლადიმირ დიდმა ქრისტიანობა მოუტანა“.

   ამერიკაში მცხოვრებმა რუსმა პოლიტოლოგმა ნიკოლაი ზლობინმა გულახდილად ურჩია თანამემამულეებს: „თქვენ მაინც გაბრალებენ, რომ მუშაობთ ევროპის გახლეჩაზე, განხეთქილების შეტანაზე, ეწევით აქტიურ პროპაგანდას, მხარს უჭერთ თქვენთვის სასურველ პოლიტიკურ ძალებს დასავლეთში და ბევრ სხვა რამეს. რუსული ენის გავრცელება კარგი საქმეა, მაგრამ პოლიტიკურად მისი მნიშვნელობა მეორეხარისხოვანია. თქვენ უნდა აკეთებდეთ იმას, რასაც ისედაც გაბრალებენ“. ეს არის ნ. ზლობინის, როგორც პოლიტოლოგის აზრი, რომელიც პოლიტიკის რეალისტურ აღქმას ემყარება. ნაწილობრივ მაინც უნდა დავეთანხმოთ ზლობინს იმაში, რომ რუსეთის სახელმწიფო ბოლო დრომდე ბევრს არაფერს აკეთებდა ყბადაღებული „რბილი ძალის“ გამოყენების თვალსაზრისით. საქართველოს მაგალითზე ეს კარგად ჩანს. განსხვავებით საქართველოში მოქმედი მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისგან, პოლიტიკური პარტიებისა თუ ბიუროკრატიული სტრუქტურებისაგან, რომელთაც დასავლური ფონდები და სახელმწიფო სტრუქტურები უმაგრებენ ზურგს, რუსეთის სახელმწიფო პრაქტიკულად არანაირი პროექტის განხორციელებას არ უწყობს ხელს, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ კულტურულ ღონისძიებებს. რუსეთის ჩაურევლობა კარგია იმ მხრივ, რომ მოსკოვში პატივს სცემენ საქართველოს თავისუფალ არჩევანს, მაგრამ ამავე დროს ცუდია იმის გამო, რომ საქართველოში დაუცველია ბალანსი და სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი პირდაპირ „ჩამოკიდებულია“ დასავლეთის კეთილ ნებაზე. საქართველო, რომელიც არ ფლობს არც დიდ ბუნებრივ რესურსებს, არც მაღალ ტექნოლოგიებსა თუ განვითარებულ ფინანსურ სისტემას, არც ძლიერ ჯარს და ყველა პარამეტრით სუსტი ქვეყანაა, ვერ ჩამოყალიბდება სუვერენულ სახელმწიფოდ ბალანსის პოლიტიკის გარეშე. ბალანსი კი, როგორც ვთქვით, დარღვეულია დასავლეთის სასარგებლოდ. მიუხედავად ამისა, იმედი ვიქონიოთ, რომ თავად ცხოვრება უბიძგებს ჩვენს ხელისუფლებას, გადადგას საქართველოსათვის სასარგებლო ნაბიჯები საგარეო პოლიტიკაში და არ იმყოფებოდეს პატრონ-ყმულ მდგომარეობაში დასავლეთთან მიმართებით.

გულბაათ რცხილაძე