თურქული რკალი საქართველოს გარშემო იკვრება

თურქული რკალი საქართველოს გარშემო იკვრება

აკვიატებულმა რუსოფობიამ რომ საქართველო დაშლის პირს მიიყვანა, ყველა ნორმალური ქართველისთვის ცხადზე უცხადესია. 1980-იანი წლების ბოლოს დაწყებული სამიტინგო მდგომარეობიდან ქვეყანა დღემდე ვერ გამოვიდა, პირიქით, უარესი ხდება - მასმედიიდან ყოველდღიურად დიდი დოზით და გამძაფრებულად, იღვრება სიბინძურეები რუსეთის მისამართით.

ხალხის ნაწილი მატყუარა მასმედიამ დააჯერა, რომ რუსები საშინელ დანაშაულებებს სჩადიან უყრაინაში, მშვიდობიანი ადამიანების დამიზნებით დახოცვის ჩათვლით. მასმედია ადამიანებს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ რუსეთმა მეზობელი ქვეყანა თითქოს ერთ დიდ ბუჩად გადააქცია, რომელიც დასავლურმა პროპაგანდამ, ყოველგვარი გამოძიების გარეშე, ზელენსკის რეჟიმის წარმომადგენლების ზეპირი განცხადებების საფუძველზე, რუსეთის დამნაშავეობის სიმბოლოდ აქცია.

ამ პროპაგანდას სიამოვნებით არის აყოლილი ქართული ოპოზიცია და, რაც მთავარია, ხელისუფლებაც. ამ დროს, აღსანიშნავია, რომ რუსულ მასმედიაში საქართველოზე თითქმის არაფერი იწერება და ითქმება. თუ რამე გამოქვეყნდა, ისიც, უპირატესად, დადებით მომენტებს შეიცავს.

დაგვიჩემებია, რომ აფხაზეთი და შიდა ქართლი რუსეთის მიერ არის „ოკუპირებული“ და გვავიწყდება, რომ არსებობს აფხაზური და ოსური სეპარატიზმი და ამ სეპარატიზმის გამომწვევი ობიექტური მიზეზები - მათ შორის, ჩვენი საკუთარი, თბილისში დაშვებული შეცდომები. არაფრად ვაგდებთ აფხაზებისა და ოსების აზრს, რომლებიც თავს სულაც არ მიიჩნევენ რუსეთის მიერ „ოკუპირებულებად“ და სწორედ საქართველოს მხრიდან „ოკუპაციისა“ ეშინიათ. სამაგიეროდ, ჩვენ მათ „ძმებს“ ვუწოდებთ, ოღონდ, აშკარაა, რომ ეს ჩვენი მხრიდან არაგულწრფელი განცხადებებია. ხელისუფლება რომ მათ ძმებად მიიჩნევდეს, მაშინ ჯერ სააკაშვილს გაასამართლებდა 2008 წელს ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამო, შემდეგ კი, ოსებთან და აფხაზებთან დიალოგს დაიწყებდა. ბუნებრივია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ნაბიჯს დღემდე არ დგამს დასავლეთის დიქტატის ქვეშ ყოფნის გამო. დასავლეთმა აუკრძალა საქართველოს, რომ საკუთარი ინტერესების მიხედვით იმოქმედოს საერთაშორისო არენაზე.

გავიხსენოთ კარასინ-აბაშიძის ფორმატში მიღწეული შეთანხმება, ორ მხარეს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენის შესახებ, აფხაზეთისა და შიდა ქართლის გავლით. უკვე მიღწეული, ორივე მხარისათვის მისაღები შეთანხმება ქართულმა მხარემ დაარღვია საკუთარი ეკონომიკის, ასევე, ოსებთან და აფხაზებთან შესაძლო თანამშრომლობის საზიანოდ. ბუნებრივია, ეს აშშ-ის ბრძანებით მოხდა, მაგრამ, არა მარტო აშშ-ის! გავიხსენოთ: მეზობელმა აზერბაიჯანმა პროტესტი გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთიც გაზრდიდა თავის ტვირთბრუნვას რუსეთთან, რაც ბაქოს ინტერესებში არ შედის. დიახ, პირდაპირ ასე. აზერბაიჯანის ამ მოთხოვნასაც დაემორჩილა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც შემდეგ არ დაინდო ალიევმა დავით გარეჯის საკითხში, საზღვართან ჯარი განალაგა და სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილში შემოიყვანა, რომელშიც მანამდე არასოდეს მდგარა აზერბაიჯანელი მესაზღვრე. საქართველოს ხელისუფლებამ ეს კატასტროფა - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დაახლოებით ნახევრის დაკარგვა, სამარცხვინოდ ჩაყლაპა და ყველაფერი საგარეო სამინისტროს მეორეხარისხოვან თანამშრომლებს, ივერი მელაშვილს და ვიღაც ქალს (გვარს ვერც ვიხსენებ), გადააბრალა. ამ თემაზე ააგო „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საარჩევნო კამპანია 2020 წელს და წარმატებასაც მიაღწია, ვინაიდან ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა ეს სატყუარა გადაყლაპა.

აზერბაიჯანს არავინ უწოდებს ოკუპანტს, მიუხედავად ქართველ მართლმადიდებელთა უდიდესი სიწმინდეების მიტაცებისა. „ოკუპანტის“ იარლიყი მარტო რუსეთს მივაკარით... ესეც, თურქების და აზერების საამებლად... კეთილი და პატიოსანი, მაგრამ, ნუთუ საქართველოში ვერ უნდა ვხედავდეთ იმ საფრთხეს, რომელიც თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემის გაძლიერებას მოჰყვება? აზერბაიჯანმა უდაბნოს მონასტერი სწორედ მას შემდეგ მიიტაცა, რაც ყარაბაღში, თურქეთის დახმარებით და რუსეთის ჩაურევლობის შედეგად, წარმატებას მიაღწია.

ერდოღან-ალიევის „ძმური კავშირი“ დიდ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ყარაბაღელ სომხებსა და ჩვენს სამხრეთელ მეზობელს - სომხეთის რესპუბლიკას, არამედ საქართველოს. პირდაპირი სამხედრო აგრესია ამ ორი ძლიერი თურქული სახელმწიფოს მხრიდან, ჯერ-ჯერობით, მოსალოდნელი არ არის, მაგრამ მეგობრობით შენიღბული მათი დიქტატი საქართველოში, ბევრ საკითხში იგრძნობა. ბათუმში, თურქების შიშით, ხელისუფლებამ ნება არ დართო სამოქალაქო აქტივისტებს, უკვე გამზადებული შესანიშნავი მონუმენტი დადგმულიყო, 1878 წელს აჭარის ოსმალეთის იმპერიის ბატონობისგან გათავისუფლების აღსანიშნად. თურქეთის საელჩოს ნეგატიური პოზიციისა და შეფასებების გამო, ხელისუფლება ვერ ბედავს, დიდგორობა ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადოს, ხოლო გასულ წელს, დიდგორის ბრძოლის ათასწლოვანი იუბილის აღნიშვნისას, ხელისუფლების ვერც ერთმა წარმომადგენელმა ვერ გაბედა, ეხსენებინა ის მტერი, რომელსაც მეფე დავით აღმაშენებელი ებრძოდა. იქნებ, თურქი სელჩუკები არაფერ შუაში იყვნენ და დიდგორშიც რუსები აპირებდნენ ჩვენს „ოკუპაციას“?.. ზედმეტად სასაცილოები ხომ არ გავხდით და, იქნებ, სულაც არ ვიმსახურებთ დავით აღმაშენებლის დროინდელი ქართველების შთამომავლებად ვიწოდებოდეთ?!

აჭარაში თურქები აფინანსებენ რელიგიურ პროექტებს, მეჩეთების მშენებლობის ჩათვლით; ქვემო ქართლის აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას ბაქო „პატრონობს“. სამაგიეროდ, თურქეთში, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე მართლმადიდებლური ქართული ტაძრები დახურული და მიტოვებულია, საინგილოში კი ქართველების რელიგიური უფლებები, განსხვავებით საქართველოს აზერბაიჯანლობისა, უკიდურესად შეზღუდულია. ასეთი ცალმხრივი „მეგობრობა“ თურქულ რკალში მოქცეული საქართველოსთვის, არა მხოლოდ დამამცირებელი, არამედ, დამღუპველია.

ვისაც გადაჭარბებით ეჩვენება თურქული რკალი, შევახსენებ, რომ ამა წლის ნოემბერში, უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში, დიდი მნიშვნელობის მოვლენა მოხდა: გაიმართა თურქული სახელმწიფოთა ორგანიზაციის (თსო) პირველი სამიტი, უმაღლეს დონეზე. ამ ახალ ორგანიზაციაში გაწევრებულნი არიან თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთი. დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობენ თურქმენეთი და ევროკავშირის წევრი-სახელმწიფო უნგრეთი, ვინაიდან უნგრელები თავს „ქრისტიან თურქებად“ მოიაზრებენ. უნგრეთის პრემიერმინისტრმა ორბანმა განაცხადა სამიტზე, რომ რუსულ-უკრაინულ კონფლიქტში ევროკავშირი ვერ იქნება მომრიგებელი, ხოლო თურქეთის ლიდერმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ასეთი მომრიგებლის ფუნქცია თავის თავზე თსო-მ უნდა იტვირთოს. თვით ნეიტრალური სტატუსის მქონე თურქმენეთის ლიდერები, მამა-შვილი ბერდიმუჰამედოვები, ცალსახად უჭერენ მხარს „თურქული ოჯახის ერთობის განმტკიცებას“. ყაზახეთიც, ბოლო დროს, სულ უფრო ღიად და აქტიურად ატარებს ერთიანი თურქული სამყაროს პოლიტიკას, ყაზახეთში ხდება პანთურქისტული იდეოლოგიის ისტორიული პირების, როგორთა შორის მუსტაფა ჩოკაია, ეროვნულ გმირებად წარმოჩენა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან „ძმობა“ გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ძვირფასი ძმა“ „გათავისუფლებულ ტერიტორიებს“ სამჯერ ეწვია, ხოლო თურქული კომპანიები აქტიურად მუშაობენ ყარაბაღის აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებული ნაწილის ინფრასტრუქტურულ პროექტებში. თვით უზბეკეთი, რომელსაც მისასვლელი არ აქვს კასპიის ზღვასთან, მონაწილეობს სკოლის აღდგენაში, ქალაქ ფიზულიში.

ყაზახეთის მიერ აზერბაიჯან-საქართველოს მარშრუტზე თავისი ნავთობის ექსპორტის ნაწილის გადმოტანა, ერთი მხრივ, მომგებიანი ჩანს ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ კონკრეტული ეკონომიკური გათვლები და პოლიტიკური რისკების გათვალისწინება ნამდვილად არ გვაწყენდა. საქართველო დიდ ვერაფერ შემოსავალს მიიღებს ამ პროექტიდან, ხოლო თურქულ რკალში კიდევ უფრო მყარად მოექცევა.

ჩვენთვის ნაკლებად სახიფათო იქნებოდა თურქულ სამყაროში ასეთი გათქვეფა, მაგრამ ვინაიდან საქმე ქართველობის იდენტობას, მართლმადიდებელ რწმენასა და ცნობიერებას ეხება, აქ მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობაა საჭირო. ქართველი ხალხი საუკუნეების მანძილზე იბრძოდა ამ იდენტობისთვის და მშვიდ ცხოვრებაში არ გაუცვლია იგი. ქართველმა ხალხმა ისტორიული უარი უთხრა თურქულ სამყაროში თავის აღრევას და არჩევანი მართლმადიდებლობისა და ქართველობის შენარჩუნებაზე გააკეთა. ეს დღესაც მხოლოდ რუსეთის მეშვეობით არის შესაძლებელი ისევე, როგორც მე-18 საუკუნეში. პარადოქსულია, მაგრამ ამ მხრივ არაფერი არ შეცვლილა ბოლო 250-300 წლის მანძილზე.

საქართველოსთვის სასიცოცხლოდ არის აუცილებელი, გაიხსნას კომუნიკაციები რუსეთთან აფხაზეთისა და შიდა ქართლის გავლით, გაძლიერდეს სატრანსპორტო დერეფანი არა მარტო აღმოსავლეთი-დასავლეთის, არამედ ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებითაც. ეს იქნება ბალანსი თურქული სამყაროს დომინირების საპირისპიროდ. რუსეთი-საქართველო-სომხეთი-ირანის სატრანსპორტო დერეფანი მეტ შანსებს მისცემს საქართველოს, რომ საკუთარი პოლიტიკა აწარმოოს რეგიონში, არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ თურქულენოვან სახელმწიფოებზე და მათ ჭირვეულ ლიდერებზე, გაარღვიოს თურქული რკალი, რომელიც მას არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ დასავლეთისგანაც მოაქცევს იზოლაციაში.

21-ე საუკუნე არის ცივილიზაციების, მსხვილი კულტურული პოლუსების ეპოქა. წვრილი ნაციონალიზმის ადგილი, როგორსაც ქართველები ვართ მიჩვეულნი, ამ საუკუნეში აღარ არის. ეს დაღუპვაა. ცივილიზაციურ კატეგორიებში აზროვნება უნდა ვისწავლოთ. საქართველო წარმოადგენს მართლმადიდებლური ცივილიზაციის შემადგენელ ნაწილს ანუ ბევრად უფრო ახლოს დგას რუსეთთან, ვიდრე თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სხვა თურქულ ქვეყნებთან.



გულბაათ რცხილაძე