მედალი №437715

მედალი №437715

ქალაქ ბათუმის მკვიდრი, ბატონი სერგო თეოფანეს ძე ტაბაღუა. 92 წლის, ისტორიკოსი. ამაყობს შრომისმოყვარე შვილიშვილებით, ხარობს შვილთაშვილებით.

ჩვენ კი ყველანი ვამაყობთ ბატონი სერგოთი - დიდი სამამულო ომის ვეტერანით, ბერლინის შტურმის უშუალო მონაწილით. მის გარდა დღესდღეობით საქართველოში სხვა არავინაა ცოცხალი, ვინც 1945 წლის გაზაფხულზე ბერლინს იღებდა.

2017 წლის 11 ივნისს ბატონ სერგოს დიდი ხნის სურვილი აუსრულდა - მას დაუბრუნდა მისთვის უძვირფასესი ჯილდო, ბერლინის შტურმში მონაწილეობისათვის მიღებული მედალი №437715, რომელიც მან ბათუმში ერთ-ერთი წყალდიდობის დროს დაკარგა. დიდი სამამულო ომის ვეტერანს ეს დანაკარგი მოსვენებას არ აძლევდა წლების მანძილზე. სამართალდამცველებმა მედალი ვერ იპოვნეს, ქართულ სახელმწიფოს კი არ აქვს იურიდიული საშუალება, დაამზადოს დიდი სამამულო ომის ჯილდოების ასლები.

ერთ მშვენიერ დღეს ვეტერანმა თავის მეზობელს, ბატონ სოსო ქორიძეს მიმართა თხოვნით, შეძლებისდაგვარად, რუსეთის ფედერაციის ოფიციალური სტრუქტურებისთვის ეთხოვნა დახმარება. პროფესიით იურისტი სოსო ქორიძე დიდი ხანია, რუსულ-ქართული ურთიერთობების საკითხებზე პრაქტიკული თვალსაზრისით მუშაობს, მონაწილეობას იღებს ევრაზიის ინსტიტუტის მიერ დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში, რაც კი აჭარის ტერიტორიაზე ტარდება. შესაბამისად, მან ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, გულბაათ რცხილაძეს მიმართა ვეტერანის თხოვნით, ეს თხოვნა კი დაუყოვნებლივ გადაეგზავნა საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელობას.

გარკვეული იურიდიული პროცედურების შემდეგ, რომელთა მოგვარებას არაერთი თვე დასჭირდა, რუსეთის ფედერაციამ, არსებული უტყუარი დოკუმენტაციის საფუძველზე დაამზადა მედლის ასლი და საქართველოში გამოაგზავნა. რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა, ბატონმა ევგენი კონიშევმა პირადად ისურვა ვეტერანის მონახულება და მისთვის ესოდენ ძვირფასი ჯილდოს დაბრუნება. „მამაჩემიც ომის დიდი სამამულო ომის მონაწილე იყო, ეს ჩემთვის წმინდა საქმეა, მე პირადად მინდა, რომ ჯილდო დავუბრუნო ომის ვეტერანს“ - უთხრა მან გულბაათ რცხილაძეს. ბატონი კონიშევი, მეუღლესთან ერთად, ბათუმს ესტუმრა და მოინახულა ჩვენი საამაყო ვეტერანი. ბატონი სერგო ბედნიერია, რომ მის მკერდს კვლავ ამშვენებს ბერლინის შტურმისთვის მიღებული მედალი ნომრით „437715“.

ამ დიდებული ჟესტისათვის ჩვენი ორგანიზაციის სახელით უდიდეს მადლობას ვუხდით რუსეთის ინეტერსთა სექციას და პირადად მის ხელმძღვანელს, ევგენი ივანეს ძე კონიშევს, რა თქმა უნდა, ბატონ სოსო ქორიძეს, ასევე ბატონ დავით ჯიჯავაძეს - ვეტერანთა გაერთიანების ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელს, შეხვედრის ორგანიზებისათვის. ბატონ სერგო ტაბაღუას კი, რომელიც აქტიურ ცხოვრებას და მუშაობას განაგრძობს, ვუსურვებთ კიდევ მრავალი წლის მანძილზე ემოღვაწეოს და მაგალითი მისცეს ახალგაზრდა თაობებს!

ევრაზიის ინსტიტუტის პრესსამსახური

 

ბიოგრაფიული ცნობა - სერგო ტაბაღუა: დაიბადა 1925 წელს, 1942 წლის დეკემბერში გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში, 734-ე საზენიტო-საარტილერიო პოლკში. 1941 წლის 16 აგვისტოდან 1945 წლის 9 მაისამდე ეს პოლკი მოქმედი არმიის შემადგენლობაში შედიოდა. სერგო ტაბაღუა აქტიურად მონაწილეობდა კავკასიისთვის, ყირიმისთვის (ქერჩი, სევასტოპოლი),  ვიტებსკისთვის, პოზნანისთვის ბრძოლებში, აგრეთვე მდინარე ოდერის ფორსირებაში. 1945 წლის 16 აპრილიდან კი უკვე ბერლინის შტურმში იღებს მონაწილეობას. 1946 წლის ივლისამდე ბერლინის გარნიზონში მსახურობდა. დაჯილდოებულია სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გამოსცა 32 წიგნი სამხედრო-პატრიოტულ თემატიკაზე. პირადად მისთვის ყველაზე ძვირფასია მედალი АБ№437715 „ბერლინის გმირული შტურმისა და აღებისათვის“.

სურათებზე: ა) სერგო ტაბაღუა ბერლინში, 1945 წლის 24 მაისი; ბ) ევგენი კონიშევი ჯილდოს გადასცემს ვეტერანს; გ) რუსი დიპლომატი ვეტერანს ულოცავს ჯილდოს დაბრუნებას; დ) სერგო ტაბაღუა მედლით; ე) სოსო ქორიძე, ევგენი კონიშევი, სერგო ტაბაღუა.