სტალინი ასეთ შეცდომებს არავის აპატიებდა და ამიტომაც მოიგო ომი!

სტალინი ასეთ შეცდომებს არავის აპატიებდა და ამიტომაც მოიგო ომი!

გასული კვირის საბედისწერო გადაწყვეტილებამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გაიჟღერა.

რატომ საბედისწერო? — იკითხავთ. გიპასუხებთ.

საბედისწერო ახლა, ამ ეტაპზე და არა პერსპექტივაში, თუმცა 9 ნოემბრის გადაწყვეტილება, რუსეთის აწმყოსა და მომავალზე რომ იმოქმედებს, დიდი წინასწარმეტყველება არ სჭირდება.

კონკრეტულად საკითხზე. თავდაცვის სამინისტროს 9 ნოემბრის კოლეგიის სხდომაზე, რომელსაც თავდაცვის მინისტრი შოიგუ უძღვებოდა, სიტყვა მისცეს უკრაინის სპეციალური სამხედრო ოპერაციის მთავარ შემოქმედს გენერალ სუროვიკინს, რომელმაც მიმოიხილა საბრძოლო ვითარება, აღნიშნა რა პატარ-პატარა წარმატებები, რასაც რუსეთის არმიამ მიაღწია სუროვიკინის მეთაურობით.

მას არ უხსენებია ხერსონი, შეგნებულად, როგორც სპექტაკლში ხდება ხოლმე — იმის მოლოდინში, რომ ხერსონზე უდავოდ დასვამდა კითხვას შოიგუ. და ასეც მოხდა. შოიგუმ დასვა კითხვა, რითაც ტელემაყურებლის ცხოველი ინტერესი გამოიწვია — ტელეეკრანებზე მიჯაჭვებით.

მაყურებელს გული უგრძნობდა, რომ რაღაც არასასიამოვნოს მოისმენდა  შეკითხვის ადრესატისგან და მანაც აცნობა რუსეთსა და მსოფლიოს — რუსეთის ჯარის მიერ ხერსონის დატოვება.

ტელესპექტაკლი ხანმოკლე იყო, მაგრამ ლახვარის მსგავსი რუსეთის მოქალაქეებისთვის და არა მარტო მათთვის, არამედ იმათთვის, ვინც რუსეთის მიმართ ლოიალურობას გამოხატავს.

ამ ტელესპექტაკლის მნახველს, უდავოდ განუმტკიცებდა სიუჟეტის სპექტაკლად აღქმის განცდას — სუროვიკინის მოხსენების პირველი ნაწილის მოჩვენებითი ტრიუმფალურობთ, რომლითაც ის და სრულიად კოლეგია ცდილობდა ხერსონის დატოვების გადაფარვას.

სუროვიკინის მოხსენების პირველ ნაწილში არაფერი იყო ისეთი, აღფრთოვანება  რომ გამოეწვია საზოგადოებაში, თუმცა სუროვიკინი ცდილობდა ნაკლებად ტრიუმფალურის, ტრიუმფად წარმოჩინებას, მაგრამ უშედეგოდ.

პოზიციური ბრძოლები და კუს ნაბიჯის მსგავსი წინსვლა დიდის არაფრის ამსახველი იყო. „პოზიტიურმა“ ვერ გადაფარა მეორე და მთავარი საკითხი, რისთვისაც კოლეგია შეიყარა — ხერსონის მტრისთვის ჩაბარება და სხვა პოზიციაზე გამაგრება.

შოიგუ-სუროვიკინმა ხერსონის ჩაბარების არგუმენტებიც მოიყვანეს — ერთობ სუსტი, უკბილო, დაუჯერებელი და მათი აზრით, ჰუმანიზმით გაჯერებული. რა ჰუმანიზმი მაქვს მხედველობაში? გიპასუხებთ. აი ასეთი. ხერსონში განლაგებულ რუსის ჯარს მომარაგების შესაძლებლობა მოწინააღმდეგის სამხედრო ოპერაციის შედეგად კატასტროფულად შეუმცირდათ და არა მარტო მათ, არამედ ამ ქალაქის მოსახლეობასაც.

გარდა ამისა, მოსალოდნელია უკრაინის არმიის მასობრივი შეტევა, რაც გამოიწვევს რუსის ჯარში მსხვერპლს, ისე, როგორც ხერსონის მშვიდობიან მოსახლეობაში.

რუსეთმა შეძლო ხერსონის მოსახლეობის ევაკუაცია, მაგრამ არა სრულად. გარდა ამისა, უკრაინა სისტემატურად ბომბავს ახლომდებარე ელექტროსადგურს, კაშხლის დანგრევის მიზნით და თუ მან მიაღწია ამ მზაკვრულ მიზანს, წყალი წალეკავს დასახლებულ პუნქტებს.

შოიგუ-სუროვიკინმა რიხით გვაუწყეს, რომ ისინი უფრთხილდებიან თითოეულ მეომარსა და მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლეს, და ამიტომ უბრძოლველად აბარებენ მტერს ხერსონს.

უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული სპეციალური სამხედრო ოპერაციიდან 8 თვეზე მეტი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში სისტემატურად ხდებოდა მისი შედარება დიდ სამამულო ომთან.

რუსეთის მედიის, როგორც ბეჭდურის, ისე ელექტრონულის ფურცლებსა და ტელეეკრანებზე ცნობილი ექსპერტები, პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები ძალას არ იშურებენ, რომ საზოგადოება გააბრუონ დღევანდელი სპეცოპერაციის, გუშინდელი სამამულო ომის ისტორიის ერთმანეთან შედარებით — დღევანდლის გაზვიადებით და ისეთი წარმოდგენით, თითქოს ამასთან ის, ანუ ძველი ვერ მოვა. და რატომ? იმიტომ, რომ დღევანდელში არა მარტო უკრაინა მონაწილეობს, არამედ  ამერიკა-ევროპა; რომ 50 ქვეყანა აწვდის იარაღს უკრაინას; რომ სხვადასხვა ქვეყნის „ბოევიკები“ იღებენ მონაწილეობას რუსეთის ჯართან ომში და ა.შ.

მათ ავიწყდებათ, რომ იმ ომში ევროპის ქვეყნების თითო-ოროლა „ბოევიკი“ კი არ იღებდა მონაწილეობას, არამედ ასეულ-ათასობით ჯარისკაცი, ევროპის ქვეყნების არმიები.

მოკლედ და კონკრეტულად სპეცოპერაცია თავისი მასშტაბით „აღემატება“ დიდ სამამულო ომს. რას ნიშნავს ეს ერთობ მსუბუქი შეფასება? ბევრს, იმისთვის და იმათთვის, ვინც რუსეთის ხელისუფლებაშია. სამხედრო ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ (ჯერ-ჯერობით ასეთს ადგილი არ აქვს) დიდ სამამულო ომში გამარჯვების პიედესტალზე მყოფს — 80 წლის წინანდელ უბრწყინვალეს მოვლენას არა მარტო საბჭოთა, არამედ მსოფლიოს ხალხებისთვის, ჩაჩოჩება მოუწევს და ახალი გამარჯვებისთვის ადგილის დათმობა.

რუსული პროპაგანდისტული მანქანა რახანია მუშაობს ამაზე. გამარჯვების შემთხვევაში ხომ ყოველგვარ საზღვრებს გასცდება მის გასაბუქად?!

გამარჯვებას თავისი გმირებიც ჰყავს, უფრო სწორად გმირი, რომელიც დაიკავებს დიდ სამამულო ომში გამარჯვებული ქვეყნის გმირის ადგილს, მას რომ ომის პერიპეტიებმა, ომამდელმა და ომის შემდგომმა ქვეყნის აღორძინებამ მოუტანა.

ის, არ ყოფილა პარტიული აპარატის PR-ით შექმნილი გმირი. ის, სახალხო გმირი იყო. გმირი, რომლის გულისთვის ტანკებს უვარდებოდნენ, სიცოცხლეს სწირავდნენ. ის, არ ყოფილა ქვეყნის მეთაური, რომელიც, თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკოსების მსგავსად, თვითგანდიდებისთვის, PR-ისთვის იღვწოდა. ის, ზეპირნათლად, გონივრულად, სამართლიანად ასრულებდა ქვეყნის საქმეს, რაც იცოდა ხალხმა და ამიტომ აფასებდა მას. გმირად მიიჩნევდა.

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ამბები რუსული მედიის განხილვის მთავარი თემა უნდა იყოს. ის უნდა იყოს სტიმული ამ სპეცოპერაციის მიმდინარეობისას — იმ ძველის ყოველგვარი, მით უმეტეს დაუმსახურებელი კრიტიკის გარეშე.

რა გვაქვს დღეს? ისევ კრიტიკა, უკიდურესი თავშეკავება დიდი სამამულო ომის მთავარი გმირის სახელის ხსენებისას. მის ნაცვლად რიგითი მარშლის სახელის აღზევება, მთავარი გმირის სახელის დასაჩრდილად.

თუ პარალელს გავავლებთ დღევანდელ დღესთან, სპეცოპერაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში შოიგუ უნდა გახდეს მთავარი გმირი და არა ქვეყნის მთავარსარდალი პუტინი?!

დღევანდელები, წინამორბედებს რომ არაჯეროვნად, მეტწილად კრიტიკით და ლანძღვით მოიხსენიებენ, ჩვეულებრივ ამბვად არის ქცეული. სამწუხაროდ, სტიმულს თვით ქვეყნის პრეზიდენტი, პუტინი იძლევა. გახსოვთ ალბათ, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისადმი მიძღვნილ გამოსვლაში მან ასეთი რამ თქვა — „თუ ჩხუბია მოსალოდნელი, პირველი დავარტყამ“ და შემდეგ სტალინს გადაწვდა, კიდევ ერთხელ დაადანაშაულა იმაში, რომ 1941 წელს, იცოდა რა ჰიტლერის ბოროტი ზრახვების შესახებ,  არ მოემზადა გერმანიის წინააღმდეგ ომისთვის.

სტალინის თავშეკავებამ ასეულ-ათასობით საბჭოთა მეომრისა და მოსახლის მსხვერპლი გამოიწვიაო.

ერთ-ერთ სტატიაში სიღრმისეულად შევეხე პუტინის ზედაპირულ შეფასებას და აღარ გავიმეორებ, თუმცა ვიტყვი, რომ სტალინის თავშეკავებამ გაზარდა მის და საბჭოთა კავშირის მიმართ სიმპათიები, როგორც გერმანიის ფაშიზმის მიერ დაჩაგრული ქვეყნის. სტალინის თავშეკავებამ ამოუყენა საბჭოეთს, კაპიტალიზმის დაუძინებელ მტერს და იდეოლოგიური თვალსაზრისით კომუნისტურ ურჩხულს, კაპიტალიზმის ფლაგმანი ქვეყნები — დიდი ბრიტანეთი და აშშ-ი.

პუტინის „პირველმა დარტყმამ“ რა მოუტანა რუსეთს?

უპირველესად, პირწავარდნილი აგრესორის სახელი, რომლის წინააღმდეგ დაირაზმა კოლექტიური დასავლეთი და ისეთ დღეში ჩააგდო კაპიტალისტური რუსეთი, უარესს რომ არვინ მოელოდა.

კოლექტიურმა დასავლეთმა, აშშ-ს მეთაურობით, მარიონეტ უკრაინას არა მარტო იარაღი მიაწოდა, არამედ მილიარდობით დოლარიც; უზრუნველყო ის სადაზვერვო-საინფორმაციო ცნობების მიწოდებით; მთელს მსოფლიოში გაუკეთა რეკლამა, მსგავსს რომ არასდროს ჰქონია ადგილი.

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი მრავალი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს ვიდეო-სიტყვით, ისე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს.

პუტინის „პირველმა დარტყმამ“ დაუწესა რუსეთს ეკონომიკური სანქციები, რამაც თავისთავად შეაფერხა რუსული გაზის ევროპისთვის მიწოდება.

განსაკუთრებით თვალშისაცემია ეკონომიკური კრიზისი, დაწყებული ევროკავშირ-აშშ-ში არსებული უმუშევრობით, საწარმოების გაკოტრებით, ინფლაციის ზრდით, სოციალური პირობების გაუარესებით და ა.შ.  შედეგი უმძიმესია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როდის გამოვა მსოფლიო და გამოვა თუ არა ეკონომიკურ-სოციალური კრიზისიდან, ძნელი სათქმელი და სავარაუდოა.

პუტინმა მეორედ გაიხსენა სტალინი, როდესაც უკრაინის ტერიტორიებზე ლაპარაკობდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტალინმა უკრაინის მეზობლებს წაგლიჯა ტერიტორიები და უკრაინას შეუერთაო და მან ეს ისე თქვა, თითქოს სტალინმა დანაშაული ჩაიდინა.

არადა, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, სტალინმა პოლონეთ-უნგრეთ-რუმინეთის ტერიტორიების ნაწილი მართლაც მიუერთა საბჭოთა უკრაინას, როგორც ომში სერიოზულად დაზარალებულ ქვეყანას, თუმცა არც პოლონეთი გაუნაწყენებია — მასაც არგუნა დამარცხებული გერმანიის ტერიტორიები. და ეს ყველაფერი სტალინმა მოკავშირეებთან შეთანხმებით გააკეთა.

პუტინმა ლენინსაც გადაჰკრა და შეცდომად ჩაუთვალა რუსეთის იმპერიის სამხრეთ-დასავლეთის, ანუ დონბასის, მალოროსიის უკრაინისთვის გადაცემა.

დღევანდელი მენტალიტეტით, გასული საუკუნის ოციანი წლების შეფასება ისტორიკოსების და არა პოლიტიკოსების საქმეა. ისტორიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ბოლშევიკები და მათი ბელადი ლენინი, მსოფლიო რევოლუციების მოლოდინში, ვიწრონაციონალურ მსოფმხედველობას, მსოფლიო პროლეტარიატის გამარჯვებას ამჯობინებდნენ.

ასე, რომ უკრაინისთვის გადაცემული ტერიტორიები სულაც არ ნიშნავდა ამ ტერიტორიების დაკარგვას; პირიქით, უსაზღვრო ქვეყნებში არსებული ტერიტორიები საერთო ტერიტორიებად ჩაითვლებოდა — სოციალისტური ქვეყნების ტერიტორიად.

რით და როდის დამთავრდება სპეციალური სამხედრო ოპერაცია? ეს კითხვა არა მარტო რუსეთში ისმება, არამედ მსოფლიოშიც. ისმება, მაგრამ ჯერ-ჯერობით უპასუხოდ რჩება, ვინაიდან ერთობ აბურდული ვითარებაა არა მარტო ფრონტზე, არამედ კრემლშიც.

სპეცოპერაციამ ბევრი უარყოფითი მომენტი გამოავლინა, განსაკუთრებით ჯარში, მობილიზაციის საქმეში, ერის პოლიტიკურ-მენტალურ-პატრიოტულ სულისკვეთების დარგში. რუსული საზოგადოება აშკარად ნეგატიურად განეწყო ჯარში გაწვევის მიმართ და ფრონტზე წასვლას, სამშობლოსთვის თავის გაწირვას — მეზობელ ქვეყნებში გაქცევა ამჯობინა. ასეულ-ათასობით რუსეთის მოქალაქე მოკალათდა საქართველოში, სომხეთში, თურქეთში, ყაზახეთში, სხვაგან — დახარჯა რა საკუთარი დიდძალი დანაზოგი, რითაც მასპინძელი ქვეყნების ბიუჯეტს დიდი მოგება აგემა.

რამდენი ხანი დარჩებიან ისინი ემიგრაციაში, ძნელი გამოსაცნობია.

თანამედროვე რუსეთის, დავარქვათ მას პუტინის რუსეთი, მოქალაქეების პატრიოტული სულისკვეთება რომ სავალალოა, შეუნიღბავი თვალითაც შეიმჩნევა, რაც აშკარად მიანიშნებს განათლების, აღზრდის პრობლემებზე.

დღევანდელი რუსეთის მოქალაქე, მომხმარებლად ქცეული, ისეთივე თაყვანისმცემელია ევროპა-ამერიკის, როგორც ქართველი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მოქალაქეები. კაპიტალისტურმა იდეოლოგიამ მასაც გაჰკრა კბილი და ისე დააავადა, ლამის სამშობლო დაავიწყა.

ფულიანი რუსისთვის ჩვეულებრივად ითვლება აშშ-ევროპის ქვეყნებში ვილების, ბინების ქონა. რუსულ ბიზნესზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ისინი ფულს რუსეთში შოულობენ, მაშინ, როდესაც ფიზიკურად ევროპა-ამერიკაში ცხოვრებენ — თავიანთ ოჯახებთან ერთად. შვილები დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, საფრანგეთის პრესტიჟულ სასწავლებლებში იღებენ განათლებას.

ასეთთა მხრიდან პატრიოტიზმზე ლაპარაკი, მით უმეტეს, პატრიოტიზმის საქმით გამოვლინება ღიმილის მომგვრელია.

პუტინის რუსეთის შედარება სტალინის საბჭოთა კავშირთან შეუძლებელია, ისე, როგორც მაშინდელთა პატრიოტული სულისკვეთების, დღევანდელთან — არ არსებულ რუსულ პატრიოტიზმთან.

არ იფიქროთ, რომ რუსეთში პატრიოტი ადამიანების დეფიციტია. ისინი არიან, მაგრამ კონფორმისტული ცხოვრების მიმდევართა ალყაში მოქცეულნი.

სტალინური საბჭოეთის პატრიოტიზმმა იხსნა მსოფლიო ფაშიზმის ჭირისგან. პუტინის რუსეთის ფსევდოპატრიოტიზმი ვერ უმკლავდება უკრაინის ნეოფაშიზმსაც კი.

რუსეთის დღევანდელი მტერი უკრაინის და საბჭოთა კავშირის მტრის —ჰიტლერული გერმანიის, ერთმანეთთან შედარება სამხედრო ძლიერებისა და სხვა პარამეტრების თვალსაზრისით ტყუილი მცდელობაა. ასე რომ დღევანდელი რუსი პოლიტოლოგების მცდელობა შედარებისთვის, დროის ტყუილი ხარჯვაა.

რაში სჭირდებათ მათ ასეთი? მარტივი მიზნების გამო — იმ ძველის პოპულარობის გასაბათილებლად, მყარად რომ არის გამჯდარი ნამდვილ რუსეთში 80 წლის განმავლობაში და პუტინისტურით ჩანაცვლება.

პუტინის გარემოცვას სჭირდება პუტინის ხატის შექმნა და როგორც ჩანს, არც მომავალი ბელადია ამის წინააღმდეგი, ოღონდ მოულოდნელმა და სავალალო ნაბიჯებმა კრემლის მიერ გადადგმულმა, მიზანი ჰაერში შეიძლება გამოჰკიდოს.

ერთ-ერთი ხერსონის დატოვებაა. რუსეთის მოსახლეობა, განსაკუთრებით  ნამდვილი რუსი, ამ ნაბიჯს უარყოფითად აფასებს და მას, უპირველესად პუტინს უკავშირებს. ხერსონის დატოვება არა მარტო რუსეთში დასცემს რუსეთის არმიისა და იარაღის იმიჯს, არამედ საერთაშორისო არენაზეც, სადაც ძალას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ.

ხერსონის დატოვება ფასდება რუსეთის ჯარისა და პოლიტიკის სისუსტედ და არა ჰუმანიზმის გამოვლინებად, ისე, როგორც ამას აცხადებენ რუსი გენერლები — ჯარისკაცების ხოცვას ვერიდებითო. ჯარისკაცების ხოცვის სურვილი, ტყუილუბრალოდ არვის აქვს, მაგრამ ჯარმა სამშობლო უნდა დაიცვას და ამ პროცესში შეიძლება მოკვდეს.

ჯარში სამსახური, ფრონტზე ყოფნა, თეატრის სპექტაკლზე დასწრებას არ ნიშნავს. ჯარს სხვა დატვირთვა აქვს — ქალაქისთვის, ქვეყნისთვის ბრძოლა, თავის დადაება — მათ შესანარჩუნებლად. ასერომ სრულიად უსუსურად მიმაჩნია რუსი სამხედროების თავის მართლება ხერსონის მიტოვებასთან დაკავშირებით, ისე, როგორც ბევრი სხვაც, სპეცოპერაციას რომ უკავშირდება.

სპეცოპერაციამ გამოავლინა რუსეთის არმიაში არსებული სერიოზული ნაკლოვანებები, ისეთი, თავდაცვის მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსანთა დათხოვას რომ მოითხოვს. სტალინი ასეთ შეცდომებს არავის აპატიებდა და ამიტომაც მოიგო ომი. ვნახოთ, რას მოიმოქმედებს პუტინი.

   

ჰამლეტ ჭიპაშვილი