აჭარის გათავისუფლების ხსოვნის უკვდავსაყოფად

აჭარის გათავისუფლების ხსოვნის უკვდავსაყოფად

 როდის და ვისგან გათავისუფლდა აჭარა? წინა ხელისუფლება, როდესაც საქართველოს „ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა,

მიიჩნევდა, რომ „მიშამ“ გაათავისუფლა აჭარა, როდესაც ასლან აბაშიძე გააძევა 2004 წელს. მაგრამ აჭარის საზოგადოებრიობა სხვა დღეს - 25 აგვისტოს აღნიშნავს, როგორც გათავისუფლების დღეს. სწორედ 1878 წლის 25 აგვისტოს, ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებების თანახმად, ბათუმში რუსული ჯარი შევიდა, რომლის შემადგენლობაში მრავალრიცხოვანი ქართველი მოლაშქრეებიც იყვნენ.

 „ბათუმის ციტადელზე აღმართულმა რუსეთის დროშამ და ქვემეხთა 101-მა სალუტმა მოსახლეობას ამცნო, რომ ეს მხარე დედასამშობლოს - საქართველოს დაუბრუნდა“ - ვკითხულობთ ისტორიულ ცნობაში, რომელიც ბროშურის ფორმით ევრაზიის ინსტიტუტმა დაბეჭდა. ბროშურა ბათუმში, 2016 წლის 25 აგვისტოს მიტინგზე დარიგდა, რომელიც ბარათაშვილის ქუჩის ლამაზ სკვერში ჩატარდა, კათოლიკური ეკლესიის წინ. აქ შეიკრიბა ბათუმის ინტელიგენცია და საზოგადოება, ასევე საქართველოს სხვა რაიონებიდან ჩამოსული სტუმრები.

სკვერში ჯერ კიდევ გასულ წელს დამონტაჟებული ბანერი გვამცნობს, რომ ამ ადგილზე აღმართულ იქნება „აჭარის გათავისუფლების“ მემორიალი, რომელიც უკვე კარგა ხანია, მზად არის დასადგამად, მაგრამ რაღაც მიზეზებით აჭარის დედაქალაქის ხელისუფლება მის დადგმას აჭიანურებს. ოთხმეტრიანი მემორიალი, რომელიც ბუნებრივი გრანიტისაგან შედგება, პირამიდის ფორმისაა და რამდენიმე სიბრტყე აქვს. გრანიტზე ამოტვიფრულია თარიღი - 1878 წლის 25 აგვისტო, როგორც საქართველოში აჭარის დაბრუნების დღე. მემორიალი შეიქმნა ბათუმელი პროფესორის ნიაზ ბოლქვაძის ინიციატივით, მთელი აჭარის და დანარჩენი საქართველოს შემოწირულობების ხარჯზე.

ბათუმს არ ჩამორჩება ქობულეთიც. ჯერ კიდევ გასული წლის წინა წელს იურისტ სოსო ქორიძის ინიციატივით, ევრაზიის ინსტიტუტმა ყურადღება მიაქცია სოფელი ხუცუბნის საძმო სასაფლაოს, სადაც ათეულობით განისვენებენ აჭარის გათავისუფლებისათვის მებრძოლი რუსი ჯარისკაცები. ყველა ისინი 1878 წლის 18 იანვარს დაიღუპნენ. საქართველოში „ვარდების“ ხელისუფლების ცხრაწლიანი მმართველობის დროს სასაფლაო მოუვლელი იყო, კედელი ინგრეოდა, ორი მონუმენტი, 1903 წელს დადგმული, ეროზიისაგან და მექანიკური დაზიანებებისაგან იშლებოდა, მიწა სავსე იყო სარეველით. ევრაზიის ინსტიტუტისა და ადგილობრივი მცხოვრებლების ძალისხმევით, ხუცუბნის სასაფლაო ნაწილობრივ შეკეთდა და კეთილმოეწყო, შემდეგ საქმეში აჭარის თანამემამულეთა საზოგადოებაც (ა. გოგიტიძე) ჩაერთო. საძმო სასაფლაოს კედელზე 2014 წელს დამონტაჟდა დაფა წარწერით: „მადლიერი აჭარა არ დაივიწყებს გამათავისუფლებლებს“.

ქობულეთში კიდევ ერთი, ანალოგიური სასაფლაო არსებობდა 1900-იანი წლების დასაწყისის ორი მონუმენტით. სოფელ ბობოყვათში, ზღვასთან, პრეზიდენტის რეზიდენციის გვერდით, დაკრძალულნი არიან 1878 წლის 18 იანვრის ბრძოლების სხვა დაღუპულები. ეს სასაფლაო რატომღაც განადგურდა 1920-იან წლებში. სამარხების ზუსტი ადგილის დადგენა რამდენიმე ჰექტარ მიწაზე ზღვასთან, სადაც კომერციული ინტერესებიც იკვეთება, შეუძლებელია სპეციალური სამძებრო სამუშაოების ჩატარების გარეშე. საქართველოში იმგვარი მაძებარი ჯგუფები („Поисковики») არ გყვავს, როგორც რუსეთში არიან. სამაგიეროდ, ქობულეთის საზოგადოებრიობა, ადგილობრივი ინტელიგენციის წარმომადგენლები, ხელისუფლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღებას ამახვილებენ არსებულ პრობლემაზე. ჟურნალისტი ნუგზარ ჟორდანია უკვე დიდი ხანია, იკვლევს აჭარის ისტორიის სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის, 1877-78 წლების ბრძოლებს. ბატონმა ჟორდანიამ ბობოყვათის ყოფილ სასაფლაოს რამდენიმე სტატია მიუძღვნა, არქივებიდან ამოიღო 1903 წლის ფოტოები, რომლებზეც ასახულია ხუცუბნის სასაფლაოს ანალოგიური მონუმენტები. აღნიშნული მონუმენტები თავის დროზე, ხუცუბანსა და ბობოყვათში დადგა გენერალმა რებინდერმა, რუსეთ-ოსმალეთის ომის დასრულების 25 წლისთავის გამო და ამ ომში აჭარის მონაკვეთზე დაღუპულთა საპატივსაცემოდ.

ქობულეთის საზოგადოებრიობაში მომწიფდა აზრი, რომ ყოფილი სასაფლაოს მიახლოებით ტერიტორიაზე უნდა გაკეთდეს ტყე-პარკი. იმავე ს. ქორიძის ზრუნვის შედეგად, ევრაზიის ინსტიტუტის მხარდაჭერით, ქობულეთი-ბათუმის ტრასაზე დამონტაჟდა საინფორმაციო ბანერი, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ოდესღაც საძმო სასაფლაო არსებობდა. აქვე დაიდგა 1.70-მეტრიანი ქვა, რომელზეც დამაგრდება თითქმის ორმეტრიანი მეტალის ჯვარი, აგრეთვე ამოიტვიფრება წარწერა - „მარადიული დიდება აჭარის გამათავისუფლებლებს“.

„მე ძალზე ბედნიერი ვარ, რომ აჭარის საზოგადოებრიობა ასე აქტიურად მონაწილეობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაში. გულითადად ვუხდი მადლობას ჩემს უფროს კოლეგებს - სოსო ქორიძესა და ნუგზარ ჟორდანიას, აგრეთვე ბათუმის მცხოვრებს, ბატონ რაულ მელაძეს, რომელიც ბობოყვათის სამუშაოებს თავიდან ბოლომდე ასრულებს, დაამონტაჟა ბანერი, იპოვნა შესანიშნავი ქვა ძეგლისათვის და ეს ქვა მდინარის ხეობიდან აქამდე თავად მოიტანა. შევეცდებით, ყოველმხრივ კეთილმოვაწყოთ ეს ადგილი და ეს ხსოვნა შევუნახოთ მომავალ თაობებს“ - განაცხადა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ, იმპროვიზებულ შეკრებაზე, რომელიც ძეგლის დადგმის ადგილზე ჩატარდა.

სასურველია, რომ საერთო ქართულ-რუსული ისტორიის ძეგლებით აჭარაში ჩამოსული ტურისტებიც, განსაკუთრებით რუსი ტურისტები, დაინტერესდნენ და პატივი მიაგონ დაღუპულ გმირებს. --