ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
08.09.2011
ირაკლი ალასანია - არშემდგარი სააკაშვილი

ამ დღეებში საიტმა wikileaks-მა გაავრცელა ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში აშშ-ს საელჩოს მიმოწერის შესახებ. ინფორმაციებს შორის იყო ელჩ ჯონ ბასის გზავნილი სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე და მერობის კანდიდატ ალასანიაზეც იყო საუბარი.

ციტატა ამ გზავნილიდან: "გამოკითხვების მიხედვით, ალასანიას მაღალი მაჩვენებელი აქვს. თუმცა, ის მეორეა და ბევრად ჩამორჩება თბილისის მერს, გიგი უგულავას. ალასანიას დაღმავალი ტენდენცია შემაშფოთებელი ნიშანია მისი კანდიდატურისთვის. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიდა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ალასანია 10%-ს აიღებს თბილისის მერის არჩევნებზე, ეს თითქმის ნახევარია იმ მხარდაჭერისა, რომელიც მას ჰქონდა ორი თვის წინ. ალასანია რთული პოლიტიკური ამოცანის წინაშე დგას - მისი რეიტინგები სოლიდურ პოლიტიკურ მხარდაჭერამდე გაზარდოს და მოტრიალდეს განცალკევებულ, საგარეო პოლიტიკაზე ფოკუსირებული დიპლომატიდან სანდო მერობის კანდიდატად, რომელსაც ექნება გეგმა, თუ როგორ მართავს/გაუძღვება ქალაქს. ჯერჯერობით ალასანია ვერც ერთს ვერ აკეთებს".

ეს დეპეშა, თუ ის სიმართლეს შეესაბამება, ნამდვილად გვაოცებს თავისი გულუბრყვილობით. აშშ-ს ელჩი თავის ხელმძღვანელობას აწვდის „ნაციონალური მოძრაობის შიდა გამოკითხვის“ შედეგებს, როგორც სარწმუნოს. თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ამერიკელებს ნაცმოძრაობის „შიდა გამოკითხვებზე“ გაცილებით უფრო რეალისტური და ზუსტი მონაცემებიც ექნებოდათ.

ამას რომ თავი დავანებოთ, ძნელი დასაჯერებელია, რომ ალასანიას სისუსტეები მოულოდნელი იყო ამერიკული მხარისთვის, რადგან ეს კანდიდატურა მთლიანად მათ მიერ კონტროლდება და იგი ლამის თვეში ერთხელ ანგარიშებს აბარებს მათ აშშ-ში ვიზიტებისას.

გარდა ამისა, ამ დეპეშის წამკითხველი, ვისაც წარმოდგენა არა აქვს საქართველოში არსებულ რეალურ სიტუაციაზე, იფიქრებს, რომ საქართველო იდეალური დემოკრატიის ქვეყანაა, სადაც მერობის კანდიდატებს შორის ცივილიზებული შეჯიბრი მიმდინარეობს, და თუ ალასანია (ან სხვა ვინმე) ამ ბრძოლაში მარცხდება, მხოლოდ და მხოლოდ გეგმების არარსებობის და საკუთარი სუსტი მუშაობის გამო. რა თქმა უნდა, ეს ნაწილობრივ ასეც არის - ქართული ოპოზიცია გამოირჩევა თავისი სუსტი მუშაობით და არჩევნების ჩაფლავების დიდი უნარით, მაგრამ ამის მიზეზები გაცილებით ღრმაა, ვიდრე ოპოზიციური ფიგურების პიროვნული უნიჭობა ან ხელმოცარულობა.

შექმნილია ისეთი სისტემა (და ეს სისტემა ამერიკული მხარის უშუალო მონაწილეობით, დახმარებით და ნებართვით არის შექმნილი), რომელშიც ნებისმიერი ოპოზიციური ფიგურა უნიჭოდ და სუსტად გამოჩნდება, რასაც არ უნდა წარმოადგენდეს ის სინამდვილეში. თუ, რა თქმა უნდა, ამ სისტემის შემქმნელები სხვაგვარად არ გადაწყვეტენ და ე.წ. რეჟიმ-ჩეინჯის (რეჟიმის შეცვლის) პროცესს არ ჩართავენ. დღეისათვის, როგორც ჩანს, რეჟიმ-ჩეინჯი დღის წესრიგში არ დგას და ამიტომაც ოპოზიციის უსუსური აქტივობაც სრულიად პროგნოზირებადია.

ამავე დროს ცხადია, რომ ე.წ. პიარის შესაძლებლობები, თუმცა ძალზე დიდია, მაგრამ უსასრულო არ არის. რთულია იმ პოლიტიკოსისგან, ვისაც ქარიზმა და ერთგვარი შინაგანი ენერგია არა აქვს, შექმნა მართლაც ქარიზმატული და სკანდალური ფიგურა. მაგრამ სჭირდებათ კი იმავე  ამერიკელებს საქართველოს სათავეში ისეთი პოლიტიკოსი, ვისაც მასაზე ზემოქმედება არ შეუძლია?

სამწუხაროდ, საქართველოში ბევრს არ ესმის, რომ ამ ქვეყანაზე ექსპერიმენტებს ატარებენ. ეს ექსპერიმენტები მდგომარეობს სხვადასხვა ფსიქოლოგიური მეთოდების გამოცდაში, რომლითაც ცნობიერების მანიპულაცია და მასების განწყობის მართვა შეიძლება. ფაქტიურად, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა დასავლეთისთვის და პირველ რიგში აშშ-თვის, სწორედ ეს არის (ლაბორატორიის, პოლიგონის ფუნქცია). ამ თვალსაზრისით, სააკაშვილის ფიგურა დასავლეთისთვის იდეალურია, რადგან ეს ადამიანი არათუ მონაწილეობს ექსპერიმენტებში, არამედ აქტიურ „საველე“ როლსაც ასრულებს. მსგავსი არაფრის შეთავაზება დასავლელი „პარტნიორებისთვის“ იმავე ალასანიას არ შეუძლია.

ამიტომ, რაც უნდა შეეცადოს ირაკლი ალასანია მოახლოებული წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში „კუნთების დაბერვას“, მკაცრი ენით ალაპარაკებას და ა.შ., ეს ყველაფერი მაინც საკმაოდ არაბუნებრივად გამოჩნდება და ვერ შეცვლის ამერიკული მხარის „ფსონს“ საააკაშვილზე. უახლოეს წლებში ალასანია და მისი მსგავსი „ოპოზიციური“ ფიგურები ამერიკელებს მხოლოდ „დემოკრატიის“ ფასადის შესაქმნელად დასჭირდებათ (როგორც ეს ზემოთმოყვანილი დეპეშიდან ჩანს).

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"