ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
07.09.2011
ხელისუფლება შარით ხარობს ანუ აფხაზებზე "მზრუნველი" პარლამენტარი მალაშხია

აფხაზეთის ეპიზოდური გახსენება იმ არასასიამოვნო რიტუალივით არის ქცეული, რომლის შესრულება მაინცდამაინც არ გეპიტნავება, მაგრამ რაღაცისა და ვიღაცის ანგარიშის გაწევის გამო იძულებული ხარ გაიხსენო. ბოლო სამი წელია საქართველოს ხელისუფლება იმდენად გაუგებარ პოზიციაში იმყოფება, რომ რა გზას დაადგეს, რა უთხრას საკუთარ ხალხს - აშკარად არ იცის.

მისთვის გაცილებით უკეთესი იქნებოდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თავსატკივარის გარეშე ცხოვრება, მაგრამ განგებამ არგუნა ეს დისკომფორტი და რა ჰქნას? არადა, ეს რომ არ ყოფილიყო, მის მიერ შეთხზულ საარაკო საქართველოს არსებობას წამითაც არაფერი დაუდგებოდა წინ, მაგრამ, როდესაც სახლში მიცვალებული გყავს, ისეთ ცეკვა-თამაშს ვერ მოაწყობ, როგორც გწადია. აი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რომ არ ყოფილიყო, მაშინ გენახათ შოუები და ჭიხვინ-ჭიხვინი. . . თუმცა არც ახლა აკლებენ ხელს.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არსებობს ზოგიერთი ჯიუტი ქართველის აზროვნებაში და ხელისუფლებაც იძულებულია ანგარიში გაუწიოს მათ, ცხადია მოჩვენებითი პატრიოტიზმით და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ასევე მოჩვენებითი სურვილით.

ნამდვილი გაამთლიანებისთვის მებრძოლი ცენტრი ენერგიას არ დაზოგავდა საკითხის სიღრმისეული შესწავლის და შემდეგ მისი ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებისთვის.

სეპარატისტულ სულისკვეთებას, რასაც საბჭოთა პერიოდშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი, განსაკუთრებული გაქანება მიეცა გორბაჩოვისეულ საბჭოეთში, მაშინ საბჭოთა კავშირში ნაკლებად მოიძებნებოდა კაცი, ვისაც შეეძლო ამ დაავადებისთვის დიაგნოზის დასმა და სწორი მკურნალობის დანიშვნა.

ოცი წლის წინათ ჩვენთვის უცნობი იყო ფედერალიზმის და კონფედერაციის მნიშვნელობა. რაც ვიცოდით იყო უნიტარიზმი და ცენტრალიზმი, თუმცა ფორმალურად თვით საბჭოთა კავშირი და საქართველო ფედერალური მოწყობის სახელმწიფოები იყო. საბჭოთა მმართველობის ბოლო წლებში ხელისუფალთა უპასუხისმგებლობით შექმნილმა ქაოსმა, მრავალეროვან სახელმწიფოში, უნიტარიზმ-ცენტრალიზმი მიუღებლად აქცია.

კონფედერაციულ-ფედერაციული მოწყობის საქმეში საქართველოს ხელისუფალთა ჩამორჩენილობა დამოუკიდებლობის წლებშიც გაგრძელდა. არცოდნა ყველაფერთან ერთად განაპირობებული იყო ცენტრისა და რეგიონის ტრადიციული 70-წლიანი გამოცდილებით, რაც უცილებელ ძალას, უფრო ზუსტად, დიქტატს ეფუძნებოდა. რეგიონი უყოყმანოდ ასრულებდა ცენტრის დავალებას.

დამოუკიდებლობამ სერიოზული კორექტივები შეიტანა ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა სახელმწიფო მოწყობის, მისი პოლიტიკისა და სტრუქტურის საკითხებში ჩამორჩენილი, დახავსებული აზროვნება დღემდე შემორჩა.

სახელმწიფო მოწყობისადმი სხვაგვარი დამოკიდებულება, მითუმეტეს ისეთ მრავალეროვან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ჰაერივითაა საჭირო, მაგრამ პოლიტიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდი ნაწილი აგდებულად უდგება ამ საქმეს. არადა 20 წლის განმავლობაში სწორედ ამ საკითხში დაშვებული უხეში შეცდომები მძიმედ მოქმედებს ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებაზე.

სახელმწიფო მოწყობის ახლებური აღქმის სურვილი სწორედ ავტონომიებში გაჩნდა - უცხოეთის გამოცდილების გაზიარებით. გაჩნდა ერთად ცხოვრების სხვადასხვა წინადადებები, მაგრამ ცენტრალიზმს დაჩვეული ცენტრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ავტონომიების შემოთავაზებანი. ცენტრმა იმის სურვილიც არ გამოავლინა - სხვათა გამოცდილების შესასწავლად სპეციალისტები მიევლინა ევროპის ქვეყნებში.

მოჭარბებული უნიტარიზმით გატაცება მარტო პოლიტიკოსებში არ შეიმჩნევა, ქართული საზოგადოების დიდ ნაწილში აქვს მას ფეხი გადგმული. დღესაც კი, ძველი თუ ახალი პოლიტიკოსები მიუღებლად მიიჩნევენ ტრადიციულ, ყოფილ ავტონომიებთან ერთად კონფედერაციული სისტემის ჩამოყალიბებას.

2008 წლის აგვისტოს შემდეგ ორი ავტონომია უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა. ისინი საერთაშორისო სამართლის სუბიექტები გახდნენ და ასეთ ვითარებაშიც კი ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოს-პოლიტოლოგისათვის კონფედერაცია მიუღებელია. რეალობის აღქმა უჭირთ მათ ისე, როგორც 20 წლის წინათ, რაც თავისთავად მეტყველებს ჩამორჩენილობაზე. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა დღევანდელი ხელისუფლება. მისი მიდგომა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისადმი აღსავსეა სიცეტით, დაუფიქრებლობით, ზერელეობით.

ხელისუფლებას ისიც ვერ გაუგია, რომ ერთაშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და აქედან გამომდინარე სახელმწიფო სტრუქტურის შექმნას ხანგრძლივი დრო სჭირდება, მიზანმიმართული, თანმიმდევრული შრომით. ეს არ არის ხელისუფალთა მიერ ნაშენი ერთჯერადი შენობა-ნაგებობები ან გზები. ის უფრო სერიოზულია, ვიდრე ანაკლიის კურორტი ან ქუთაისში ველოსიპედის მოყვარულთათვის გაკეთებული ბილიკები.

და როდესაც არ გახასიათებს ის, რასაც ჰქვია რუდუნებით საქმის კეთება, მაშინ გყავს მალაშხიას და გაქვს მისგან გამომდინარე ყოვლად უტუხი, თავხედური და რეალობიდან ამოვარდნილი აზრები.

მალაშხია ცნობილია თავისი დემაგოგიური მოსაზრებებით, მაგრამ ის, რომ ამას საზოგადოებას არ აფრქვევდეს თავს და მარტო თავისი ოჯახის წევრებით შემოიფარგლებოდეს - რა გვიჭირს. გვიჭირს, როდესაც პატივცემული პარლამენტარი „ბრძნულ“ აზრებს იმ საცდელ პოლიგონზე იყენებს, რასაც საქართველო ჰქვია.

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, გავიხსენეთ აფხაზეთი, უფრო სწორად მალაშხიამ გაიხსენა იქ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო. ერთ-ერთ ინტერვიუში მან ბრძანა - „ის არ არის არჩევნები და მის ლეგიტიმურობას არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ ცნობს“. კეთილი, მაგრამ რა ვუყოთ იმ ევროპარლამენტარებს, სხვას, რომ თავი დავანებოთ, რომლებიც აფხაზეთის არჩევნებზე მონიტორინგს აწარმოებდნენ?

„ანქვაბს შეუძლია იყოს აფხაზეთის ლიდერი, ასეთ შემთხვევაში კი საჭიროა საერთო ენის მოძებნა ქართულ სახელმწიფოსთან, ასევე მათივე თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის“, - ამბობს ის. მალაშხიას აზრით, აფხაზეთის ლიდერობა ქართულ სახელმწიფოზე გადის ანუ გაქვს საერთო ენა საქართველოსთან, ხარ აფხაზთა ლიდერი, რაც მალაშხიას აზრით ესოდენ აუცილებელია თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად.

აფხაზთა შორის ამ მოსაზრების განმტკიცებისთვის სხვა ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო და არა იმის - „ქართველო ხელი ხმალს იკარ“, რომ ერქვა.

გარდა ამისა, იმ პროექტის საჯარო განხილვა მაინც, რომელიც არძინბამ წარუდგინა საქართველოში ახლადდაბრუნებულ შევარდნაძეს. არძინბას პასუხად ცენტრმა ჯარი გააგზავნა.

„საქართველო ყოველთვის მზად იყო საერთო ენის გამოსაძებნად“, - ბრძანებს მალაშხია. საინტერესოა, მაინც რა აქვს მხედველობაში? - ის ხომ არა, რომ საერთო ენის გამოძებნას უსაზღვროდ ხელს უწყობდა 1992 წლის აგრესია ან შემდგომში გალის ავანტიურა და ჩეჩენი გელაევისა და მისი რაზმის აფხაზეთზე მისევა? ან იქნებ ის, რომ 1995 წლის კონსტიტუციაში ვერა და ვერ მოიძებნა აფხაზეთის, საერთოდ ავტონომიების ადგილი? ან იქნებ ის, რასაც ნაცების ხელისუფლების დროს ჰქონდა ადგილი, როდესაც გაეროს მიერ კოდორის დემილიტარიზებულ ზონად დადგენილ ტერიტორიაზე ჯარის შეყვანა მოჰყვა? ან იქნებ ის, ბოლო 8 წლის განმავლობაში მან და მისმა ნაცმა კოლეგებმა აფხაზეთის ლიდერებს სიტყვა - „გამყიდველი“, „მარიონეტი“, „ბანდიტი“ და მსგავსი სხვა ნეგატიური ვერა და ვერ მოაშორეს? იქნებ 2008 წლის აგვისტოს აგრესია ემსახურებოდა საერთო ენის გამოძებნას?

რაღა შორს წავიდეთ, თუნდაც ამ ინტერვიუში პატივცემული აღნიშნავს - ეს არის მხოლოდ კრემლის ფავორიტებს შორის შეჯიბრი და არა არჩევნებიო. ასეთი ტერმინოლოგიით ძნელია მოწინააღმდეგე დაარწმუნო შენს კეთილ განწყობაში. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ამტკიცებ, რომ თურმე აფხაზებს „ცალსახად გაუგიათ თუ რას ნიშნავს რუსული ჩექმა, იქ ქართველების მტრის ხატი უკვე მოშლილია, ფაქტიურად აღარ არსებობს, რუსული პროპაგანდა ამას ვეღარ ახერხებს“. რომ იტყვიან - გადაჯლიგინდა დაუკრეფავში.

როგორც ჩანს პატივცემულს მართლაც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ეთნოკონფლიქტებზე, არადა იმ კომიტეტს, რომელსაც ის პარლამენტში ხელმძღვანელობს, უდავოდ შეეფერება სხვა, მასზე საქმის მცოდნე და არა ანგაჟირებული პიროვნება.

მსოფლიო ისტორიაში იშვიათად მოიძებნება ერი, რომელიც სულ რაღაც 18-20 წლის განმავლობაში იოლად დაივიწყებს სისხლიან დაპირისპირებას, თანაც ისეთს, რასაც ადგილი ჰქონდა აფხაზეთში, დაივიწყებს შვილების, ახლობლების საფლავებს და ჩაეხუტება იმას, ვინც ეს „ბედნიერება“ მოუტანა.

მალაშხია აშკარად შეურაცხყოფს აფხაზებს, თვლის რა მათ მოკლე მახსოვრობის მქონედ, ვინც უმალ ივიწყებს ბოროტებას. და ეს ყველაფერი კავკასიაში, აფხაზეთში, ერთობ კონსერვატიულ საზოგადოებაში.

იმ უდიდეს ტკივილს, რაც 1992 წლის ომმა მოიტანა, აფხაზთა არაერთი თაობა არა ისე გაიხსენებს, როგორც ეს მალაშხიას ჰგონია.

გარდა ამისა მინდა აღვნიშნო ის საწინააღმდეგო განწყობა, რაც აფხაზთა შორის არსებობს საქართველოს მიმართ. აფხაზს, მიუხედავად დღევანდელი დამოუკიდებლობის სტატუსისა და რუსეთის მხარდაჭერისა, მაინც ეშინია საქართველოს აგრესიული გამოხდომის. მან ძალიან კარგად იცის, რომ სწორედ ის „რუსული ჩექმა“ იცავს ქართველთა შეტევისაგან და ფიზიკური განადგურებისაგან, რის მცდელობას 20 წლის განმავლობაში არაერთხელ ჰქონდა ადგილი.

„სრული ასიმილაცია თუ იდენტურობის შენარჩუნება. და იდენტურობის შენარჩუნება გადის ძლიერ ქართულ სახელმწიფოზე“, - შაირობ მალაშხია? მას სააკაშვილის გეგმაც მოჰყავს - აფხაზებისთვის ვიცე-პრეზიდენტის პოსტის ბოძებით, „სხვა სიკეთეებით“. მალაშხია - ბნელა?

იქნებ ადგილი არ ჰქონია 2008 წლის ომს და აქედან გამომდინარე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას?

მალაშხიას არ სჯერა, შესაძლოა ბევრსაც ამ ქვეყანაში, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც სჯერათ, გარდა ამისა სჯერათ ისიც, რომ მსგავსი არქაული აზროვნებით ვერ გავფრინდებით. დავუშვათ, აფხაზები გადაირივნენ და გადაწყვიტეს „იდენტურობის“ შენარჩუნებისთვის საქართველოში დაბრუნება და ისეთ საარაკო ვითარებაში მოქცევა, რასაც აჭარაში აქვს ადგილი. აჭარის მაგალითი სწორედ ისაა (ავტონომიის თვალსაზრისით) საქართველოს შემადგენლობაში მყოფს რომ მის გარეთ ყოფნას აფიქრებინებს.

და კიდევ ერთი რამ, რაც სისტემატურად გაისმის ქართულ საზოგადოებაში - აფხაზებზე „ზრუნვის“ გამოვლინება. რუსეთთან კავშირი ჩაყლაპავს მცირერიცხოვან აფხაზებსო. „საშურია“ ასევე მცირერიცხოვან ქართველთა „ზრუნვა“ მოძმე აფხაზებზე, ოღონდ ერთია - ის, რაც მათ ჩაიდინეს „აფხაზი ძმების“ მიმართ, ხელს არ უწყობდა მათ ფიზიკურ გადარჩენას.

ახალი „ზრუნვის“ მისაღებად აფხაზეთი მზად არ არის. და თუ მას გადაშენება ემუქრება, ერთი აფხაზისა არ იყოს - პატარა ტბაში დახრჩობას, ზღვაში დახრჩობა ურჩევნია. საქართველოს დემოგრაფიული ვითარების გათვალისწინებით მალაშხია სხვაგვარად უნდა ლაპარაკობდეს. აფხაზთან განსხვავებით, მან არ იცის, რა მოგველის უახლოეს მომავალში. ამას წინათ ერთი აფხაზი პოლიტოლოგი ამბობდა - აფხაზ ახალგაზრდებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს აფხაზურ ენაზე ლაპარაკიო. ბარაქალა აფხაზებს. ნამდვილად საშური რამ სჭირთ. ქართველი ახალგაზრდობა ხომ დღენიადაგ იმაზე ფიქრობს, როგორ ჩაანაცვლოს მშობლიური ენა ინგლისურით. სახელმწიფო პოლიტიკაც ხომ ასეთია.

იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ტერიტორიული საკითხის მოგვარება არა დასავლეთზე, არამედ რუსეთზე გადიოდა, მაგრამ, როგორც შევარდნაძე, ისე სააკაშვილი იგნორირებას უკეთებდნენ ამას. განსაკუთრებით სააკაშვილი, რომელსაც თუ საქმის წარმატება აინტერესებდა, სხვა პოლიტიკას, სხვა რიტორიკას, სხვა დამოკიდებულებას აირჩევდა. რომელი ერთი დარწმუნდება კეთილ სურვილებში, როდესაც დამპყრობელს, გაუნათლებელს, „ცალკალოშას“ უძახი?

ცხადია სააკაშვილის, მალაშხიას და სხვა ნაცთა მიზანი არასდროს ყოფილა დაკარგულის დაბრუნება. მათი მიზანი იყო და არის ამ საკითხით სპეკულირება, საერთაშორისო აზრის შექმნა და აქედან გამომდინარე მსუყე დივიდენდების მიღება. დაკარგული ტერიტორიები მუდმივი დაძაბულობისა და დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ ნიშნის მოგებით ლაპარაკის საწინდარია, რაც ერთობ მისაღებია საქართველოს ხელისუფლებისთვის. რომ იტყვიან - ეს ხელისუფლება შარით ხარობს. ქვეყანა?

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"