ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
03.09.2011
უკრაინა არჩევანის წინაშე

წელიწადნახევარზე ცოტა მეტი გავიდა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებიდან, რომელშიც ვიქტორ იანუკოვიჩმა გაიმარჯვა. მის გაპრეზიდენტებას უკავშირდებოდა იმედები, რომ რუსეთს და უკრაინას შორის ურთიერთობები გაუმჯობესდებოდა და უკრაინა ბოლოს და ბოლოს ზურგს შეაქცევდა დასავლეთის ექსპანსიონისტურ გეგმებს რუსეთის „ალყაში“ მოქცევის შესახებ.

თავიდან თითქოს ასეც მოხდა. ახალმა ხელისუფლებამ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, რამაც უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილის მოწონება დაიმსახურა, თუმცა დასავლეთ უკრაინაში მოქმედი ნაციონალისტები ძალზე გაღიზიანდნენ. ამ ნაბიჯებს შორის იყო ხარკოვის ხელშეკრულების გაფორმება, რომლის მიხედვით რუსეთის ფლოტს 2042 წლამდე გაუგრძელდა ბაზირების ვადა ყირიმში. იანუკოვიჩის მთავრობამ ასევე გამოაცხადა, რომ გადახედავდა იუშჩენკოს ხელისუფლების მიერ მიღებულ სკანდალურ გადაწყვეტილებებს ნაცისტების მოკავშირე უკრაინელების გმირის წოდებით დაჯილდოების და ა.შ. შესახებ. საპასუხოდ, რუსეთმა შეღავათები დაუწესა უკრაინას მიწოდებული გაზის ტარიფში.

თუმცა ამის იქით საქმე აღარ წავიდა. იანუკოვიჩის და მისი პარტიის (რეგიონების პარტია) წინასაარჩევნო დაპირებების დიდი ნაწილი შეუსრულებელი დარჩა. მაგალითად, იანუკოვიჩი საზეიმოდ ჰპირდებოდა თავის ამომრჩეველს, რომლის ძირითადი ნაწილი აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონების რუსულენოვანი მცხოვრები იყო, რომ რუსულ ენას სახელმწიფო სტატუსს მიანიჭებდა, თუმცა დღემდე ეს საკითხი გადაუწყვეტელი რჩება. იანუკოვიჩი ჰპირდებოდა მოსახლეობას, რომ უკრაინა შეუერთდებოდა რუსეთ-ბელორუსია-ყაზახეთის საბაჟო კავშირს და ერთიან ეკონომიკურ სივრცეს, თუმცა აქაც არავითარი პროგრესი არ შეინიშნება.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს უკვე ნათელი ხდება ყოფილი პრეზიდენტის, იუშჩენკოს დადებითი დამოკიდებულების მიზეზები იანუკოვიჩის მიმართ. როგორც ცნობილია, იუშჩენკო ფაქტიურად მხარს უჭერდა იანუკოვიჩის გაპრეზიდენტებას, ყოველ შემთხვევაში, ბევრად უფრო აქტიურად აკრიტიკებდა იულია ტიმოშენკოს, ვიდრე მას. დღეისათვის შეიძლება ითქვას, რომ იანუკოვიჩის მთავრობა აგრძელებს იუშჩენკოს კურსს, მართალია ნაკლები გარეგნული რადიკალიზმით, მაგრამ უფრო პრაგმატულად და თანმიმდევრულად.

ამის ნათელი მაგალითია უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ. 2010 წელს იანუკოვიჩმა გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა აღარ განიხილავს ნატო-ში გაწევრიანებას თავის ამოცანად. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტმა კანონიც კი მიიღო. ეს აქტი შეფასდა როგორც ახალი ხელისუფლების „პრორუსულობის“ კიდევ ერთი დასტური.

მაგრამ ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმის პარალელურად, იანუკოვიჩმა გამოაცხადა უკრაინის ურყევი გადაწყვეტილება, მიაღწიოს ევროკავშირის წევრობას. ეს განცხადება თავიდან პროპაგანდისტულ ნაბიჯად ჩაითვალა, რომლის მიზანი იყო დასავლეთ უკრაინის ნაციონალისტურად განწყობილი მოქალაქეების დამშვიდება და ერთგვარი ბალანსის დაცვა საგარეო პოლიტიკაში. თუმცა როგორც დრომ აჩვენა, ეს არ ყოფილა მხოლოდ ლიტონი სიტყვები.

იანუკოვიჩის მთავრობა დაჟინებით ცდილობს ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ე.წ. ასოციაციის ხელშეკრულებას, რომლის ნაწილია ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. თავისთავად, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირში გაწევრიანების გარანტიად, თუმცა ეს ნაბიჯი ხაზს გადაუსვამს უკრაინის ინტეგრაციის შესაძლებლობებს რუსეთთან, ბელორუსიასთან და ყაზახეთთან.

იანუკოვიჩი და მისი მთავრობის პრემიერ-მინისტრი აზაროვი რუსეთს სთავაზობენ, რომ უკრაინა მიუერთდება საბაჟო კავშირს ფორმულით 3+1 (რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი + უკრაინა). მაგრამ ყველასთვის ცხადია, რომ ამგვარი ფორმულა არანაირ ვალდებულებებს არ აკისრებს უკრაინას. რუსეთის ხელისუფლებამ მკაფიოდ აუხსნა უკრაინელ კოლეგებს, რომ ორ სკამზე ჯდომა აღარ გამოვა და მათ უნდა შეწყვიტონ უცნაური ფორმულების მოგონება. რუსეთი უკრაინას სთავაზობს, სრულფასოვნად მიუერთდეს საბაჟო კავშირს და ერთიან ეკონომიკურ სივრცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ უკრაინა გააფორმებს ხელშეკრულებას ევროკავშირთან, რუსეთიც გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს.

დღეისათვის უკვე ცხადია, რომ იანუკოვიჩ-აზაროვის ტანდემი და მათი პარტია იმყოფება სხვა ძალების ზეგავლენის ქვეშ, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ უკრაინის ინტეგრაციას რუსეთთან. უკრაინული პოლიტიკის რეალურ ბატონებად რჩებიან ადგილობრივი ოლიგარქები, რომლებიც დაკავშირებული არიან გლობალისტურ ცენტრებთან და ამ ოლგარქების კაპიტალის უსაფრთხოება მთლიანად ამ გლობალისტურ, ევროამერიკულ ცენტრებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ეს ახმეტოვები, კოლომოისკები, პინჩუკები, ბოგოლიუბოვები და სხვები, რომელთა დიდი ნაწილი არც არის ეთნიკურად უკრაინელი, აკონტროლებენ კიდეც უკრაინის საგარეო და შიდა პოლიტიკას.

აქ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი, უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი. არა მხოლოდ და არა იმდენად უკრაინელი ოლიგარქების „ბოროტი ნება“ განსაზღვრავს ნებისმიერი უკრაინული ხელისუფლების პროდასავლურ და ანტირუსულ კურსს (რაც არ უნდა პრორუსული ლოზუნგებით გამოდიოდეს ესა თუ ის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიისას). თავად უკრაინის სახელმწიფოს არსი, მისი ისტორია, როგორც ჩანს, ამისკენ უბიძგებს უკრაინის ნებისმიერ პრეზიდენტს, ვინც არ უნდა იყოს იგი.

ერთი შეხედვით ეს პარადოქსალური გვეჩვენება. გაცილებით უფრო ლოგიკური და მომგებიანი უკრაინული ელიტისთვის თითქოს უნდა იყოს მჭიდრო ურთიერთობები რუსეთთან, ეკონომიკური ინტეგრაცია, საერთო პროექტები განხორციელება და ა.შ. მართლაც, ადამიანური ლოგიკით და საღი აზრით, ასეცაა. მაგრამ საქმე ისაა, რომ პროექტი „უკრაინა“ რომლის სათავეებთან, მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნეში, იდგნენ ავსტრიის და პოლონეთის წრეები, თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც ანტირუსული, ფართო გაგებით რუსი ერის ერთობის დამანგრეველი და ერთგვარი „ტროას ცხენი“ ე.წ. რუსულ სამყაროში.

დასავლეთ უკრაინის მოსახლეობა და მისი ელიტები, რომლებიც არიან ამ ანტირუსული პროექტის მატარებლები ბოლო 2 საუკუნის მანძილზე, განსაკუთრებით კი ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება უკრაინის და რუსეთის ინტეგრაციის პროცესის დაწყებას.

მეორე მხრივ, თავად უკრაინული პოლიტიკური ელიტა, მათ შორის აღმოსავლეთ უკრაინიდან გამოსულიც, იძულებულია შეეწინააღმდეგოს რუსეთის და უკრაინის „ზედმეტად“ დაახლოებას, რადგან ეს გამოიწვევს უკრაინის გახლეჩის პროცესის და ქვეყანაში არეულობის დაწყებას, რომლის ინიციატორი იქნებიან დასავლეთის ქვეყნები. თანაც, თავად ეს ელიტა უკვე საკმაო ხანია ინტეგრირებულია დასავლეთის ფინანსურ წრეებში. მათ აუხსნეს, რომ თუ ისინი არ გაატარებენ შესაბამის პოლიტიკას, მათ იზოლირებას გაუკეთებენ დასავლეთის ფინანსური ცენტრებისგან. ამაზე წასვლა კი უკრაინის კორუმპირებულ ელიტას არ შეუძლია.

გარკვეულ პერიოდამდე, უკრაინა ახერხებდა ლავირებას. ის ცდილობდა შეესრულებინა „ხიდის“ როლი ევროპას და რუსეთს შორის, არც მწვადი დაეწვა და არც შამფური. უკრაინა ნელა, მაგრამ მუდმივად დრეიფობდა ევროკავშირისკენ, ამასთან მისი ცალკეული ლიდერები, განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტი კუჩმა და ამჟამინდელი პრეზიდენტი იანუკოვიჩი, ამ დრეიფს „ანეიტრალებდნენ“ რუსეთის ყურისთვის სასიამოვნო რიტორიკით.

მაგრამ დღეისათვის, ჩვენი აზრით, ამგვარმა პოლიტიკამ თავისი თავი ამოწურა. მსოფლიოში პროცესები დაჩქარდა და უკრაინის მიერ „ნეიტრალიტეტის“ გამოცხადება, ჩუმი დრეიფი დასავლეთისკენ და დეკლარირებული, მაგრამ უსაგნო ერთიანობა რუსეთთან უკვე ძნელი განსახორციელებელი ხდება. რუსეთ-ბელორუსია-ყაზახეთის საბაჟო კავშირის შექმნამ უკრაინა დილემის წინაშე დააყენა: ან ის უნდა შეურთდეს ამ სივრცეს, ან საბოლოოდ აირჩიოს ევროკავშირის სივრცე, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. ამ შედეგებს შორის პირველი იქნება ერთიანი რუსი ხალხის (რუსები, უკრაინელები, ბელორუსები) საბოლოო დაშლა, უკრაინასა და რუსეთს შორის საზღვრის გადაკვეთის გამკაცრება, სავიზო რეჟიმის შემოღება, საბაჟო ბარიერების აწევა და ა.შ. ეს პროცესი დაგვირგვინდება უკრაინის გამოსვლით აწ უკვე თითქმის უფუნქციო დსთ-დან.

როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი საქართველოზე? ცხადია, იმ ძალებისთვის, ვინც, განსხვავებით სააკაშვილის დღევანდელი ხელისუფლებისგან, აქცენტს აკეთებს რუსეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე და მხარს უჭერს საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეას, მოვლენათა ამგვარი განვითარება არახელსაყრელია. მათთვის მისაღები იქნებოდა, რომ უკრაინა კვლავ დარჩენილიყო ერთგვარ ნეიტრალურ ტერიტორიად რუსეთსა და ევროკავშირს შორის, რომელსაც ორივე ამ ძალასთან მჭიდრო და კარგი ურთიერთობები ექნებოდა. უკრაინის ამგვარი მაგალითის რეკლამირება შემდეგ საქართველოშიც შესაძლებელი იქნებოდა. მაგრამ დღევანდელ, და უახლოეს წლებში პროგნოზირებად სიტუაციაში, როგორც ჩანს, ამ მოდელის განხორციელება რთული იქნება. უკრაინას მოუწევს მკაფიო არჩევანის გაკეთება, მაქსიმუმ უახლოეს 5-7 წელიწადში. ჩვენი აზრით, ამ ქვეყანამ უნდა გააკეთოს არჩევანი რუსეთთან მჭიდრო ინტერგაციაზე, რაც მომავალში ერთიანი სახელმწიფოს, ან შესაძლოა, კავშირის ფორმის რაიმე სახელმწიფოებრივი გაერთიანების შექმნით დასრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინის სახელმწიფოს ეკონომიკური და სულიერი დეგრადაციის გაგრძელება გარდაუვალი იქნება.

გიორგი ვეკუა
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"