ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
26.09.2011
გაეროს 66-ე გენერალური ასამბლეის პერიპეტიები
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წევრ–სახელმწიფოთა მეთაურების გამოსვლები იყო ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც მსოფლიოს საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

66-ე ასამბლეის მთავარ ინტრიგად პალესტინის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება მოგვევლინა, რომელიც უსწრებდა გენერალური ასამბლეის დაწყებას.

ამ განცხადებამ საგრძნობლად დაძაბა არა მარტო ახლო აღმოსავლეთისა და არაბული ქვეყნების პოლიტიკური ვნებანი, არამედ პალესტინა-ისრაელის გაუთავებელ და ხანგრძლივ პროცესში ჩართული ქვეყნების გუნება-განწყობილება.

მოულოდნელი თითქოს არაფერი იყო პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის განცხადებაში, მაგრამ დასავლეთი, უპირველეს ყოვლისა აშშ, ჭარბი პანიკით შეხვდა მას.

პანიკა აღინიშნა პალესტინელთა მარადიული მტრის - ისრაელის ბანაკშიც. ისრაელის პრემიერ-მინისტრი, რომელიც თავდაპირველად არ აპირებდა ნიუ-იორკში გამგზავრებას, უხალისოდ მაინც ჩავიდა და სიტყვითაც გამოვიდა გენერალური ასამბლეის სხდომაზე. მისი მიზანი იყო აშშ-ს პრეზიდენტის დარწმუნება პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარების ნეგატიურობაში.

პრეზიდენტი ობამა, ნეთანიაჰუს შეგონების გარეშეც მტკიცედ აცხადებდა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მხოლოდ პალესტინა-ისრაელის მოლაპარაკებაზე გადის და მის გარეშე აღიარებას არ ექნება მომავალი.

გენერალურ ასამბლეაზე ობამამ დაბეჯითებით გაიმეორა ადრე ნათქვამი ეს მოსაზრება და განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოზე ის ვეტოს დაადებს პალესტინელთა თხოვნას.

მიუხედავად პალესტინის პრეზიდენტზე განხორციელებული ზეწოლისა, მაჰმუდ აბასმა პალესტინელთა ოფიციალური თხოვნა, მათი სახელმწიფოს ცნობის თაობაზე 1967 წლის საზღვრების ფარგლებში, დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში, გადასცა გაეროს გენერალურ მდივან პან გი მუნს, ხოლო შემდეგ აღნიშნულის თაობაზე განაცხადა გენერალური ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ დარბაზის სრული ანშლაგი ტაშითა და ფეხზე ამდგარი ოვაციით ბოლო წლების განმავლობაში ბევრს არავის ხვდომია წილად. მაჰმუდ აბასმა ეს დაიმსახურა. მასთან ერთად დასავლეთის მიერ გაწამებულმა პალესტინელმა ხალხმა.

ცხადია, ამერიკა დანაპირებს შეასრულებს - წინ აღუდგება რა მათ 63-წლიან მისწრაფებას, მაგრამ მთავარი ითქვა და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გამოჩნდა აშშ-ს, მისი დასავლელი მოკავშირეების და ისრაელის ნამდვილი სახე.

უშიშროების საბჭო მალე განიხილავს აბასის თხოვნას და ნეგატიურ გადაწყვეტილებას გამოიტანს. აბასს ისღა დარჩება, მიმართოს გენერალურ ასამბლეას, სადაც მას მხარს დაუჭერს გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან - 140. მაგრამ გაეროს გადაწყვეტილება მხოლოდ რეკომენდაციის მატარებელია. სავალდებულო მაშინ იქნებოდა, თუ უშიშროების საბჭო მიმართავდა გაეროს.

რა მოიგო აბასმა? მორალური მხარდაჭერა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გარდა ამისა, ზეწოლა დასავლეთზე - სასწრაფოდ განაახლოს ჩიხში შესული მოლაპარაკებები.

გენერალურ ასამბლეაზე დასავლეთის ნამდვილი სახე გააშიშვლა ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა. მან მოკლედ მიმოიხილა მსოფლიოში არსებული ვითარება და აღნიშნა, რომ სამი მილიარდი ადამიანი ცხოვრობს დღიურად 2,5 ამერიკულ დოლარზე, მილიარდზე მეტი დღეში ერთ სადილსაც ვერ ჭამს, მსოფლიოს ღარიბთა 70% მსოფლიოს შემოსავლის მხოლოდ 5%-ით სარგებლობს, მაშინ, როდესაც მდიდართა 20% ინაწილებს მსოფლიოს მთლიანი შემოსავლის 75%.

აშშ-ს ფინანსური რესურსების 80 პროცენტს აკონტროლებს - 10%. „რა არის ამ უთანაბრობის მთავარი მიზეზი?“ - კითხულობს ორატორი. და თვითონვე პასუხობს - „ხომ არ ფიქრობთ, რომ პრობლემების ფესვები სწორედ საერთაშორისო უწესრიგობაში უნდა მოიძებნოს? ანუ იმაში, როგორ იმართება მსოფლიო?“

აჰმადინეჟადმა დასვა მრავალი კითხვა, მათგან მხოლოდ რამდენიმეს მოვიყვან: ვინ მოახდინა ოთხი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოს კოლონიზაცია?

ვინ მოაწყო სხვისი ტერიტორიების ოკუპაცია?

ვინ დაიტაცა მასობრივად სხვათა რესურსები, გაანადგურა ტალანტები და ადგილობრივი ენები, კულტურა, ერთა თვითმყოფადობა?

აქვთ ამ ძალებს კომპეტენტურობა და უნარი, მართონ მსოფლიო? მისაღებია ის, რასაც ისინი თვლიან, რომ მსოფლიოს მშვიდობის, დემოკრატიის, ადამიანთა უფლებების დამცველები თვითონ არიან, მაშინ, როდესაც სამხედრო ძალით თავს ესხმიან სხვა ქვეყნებს და ოკუპაციას უკეთებენ მათ?

შეიძლება დემოკრატიის ყვავილი ნატოს ბომბებიდან და თოფებიდან გაიფურჩქნოს?

აჰმადინეჟადმა განიხილა არაბულ სამყაროში მიმდინარე რევოლუციური პროცესები, შექმნილი მძიმე ვითარება, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში დამშვიდება არ ეღირსება და ამაში დაადანაშაულა სწორედ დასავლეთი.

არაბული სახელმწიფოების მდიდარი წიაღისეულის ძარცვა, მილიარდობით დოლარის საკუთარ ბანკებში გადაქაჩვა, არაბული სახელმწიფოების მოსახლეობის ექსპლუატაცია და ამ ქვეყნების დიქტატორებისათვის უკიდეგანო მხარდაჭერა ნავთობისა და გაზის საფასურად, გახდა იმ აუტანელი ვითარების გენერატორი, რასაც 50-წელზე მეტია აქვს ადგილი.

არაბული ქვეყნების მმართველობისთვის თვალის ოდნავი გადავლებაც საკმარისია იმისათვის, რომ დარწმუნდეთ ყოველივე იმაში, რასაც უკუღმართობა, ანტიდემოკრატია, ცინიზმი, შეურაცხყოფა ჰქვია.

ყოველივე აღნიშნულის ხელის შემწყობი იყო და არის აშშ-ი და დასავლეთი, თუ არა, როგორ გამორჩა მათ „მახვილ, დემოკრატიულ“ თვალს ათეული წლობით გაჭიმული დიქტატორული რეჟიმები?

აშშ-ს, ისე, როგორც მის ევროპელ მოკავშირეებს, არ უყვართ კრიტიკა. დამნაშავის მიერ მართალი სიტყვა ძნელად მოისმინება, ამიტომაც დატოვეს მათ გაეროს დარბაზი ირანის პრეზიდენტის გამოსვლის დროს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიგით, ირანის პრეზიდენტის შემდეგმა გამომსვლელმა, დაგმო აჰმადინეჟადის გამოსვლა და ირანის ხელისუფლება დაადანაშაულა პრესის თავისუფლების არარსებობაში, ადამიანთა უფლებების დარღვევაში, „ნათელი მომავლის მშენებლობის“ უგულებელყოფაში და სხვა.

ირანის შიდა ცხოვრებასთან დაკავშირებით ბევრი ცუდი იწერება და ითქმება დასავლურ მედიაში, მისი მიხედვით, ირანის თითქმის 80-მილიონიანი მოსახლეობა გმინავს თეოკრატიული მმართველობის უღელქვეშ. არადა, ირანის ახლო გაცნობის შემდეგ დასავლელთა მიერ მუქ ფერებში დახატული ნახატი აღსაქმელად ჭირს და მნახველს არწმუნებს მასმედიის არაობიექტურობაში.

თუ რა „ნათელი მომავალი“ შექმნა დასავლეთმა ახლო აღმოსავლეთსა და არაბულ ქვეყნებში – ცნობილია. ნათელი აწმყო-მომავლით გაცისკროვნებული არაბები რევოლუციისკენ არც გაიხედავდნენ, არც ბრიტანელი მშიერნი და უპოვარნი მოაწყობდნენ ქუჩის აქციებს ათეულ-ათასობით სახლის და ავტომანქანის გადაბუგვით.

დასავლეთი ღრმა კრიზისშია, სხვა რა შეიძლება ვუწოდოთ 45-მილიონიან უმუშევარ ამერიკულ არმიას, გაუთავებელ ეკონომიკურ კრიზისს, გახანგრძლივებულ რეცესიას?

ცხადია, ირანსაც აქვს პრობლემები, მაგრამ თავი და თავი ისევ დასავლეთია. რომ არა სწორედ აშშ-ს მიერ ინიცირებული ეკონომიკური სანქციები, თანაც ოთხი, ირანი ასჯერ უკეთეს ვითარებაში იქნებოდა.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ამერიკის პრეზიდენტის გამოსვლაც იყო - ტრაფარეტული, არაფრით განსხვავებული წინა გამოსვლებისგან. თუ ვინმეს გული მოულბო ობამას გამოსვლამ - ეს ისრაელი იყო. მისმა პრემიერ-მინისტრმაც არ დაახანა დადებითი შეფასება და აღნიშნა, რომ ისრაელისთვის ასეთი მხარდაჭერა, არც ერთ წინამორბედს არ გამოუხატავს.

რით შეიძლება ავხსნათ ისრაელის მიმართ მუდამ ნეგატიურად განწყობილი ობამას ნათქვამი? უპირველეს ყოვლისა აშშ-ში დაწყებული წინასაარჩევნო ბატალიებით. ობამას უჭირს. მან ვერც ეკონომიკა ააღორძინა და ვერც უმუშევრობა ალაგმა. მშიერი და უპერსპექტივო ამერიკელი ყოველ ახალ გამოკითხვაში ობამას წინააღმდეგ გამოდის. დაუმატეთ ამას ებრაული ლობი, მისი სერიოზული გავლენა ამერიკულ ელექტორატზე და მიიღებთ ობამას გაეროში გამოსვლას.

ობამას ქულები სჭირდება იმ რესპუბლიკელთა დასაშოშმინებლად, რომლებიც საქართველოსთან მიმართებით კატეგორიულად მხარს უჭერენ საკუთარ პროექტს, რომელსაც „ვარდების რევოლუცია“ ანუ სააკაშვილი ჰქვია. ობამას წამიერი შეჩერება სააკაშვილის სხეულთან - აქ რომ „სააკაშვილმა ობამასთან მოლაპარაკება გამართად“ მონათლეს, ნიშნავს ამერიკელ რესპუბლიკელთა მისამართით კოჭის გაგორებას.

რაც შეეხება სააკაშვილს, მან არა მარტო თავგასაპნულმა მიმართა ამერიკას, არამედ „მოკრძალებულად“ მოიხსენია რევოლუციური წარსული, თან დააყოლა, რომ რევოლუციურ პროცესში, მრავალი წლის წინ დაწყებულში, მისი წვლილი ფასდაუდებელია. ეს ის რევოლუციაა, რომელმაც ფართო გასაქანი მისცა ახალგაზრდა ნაცთა გრანდიოზულ რეფორმებს. უკეთესობისკენ გადააკეთა საბჭოთა უღელგამოვლილ ადამიანთა ყოფა.

სააკაშვილის მოსაზრებით, “ვარდების რევოლუცია“ სწორედ ის მოვლენაა, აღმაფრენით რომ იმოქმედა არაბებზე და მათაც ქართული ედემის მსგავსის მოსაპოვებლად ცეცხლი შეუნთეს მტარვალ დიქტატორებს. ვაშაა!..

„მოკრძალებულმა“ მიხეილმა მაღალი ტრიბუნიდან თავხედურად „შეჰბედა“ ახალგაზრდა რევოლუციების ლიდერებს, მაგალითი აიღონ საქართველოს ეკონომიკური წარმატებებიდან. ხუმრობა ხომ არ არის - ჩაწყობით მიღებული მსოფლიო რეიტინგები?

დარწმუნებული ვარ, დაწყნარებული არაბები დელეგაციას-დელეგაციაზე გამოგზავნიან, აქ არსებული „წინსვლის“ შესასწავლად და ეკონომიკის მინისტრიც არ დაიშურებს „დაგროვილი გამოცდილების“ მათთვის გაზიარებას.

მაინც რა უნდა ისწავლონ არაბებმა საქართველოდან? კლანურ-ფეოდალური მმართველობა, თანაც დიქტატურაში გადასული ხომ სწორედ ისაა, რის გამოც იფეთქა რევოლუციამ? არაბისთვის არახალია ხელისუფლების, მისი ნათესავების, პოლიციისა და სპეცსამსახურების აღვირახსნილობა. თუმცა არის სიახლეც - ყოველივე ჩამოთვლილის დემოკრატიულ საბურველში გახვევა და კორუფციის დამარცხების დაბეჯითებული ყვირილი.

ისე, როგორც ისრაელის ხელისუფლებას, საქართველოს ხელისუფლებასაც გასდის - პირველს პალესტინელებთან, მეორეს - საკუთარ ხალხთან. გასდის იმიტომ, რომ ასე სურს ამერიკას. ამ უკანასკნელისთვის უმთავრესია საკუთარი ინტერესები და აქედან გამომდინარე, ადგილზე ამ ინტერესთა უეჭველი გამტარებელი ხელისუფალი.

ასე იყო ეგვიპტის, ტუნისის შემთხვევაში. ასეა რეგიონის სხვა ქვეყნებში, მონარქიებად რომ მოიხსენიება. ასეა ლიბიასთან მიმართებაში. როგორ შეფუთვას გაუკეთებს დასავლეთი თავის მოქმედებას, ისე უნდა აღიქვას ყველამ, ცხადია, შეფუთულისათვის თვალის შევლების გარეშე.

ა.წ. 19 მარტს ლიბიის წინააღმდეგ დაწყებულ საერთაშორისო ოპერაციას ლიბიის საჰაერო სივრცეში ფრენის აკრძალვა ეწოდა, უმთავრესად კადაფის საჰაერო ძალებისთვის. მიზანი - მშვიდობიანი ლიბიელების დაცვა იყო. ოპერაციაში მონაწილე ქვეყნები აინუნშიაც არ აგდებდნენ გაეროს უშიშროების საბჭოს 1974–ე რეზოლუციას, რომელიც კრძალავს სამხედრო აგრესიას.

ოპერაციაში 17 ქვეყანა ჩაერთო, ნატოს წევრების გარდა 2 არაბული სახელმწიფო - ყატარი და არაბული საამიროები. საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მოქმედებდნენ ნატოს შტაბ-ბინის მიერ ჩამოყალიბებული ჩარჩოების მიღმა. ამბოხებულ ლიბიელთა მხარეზე იბრძოდნენ ბრიტანული სპეცდანიშნულების და არაბი დაქირავებული მებრძოლები.

დეზორიენტაციული იყო აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ნატოს ოფიციალურ პირთა განცხადება, რომ მათი მიზანი არ არის კადაფის ფიზიკური განადგურება.

ლიბიის დემოკრატიზაციისთვის გამართული ომის პერიპეტიები თავისთავად მიანიშნებს სხვა მიზნებზე და არა დემოკრატიაზე. ამის დასტურია კონფლიქტში სპარსეთის ყურის კონსერვატიული ქვეყნების მონაწილეობა. რა დემოკრატიაზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც დემოკრატიული სულისკვეთებით გაჟღენთილი ბაჰრეინელების გამოსვლები სისხლით იქნა ჩახშობილი.

ამ ქვეყანაში ამბოხებული შიიტების წინააღმდეგ საუდის არაბეთისა და გაერთიანებული არაბული საამიროების ჯარები იქნა გამოყენებული გაეროს უშიშროების საბჭოს ყოველგვარი სანქციის გარეშე.

აქედან გამომდინარე, დასავლეთის დამოკიდებულება „არაბული გაზაფხულისადმი“ იმ მიზნების მიმდევარია, რომელიც შორს არის დასავლეთის მიერ ყბადაღებული დემოკრატიისაგან. აქ მთავარია გეოპოლიტიკური შედეგები. მსუყე არაბული ტორტის ხელში ჩაგდება.

საფრანგეთს, როგორც ლიბიის აგრესიის ინიციატორსა და ამბოხებულთა მთავრობის პირველ ამღიარებელს, ლიბიის დროებითი მთავრობა ნავთობისა და გაზის უდიდეს პროცენტს სთავაზობს. არც სხვები არიან დაჩაგრულნი, მათაც გემრიელი ლუკმა ერგებათ.

მოჩვენებითი დემოკრატია უმართავს ხელს აშშ-ს და მის მოკავშირეებს „დემოკრატიულ მიშლენდში“, რაც სერიოზული დაფიქრების საბაბს იძლევა. მსგავსი დემოკრატია თუ რა რეპრესიული სულისკვეთების მომასწავლებელია, კარგად იწვნია რევოლუციური ვარდებით ატროკებულმა ქართველობამ. „დემოკრატიზაციის“ პროცესი გრძელდება, შესაძლოა დიდხანს, ახალი რევოლუციის გაჩენამდე.

კაცობრიობა განუწყვეტელ ძიებაშია, მათ შორის რევოლუციებს თვალსაჩინო ადგილი უკავია. რევოლუცია იყო და აღარ იქნებაო, რასაც ნაციონალები და მათი ლიდერები თვლიან, თავის მოტყუებაა, ვინაიდან დიქტატორული რეჟიმების ცვლას რევოლუციები განპირობებს, თუ როდის? ამას დრო და ხალხი წყვეტს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"