ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
აშშ
28.08.2011
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში - შედეგი ცნობილია?

2012 წლის ნოემბერში გაიმართება აშშ- პრეზიდენტის მორიგი არჩევნები. ამერიკული ტრადიციის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებისადმი აქტიური მზადება კენჭისყრის თარიღამდე წელიწადზე მეტი ხნის წინ იწყება, ასე რომ უკვე ამა წლის შემოდგომაზე უნდა გამოიკვეთონ მომავალი არჩევნების მთავარი მოქმედი პირები.

როგორც ცნობილია, უკვე საუკუნენახევრის განმავლობაში აშშ-ში ფაქტიურად მხოლოდ 2 პარტია არსებობს - რესპუბლიკური და დემოკრატიული. მომავალ არჩევნებზეც ამ პარტიების წარმომადგენელები იბრძოლებენ საპრეზიდენტო სავარძლისთვის. ამასთან, დემოკრატიულ პარტიაში სიტუაცია გარკვეულია: ამჟამინდელი პრეზიდენტი ობამა კვლავ აპირებს კანდიდატურის წამოყენებას, და მიუხედავად მისი რეიტინგის მნიშვნელოვანი ვარდნისა, დემოკრატიული პარტიის ვერც ერთი ‘მძიმეწონოსანი“ ფიგურა ღიად მის წინააღმდეგ ვერ გამოვა.

აი, რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, აქ გაცილებით რთულად არის საქმე. პარადოქსია, მაგრამ იმ პირობებში, როცა ობამას და დემოკრატების რეიტინგი სერიოზულად არის დაცემული (ეკონომიკური პრობლემების, ავღანეთში გაუთავაბელი ომის და სხვა პრობლემების გამო), რესპუბლიკელებს ფაქტიურად არც ერთი სერიოზული საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავთ.

ეს მაშინ, როცა მათ დამაჯერებლად მოიგეს 2010 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნები სენატში და წარმომადგენლობით პალატაში, რის შედეგადაც ქვედა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს, ხოლო სენატში დემოკრატთა უპირატესობა მინიმუმამდე დაიყვანეს. რესპუბლიკურ პარტიაში გააქტიურდა რადიკალური ფრთა - ე.წ. Tea Party, ანუ „ჩაის სმის პარტია“ (იგულისხმება ისტორიული მოვლენა, რომელიც „ბოსტონის ჩაის სმის“ სახელითაა ცნობილი).

ცალკე შევეხოთ რესპუბლიკური პარტიის ამ ფრთას, რომელიც ბოლო დროს ცდილობს წინა პლანზე გამოვიდეს. ჩვენი აზრით, სწორედ „ჩაის სმის პარტია“ წარმოადგენს პერსპექტივაში ამერიკული იმპერიალიზმის ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ და ნაკლებად პროგნოზირებად დაჯგუფებას.

რა არის ძირითადი ამ მიმართულების საქმიანობაში? მთავარი, რაც მათ აქვთ, ეს არის ერთგვარი იდეოლოგია, რომელიც „ქრისტიანული ფუნდამენტალიზმის“ ან ულტრამემარჯვენე ქრისტიანობის სახელით არის ცნობილი.

არსებობს ე.წ. ქრისტიანული ფუნდამენტალიზმის რამდენიმე პოლიტიკურ-თეოლოგიური დოქტრინა, რომელიც სხვადასხვა სახელით იწოდება. მათ შორის ყველაზე გავრცელებული ამერიკის პროტესტანტულ წრეებში არის: „ქრისტიანული რეკონსტრუქციონიზმი“; „დისპენსაციონიზმი“; „ნეოკალვინიზმი“ და ა.შ., რომლებსაც ხანდახან აერთიანებენ ტერმინ „დომინიონიზმის“ ქვეშ, ასევე იხმარება ტერმინი „ქრისტიანული სიონიზმი“.

სტატიაში არ შევუდგებით ამ მიმართულებების დაწვრილებით ანალიზს, რადგან ეს ცალკე გამოკვლევის თემაა, მხოლოდ რამდენიმე ძირითად მომენტს გამოვყოფთ.

დღეისათვის აშშ-ს რადიკალურ პროტესტანტულ წრეებში შედარებით პოპულარულია 1-2 მიმდინარეობა, მათ შორის ქრისტიანული რეკონსტრუქციონიზმი, რომელიც ჩამოყალიბდა 1960-იან წლებში. მისი ძირითადი დამფუძნებელი იყო რ. ჯ. რაშდუნი, სომეხი ემიგრანტების შვილი. ეს და მსგავსი თეორიები მიიჩნევენ, რომ ბიბლია, როგორც ძველი აღთქმა, ისე ახალი აღთქმა, წარმოადგენს საზოგადო და პიროვნული მორალის ერთადერთ წყაროს. უფრო მეტიც, საზოგადო ცხოვრება, მთავრობა, პოლიტიკა, ხელოვნებაც კი, უნდა ემორჩილებოდეს ბიბლიურ პრინციპებს. ამავე დროს, „რეკონსტრუქციონისტები“ ამბობენ, რომ სახელმწიფო და სასულიერო წოდება გაყოფილი უნდა იყოს (როგორც ეს იყო ძველ ისრაელში, მაგალითად, მეფე დავითის დროს) და ერთმანეთის კომპეტენციაში პირდაპირ არ უნდა ერეოდნენ.

ზოგიერთი მიმდინარეობა უფრო შორსაც მიდის და აცხადებს, რომ მთელი მსოფლიო, მათ შორის არაქრისტიანული ქვეყნებიც, საბოლოოდ უნდა მოექცეს ქრისტიანული მმართველობის ქვეშ და არაქრისტიანების რაოდენობა შედარებით მცირე უნდა იყოს. ამას უწოდებენ „დომინიონიზმს“. ამგვარი შეხედულებების გამო, კრიტიკოსები ქრისტიან ფუნდამენტალისტებს „ალ-კაიდას“ და თალიბანს ადარებენ, რასაც ისინი უარყოფენ, მათ შორის ზემოთნახსენები არგუმენტით (რომ სასულიერო და საერო ხელისუფლება გაყოფილი უნდა იყოს და სხვა).

არსებობენ ასევე უფრო ზომიერი მიმდინარეობები, რომლებიც კმაყოფილდებიან იმის აღიარებით, რომ ესა თუ ის ქვეყანა (მაგალითად, ამერიკა) ქრისტიანულია, ქრისტიანულ ნაციას წარმოადგენს. მათი ოპონენტები ამაზე პასუხობენ, რომ აშშ-ს დამფუძნებელ „მამებს“ შორის საკმაოდ ბევრი იყო მასონი. აქ საინტერესოა იმის გახსენება, რომ 1797 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ალჟირის მმართველ ბეის შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ტრიპოლის ხელშეკრულების სახელითაა ცნობილი. ამ დოკუმენტის მე-11 მუხლში ასეთი რამ წერია: „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არანაირად არ არის დაფუძნებული ქრისტიანულ რელიგიაზე. ამიტომ მას არ გააჩნია არავითარი მტრობა მუსლიმების რელიგიის და კანონების მიმართ...“. ეს ხელშეკრულება წაკითხული იყო აშშ-ს სენატში და იმავე 1797 წელს ერთხმად დაამტკიცა სენატმა. ეს ფაქტი დღეს ქრისტიანი ფუნდამენტალისტების ოპონენტების ერთ-ერთი არგუმენტია.

დღეს უკვე ცხადი ხდება, რომ დასავლეთის ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში, განსაკუთრებით კი ევროპის ქვეყნებში, ათეისტთა რიცხვის ზრდა, ქრისტიანული ფასეულობების და მორალის ეროზია იმდენად შორს წავიდა, რომ ამან უკურეაქცია და პროტესტი გამოიწვია, რასაც სათავეში ჩაუდგნენ ქრისტიანობის სახელით მოქმედი ფუნდამენტალისტური მიმდინარეობები. ეს პროცესი გააქტიურდა 60-70 წლებში, როცა ევროპაში და ამერიკაში სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ტრადიციული ფასეულობების რღვევა, ე.წ. სექსუალური რევოლუცია და ა.შ. დღეისათვის ფუნდამენტალისტურ მიმდინარეობებს საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავს ამერიკის პროტესტანტულ წრეებში და რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერებში.

ხშირად ჩნდება ცნობები, რომ მათ შორის არიან ცნობილი პოლიტიკოსებიც. მაგალითად, ამგვარი საუბრები მიდის ვიცე-პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატზე სარა პეილინზე. მას უკავშირებენ სხვადასხვა პროტესტანტულ ჯგუფებს, რომლებიც ერთიანდებიან ისეთი უცნაური ტერმინის ქვეშ, როგორიცაა „ქრისტიანული სიონიზმი“. ამ ჯგუფებს შორის ყველა გავლენიანი და ძველია „დისპენსაციონისტების“ მიმდინარეობა.

ქრისტიანული სიონიზმის მიმდევრები თვლიან, რომ ისრაელის თანამედროვე სახელმწიფო წარმოადგენს მეორედ მოსვლის მოახლოების ნიშანს და რომ ქრისტიანებმა და სიონისტებმა ერთად უნდა იბრძოლონ არმაგედონის ბრძოლაში ისრაელის მიწაზე, რომლის დროსაც დედამიწაზე აღდგება ღმერთის სამეფო ქრისტეს მეორედ მოსვლის სახით.

აქვე უნდა ვახსენოთ ისეთი ცნობილი პოლიტიკური მიმდინარეობა, როგორიც არის ნეოკონსერვატორები, ანუ ნეოკონები. როგორც ცნობილია, ნეოკონების იდეოლოგიის სათავეებთან იდგნენ მთელი რიგი ყოფილი ტროცკისტები, მათ შორის ებრაული წარმომავლობის. მაგალითად, ნეოკონების „მამამთავრად“ ითვლება ლეო შტრაუსი, პრუსიაში დაბადებული ებრაელი, რომლის იდეოლოგიური გავლენის ქვეშ იმყოფება ნეოკონების ერთ-ერთი ლიდერი პოლ ვოლფოვიცი, ასევე ებრაელი. ამავე მიმართულებასთან ახლოსაა გავლენიანი ამერიკელი პოლიტოლოგი და საზოგადო მოღვაწე დევიდ ჰოროვიცი, რომელიც ებრაულ ოჯახში დაიბადა და ახალგაზრდობაში ამერიკის კომუნისტური პარტიის წევრიც კი იყო. ნეოკონსერვატორთა უმრავლესობა ამა თუ იმ დროს სიონიზმის აქტიური მიმდევარი იყო და არის.

ამრიგად, რესპუბლიკური პარტიის ირგვლივ და მის წიაღში არსებობს იდეოლოგიური მიმდინარეობების მთელი სპექტრი, რომელთა დამახასიათებელი ნიშანია, ერთის მხრივ, ისრაელის და სიონიზმის აქტიური მხარდაჭერა, ხოლო მეორე მხრივ, „ქრისტიანული ფუნდამენტალიზმი“, აპელირება ბიბლიაზე, ქრისტეს მეორედ მოსვლაზე და ა.შ. ეს შეხედულებები ფართოდ არის გავრცელებული ამერიკის თეთრკანიან პროტესტანტულ მოსახლეობაში, და მათ პოპულარიზაციას აქტიურად ეწევიან პროტესტანტი ევანგელისტი მქადაგებლები, მათ შორის ისეთი გავლენიანი ფიგურები, როგორებიცაა პეტ რობერტსონი და ა.შ. პოლიტიკის სფეროში ანალოგიურ პროპაგანდას ეწევიან მემარჯვენე არხის „ფოქს ნიუსის“ წამყვანები - გლენ ბეკი და სხვ. საინტერესოა, რომ „ფოქს ნიუსი“ შედის რუპერტ მერდოკის ვრცელ კორპორაციაში, რომელიც არის ებრაული წარმოშობის მედია-მაგნატი.

„ქრისტიანი ფუნდამენტალისტების“ და აგრესიული სიონისტების ეს ალიანსი აშკარად არაბუნებრივი და მახინჯი მოვლენაა. ცხადია, ქრისტიანობას საერთო არაფერი აქვს ისეთ რასისტულ და ანტიჰუმანურ მიმდინარეობასთან, როგორიც არის დღევანდელი სიონიზმი. ასევე აღრეულია ამ ალიანსში იდეოლოგიური საკითხები: ულტრამემარჯვენე ამერიკელი პროტესტანტების (რომლებიც თითქმის არ ცნობენ სახელმწიფოს და კოლექტივის როლს ეკონიმიკაში და მხოლოდ კერძო საკუთრებას აღიარებენ) ალიანსი ყოფილ ტროცკისტებთან ან კიბუცების მკვიდრებთან, სადაც მოსახლეობას საერთოდ არ გააჩნია კერძო საკუთრება, სრულიად წარმოუდგენელია.

აშკარა ხდება, რომ ამგვარი მახინჯი ალიანსების მიზეზი არის მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიოზე გაბატონების სურვილი, ებრაული ფინანსური კაპიტალის გამოყენება ამერიკული იმპერიის პოზიციების გასამაგრებლად და ამერიკის სამხედრო ძლიერების გამოყენება ისრაელის პოზიციების გასაძლიერებლად ახლო აღმოსავლეთში, რომელიც წარმოადგენს აშშ-ს მთავარ დასაყრდენს მსოფლიოს ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში.

დავუბრუნდეთ საპრეზიდენტო არჩევნების თემას. ამერიკელი მიმომხილველების თითქმის ერთსულოვანი აზრით, დღეისათვის გამოიკვეთა წამყვანი რესპუბლიკელი კანდიდატების ტრიო. ესენია მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი, ტეხასის ამჟამინდელი გუბერნატორი რიკ პერი და კონგრესის წევრი შტატ მინესოტადან მიშელ ბახმანი (ეს უკანასკნელი ქალბატონია). როგორც ვარაუდობენ, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ რესპუბლიკელთა რბოლას კიდევ შეემატება სხვა გავლენიანი ფიგურა, რომელსაც გამარჯვების შანსები ექნება.

ამ სამი კანდიდატიდან ორს - პერის და ბახმანს - მიაწერენ კიდეც კავშირებს სხვადასხვა ფუნდამენტალისტურ ქრისტიანულ დაჯგუფებებთან. ამავე დროს, ცნობილია, რომ მიტ რომნი მიეკუთვნება მორმონების სექტას, რომელსაც ამერიკაშიც კი ბევრი ეჭვის თვალით უყურებს, მათ შორის პროტესტანთა წრეებში.

შესაძლებელია თუ არა ჩვენს დროში, რომ პერის და ბახმანის ტიპის პოლიტიკოსები ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ? ჩვენი აზრით, ამის შანსი ნაკლებად არის, რადგან დექრისტიანიზაციის პროცესები იმდენად შორს წავიდა ამერიკაშიც კი, რომ „ჰარდლაინ“ (მტკიცე) ქრისტიანებად და მით უმეტეს, ფუნდამენტალისტებად პოზიციონირებულ პოლიტიკოსებს არავითარი შანსი არა აქვთ, თეთრი სახლი დაიკავონ. გარდა ამისა, ამერიკის მდგომარეობა მსოფლიოში არ იძლევა ამის შანსს.

მსგავსი პოლიტიკოსების მოსვლა აშშ-ს ხელისუფლებაში ნიშნავს ამ ქვეყნის იზოლაციის მკვეთრ ზრდას, რაც შეინიშნებოდა ბუშის მმართველობის ბოლო წლებში. ბარაკ ობამას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ გარკვეულ წილად გაეუმჯობესებინა ამერიკის იმიჯი, მათ შორის ისლამურ სამყაროში, ევროპაში, აფრიკაში და ა.შ. ღიად პროისრაელური და ანტიისლამური პრეზიდენტის მოსვლა ხელისუფლებაში თავად ამერიკის ინტერესებისთვის უკვე დაუშვებელი „ფუფუნებაა“.

რაც შეეხება რომნის, გარდა მორმონების სექტის წევრობისა, მისი სუსტი მხარეა ქარიზმატულობის ნაკლებობა და მერყევი პოლიტიკური შეხედულებები. აშკარაა, რომ რომნის იმიჯის „გაყიდვა“ დანარჩენ მსოფლიოში თვით ამერიკელ „პიარშიკებსაც“ კი გაუჭირდებათ, რადგან გაუგებარია, რითი უნდა დაანტერესონ და დაინტრიგონ სხვა ქვეყნების მოსახლეობა ამ უსახური კანდიდატის მეშვეობით. დღევანდელ მსოფლიოში კი, უფრო სწორად დასავლეთში, შოუს, ქარიზმატულ ან სკანდალურ იმიჯს უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ობამას ამ მხრივ პრობლემები არ ჰქონდა, როგორც პირველ შავკანიან პრეზიდენტს. რომნი და მისი მსგავსი პოლიტიკოსები კი ამერიკის ისტებლიშმენტისთვის გასული საუკუნის 70-იან წლებში დაბრუნება იქნებოდა, რისი საშუალებაც მათ არა აქვთ.

რესპუბლიკელთათვის შეიძლება გამოსავალი ყოფილიყო რისკიანი ნაბიჯის გადადგმა და იმავე სარა პეილინის ნომინირება, მაგრამ ეს ქალბატონი იმდენად არაკომპეტენტურია, რომ მისი მხარდამჭერებიც კი აღიარებენ ამას. იყო ასევე საუბრები ცნობილი და სკანდალური მილიარდერის, დონალდ ტრამპის წამოყენების შესახებ, თუმცა ეს ვარიანტიც გამოირიცხა. შეიძლება ითქვას, რომ რესპუბლიკელების პრაიმერიზში რომნის ან პერის გამარჯვების შემთხვევაში, ამჟამინდელ პრეზიდენტ ობამას არჩევნების მოგების ყველა შანსი ექნება, მიუხედავად მისი რეიტინგის ვარდნისა.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"