ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
24.08.2011
სუვერენიტეტისგან ფეტიში არ უნდა შევქმნათ

რუსულმა გამოცემამ “ვზგლიად” ინტერვიუ სთხოვა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს გულბაათ რცხილაძეს. საუბარი რუსულ-ქართული ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობასა და მათ პერსპექტივებს შეეხო.

"Взгляд": როგორ მიგაჩნიათ, შეძლებს ქართველი ხალხი, რომ ახლო მომავალში შეეგუოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვას, თუ ქართველები არასოდეს აღიარებენ ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობას?

 

გ.რ.:  ყოველივე ეს პირობითია. ყველაფერზე შეიძლება მოლაპარაკება, მაგრამ საამისოდ საჭიროა მუშაობის ჩატარება არა მხოლოდ ქართველებს, არამედ აფხაზებსა და სამხრეთელ ოსებს შორის. მათ ასევე უნდა გაუქრეთ შიშები და უნდობლობა საქართველოს მიმართ. როგორც საქართველო ნერგავს შიშსა და მიუღებლობას რუსეთთან მიმართებაში, ისე ამ რესპუბლიკების შიგნით ხდება საქართველოს დემონიზაცია. მათ მცხოვრებთ უყვებიან, რომ თითქოს თბილისს მათი განადგურება სურს. ამიტომ ეს საერთო უბედურებაა, და გადამწყვეტი როლი რუსეთმა უნდა შეასრულოს.

სწორედ რუსეთმა უნდა დაარწმუნოს კონფლიქტის ყველა მხარე მოლაპარაკების აუცილებლობაში, იმაში, რომ საჭიროა არსებული სიტუაციიდან გამოსავლის ძიება და ურთიერთობების ახალი პრინციპები. ეს სულაც არ ნიშნავს აფხაზებისა და ოსებისთვის უფლებების ჩამორთმევას, მაგრამ დიალოგი აუცილებელია. მხოლოდ მაშინ მოიხსნება საკითხი, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გამოყოფასთან შეგუებასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ გაეროს თვალსაზრისით საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი მაინც ერთიან სახელმწიფოდ რჩება, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა.

 

"Взгляд": სააკაშვილი ითხოვს რუსეთთან მხოლოდ თანასწორუფლებიან ურთიერთობებს. თქვენს ნაშრომებში აშკარად გატარებულია აზრი, რომ საქართველომ უნდა აღიაროს რეალობა, რეალობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მცირე ქვეყანა საქართველოს, რომელსაც ესაზღვრება უზარმაზარი დერჟავა რუსეთი, არ შეუძლია ანტირუსული პოლიტიკის გატარება. როგორც თქვენი წიგნებიდან შეიძლება დავასკვნათ, თქვენ თქვენს თანამემამულეებს მოუწოდებთ, რომ ისევე, როგორც ორასი წლის წინ, ნებაყოფლობით დათანხმდნენ “უმცროსი პარტნიორის” როლს. მაგრამ არ გეჩვენებათ, რომ ასეთი მოწოდებები ნაწილობრივ აკნინებენ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქართველ ხალხს და ამიტომ ქართველების უმეტესობა ამას არასოდეს დათანხმდება?

 

გ.რ.: არსებობს გარკვეული რეალობა, ამა თუ იმ რეგიონში არიან მასშტაბითა და პოტენციალით განსხვავებული, უფრო დიდი და მცირე მოთამაშეები. მაგრამ ეს გეოპოლიტიკური კანონებია, რომელთა უგულებელყოფა არ შეიძლება იმისდა მიუხედავად, რომ არსებობს საერთაშორისო სამართალი, რომლიდანაც გამომდინარე, საერთაშორისო პოლიტიკის ყველა სუბიექტი თანასწორუფლებიანია, მათი მასშტაბებისა და პოტენციალისგან დამოუკიდებლად.

ჩვენი ინსტიტუტი ყოველთვის გამოხატავდა პოზიციას, რომ დაუშვებელია სიტუაციის დრამატიზება და საქართველოსთვის რუსეთისგან მტრის ხატის შექმნა, რომელიც თითქოს მხოლოდ ერთი სურვილით არსებობს – ფეხქვეშ გათელოს საქართველოს დამოუკიდებლობა. მით უმეტეს, რომ რუსეთთან დიალოგი და ორმხრივი დათმობები არ ნიშნავს საქართველოს ინტერესების შელახვას. არ შეიძლება სუვერენიტეტის გაფეტიშება.

 

"Взгляд": რამდენად რთულია ახლა საქართველოში პრორუსული შეხედულებების პროპაგირება, როგორც თქვენ აკეთებთ? თქვენი შეგრძნებით, რომელი მიმართულებით იცვლება ადამიანების განწყობები?

 

გ.რ.: რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მსურველი ხალხის რაოდენობა დიდი იყო აგვისტოს ომამდე, ისევე როგორც ახლა არის. მხედველობაში მყავს არა სამთავრობო წრეები ან ოპოზიცია, არამედ მოსახლეობა თავის მასაში. რუსეთისადმი კეთილი გრძნობები არ გამქრალა. ბოლო დროს კი შესამჩნევი გახდა, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების ოპოზიციური დამოკიდებულებისა რუსეთის მიმართ, დასავლეთით და დასავლური ორიენტაციით იმედგაცრუება ქართულ მოსახლეობაში გაძლიერდა. ეს ცალსახაა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ დონეზე ჩვენთან ამ თემაზე საუბარს გაურბიან, ფაქტია, რომ ოპოზიციის ნაწილმა ფსონი დადო რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მიმართულ რიტორიკაზე, რაც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს.

 

გარდა ამისა, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ვინაიდან სააკაშვილმა გააჩაღა საქართველოსთვის დამღუპველი ომი, და რადგან რუსული ჯარები ისედაც შემოვიდნენ საქართველოში, მაშინ მათ საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანათ და სააკაშვილის დამნაშავე ხელისუფლება დაესრულებინათ. ახლა კი გამოდის, რომ რუსეთმა ეს შანსი არ გამოიყენა, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ იგი სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხების საკეთილდღეოდ.

 

ხელისუფლებას ასეთი ტენდენციების ძალზე ეშინია და არ სურს, რომ მოხდეს ორ ქვეყანას შორის ნორმალიზაცია, მათ შორის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ექსპერტების დონეზე. მე შემიძლია შეგახსენოთ ფაქტები, როდესაც ჩვენთან არ შემოუშვეს რუსი ექსპერტები. მათ უბრალოდ უარს ეუბნებოდნენ ვიზებზე და ამ გზით შლიდნენ კონკრეტულ ღონისძიებებს.

 

"Взгляд": ოპოზიცია მოუწოდებს შეთანხმებისა და მოსკოვთან დაახლოებისკენ. მაგრამ თუკი იგი ხელისუფლებაში მოვა, არ შიშობთ, რომ ძალზე მალე ისიც ანტირუსულ რიტორიკას გადაიღებს და ნებისმიერ შემთხვევაში დასავლეთზე იქნება ორიენტირებული, რადგან გულის სიღრმეში ამჟამინდელი ოპოზიციის ლიდერები მაინც ნაციონალისტურად არიან განწყობილნი?

 

გ.რ.: ის ოპოზიცია, რომელიც დღესაა წარმოდგენილი საქართველოს შიგნით, აპრიორი ვერ მოვა ხელისუფლებაში. ამ ოპოზიციას შეეძლო ხელისუფლებაში მოსვლა რამდენჯერმე, ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე, როდესაც ხელთ ეპყრა არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ყველა საბუთი. მაშინ ოპოზიციას ჰქონდა შანსი, სააკაშვილი გაეშვა, მით უმეტეს, რომ ოპოზიციის მომხრეები ასობით ათასობით გამოდიოდნენ ქუჩაში. მაგრამ ოპოზიციამ არ ისარგებლა მოცემული შესაძლებლობით. იგი გაიყიდა.

 

მიმაჩნია, რომ ნაწილობრივ ეს რუსეთის ბრალეულობით მოხდა. მოსკოვმა ძალზე ცოტა გააკეთა საქართველოს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში. რუსეთი არანაირ მუშაობას არ აწარმოებდა ქართულ პარტიებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, იგნორირებას უკეთდებდა და უკეთებს რუსულ დიასპორას საქართველოში. და ეს მაშინ, როცა ამერიკელები ასეულობით მილიონ დოლარებს დებდნენ საქართველოს პარტიებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბებაში.

 

"Взгляд": თუკი სააკაშვილი და მისი გუნდი გაიმარჯვებენ შემდეგ არჩევნებზე საქართველოში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაყინულ მდგომარეობაში დარჩება? თუ შეიძლება, რაღაც შეხების წერტილები გამოჩნდეს?

 

გ.რ.: მე ვფიქრობ, რომ მომავალი არჩევნების შედეგი საქართველოშიც და რუსეთშიც, დიდწილად ამთავითვე გადაწყვეტილია. მხედველობაში არ მყავს კონკრეტული ადამიანები, ვამბობ მხოლოდ ორი ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსზე. ამ შემთხვევაში ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ფაქტობრივად ნულზე დარჩება. მაშინ, როდესაც რუსეთმა სანქციები შემოიღო საქართველოს მიმართ 2006 წელს, ამან გამოიწვია ის, რომ ეკონომიკა ფაქტობრივად აღარ ვითარდებოდა. მაგრამ ომის შემდეგ საქართველოში წამოვიდა რამდენიმე მილიარდი დოლარი, ევროპელი და ამერიკელი დონორებისგან, ამ ფულის საშუალებით კრიზისი გარკვეულ დონემდე გადაილახა.

 

რუსეთის სანქციებმა თავიანთი როლი შეასრულეს, სწორედ მათ აიძულეს სააკაშვილი, რაღაც მომენტში ომი წამოეწყო. მაგრამ ახლა ამ სანქციების შენარჩუნებამ აზრი დაკარგა. თუმცა მათი გაუქმება თანდათანობითაა საჭირო, რომ სააკაშვილს არ მიეცეს შანსი, განაცხადოს, რომ სწორედ მან აიძულა რუსეთი, მოეხსნა სანქციები.

ამჟამინდელი ხელისუფლება არ მალავს უკვე, რომ იგი არ არის დაინტერესებული, რუსეთმა თავისი ბაზრები გაუხსნას საქართველოს. როდესაც საქართველოს ხელმძღვანელობა ახდენს რუსეთის, როგორც მტრის, კულტივირებას, იგი ამით თავად ინარჩუნებს ძალაუფლებას. სხვაგვარად ქართველი ბიზნესმენები ისევ რუსეთზე აიღებენ ორიენტაციას, ამის კი სააკაშვილს ძალზე ეშინია.

 

ტექსტი: ირინა კოსტიუკოვა

ВЗГЛЯД

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"