ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
17.08.2011
ერდოღანის მთავრობის რეგიონული პოლიტიკა - მეტი არაპროგნოზირებადობა, ნაკლები სტაბილობა

უკვე დიდი ხანია, საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ თურქეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის საგარეო პოლიტიკა, ისევე როგორც მისი საშინაო პოლიტიკა, მნიშვნელოვანწილად განსხვავდება მისი წინამორბედი მთავრობების პოლიტიკისგან.

თავად თურქული საზოგადოება გახდა სხვაგვარი, ეკონომიკურმა ბუმმა ხელი შეუწყო პოლიტიკური მოძრაობების გაძლიერებას და პოლიტიკურ პროცესებზე სამხედროთა პირდაპირი გავლენის შემცირებას. შედეგად, თურქეთი ნატო-სგან და აშშ-სგან უფრო დამოუკიდებელი გახდა, მან დაიწყო თავისი საკუთარი კურსის განხორციელება, რომელიც ხანდახან დასავლეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

მართალია, თურქეთის რესპუბლიკა ადრეც არ ივიწყებდა თავის ინტერესებს და მათ პრინციპულად იცავდა, მაგრამ რეჯეპ ტაიპ ერდოღანისა და მისი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მმართველობის პირობებში ეს ინტერესები სულ უფრო ხშირად აღარ ემთხვეოდა დასავლეთის ინტერესებს. შეიძლება გავიხსენოთ როგორც თურქეთის უარი ამერიკელების მიმართ, საკუთარი სამხედრო ბაზებისა და საჰაერო სივრცის გამოყენებაზე ამერიკული ავიაციის მიერ ერაყის დასაბომბად, ისე ოფიციალური ანკარის მკვეთრად პროპალესტინური და ანტიისრაული პოზიცია. ერდოღანი რეგიონულ ლიდერთაგან პირველი იყო, ვინც ეგვიპტეში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე დიქტატორ მუბარაქს მოუწოდა, გადამდგარიყო - იმ მომენტში აშშ და ევროპა ჯერ კიდევ თავს იკავებდნენ ამგვარი განცხადებებისგან, ხოლო ისრაელმა სულაც ოფიციალურად გამოხატა პოზოცია, რომ მუბარაქის წასვლას შეეძლო საფრთხე გამოეწვია ამერიკის და ისრაელის ინტერესებისთვის. გარდა ამისა, თურქეთის რესპუბლიკამ აქტიურად დაუჭირა მხარი ირანის ისლამურ რესპუბლიკას ურანის დამოუკიდებლად გამდიდრების საკითხში და შეიძლება ითქვას, რომ სერიოზულად აღუდგა წინ თეირანის საერთაშორისო იზოლირების მცდელობას.

მაგრამ ყოველივე ეს არ ნიშნავს, რომ თურქეთი საბოლოოდ გამოვიდა დასავლური პოლიტიკის კალაპოტიდან, არც იმას ნიშნავს, რომ ამ სახელმწიფომ მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი ახალი სტრატეგია. თურქეთის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ გაცხადებული ფორმულა - "ნული პრობლემები მეზობლებთან" ჩვენს თვალწინ ირღვევა. თურქეთმა მეზობელი სირიის საშინაო საქმეებში აქტიური ჩარევა დაიწყო და მის ლიდერ ბაშერ ასადს უკვე ულტიმატუმებს უყენებს. ერთის მხრივ, თურქეთის ხელისუფლება პრინციპული რჩება - ოფიციალურმა ანკარამ სახალხო მღელვარებათა დაწყებისთანავე მოუწოდა გადადგომისკენ როგორც მუბარაქს ეგვიპტეში, ისე კადაფის ლიბიაში, მაშ რატომ უნდა გააკეთოს გამონაკლისი ასადისთვის, რომელსაც მოსახლეობის საკმაო ნაწილი აუმხედრდა და რომელსაც ხელისუფლების დათმობაზე არასოდეს უფიქრია?

მსოფლიო არ არის მიჩვეული პრინციპულ პოლიტიკას, ყველგან ორმაგი სტანდარტები ბატონობს, თუმცა სიტყვით ყველა გმობს ამგვარ პოლიტიკას. თურქეთი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, თავისი ინტერესებიდან ამოდის და მას არ ადარდებს უნივერსალური სამართლიანობა საერთაშორისო პოლიტიკაში, მან მხოლოდ წარმატებით შეძლო საკუთარი რეგიონული ინტერესების დეფინირება არაბულ ქვეყნებში "ხალხის ნების" მხარდაჭერად.მცირეოდ ხნის წინ აშშ-მაც შეცვალა კურსი და დაიწყო რეგიონში რეჟიმების შეცვლის მხარდაჭერა, თუმცა ამერიკასაც აქვს თავისი გამონაკლისები - მან მხარი არ დაუჭირა ბაჰრეინის შიიტურ ოპოზიციას და იქაურ რეჟიმს ნება მისცა, შეუიარაღებელი ხალხისათვის საუდის არაბეთის ტანკებით გადაევლო. თურქეთი კი აშკარად ცდილობს, რეგიონის მუსლიმანი სახალხო მასების თვალში პოპულარობის მოპოვებას მკაფიოდ გამოკვეთილი პრინციპის განხორციელებით - "მხარს ვუჭერთ სახალხო ნებას და არა ცალკეულ მმართველებს".

მაგრამ სხვა საკითხია, თუ რამდენად სწორია თავად ასეთი პოლიტიკა, რომელიც არ ასხვავებს ერთმანეთისაგან პოლიტიკის სხვადასხვა სუბიექტს.მაგალითად, თუკი თურქეთი მართლაც მხარს უჭერს პალესტინელი ხალხის ინტერესებს და გულწრფელად აკრიტიკებს ისრაელს, მაშინ მან არ უნდა დასვას ტოლობის ნიშანი ასადსა და მუბარაქს შორის: პირველი მათგანის პოლიტიკა პალესტინელთა მხარდაჭერისკენ და ისრაელის წინააღმდეგაა მიმართული, მეტიც, სირია ისრაელთან მოსაზღვრე ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ამასთან ერთად, უკომპრომისო პოზიციებზე დგას; ხოლო მუბარაქი, პირიქით, ისრაელის მთავარი მოკავშირე იყო რეგიონში. თავად სირიაშიც არ არის სიტუაცია მთლად გარკვეული - იმავე ეგვიპტისგან განსხვავებით სირიაში ხელისუფლების მხარდასაჭერად ხალხის გრანდიოზული რაოდენობა გავიდა ქუჩებში, ხოლო აჯანყება მხოლოდ შედარებით მოსახლეობის მცირე ნაწილმა მოაწყო. ყველა ინფორმაცია თითქოს მრავალათასიან "მშვიდობიან" გამოსვლების შესახებ მომდინარეობს საიდუმლოებით მოცული "სირიელი უფლებადამცველებისგან", რომლებიც ინტერნეტის ანონიმურობას არიან ამოფარებულნი. ასეთი ინფორმაციების დაჯერება შეიძლება მხოლოდ მათი დაჯერების სურვილის შემთხვევაში.

ამიტომ თურქეთის ხელისუფლების "პრინციპულობა" განხილვის საგანს არ წარმოადგენს, მას სხვა ინტერესები ამოძრავებს. ბუნებრივია, ჩვენ არ შეგვიძლია, თურქების მაგივრად განვსაზღვროთ მათი ინტერესები მეზობელ სირიასთან მიმართებით. სავსებით შესაძლებელია, რომ მეზობელი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა თურქეთისთვის მომგებიანია. მაგრამ ეს მომგებიანობა, ნებისმიერ შემთხვევაში, გარკვეულ ფარგლებშია მოქცეული. თუკი სირიაში ასადის რეჟიმი დაემხობა, მაშინ რეგიონში არა მხოლოდ და არა იმდენად თურქეთის გავლენა გაიზრდება, რამდენადაც აშშ და ისრაელის გავლენა. სწორედ ამიტომ ირანმა მკვეთრი რეაგირება მოახდინა და გააფრთხილა თურქეთი, რომ სირიის საქმეებში თურქეთის სამხედრო გზით ჩარევის შემთხვევაში ირანის ნაბიჯები იქნება შესაბამისად მძაფრი.

საქართველოში პოლიტოლოგებმა უნდა მოხდინონ ფაქტის კონსტატირება, რომ "მტაცებლური" ინსტინქტები თურქეთს არ დაუკარგავს და ეს სახელმწიფო ხელსაყრელ მომენტში ნებისმიერ საბაბს იპოვნის უფრო სუსტი მეზობლის საშინაო საქმეებში ჩასარევად. ეს განსაკუთრებით აქტუალურია აჭარასთან მიმართებით, სადაც თურქებს მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ. ქართველმა პოლიტოლოგებმა ბოლოსდაბოლოს უნდა აღიარონ, რომ აჭარის ტერიტორიაზე შეზღუდული რაოდენობის რუსული სამხედრო კონტინგენტის ყოფნა საკუთრივ საქართველოს ინტერესებში იყო, რადგან ეს ფაქტი ახალ მეგობრებს, რომლებიც აჭარას თავიანთ ისტორიულ სამფლობელოდ მიიჩნევენ, ზედმეტ მადას უზღუდავდა.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"