ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
17.08.2011
გადადგი არასწორი ნაბიჯი? - პასუხი აგე!

საქართველოს მოსახლეობა ბოლო სამი წელია აგვისტოს სხვაგვარად ხვდება. ცხელ ზაფხულში დასვენების არცთუ უმნიშვნელო საკითხთან ერთად საქვეყნო საქმესაც იხსენებს - დაკარგული ტერიტორიების სახით - ხანდახან, დასვენების პრობლემების მოგვარების შიგადაშიგ. და ეს არცთუ დიდი დროის - სამი წლის გავლის შემდეგ, მაგრამ რატომ სამი, იქნებ 20 წლის შემდეგ?

საქართველომ 20 წლის წინანდელ ფაქტიურ დანაკარგს 2008-ში იურიდიულიც დაუმატა. 20 დამოუკიდებელი წლის განმავლობაში არც ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ისე არ დაზარალებულა ტერიტორიების სახით, როგორც საქართველო, თუმცა მავანი შემედავება - აზერბაიჯანი და მოლდოვაო? გეთანხმებით, მაგრამ იმათ შემთხვევაში არის თითქოს უმნიშვნელო ნიუანსი - მოლაპარაკების მიმდინარეობა, ჩვენს შემთხვევაში ამ სახის მოლაპარაკებას 2008 წლის აგვისტოში დაესვა მსუყე წერტილი.

ცხადია არც მოლაპარაკების გამართვაა გამორიცხული, მაგრამ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, არამედ უკვე დამოუკიდებლებთან ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე.

უკვე წასული მატარებლის დაწევის შეუძლებლობაზე მიანიშნებდა რუსეთის პრეზიდენტის, მედვედევის ამასწინანდელი ინტერვიუ, სადაც მან გამოკვეთილად აღნიშნა თუნდაც გაჭიანურებული მოლაპარაკებების სიკეთეებზე. ასეთი მოლაპარაკებები რომ ყოფილიყო ვინ იცის ერთ დღეს საკითხის გადაჭრის გასაღები შეიძლება პოვნილიყო.

ნებისმიერ შემთხვევაში წარუმატებელი მოლაპარაკება გაცილებით ჯობს სამხედრო ავანტიურას. ომს ერთი ნაკლი აქვს - ის უმალ უსრულებს გამარჯვებულს ნებისმიერ სურვილს. სწორედ ამის მსხვერპლი გახდა საქართველო. გადადგი არასწორი ნაბიჯი? - პასუხი აგე!

2008 წლის წაგებული ომის შემდეგ, ხელისუფალთა დაბეჯითებული მეცადინეობით, მოხდა ის, რაც ნებისმიერ სხვა საზოგადოებაში იშვიათად მოხდებოდა ანუ საზოგადოება დარწმუნდა ხელისუფლების საბედისწერო, მცდარი ნაბიჯის აუცილებლობაში. ხალხმა ირწმუნა ხელისუფალთა პრიმიტიული შეგონება, რომ მან კი არ გააჩაღა ომი, არამედ მოწინააღმდეგე მხარემ, რომელმაც ყველაფერი იღონა ამისათვის, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. ამ ვერსიის ფესვგასადგმელად ხელისუფლებამ ფართომასშტაბიანი ფინანსური ინექცია განახორციელა, არა მარტო აშშ-ი, ევროპაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ხელისუფლებამ მოიგო. წააგო ქვეყანამ, ხალხმა.

გაივლის დრო, არცთუ დიდი - საქართველოს ახალი თაობა აფხაზეთსა და ოსეთს ისე გაიხსენებს, როგორც თურქეთში არსებულ ქართულ ტერიტორიებს, აღარც ტერიტორიების დაკარგვის დიდოსტატი სააკაშვილი გაახსენდებათ ისე, როგორც მას ეკადრება. შევარდნაძეს, ტერიტორიების ფაქტიური დაკარგვისათვის ვინმე უარყოფითად იხსენებს? არც არავინ. ისიც გულგამაგრებული გვმოძღვრავს და გვმოძღვრავს ჟურნალ-გაზეთებიდან. რომ იტყვიან - ხახვივით შერჩა ავანტიურა. და თუ მას შერჩა - რა დააშავა სააკაშვილმა?

მედვედევის სურვილია სააკაშვილის საერთაშორისო ტრიბუნალისთვის გადაცემა, მაგრამ შევარდნაძის? იქნებ ორივე - მასწავლებელ-მოსწავლე იმსახურებს ამ ხვედრს? ქართველი ხალხი ზომაზე მეტად მიმტევებელია, უფრო მეტად, ვიდრე სხვა. ეს იცოდა მასწავლებელ-მოსწავლემ, ამიტომაც იჯირითეს. ხალხმა შეუნდო მათ - ქვეყნის ხარჯზე. დასტურად 2008 წლის ცეცხლიანი აგვისტოს ზარ-ზეიმი ჩაითვლება, პარლამენტის წინ გამართული.

რა მოიტანა 2008 წლის აგვისტომ? უპირველესად კავკასიაში ძალთა სხვაგვარი კონფიგურაცია.

აგვისტოს ომმა წარმოშვა 2 საერთაშორისო სუბიექტი - აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის სახით.

- გაყო საქართველოს ტერიტორია ორ სუპერ სახელმწიფოს შორის.

- გააფართოვა რუსეთის გავლენა კავკასიაში.

- მსოფლიო დაარწმუნა, რომ რუსეთთან ხუმრობა ცეცხლით თავდება.

- დასავლეთს დაანახა, რომ რუსეთი უკან არ დაიხევს სამხედრო პასუხში.

- საქართველოს ტერიტორიაზე დააფუძნა ორი რუსული სამხედრო ბაზა, რის ვაი-ვაგლახით გაყვანილი სტამბოლის გადაწყვეტილებით.

- გააფართოვა ამერიკული გავლენა რუსეთის ოკუპაციისგან დარჩენილ ტერიტორიაზე.

სხვა მნიშვნელოვან მომენტებსაც აქვს ადგილი, ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

2008 წლის შემდეგ საქართველომ მიიღო არნახული დახმარება აშშ-ს და ევროკავშირის მხრიდან - 4,5 მილიარდი დოლარი. თანხის არამიზნობრივმა, უკონტროლო ხარჯვამ გაალაღა საქართველოს ხელისუფლება, მას დიდი თავდაჯერება შემატა.

სამი წლის განმავლობაში პრეზიდენტმა და ნაციონალურმა მოძრაობამ იმდენად გაიმყარეს მმართველობითი ფესვები, რომ იოლად შეძლეს კონსტიტუციის შეცვლაც, საკუთარ ტანზე მორგებით, ადგილობრივი არჩევნების მოგებაც და არაერთხელ ხალხის ისე დაბეგვაც, მკვლელობით, უარესს რომ არ ექნებოდა ადგილი.

ხალხი, ბოლო სამი წლის განმავლობაში ისე შეეჩვია ხელისუფალთა მიერ კვების პროდუქტებსა და პირველი მოხმარების საგნებზე ფასების სუბიექტურ მატებას, პოლიციის მიერ ხალხის ჟეჟვას, ყოველდღიურ შეურაცხყოფას, მსგავსს რომ ადგილი არ ჰქონია დამოუკიდებლობის სხვა წლებში.

პრეზიდენტისა და მისი გუნდის აღვირახსნილობას მეთოდურად, თანმიმდევრულად მხარს უჭერს აშშ-ს გარკვეული წრეები, ჟურნალ-გაზეთები. აგვისტოს განმავლობაში არაერთხელ შეგვახსენეს მათ თავი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ამერიკის სენატორთა რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით.

ცხადია, ასეთი გადაწყვეტილება ჰაერიდან არ მოდის, ის გარკვეული ინტერესის საფუძველზე იქმნება, საფუძვლად კი ისევ და ისევ საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევა. სწორედ მისი დაბეჯითებული როკვით, მნიშვნელოვანი ფულის ტრიალით, ქვეყნდება ანტირუსული მასალები აშშ-ს პრესაში, ხდება საქართველოზე სარეკლამო ვიდეო-ფილმების გადაღება და სი-ენ-ენ-ზე გაშვება, ჰოლივუდის მიერ ბოევიკის მსგავსი ფილმის - „აგვისტოს ხუთი დღის“ გადაღება, ამერიკელ სენატორთა მიერ სენატში რეზოლუციის ინიცირება და სხვა.

ერთის შეხედვით ამაში თითქოს ცუდი არაფერია, მაგრამ მხოლოდ ერთის შეხედვით. როგორც აღვნიშნე ყოველი მსგავსი ქმედება ფულთანაა დაკავშირებული, თანაც დიდთან, თანაც ესოდენ აუცილებელთან გაძვალტყავებული საქართველოს მოსახლეობისათვის. არის სხვაც - ფულზე მნიშვნელოვანი - რუსეთის გაღიზიანების ფაქტორი და აქედან გამომდინარე მის მიერ ისეთის იძულებით კეთება, რასაც 2008 წლის აგვისტოში ჰქონდა ადგილი.

ევროკავშირის სპეცკომისიის დასკვნის მიხედვით, 2008 წლის საქართველოს ავანტიურამ აიძულა რუსეთი ომი დაეწყო, რასაც მოჰყვა რუსეთის მიერ ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლობის აღიარება. მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ აღიარება გამოწვეული იყო სააკაშვილის მილიტარისტული განცხადებებით, რასაც ადგილი ჰქონდა იმ აგვისტოში. მედვედევმა აღნიშნა, რომ ომის დაწყებაში გარკვეული წახალისება აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდანაც შეინიშნებოდა.

რუსეთის გამაღიზიანებელი განცხადებებით 2011 წლის აგვისტო წააგავს 2008 წლის აგვისტოს, ერთის განსხვავებით - მაშინ ავანტიურას ომი მოჰყვა. მედვედევის განცხადებით, დღეს რუსეთი ომს არ აპირებს. ან რაღაში სჭირდება, როდესაც ოკუპირებულის საკუთრებამდე გადაქცევას უომოდაც შეძლებს და ამაშიც უდიდესი წვლილი ისევ საქართველოს ხელისუფლებას და აშშ-ს პოლიტიკურ წრეებს შეაქვთ.

რუსეთის პრემიერმა პუტინმა ერთ-ერთი შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთება იქაურების სურვილის მიხედვით გადაწყდება. იქაურებს ასეთი სურვილი, კარგა ხანია აქვთ. მართალია მედვედევმა დაგვამშვიდა, რომ ამჯერად ამის არც იურიდიული და არც ფაქტიური საფუძველი არ არის, მაგრამ ჯერ-ჯერობით. რაც მთავარია, ითქვა ის, რაც არასდროს თქმულა ბოლო 20 წლის განმავლობაში, თუნდაც პუტინის პრეზიდენტობის დროს. და ითქვა ამჯერადაც ქართულ-ამერიკული ტანდემის გამოწვევით.

რომ იტყვიან - თქმას ზოგჯერ უთქმელობა სჯობს, მაგრამ იცის ეს საქართველოს ხელისუფლებამ? ამერიკის სენატზე არაფერს ვამბობ, ვინაიდან მისთვის სულ ერთია საქართველოს 70 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია ექნება თუ 20 პროცენტით ნაკლები.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"