ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
26.07.2011
სააკაშვილი, კიტჩი და ჟურნალისტები

სულ ცოტა ხნის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ "პიარის დიდოსტატს" - სააკაშვილს მედიასთან ურთიერთობა საბოლოოდ გაუფუჭდებოდა. ამ შემთხვევაში ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებულ ფოტორეპორტიორებს როდი ვგულისხმობ;

სკანდალის აგორების შემდეგ სააკაშვილმა ბათუმში მორიგი "რედისონ ბლუ" გახსნა და კიდევ ორ ჟურნალისტს მიაყარა ქოქოლა. ეს არც პირველი შემთხვევა იყო და არც უკანასკნელი, მაგრამ საყურადღებო ის არის, რომ ამჯერად ჟურნალ "ცხელ შოკოლადსა" და რადიო "თავისუფლების" ბლოგერს შეეხო პრეზიდენტის “მსახვრალი ხელი”:

"ერთი მცირეტირაჟიანი ფერადი ჟურნალი წერს, ვის რად უნდა შენი კიჩი არქიტექტურული ბიჟუტერია. ამ კიჩის სანახავად მე თვითონ უარს ვამბობ სიღნაღში სიარულზე. ამაზე ერთადერთი პასუხია – ვაი შენს პატრონს. მე არ ვსაუბრობ მის გონებრივ შესაძლებლობაზე. არავინ მინდა გავაკრიტიკო, მაგრამ ამას ხომ ჰგონია თავი ძალიან განათლებული. ეს არის რუსეთის მიერ ჩამოყალიბებული მონის კლასიკური ტიპი, რომელსაც ჰგონია, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ჩამორჩენილები, გამოუსწორებლები და ჩვენგან არასოდეს არაფერი დადგება. ამ აზროვნებას ანგრევს `რედისონი~ და `შერატონი~. საქართველოში მიმდინარე მშენებლობებისა და ქვეყნის აღმშენებლობის კრიტიკა მხოლოდ ყვითელი პრესიდანაა".

"რედისონი" და "შერატონი" რომ აზროვნებას ანგრევს, ეს ქართულმა საზოგადოებამ ფეხმოტეხილი და ტყინშერყეული დიდმოხელეების მაგალითზეც დაინახა. აჭარის ლეიბორისტების ლიდერმა დავით რობაქიძემ საჯაროდ განაცხადა იმ სექს-სკანდალის შესახებ, რომელიც ბათუმის აუზში მოხდა. მეორე დღეს მთელმა ბათუმმა იცოდა ეს ამბავიო - განაცხადა რობაქიძემ. ფოტორეპორტიორების დაპატიმრებაც უმალ ამ სკანდალს დაუკავშირდა. თუმცა, სააკაშვილის ბათუმურ განცხადებას მივუბრუნდეთ.

ქართულ პრესაში იმდენი რამ იბეჭდება სააკაშვილისეულ კიჩსა თუ ფასადურ კეთილდღეობაზე, რომ ამ ორი წერილისთვის მას თითქოს ყურადღებაც არ უნდა მიექცია, მაგრამ საქმეც სწორედ ის არის, რომ "ჯაშუში რეპორტიორების" საქმის რღვევამ სააკაშვილს რეაქცია გაუმძაფრა სწორედ ლიბერალური მიმართულების ჟურნალისტების კრიტიკაზე. ისიც თვალსაჩინო იყო, რომ მისმა შტატიანმა ქომაგებმა ამ შემთხვევაში სრული ფიასკო განიცადეს: ხელისუფლების მოქმედებათა დაცვა მეტისმეტად რთული და არაპოპულარული აღმოჩნდა.

ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ჟურნალისტები და მედიაექსპერტებიც კი იმდენად აღაშფოთა მომხდარმა, რომ მათ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრა მოითხოვეს. სიტყვამ მოიტანა და, გადახაზულ ფოტოაპარატიანი მაისურები, რომლებიც საპროტესტო აქციებზე გამოსულ ჟურნალისტებს ეცვათ, მომლაპარაკებლებს არ სცმიათ. რატომ მიმართეს მათ შს მინისტრს, როცა საკითხის გადაწყვეტა პროკურატურის კომპეტენციაში იყო, უცნობია. ისევე, როგორც საჯაროდ მოთხოვნილი შეხვედრის ნაცვლად კამერების გარეშე საუბარზე დათანხმება. ბედის ირონიით, ამჯერად ჟურნალისტებმა ზუსტად ისე იმოქმედეს, როგორც ოპოზიციამ, რომელსაც თავის დროზე უპრინციპობას უწუნებდნენ.

კიდევ უფრო უცნაური იყო მერაბიშვილისგან იმის მოთხოვნა, რომ მას საქმისთვის გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა. მისმა უწყებამ კი დააკავა ფოტორეპორტიორები, მაგრამ გამოძიებასთან მას არანაირი საქმე არ უნდა ჰქონოდა. მიუხედავად ამისა, შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, მერაბიშვილმა გაიკვირვა, რომ ადვოკატებს საქმის ყველა მასალის არგახმაურებაზე აქვთ ხელი მოწერილი. მისი თქმით, ადვოკატებს მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტის შინაარსის არგახმაურების ვალდებულება აქვთ.

თუმცა აქ ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ შეხვედრაზე მისულმა არც ერთმა ჟურნალისტმა არ იკითხა: რატომ არ არის პასუხისგებაში მიცემული არც ერთი მოხელე, ვისაც სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა და შესაბამის უწყებებში რეჟიმის უზრუნველყოფა ევალებოდა? მით უფრო, რომ კანონი "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" ამას პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტროს ავალებს!

ფოტორეპორტიორების საქმემ არა მარტო ხელისუფლების, არამედ არასამთავრობო სექტორისა და მედიის კომპეტენტურობის დეფიციტიც გამოამჟღავნა. არ დაისვა ის შეკითხვები, რომელიც უნდა დასმულიყო, ადვოკატებმა ხელი მოაწერეს იმას, რაზეც არ უნდა მოეწერათ, საზოგადოებამ ფართო პროტესტი არ გამოხატა. და მიუხედავად ამ ნაკლოვანებებისა, მედიამ ამჯერად გამარჯვება მოიპოვა. მართალია, ეს გამარჯვება მცირეა, რაკი დაკავებულებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და, შესაბამისად, ისინი ბრალეულებად ითვლებიან, მაგრამ ეს მაინც გამარჯვებაა. ქართული მედიის ისტორიაში ეს სოლიდარობის ერთადერთი შემთხვევაა. შეგახსენებთ, რომ ამგვარი მობილიზებით ჟურნალისტებს `სამშობლოდან~ გამოსახლების შემდეგაც კი არ უმოქმედიათ.

ყურადღებას იქცევს ისიც, რომ ჟურნალისტებმა პირველად მიმართეს არა მასობრივ აქციებს, არამედ ე.წ."კრეატიულს", რომელიც ბევრად უფრო ეფექტური და ეფექტიანია. ფოტორეპორტიორების გათავისუფლებისთანავე პარლამენტის წინ `მაესტროს~ დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა მონოაქცია ჩაატარა მოთხოვნით "თავისუფლება კოჭოიას!" მიუხედავად მისი აშკარად იუმორისტული ხასიათისა (ან იქნებ სწორედ ამის წყალობით), მამუკა ღლონტმა კოლეგებსა და საზოგადოებას შეახსენა, რომ გამოხსნილი კოლეგების ფონზე მედიამ არც ის ადამიანები უნდა დაივიწყოს, რომლებიც უსაფუძვლო ბრალდებებით იხდიან სასჯელს.

ჯაშუშური სკანდალის მთელი დრამატურგია მოწმობს, რომ მათი დაპატიმრების გადაწყვეტილება იმპულსური იყო, ხოლო ვინ არის ამ ქვეყანაში იმპულსური ადამიანი, რომელზეც სხვათა სიცოცხლე და უსაფრთხოებაა დამოკიდებული, - საყოველთაოდ ცნობილია. მოქმედებდნენ ძველი, უტყარი ბოლშევიკური მეთოდით: "კაცი იყოს, თორემ საქმე ყოველთვის შეიკერება!" საქმე ვერ შეიკერა, რადგან ყველა მტკიცებულებას ავტომატურად მოჰყვებოდა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხი. არა მარტო ამიტომ, ცხადია. იმიტომაც, რომ სკანდალმა EPA-ს და "ალია-ჰოლდინგის" კარგად გააზრებული მოქმედების წყალობით საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. თუ ვახტანგ მაისაიას საქმეს გავიხსენებთ, მაშინ მედია და საზოგადოება ასე მძაფრად არ დაინტერესებულა. სავარაუდოდ, მის შემთხვევაშიც საქმე ასევე მოუქნელად იყო ნაკერი.

ასეა თუ ისე, მედიამ მოახერხა კოლეგების დაცვა, მაგრამ რამდენად შეძლებს იგი სოლიდარობის შენარჩუნებას, ჯერჯერობით უცნობია. პოლიტიკური პროცესების მაგალითზე, ჟურნალისტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი ერთიანობის დარღვევისთვის ხელისუფლება ყველაფერს იღონებს. ამ გამწვავებულ ვითარებაში თამარ ამაშუკელისა და გოგი გვახარიას გაქილიკება მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილი ჟუნალისტთა ლიბერალურ ფრთაზეა გამწარებული, რომელთაც ვერ მოახერხეს "ჯაშუშური სკანდალის" იდეოლოგიური უზრუნველყოფა.

თავად "წითელი ზონის" ავტორმა მაინც "პირი მობანა" სააკაშვილს, წერილი წაკითხული არ ჰქონდა და ციტატა კონტექსტის გაუთვალისწინებლად წაიკითხაო, მაგრამ იქვე თამარ ამაშუკელისთვის ბოდიშის მოხდა ურჩია. არც ის დაავიწყდა, რომ სააკაშვილმა თავად მისი სახელი არ ახსენა. "მას რომ ეთქვა, აი, `ინტელექტუალი გვახარია წერს რადიო თავისუფლების~ ბლოგზე ამას და ამას, ჩემს ბლოგს ხომ ის ხალხიც წაიკითხავდა, ასეთი ინტერესით რომ უსმენდა მას სასტუმროს გახსნის ცერემონიალზე. ჰოდა, ბლოგს რეიტინგი გაეზრდებოდა. ამის მერე აღარ იტყოდნენ გვახარია არარეიტინგულიაო". ერთი სიტყვით, სხვა ყველაფერი წესრიგშია, ერთადერთი, სააკაშვილს გვახარიას საავტორო უფლებები დაურღვევია. ჰო, კიდევ ერთი პრობლემა აქვს საქართველოს: გვახარიას "არარეიტინგულს" უწოდებენ!

ბლოგში გვახარიას სხვა ტექსტიცა აქვს, რომელშიც აუტანელი ვითარების აღწერის შემდეგ მოგვიწოდებს: "დავარწმუნოთ, შევარცხვინოთ, დაველაპარაკოთ, დავცინოთ, რაღაც ვქნათ. ოღონდ ნუ ვიქნებით გულგრილები. სხვა გზა არ არსებობს – არჩევნები ახლოვდება".

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ფოტორეპორტიორების საქმემ მოიტანა, სწორედ ხელისუფლების მიმართ დაცინვის ინტონაციაა, რომელიც უკვე აშკარა და საგრძნობია. ის კი, რასაც დასცინი, ფაქტობრივად უკვე დამარცხებული გყავს. სკანდალის დასაწყისშივე სააკაშვილის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მომხდარი ფაქტი უზარმაზარი დარტყმა იყო მიხეილ სააკაშვილისთვის. ხალხმა ჯერ ამაზე იცინა, ხოლო შემდეგ იმ აბსურდზე, სადამდეც მივიდა ეს დაკვეთილი საქმე.

გვახარიას ტექსტის კომენტირებისას სააკაშვილმა მისი ფრაგმენტი მოიტანა: "დასვენების დღეებში რიყის პარკთან მანქანის გაჩერება საკმაოდ რთულია. პარასკევს საღამოს მთელი ეს ტერიტორია, მეტეხის ხიდი, საფეხმავლო, მშვიდობის ხიდი, ახალი პარკი, აბანოთუბანი ხალხით არის სავსე. ზუსტად ვერ გავიგე, რას აკეთებდნენ. ბავშვებიც მოიყვანეს. ეს ახალგაზრდები რაღამ მოიყვანა აქ?.. არ მესმის, მართლა არ მესმის, რატომაა სასიამოვნო სეირნობა. არაფრით არ მესმის, რა უხარია ამ ხალხს". სააკაშვილმა დასძინა: "ესენი ვერასოდეს ვერ გაიგებენ. დაცინვა ჩემი სტილი არ არის, მაგრამ ამის ავტორი არ შემიძლია არ გავაშაყირო".

თუ ტექსტს ყურადღებით გადაიკითხავთ, დაინახავთ, რომ ნეგატიური კონტექსტის მიუხედავად, მასში სწორედ ხელისუფლების "აღმშენებლობის" ნიმუშებია ჩამოთვლილი. რა ვუყოთ მერე, თუ ვინმე მელანქოლიურ ბლოგერს არ ესმის, ხალხი რისთვის სეირნობს, ეს პარკები, ხიდები, საფეხმავლოები ხომ მაინც აშენდა? მაგრამ სააკაშვილი უკვე მისი მიღწევების ჩამოთვლასაც ვეღარ ხედავს. ამიტომაც თქვა გვახარიამ: წერილი წაკითხული არ ჰქონდა და ციტატა კონტექსტის გაუთვალისწინებლად წაიკითხაო. გააშაყირებს თუ არა სააკაშვილი გვახარიას, ამას საქართველოს მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე პრეზიდენტზე შაყირობს, შედეგები აუცილებლად მოჰყვება.

ნანა დევდარიანი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"