ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
26.07.2011
მრავალი კითხვა დასავლელს

ჟურნალისტთა დაპატიმრება იმ გრძელი ჯაჭვის ნაწილია, რომლის დასასრული არ ჩანს. კვირა ისე არ ჩაივლის, მორიგი „ჯაშუშის“ სატელეფონო, საიდუმლო საუბრის ტელეშოკი არ ჩაგვიტარონ. საზოგადოება მიეჩვია „ჯაშუშების“ ცქერას. მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიაჩნია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რა სჯობს „ჯაშუშური“ სერიალების ყურებას?

ხელისუფალთა მიერ შემოთავაზებული ტელესერიალები წყლის წვეთებივით იდენტურია, თუმცა არის პატარა ნოვაციაც - თუ წინათ ცდილობდნენ მაინც „ჯაშუშური“ ქმედებისათვის დამაჯერებელი ელფერის მიცემას, დღეს პირდაპირ გვაწვებიან - ცნობილი გამოთქმისა არ იყოს - ეს კიტრი პომიდორია, უნდა ჭამოო.

სამართალდამცავებიც ადამიანები არიან და უნდა შევუნდოთ. ხუმრობა ხომ არ არის ახალ-ახალი ჯაშუშური ისტორიების ცხობა?! ამდენად დაუჯერებელი, უნდა დავიჯეროთ.

ტელევიზიების შემყურე საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილს სჯერა, ვინაიდან მისი ფსიქიკა რვაწლიანმა მედიურმა ზეწოლამ გადააგვარა. ამ ნაწილში სისტემატურად გაისმის საქართველოში რუსეთის აგენტურის სიმრავლეზე.

ამას წინათ ინტელიგენციის წარმომადგენელი მიმტკიცებდა - ყველა ძველი „კაგებეშნიკი“ რუსეთის აგენტიაო, უფრო მეტიც - კომპარტიისა და კომკავშირის მუშაკებიც პოტენციური აგენტები არიანო. მსგავსი მოსაზრება მუსირებს ქვეყანაში, რაც იმის მაუწყებელია, რომ პარლამენტის მიერ მიღებულმა ლუსტრაციის კანონმა თავისი საქმე გააკეთა - შეფარულად (ჯერ-ჯერებით) დააპირისპირა საზოგადოება.

გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 70% ფოტოგრაფებს ჯაშუშებად მიიჩნევს. თუ ეს ციფრი ყალბია და ასეც არის, ნახევარი მაინც ხომ იზიარებს ხელისუფალთა მოსაზრებას? ხალხის ეს კატეგორია ხელისუფლების პროპაგანდის მონაა და ასეთად დარჩება კარგა ხნის განმავლობაში.

დამოუკიდებლობის ოცმა წელმა ნათელჰყო, რომ საბჭოთა საქართველოში მცხოვრებთა თვითშეგნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გაცილებით მაღალი ხარისხის მატარებელი იყო, ვიდრე დღევანდელთა.

გავიხსენოთ 1956 წლის 9 მარტის მასობრივი გამოსვლები, სისხლიანი დასასრული, მიუხედავად ამისა დისიდენტური მოძრაობის გააქტიურება, იატაკქვეშა გამოცემები, კონსტიტუციაში ქართული ენის დატოვებისთვის მასობრივი საპროტესტო გამოსვლა, 9 აპრილის მიტინგები, სისხლიანი დასასრული და მიუხედავად ამისა - ბრძოლა.

რა გამოდის - ურჩხულ საბჭოთა კავშირს ნაკლებად უშინდებოდა გულანთებული ქართველი თუ ის ურჩხული არც ისეთი იყო, როგორსაც ხატავენ? დემოკრატიული საქართველოს ხელისუფლება გაცილებით სასტიკია საბჭოეთზე თუ ხალხი შეიცვალა - შეუპოვარი, მებრძოლი პატრიოტიდან დამჯერ ჯუჯულაზე?

ტელეკომპანიების ეკრანს ვერ ცილდება „დემოკრატიული“ აღმშენებლობის სიუჟეტები. ამ ეკრანს კაშპიროვსკი-ჩუმაკის მომნუსხავი ეფექტი აქვს საზოგადოების ზარმაც ნაწილზე, რომელსაც არათუ კითხვა, დაღეჭილი ინფორაციის მიღებაც ეზარება.

რამ მიგვიყვანა დაცემის გზამდე? ასეთები ვიყავით საბჭოეთის დროს? იქნებ იმჟამინდელი ვითარება არ გვაძლევდა ჩვენი ნამდვილი ბუნების გამოვლინების შანსს?

დამოუკიდებლობის წლებმა ამოატივტივა ის „სიკეთეები“ ნებისმიერ ერს რომ ბეჭებზე დასცემს. მავანი შემედავება - ყველა ერში არსებობს ფლიდობა, გაუტანლობა, მაამებლობა, შემგუებლობა, რაღა ქართველი ამოიჩემეო. გეთანხმებით, მაგრამ ამ მანკიერებებთან ერთად სხვაც დავინახე ყირგიზში, ეგვიპტელში, ტუნისელში, სირიელში, სხვებში - ისეთი, რასაც აქ ვერ ვხედავ. ჩვენ ერთი მიტინგის, ერთი აფეთქების ხალხი ვართ - ემოციური, არა თანმიმდევრული.

საშუალო ასაკის თაობას კარგად ახსოვს ველომრბოლელი ომარ ფხაკაძის მოულოდნელი გამარჯვება და მსოფლიო ჩემპიონობა. მაშინ საქართველოში ნორმალური ტრეკიც არ იყო. ამ გამარჯვების შემდეგ ბრძენმა მავანმა ბრძანა - წარმატების შესანარჩუნებლად თანმიმდევრობა არ გვეყოფაო. ასეც მოხდა.

იცის ეს ყველაფერი ხელისუფლებამ, არანაკლებად მისმა მასწავლებელმა დასავლეთმა. და არის ორივე მხრიდან ზეწოლა დათრგუნული ცხოვრებისათვის გამზადებულ საზოგადოებაზე. ასეთთან ურთიერთობა იოლია. ასეთს სისტემატურად ჩასძახებ და ისიც შეითვისებს, რომ დემოკრატია, წარმატებული სახელმწიფოს მშენებელი, დედამიწის ზურგზე პირველი. ტყუილად კი არ გაისმის ტელეეკრანებიდან - „პირველად საქართველოში“.

ქართულ საზოგადოებას სჯერა ამ ზღაპრების, სჯერა ნატოში და ევროკავშირში შესვლის, სჯერა ხვალინდელი წარმატებების - ამიტომაც გაიძახის - აცალეთ მიშას და ნახეთ რას გააკეთებსო. ის დარწმუნებულია, რომ ისტორია სააკაშვილის პერიოდს ყველაზე წარმატებულად შეაფასებს. ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს, მაგრამ როგორ, თუ ირგვლივ დეგრადაციაში გადასული გულუბყვრილობაა? როდესაც ხელისუფალთა მოქმედებას საზღვარი არ აქვს? როდესაც მანკიერებას ბოლო არ უჩანს? როდესაც უკმეხად გიმტკიცებენ, რომ შავი, თეთრია, რეპრესიები დემოკრატიაა?

ის, რომ აღნიშნულში ხელისუფალთა ღვაწლი უკიდეგანია, ცნობილია, მაგრამ გასაკვირია დასავლეთის მოქმედება. მათ გასაგონად მინდა ვთქვა - გავიგეთ ბატონებო, რომ საქართველომ თქვენი დახმარებით ეკონომიკური წარმატების ჯომოლუნგმას მიაღწია, გავიგეთ, რომ თქვენი ძალისხმევით მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიულ საზოგადოებას ვაყალიბებთ, გავიგეთ, რომ ჩვენისთანა რეფორმატორი ხელისუფლება არავის ჰყავს, გავიგეთ, მაგრამ . . .

თუ ასე კარგები ვართ, რატომ ვართ დუხჭირები, რატომ იზრდება ნაგვის ყუთებში მქექავ ქართველთა რაოდენობა, რატომ იზრდება ქუჩებში მათხოვრების კონტინგენტი, რატომ დატოვა და ტოვებს საქართველოს მოსახლეობის შემოქმედებითი ენერგიის მატარებელი ქართველი, რატომ იხვეწება ის უცხოეთში სამარადისოდ, რატომ ტარდება ყველა დონის არჩევნები გაყალბებით, რატომ არის მდიდარსა და ღარიბს შორის საარაკო განსხვავება, რატომ არის რეკორდული უმუშევრობა, ინფლაცია, რატომ გარიყეს ცხოვრებიდან 40 წლის ასაკს მიღწეული ადამიანები, რატომ იწყებენ ომს და შემდეგ სხვას აბრალებენ, რატომ ხარჯავენ სახელმწიფო ბიუჯეტს საკუთარი სურვილიდან გამომდინარე, ხალხთან შეუთანხმებლად, რატომ არის სრული სიბნელე ვისგან რა ვალს იღებს ხელისუფლება, რამდენი წლით, რა მოელის ქვეყანას ვალის გადაუხდელობის გამო, რატომ ატერორებს ხელისუფლება ხალხს და ამ მიზნით რატომ აცხადებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს რუსეთის ჯაშუშებად?

ჩვენო კეთილის მსურველო დასავლელებო, რატომ სერიოზულად არ უდგებით საზოგადოების მიერ დასმულ ამ და სხვა კითხვებს? რატომ არ გააკეთეთ კატეგორიული განცხადება დაპატიმრებულ ფოტოგრაფებთან დაკავშირებით? რატომ უგორებთ კოჭს ხელისუფლებას ასე თავდავიწყებით? ერთ-ერთი სულ ახლახანს მოვისმინეთ ევროკავშირის კომისარ შტეფან ფულესაგან ბათუმში ჩატარებული კონფერენციის დროს. მან სიტყვა არ დაიშურა რეფორმატორი და დემოკრატი საქართველოს ქება-დიდებისათვის და ეს მაშინ, როდესაც ფოტოკორესპონდენტები ჯერაც პატიმრობაში იყვნენ.

იქნებ ოდესმე გვაღირსოთ პასუხი ჩამოთვლილ კითხვებზე, პირდაპირი და არა ისეთი, თქვენ თვითონაც რომ ვერ იგებთ - ჩახლართული, არაფრის მთქმელი წინადადებებით.

და მოხდა სასწაული - ფოტოკორესპონდენტები გაათავისუფლეს. სასწაული არაფერია უდანაშაულო პირთა გათავისუფლებაში. სასწაული ისაა, რომ სახელმწიფო ღალატსა და ჯაშუშობაში დადანაშაულებულებს, ცხადია, სასამართლოს გარეშე, პირობითი სასჯელით ათავისუფლებ. მსგავს მაგალითს ვერსად ნახავთ. საინტერესოა, დღეს რას იტყვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვაშაძე, გუშინ, რომ გვპირდებოდა - მათ მძიმე დანაშაულის სხვა ფაქტებს მალე გაიგებთო. ამას აცხადებს მინისტრი, რომელსაც „ჯაშუში“ ფოტოგრაფისათვის ლანგარზე აქვს დადებული ზესაიდუმლო დოკუმენტაცია. რა გამოდის - ფოტოგრაფი ჯაშუშია, ხოლო საიდუმლო დოკუმენტაციის უნიათო დამცველი, უმწიკვლო კრავი?

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"