ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
"სკივრი"
21.07.2011
ნაციონალური სტატისტიკის თავისებურებანი

“მსოფლიოს №1 რეფორმატორი ქვეყნის“ ხელისუფლება და პირადად მიხეილ სააკაშვილი მუდმივად ტრაბახობს „არნახული“ მიღწევებით. ამის დასადასტურებლად მოჰყავთ რაღაც საერთაშორისო რეიტინგები, რომლებსაც, ავი ენების თქმით, პოლიტიკური შეკვეთის და კორუფციის სუნი უფრო ასდით. ამავე დროს, საქართველოს საკუთარი ოფიციალური სტატისტიკა ბევრ საოცარ ფაქტს შეიცავს.

ავიღოთ, მაგალითად, მშენებლობის სექტორი. როგორც ვიცით, პრეზიდენტად წოდებული მიხეილი თავის თავს „აღმაშენებლად“ მიიჩნევს და აცხადებს, რომ არასოდეს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში იმდენი არ აშენებულა, რამდენიც დღეს შენდება. ეს, რა თქმა უნდა, „მამალი“ ტყუილია, რადგან მიხეილის ეპოქის შედარებაც კი არ შეიძლება, ვთქვათ, საბჭოთა პერიოდთან. მაგრამ როგორ დავადგინოთ ეს ობიექტურად? გაუთავებელი „პიარის“, ერთი და იგივე ობიექტის სამ-სამჯერ გახსნის, ფასადების ღებვის და მხატვრული მინათებების ტელევიზორში მაცქერალი მოსახლეობა, რა თქმა უნდა, ვერ აანალიზებს, რა შენდება და რა რაოდენობით.

ამისთვის, წესით, უნდა არსებობდეს სტატისტიკის სამსახური, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით გაანალიზდეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, შეფასდეს განვითარების ტენდენციები. სტატისტიკა შესანიშნავი იარაღია ცრუპენტელა და მკვეხარა მმართველების ადგილზე მოსასმელად, რომლებიც ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრას ცდილობენ. სწორედ ამიტომ, ყველა ეპოქაში ძლიერნი ამა ქვეყნისა ცდილობდნენ სტატისტიკური ინფორმაციის გაყალბებას და მის წარმოჩინებას სათავისოდ.

სააკაშვილის რეჟიმმა აქაც ორიგინალობა გამოიჩინა. რა თქმა უნდა, გაყალბებაზე მას უარი არ უთქვამს. ავიღოთ თუნდაც სააკაშვილის მიერ საჯარო გამოსვლებისას დაბრეხვებული ფანტასტიური ციფრები, რომლებიც აბსოლუტურად აცდენილი არიან რეალობას და „მიხეილის რეალობას“ ქმნიან მხოლოდ (სამწუხაროდ, ამ რეალობაში ცხოვრობს მოსახლეობის დიდი ნაწილი). მაგრამ, გარდა გაყალბებისა, სააკაშვილის სტატისტიკა გამოირჩევა კურიოზული შეუსაბამისობებით და ზოგან კი „შავი ხვრელების“ არსებობით.

რომ დავუბრუნდეთ ისევ მშენებლობის სექტორს, ისმის მარტივი შეკითხვა: რა არის მშენებლობის სფეროს ყველაზე მთავარი და საინტერესო მაჩვენებელი მოსახლეობისთვის? ნებისმიერი ადამიანი უპასუხებს ამ კითხვას, რომ ეს არის წლის ან რაიმე პერიოდის განმავლობაში აშენებული ფართის (საცხოვრებელი თუ კომერციული) მოცულობა კვადრატულ მეტრებში. რა თქმა უნდა, აშენებული ფართი ხელმისაწვდომიც უნდა მოსახლეობის ფართო ფენებისთვის იყოს ფასის მიხედვით. ეს უმარტივესია. მაგრამ ამ ძირითად მონაცემს ფაქტიურად ვერსად ნახავთ. ყოველ შემთხვევაში, ის არ არის მოცემული სტატისტიკის სამსახურის საიტზე. სამაგიეროდ, ნახავთ ასეთ მონაცემს: გამოშვებული პროდუქცია, მლნ.ლარი. ძნელი სათქმელია, რა იგულისხმება ამ „გამოშვებულ პროდუქციაში“ - ცემენტი, ქვიშა, არმატურა თუ ბინები? თუმცა, აქაც გვაქვს კურიოზები. მაგალითად, სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, ყველაზე მეტი პროდუქცია სამშენებლო სექტორს გამოუშვია ... 2009 წელს (1 752 მლნ. ლარი). ეს ის წელია, როცა ომის და კრიზისის შემდეგ, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში, თითქმის ყველა მშენებლობა გაჩერებული იყო და მეორადი ბინებიც კი არ იყიდებოდა. მთელ მსოფლიოშიც დაცემული იყო ეკონომიკური აქტივობა. არ არის ეს აბსურდი?

მაინც რატომ არის გასაიდუმლოებული სამშენებლო სექტორის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელი - აშენებული საცხოვრებელი და კომერციული ფართის რაოდენობა კვადრატულ მეტრებში? იმიტომ, რომ მისი გამოქვეყნება ხელს არ აძლევს სააკაშვილის ხელისუფლებას. მაშინ ხომ ყველა დაინახავს, რა „აღმაშენებელიც“ არის პრეზიდენტად წოდებული მიხეილი. შეთხუპნული ფასადების მიწერა აშენებულ ფართობზე არც ისე ადვილია. ვერც ტელეგახსნებს მიაწერ მას და ვერც ტამპონის ფორმის ხიდს თუ მახინჯ ქანდაკებებს. საერთოდ, ამ მაჩვენებლის ფალსიფიცირება საკმაოდ რთულია. ამიტომაც, მას საერთოდ არ წერენ სტატისტიკურ მონაცემებში, რომლებიც საჯარო მოხმარებისთვისაა განკუთვნილი.

განსაკუთრებით საინტერესო იქნებოდა შედარება რუსეთთან. მაგალითად, ცნობილია, რომ რუსეთში ყოველწლიურად დაახლოებით 50-60 მილიონი კვ. მეტრის საცხოვრებელი და სამშენებლო ფართი შედის ექსპლუატაციაში. ცნობილია მათი განაწილებაც რეგიონების მიხედვით. საშუალოდ, ერთ სულ მოსახლეზე რუსეთში დაახლოებით 0,4 კვ.მ. აშენებული ფართი მოდის წლის განმავლობაში. რომ შევადაროთ საქართველოს, სადაც 4 მილიონზე ცოტა მეტი ადამიანი ცხოვრობს (ისევ და ისევ სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით), გამოდის, რომ რუსეთის დონის მისაღწევად საქართველოში 1,5 მილიონ კვ. მ-ზე მეტი ფართი უნდა აშენდეს.

რამდენია ეს? თუ ავიღებთ აშენებული ბინის ფართს დაახლ. 70 კვ.მ-ს, მივიღებთ 20-25 ათას ბინას. ანუ ყოველწლიურად საქართველოში უნდა შენდებოდეს 25 ათასამდე ბინა (დაახლოებით 500 ახალაშენებული კორპუსი). 500 კორპუსი კი ჩვენში ბოლო 15 წლის განმავლობაში არ აშენებულა. ბოლო წლებში, წელიწადში ათიოდე კორპუსი თუ შენდება ქვეყნის მასშტაბით. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მშენებლობის დონე საქართველოში 25-30-ჯერ (!) ნაკლებია რუსეთის დონეზე (25-30 იმიტომ, რომ სააკაშვილის ბობოლები ვილებს ინტენსიურად იშენებენ და ესეც უნდა გავითვალისწინოთ სტატისტიკაში). იგივე შეიძლება ითქვას ბელორუსიასთან მიმართებაში, სადაც მშენებლობა, ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, რუსეთზე უფრო სწრაფი ტემპებითაც კი მიმდინარეობს. ესეც თქვენი მიხეილ „აღმაშენებელი“...

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"