ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
17.08.2011
ქართულ-რუსული ურთიერთობების ისტორიიდან
ქართულ-რუსული ურთიერთობები, რომ საუკუნეთა წინათ იღებს სათავეს, მტკიცება არ სჭირდება, ისე, როგორც ამ ურთიერთობების ყველაზე უმძიმეს პერიოდს, რასაც დღეს აქვს ადგილი. საქართველოს ყოფილ და დღევანდელ ხელისუფალთა მიერ დამოუკიდებლად არსებობის გაუსაძლისობის უმთავრეს წყაროდ საბჭოთა კავშირი და მისი მემკვიდრე რუსეთი იქნა მიჩნეული, ისტორიული წარუმატებლობის - მეფის რუსეთი. სწორედ ის ჩაითვალა ყველაზე დიდ დამნაშავედ ქართველი ხალხის, საქართველოს წინაშე.

მკითხველს ახსოვს ბუშის მასპინძლობით გახარებული სააკაშვილის სიტყვები თავისუფლების მოედანზე გამართული ზეიმის დროს. მაშინ „დემოკრატიის შუქურამ“ ბედკრული საქართველოს ისტორიულ არამართლმადიდებელ მტრებს მართლმადიდებელი რუსეთიც მიაწერა. მსგავსი შეურაცხყოფა რუსეთისათვის არავის მიუყენებია, ამდენად რუსეთის ხელისუფალთა მიერ მისი გადახარშვა არცთუ იოლია. ნათქვამია - გადახრილისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ხელისუფალის არასამართლიანი, ცილისმწამებლური რიტორიკა რომ ღრმა იარას ტოვებს ორი ხალხის ურთიერთობაზე, მტკიცება არ სჭირდება.

დღეს ჭირს იმის გათვლა, რა იქნება ხვალ ან 10-15 წლის შემდეგ, მაშინ, როდესაც სააკაშვილი და მისი გარემოცვა შორს იქნებიან ხელისუფლებისგან, მაგრამ დღევანდელი გულისწყრომა მომავალშიც არაერთხელ წამოჰყოფს თავს, შეახსენებს რა მეორე მხარეს, რომ საქართველოსთან ურთიერთობა საჩოთირო საქმეა, რომ მრუდე საქმით ნაცადი მეზობელი ნაკლებად სანდოა, რომ მასთან დამოკიდებულება დიდ სიფრთხილეს საჭიროებს და არ უნდა გასცდეს ფორმალური ურთიერთობის საზღვრებს.

ძნელად მოიძებნება ქვეყანა, რომელსაც სამარადისო მტრობა აქვს გამოცხადებული მეზობელთან და თუ არის ასეთი, ცდილობს კარდინალურად შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა. მაგალითად, სომხურ-თურქული ურთიერთობაც გამოდგება. მძიმე წარსულის მიუხედავად სომხეთი ცდილობს სრულიად ახალ ნიადაგზე 21-ე საუკუნისთვის შესაფერისი კავშირების ჩამოყალიბებას.

გლობალიზაცია, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები, მათ შორის ინტერნეტი ინტეგრაციისკენ და არა დეზინტეგრაციისკენ გვიბიძგებს. ყველასთან კავშირი, ყველასთან ურთიერთობა, მითუმეტეს მეზობელთან ნებისმიერი ხელისუფლების, მათ შორის საქართველოს, მთავარი მამოძრავებელი უნდა იყოს. ნაცვლად ამისა ყოველდღიურად გვაქვს ის, რაც გვაქვს - მეზობელი რუსეთის პერმანენტული ლანძღვა. მთელი რიგი „სიკეთეების“ მისთვის დაბრალება, შეურაცხყოფა. შეურაცხყოფაც არის და შეურაცხყოფაც, მაგრამ როდესაც ქართველ პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ტერმინოლოგია ბაზრობაზე შეყრილ, ბედის უკუღმართობისაგან გაკაპასებულ დედაკაცთა ლექსიკას ემსგავსება, აუტანელია. მსგავსი ქმედებები უპირველესად შეურაცხყოფს არა ადრესატს, არამედ საკუთარ თავს, საკუთარ ქვეყანას.

ქართველ პოლიტიკოსთა დიპლომატიური ლექსიკის არადიპ¬ლომა¬ტიურობაზე არაერთხელ იყო ნახსენები ჩემს მიერ, ცხადია „მდიდარი“ ლექსიკის მქონეთა დასახელებით. არც ამჯერად შევიკავებდი თავს, სიმრავლე რომ არ მაბრკოლებდეს, მაგრამ ერთს მაინც დავასახელებ - საგარეო საქმეთა მინისტრ ვაშაძეს, ვინაიდან თანამდებობიდან გამომდინარე სწორედ ის არის საერთაშორისო არენაზე ცუდი და კარგი ლექსიკის ექსპორტიორი. ჩვენდა სამწუხაროდ, ვაშაძე ობლად არ არის. მას გვერდს უმშვენებენ პრეზიდენტი, ნაციონალი და არანაციონალი პოლიტიკოსებიც, რომ არაფერი ვთქვათ პოლიტოლოგებსა და ჟურნალისტებზე. და არის რუსეთის წაღმა-უკუღმა ტრიალი. მეტი საფუძვლიანობისთვის უცხოური მედიის მოშველიება, ამ მხრივ ხელისუფლების საქმიანობას წუნს ვერ დასდებთ.

საქართველოს შესახებ რეკლამების მსგავსად ამერიკული ჟურნალ-გაზეთები უხვად აქვეყნებენ რუსეთის „გასაშავებელ“ და საქართველოს „გასათეთრებელ“ სტატიებს. მსგავსს ჰქონდა ადგილი გასულ კვირას, როდესაც ორმა გაზეთმა „ვაშინგტონ ტაიმსმა“ და „ნიუ-ორკ-ტაიმსმა“ „ამხილეს“ რუსული კვალი საქართველოში განხორციელებულ ტერაქტებში, მათ შორის თბილისში, აშშ-ს საელჩოსთან. ხედავთ, რა მზაკვარია რუსეთი აშშ-ს რესპექტაბელურმა გამოცემებმაც ამხილესო - ამბობდა ქართული ექსპერტობა, პლიუს პოლიტიკოსობა. ეს ორი უკანასკნელი აშკარა თავდაჯერებით გვაუწყებდა რუსეთის დივერსიული მოქმედებების შესახებ, თან გაგულისებული იმასაც ამბობდა - ეს დალოცვილი ევროპა ვეღარ უნდა ხედავდეს რუსულ ბოროტებასო?

პოლიტოლოგი გაბისონია უფრო შორს წავიდა - მან ეჭვის საბაბიც არ დატოვა, ისე თქვა - თავი და თავი მოსკოვიაო და მოუწოდა „დაბრმავებულ“ ევროპას რუსეთის იზოლაციაში მოქცევა.

პოლიტოლოგიც ამას ჰქვია - თვალს უხელს ევროპას, თან არანაკლებად ჭურში მჯდომ საკუთარ მოსახლეობას. გაბისონიას საბედნიეროდ, ჭურში მჯდომ მოსახლეობას არ აქვს ნამდვილი ინფორმაცია, თორემ ბრიყვული განცხადებისათვის მას კუდით ქვას ასროლინებდა.

რაც შეეხება „დაბრმავებულ“ ევროპას - მან ჩვენზე უკეთესად იცის, როგორ ხდება მსგავსი სტატიების ბეჭვდა, რა ჯდება ასეთი რამ. ევროპას რეალური და არა აბსტრაქტული შეხედულება აქვს საკუთარ ანუ დასავლურ მედიაზე. მერდოკის გახმაურებული ისტორიაც ხომ ამის დამადასტურებელია. გადაიხდი ფულს და ისეთ სტატიას გამოგიცხობენ, შენც რომ გაგიკვირდება.

ამ რამდენიმე წლის წინათ პარლამენტის სხდომაზე ვამხილე პოსტსაბჭოთა სივრცეში ცნობილი ექსპერტის, ამერიკელი არიელ კოენის მიერ გამოქვეყნებული ცილისმწამებლური სტატია და მოვითხოვე ავტორის, მასთან ერთად გაზეთის პასუხი. ამ ისტორიიდან ერთი კვირის შემდეგ კოენი ჩამოვიდა თბილისში და შეხვედრა გამართა ჩემთან. გულახდილი საუბრის დროს მან თქვა - მე პროფესიონალი ვარ და შეკვეთის მიხედვით ვმოქმედებო.

დავუბრუნდეთ გაბისონიას განცხადებას - რუსეთის იზოლიაციაში მოქცევასთან დაკავშირებით. საინტერესოა, გაქანებული გლობალიზაციის ხანაში, რამდენად არის შესაძლებელი ისეთი ვეებერთელა სახელმწიფოს იზოლაცია, როგორიც რუსეთია. რუსეთი ევროკავშირთან უამრავი ეკონომიკური ძაფით არის დაკავშირებული, რომ აღარაფერი ვთქვათ ენერგეტიკაზე. მალე ძალაში შევა ე.წ. ჩრდილოეთის ნაკადი, რომელიც გაზით მოამარაგებს ევროპას. მას დაემატება სამხრეთის ნაკადიც - იმავე ფუნქციით. იტყვის ყოველივე ამაზე ევროპა უარს და არშემდგარი საქართველოს სასიამოვნოდ გაწყვეტს რუსეთთან კავშირს? ძნელი დასაჯერებელია.

ძნელი დასაჯერებელია ისიც, რომ ნაციონალთა მცდელობა ქართველთა მიერ რუსეთის შეძულებაზე მიზანს მიაღწევს. ამგვარი კრიტიკითა და ლანძღვით ფონს გასვლა ძნელია - პროცესისათვის მინიმუმ სინამდვილეა საჭირო. არამყარი „სინამდვილე“ მხოლოდ წამიერი ეფექტის მატარებელია.

განსაკუთრებით მიუღებელია ორ დიდ სახელმწიფოს შორის მოქცეული პატარა ქვეყნის წამქეზებლური პოლიტიკა, რაც საბოლოო ჯამში ამ უკანასკნელისთვის საბედისწერო შეიძლება გამოდგეს. ერთ ასეთს 2008 წლის აგვისტოში ჰქონდა ადგილი. არ გვეყო?!

ბრძოლა გეოპოლიტიკური პრიორიტეტების მოპოვებისთვის გრძელდება. ათეულ-ათასობით კილომეტრზე დაშორებული ამერიკა კავკასიას საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების ზონად თვლის და ცდილობს მაქსიმალურად შეზღუდოს იქ რუსეთს არსებობა, არ დაუშვას მეორე ისტორიული მოთამაშე - ირანის პოზიციების განმტკიცება. ვაშინგტონის ამბიციები უკიდეგანოა, ოღონდ მძიმე საფინანსო-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე გაუჭირდება შორსმიმავალი გეგმების რეალიზება. ვაშინგტონის ბოლო წაფორხილება ეჭვქვეშ აყენებს ამ ქვეყნის მსოფლიოს ეკონომიკურ ლოკომოტივობას.

სულ უფრო გამოკვეთილად გაისმის მრავალპოლუსიანი მსოფლიოს შექმნის აუცილებლობაზე, რამდეიმე ვალუტით. ე.წ. ბრიჩის ქვეყნები - ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი მზად არიან იტვირთონ რეგიონული პრობლემები. ამერიკას სულ უფრო ინტენსიურად ესმის ზურგში დიდი ჩინეთის გახშირებული სუნთქვა. გავა დრო, სხვათაშორის არცთუ დიდი და ეს გიგანტი ისე ჩამოიტოვებს აშშ-ს, როგორც იაპონია ჩამოიტოვა. არც რუსეთი იქნება ხელწამოსაკრავი ქვეყანა. მისი ეკონომიკაც იზრდება. გარდა ამისა, აშშ-ნ შედარებით მას უფრო მეტი აქვს საერთო კავკასიასთან, ვიდრე შორეულ ამერიკას.

ისტორიული თვალსაზრისით, რუსეთის ინტერესები კავკასიის მიმართ მთლად ცარიელ ადგილზე არ აღმოცენებულა. ამ რთულ და ხანგრძლივ პროცესში საქართველოს სამეფოთა (ქართლ-კახეთის და იმერეთის) წვლილი განუზომელია. დასტურად რუსეთის სამეფო კარისათვის გაგზავნილი ქართველი მეფეების არაერთი წერილი შეიძლება მოვიყვანოთ.

განსაცდელში ჩავარდნილი ქვეყნის გადარჩენის მიზნით მერამდენედ ცდილობდა ერეკლე მეორე რუსეთის მხრიდან ყურადღების გამოვლინებას. ამისათვის მან საკუთარი შვილი ლევანი და კათალიკოსი ანტონი მიავლინა რუსეთს წერილით, რომელშიც ის ითხოვდა: „Удостоить нас ныне таким покровительством, дабы всем, как доброжелателям нашим, так и неприятелям видно было, что я нахожусь точным подданным российского государства и их царство присовокуплено к Российской империи.“

„Взамен покровительства и помощи Ираклий обязуется прислать к двору в качестве заложников одного из своих сыновей, а также нескольких князей и дворян. Население уплачивает в казну Империи по 70 коп. со двора. Взамен известного количество невольников и вьюков наилучшего вина, что взималось некогда мусульманами. Ираклий берется привозить ежегодно 2000 ведер в Кизляр. Наконец будет представлять солдат с такого числа дворов, с какого числа душ они набираются в Империи.“ - წერს ზ.ავალოვი თავის წიგნში „საქართველოს რუსეთთან შეერთება“.

სხვა ისტორიული ფაქტების მოყვანაც შეიძლება, რაც იმის მაუწყებელია, რომ მეფე ერეკლესათვის და ქართველი დიდებულებისათვის ერთადერთი ხსნა სწორედ ერთმორწმუნე რუსეთთან კავშირი იყო. ამიტომაც ცდილობდა ერეკლე მეორე, რუსეთის სამეფო კარის მიერ არაერთხელ გაწბილებული, თავისი არჩევანის ბოლომდე მიყვანას. რუსეთთან კავშირი მას და იმჟამინდელ საქართველოს პროგრესულად მიაჩნდა.

ისტორიის გახსენება, მითუმეტეს დამოუკიდებლად არსებობის ჟამს საშური საქმეა. მან შეიძლება ბევრი რამ გვასწავლოს, ბევრ რამეზე მიგვანიშნოს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"