ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
11.07.2011
ბადრი პატარკაციშვილის საქმის მორიგი ღალატი

აწ განსვენებული ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან, ისევე როგორც ამავე ხელისუფლების მიერ შემოგდებულ საერთაშორისო აფერისტ ”ჯოზეფ ქეისთან” ხანგრძლივი იურიდიული ჭიდილის შემდეგ გარდაცვლილი მილიარდერის ოჯახმა უარი განაცხადა ბადრის ქმნილებაზე, რომელშიც მან თავისი სული და გული ჩადო - ტელერადიოკომპანია ”იმედზე” (ისევე როგორც მის მეორე საყვარელ ქმნილებაზე - მთაწმინდის საბავშვო-გასართობ პარკზე).

რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ? გარდაცვლილი მილიარდერის დედამ, ქალბატონმა ნათელა პატარკაციშვილმა, რომლის შვილმა დაიფიცა, ბოლომდე ებრძოლა საქართველოში დიქტატურასთან, ორი წლის წინ დაბეჯითებით განაცხადა, რომ განსვენებულის ოჯახი არავითარ შემთხვევაში არ იტყვის უარს ბადრის ამ ორ პროექტზე. ხოლო ამ დღეებში, როდესაც ტელევიზიით აჩვენეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს შორის შეთანხმების ხელმოწერა, გარდაცვლილის დედა, რომელიც თითქმის ოთხმოც წელს არის მიღწეული, შესაბრალად გამოიყურებოდა, დაბნეული დედა ნაძალადევი ღიმლითა და თვალებზე ცრემლმორეული არწმუნებდა მასმედიის წარმომადგენლებს, რომ ამგვარი შეთანხმების მიღწევა ”კარგია”, და რამდენიმეჯერ ხაზგასმით გაიმეორა, რომ სწორი და კარგია ყველა ის გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს მისი რძალი, ანუ გარდაცვლილის მეუღლე, ინა გუდავაძე - ბადრის ძირითადი მემკვიდრე.

როგორც ჩანს, შესანიშნავი ადამიანის შესანიშნავმა დედამ ვეღარ გაუძლო იმ ქალის ზეწოლას, რომელმაც კარგა ხანია, ქმარი გამოიტირა და ახლა გადაწყვიტა, ცხოვრება მოიწყოს, ამასთან კი თავისი გარდაცვლილი მეუღლის პრინციპებსა და ცხოვრების საქმეს მიაფურთხა. მისი პიროვნული განსჯა, რა თქმა უნდა, არაქრისტიანულია და ამის გაკეთება არ ღირს, თუმცა უნდა მკაფიოდ განვაცხადოთ: ”იმედზე” უარის თქმა ბადრის და მთელი თავისუფლების მოყვარე საქართველოს ღალატია! ეს ცალსახაა და კამათს არ ექვემდებარება. ბადრის მტრებთან, მის ცილისმწამებლებთან და, რაც მთავარია, საერთო-ქართული საქმის მტრებთან პაქტი არის სატანასთან პაქტი. მაგრამ, როგორც ჩანს, ქალბატონი გუდავაძე ძალზე არის დაკავებული ამქვეყნიური საქმეებით და მას არ სცალია მაღალი მატერიებისთვის, რომლებიც აწუხებდა მის მეუღლეს.

ჩვენ უწინ ვამტკიცებდით, რომ პატარკაციშვილის ”შემთხვევითი” სიკვდილი ძალიან მაღალი ალბათობით დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ არის გამოწვეული (”წელიწადი ბადრი პატარკაციშვილის გარეშე”). ის, რაც ხდებოდა ბადრის სიკვდილის შემდეგ და განსაკუთრებით ამ მოსაზრების გამოთქმის შემდეგ (2009 წლის დასაწყისში), მთლიანად ამყარებს ამავე მოსაზრებას. თავდაპირველად შედგენილ იქნა მისი ბიზნეს-იმპერიის დაშლის გეგმა. მომზადდა ყალბი დოკუმენტები, მოიძებნენ ცრუმოწმეები და მოღალატეები მილიარდერის გარემოცვიდან. საქმის დაგვირგვინებას მხოლოდ თავად პატარკაციშვილის მოცილებაღა აკლდა, გეგმის განხორციელებას ხომ მხოლოდ ის ფაქტი აბრკოლებდა, რომ ბადრი ცოცხალი იყო.

ფაქტია, რომ გარდაცვლილის ოჯახმა ამერიკულ სასამართლოებში ვერ მიაღწია წარმატებას და ვერ მოახერხა ფალსიფიკაციის მთლიანად გამომზეურება, რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოზე. პატარკაციშვილის ბიზნეს-იმპერია მისი სიკვდილიდან რამდენიმე დღეში დაიშალა. ამგვარი გეგმის შედგენა და განხორციელება მხოლოდ მძლავრ სახელმწიფოებს და მათ სპეცსამსახურებს ხელეწიფებოდათ. ამგვარი ძალების გამართული და კარგად დაგეგმილი მოქმედებების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა როგორც ბადრის მოკვლა, ისე მისი ბიზნესის არევა.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"