ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
11.07.2011
რუსეთთან შე-ჯიბრი გრძელდება

საქართველოს უზომო სიძლიერის თაობაზე საქართველოს მოსახლეობას სისტემატურად და თავდაჯერებულად ახსენებენ ქართული ტელეკომპანიები. რა არ ითქმის მათი მხრიდან - ეკონომიკური წარმატებებით დაწყებული, ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი ხარისხით დამთავრებული. საქართველომ თავისი პოლიტიკის შედეგად უდიდეს წარმატებებს მიაღწია. ასეა ეს საერთაშორისო ინსიტუტების შეფასებით - გინდ დაიჯერეთ, გინდ არა.

უცხოელთა ამ მაღალ შეფასებას რომ თვით ობიექტური შემფასებელი - საქართველოს მოსახლეობა არ იზიარებდეს, გასაკვირი არაფერია, ვინაიდან მან გაცილებით სიღრმისეულად იცის ქართული „წარმატებების“ თაობაზე, ვიდრე ერთი დღით ჩამოსულმა, მაღალი შეფასების ავტორმა უცხოელმა ექსპერტობამ. ბოლოსდაბოლოს მოსახლეობას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი „წარმატებული“ ქართული ქარიშხალი. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თუ არა, გარკვეულმა, კარგად იცის, საიდან იღებს სათავეს ქართული წარმატებები ანუ ამ „წარმატებებში“ უზომო თანხა რომ არის გადახდილი.

ხელისუფლება, როგორც შინ, ისე გარეთ, სერიოზულად მუშაობს წარმატებული ქვეყნის იმიჯის შექმნისთვის, რისთვისაც მილიონებიც არ ენანება. გადაშლით პოპულარულ ჟურნალ „ეკონომისტს“ და უმალ თვალში მოგხვდებათ საქართველოს შესახებ თვალწარმტაცი რეკლამა. არც სხვა უცხოური ჟურნალ-გაზეთები ჩამოუარდება „ეკონომისტს“ - ფული ყველას სჭირდება.

ამას წინათ ამერიკულმა ტელეკომპანია „სი-ენ-ენ“-მა რამდენიმე სიუჟეტი მიუძღვნა აყვავებულ საქართველოს - მიზანი, ბიზნესმენების და ინვესტიციების მოზიდვა. მერე რა, რომ ამისთვისაც ძალიან დიდი ფული დაიხარჯა. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ჩიტი ბრდღვნად ღირს, ვინაიდან დასავლეთიდან დიდი ფულის ჩადებაა მოსალოდნელი.

ფულის გადახდასთან დაკავშირებით საინტერესოა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარის, ამერიკელი მარკ მალანის ნათქვამიც: „ქართველ ხალხს უფლება აქვს გაიგოს, თუ რამდენი გადაუხადეს „სი-ენ-ენ“-ს ამ რეპორტაჟების მომზადებისთვის. არ მინახავს, თუ ვინ, ვის რამდენი გადაუხადა, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი, რომ “Invest in Georgia”-მ ფული გადაუხადა. ალბათ, ეს არც ისე ცოტა თანხა იყო“.

მალანმა კარგად იცის, რომ „სი-ენ-ენ“-ის ეთერში წამიერი რეკლამა ათასებს ეთამაშება, ხოლო რეპორტაჟები ასეულ-ათასებს. მან ისიც კარგად იცის, რომ ხელისუფლებამ ფულის ხარჯვის საკითხები, ფულის გამომმუშავებელ უპირველეს წყაროს - ხალხს უნდა შეუთანხმოს, მაგრამ ეს არ იცის ხელისუფლებამ, ქვეყნის პირველმა პირმა. თუმცა, რა უნდა ვთქვათ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, როდესაც არანაკლებ მნიშვნელოვანსა და სასიცოცხლოზეც ხალხს არავინ ეკითხება?

ხალხის დაუკითხავად პარლამენტარმა კუბლაშვილმა ბრძანა, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობას გაზრდის, არადა ამჟამინდელი რაოდენობა თვით ხალხმა დაადგინა რეფერენდუმის გზით. ანდა ავიღოთ გასულ კვირას „სამოქალაქო კოდექსში“ ყველას დაუკითხავად, მათ შორის საპატრიარქოს, ცვლილებების შეტანა.

ახალი კანონის თანახმად საქართველოში ისტორიულ ურთიერთობაში მყოფ და ევროსაბჭოს ქვეყნებში რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი ენიჭებათ. ამ კანონით ერთობ დაკნინდება მართლმადიდებლობის როლი საქართველოში, ასე თვლის საზოგადოება, მაგრამ სააკაშვილსა და მის პარლამენტს ეს ნაკლებად აღელვებს, ისე, როგორც მსოფლიოში ცნობილი მომღერალ-მუსიკოსების საქართველოში კონცერტების მოსაწყობად დიდი ფულის ხარჯვა. მავანი იტყვის - უცხოელი მუსიკოსები სახელს გაუთქვამენ საქართველოს და მილიონობით ტურისტი მოგვაწყდებაო.

რვა წელია ეს მოსაზრება მუსირებს, მაგრამ საქართველოში უცხოელ ტურისტთა გეოგრაფია, მითუმეტეს რაოდენობა ისე არ შეცვლილა, როგორც გვპირდებოდნენ. მეზობელი სომხები ისე, როგორც გუშინ, დღესაც დომინირებენ. ოდნავ გაიზარდა ირანელ ტურისტთა რაოდენობა.

რეკლამაში დახარჯული ფული ჯერ-ჯერობით დიდი შედეგის მომტანი არ არის და ალბათ მომავალშიც ასე იქნება, ვინაიდან ტურიზმი მარტო სასტუმრო არ არის. ეს არის წარმატებული ინფრასტრუქტურა, მაღალხარისხიანი, ეკოლოგიური კვების პროდუქტები, კარგი მომსახურება, დამშვიდებული, სოციალური თვალსაზრისით, ნაკლებპრობლემიანი ქვეყანა და სხვა. ყოველივე ამისგან საქართველო შორს არის. მარტო ხინკლის და ხაჭაპურის საჭმელად ან სვეტიცხოვლის სანახავად აქ არავინ ჩამოვა, მითუმეტეს ბათუმის „საოცრების“ დასათვალიერებლად.

ქართული ხელოვნებისა და კულტურის ძეგლები ერთობ საინტერესოა, მაგრამ ამას, ამ საქმეში ჩახედული ტურისტი ჭირდება. საქართველო ისეთ რეგიონში მდებარეობს, სადაც ხუროთმოძღვრების ძეგლები უხვადაა. გადახედეთ თურქეთს, ირანს, სირიას, ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებს. კულტურისა და ხუროთმოძღვრების ძეგლების სიმრავლით ეს ქვეყნები არაფრით ჩამოუვარდება საქართველოს, თუ არ აჭარბებს.

ხშირად გაიგებთ უცხოელ შემსრულებელთა კონცერტები საქველმოქმედო იყოო. კეთილი, მაგრამ ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში შემოსული თანხა, რომ გაცილებით ჩამოუვარდება მათი მოწვევის, მოგზაურობისა და საქართველოში ყოფნის ხარჯებს?

ძნელია დარწმუნდე, რომ ქვეყნის „წარმატებები“, მართლაც წარმატებებია და არა ისეთი სუროგატი, როგორიც არაერთხელ გვიხილავს. როგორც ჩანს, აქ მთავარი სხვაა - ერთი პირის განდიდება და არა ქვეყნის სადღეისო ან თუნდაც სახვალიო საქმის კეთება.

რა სარგებელი მოაქვს PR-ს, უცხოეთის ჟურნალ-გაზეთების რეკლამებს, ტელეკომპანიების სიუჟეტებს, საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. სწორედ ეს იწვევს მასში უცხოეთის, განსაკუთრებით, ევროპა-ამერიკის მიმართ გულაცრუებას. ამიტომაც არ მოსწონთ ისინი საქართველოში, ამიტომაც თვლიან აქ, რომ დაბეჯითებული მტკიცება მათი მხრიდან საქართველოს თავბრუდამხვევი ეკონომიკური წინსვლის თაობაზე, დასავლეთის მიერ შეთხზული ზღაპარია. ვგონებ არც დასავლეთს სჯერა ამ ზღაპრის, მაგრამ ამერიკული პროექტის წარმატებულობისათვის ხათრს არ ტეხს.

ა.წ. 5 ივლისის კომპანია „პროგრესის რეიტინგის“ ანალიტიკურ მოხსენებაში რუსეთს 101 ქვეყანას შორის 97-ე ადგილი ერგო, საქართველოს - პირველი. ეს არის მსოფლიო ბანკის, გაეროს, სხვა საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრების რეიტინგი კონკურენტუნარიანობის ინდექსის, ბიზნესის წარმოების პირობების, ადამიანური პოტენციალის განვითარების, ეკონომიკური თავისუფლების, კორუფციის აღქმის და სხვათა მიხედვით. პროგრესის დონის მიხედვით, უტყუარი ლიდერი აღმოჩნდა საქართველო და ისევ რუსეთთან შედარება. რუსეთს რეიტინგში 97-ე ადგილი უკავია. თურმე ამ ქვეყანაში, ყველაფერთან ერთად, უარესადაა საქმე ცხოვრების ხარისხთან დაკავშირებით. ქვეყანაში მძვინვარებს მაღალი ინფლაცია, მოსახლეობისთვის მიუწვდომელია ხარისხიანი ჯანმრთელობა, განათლება და სხვა.

გამოდის, რომ საქართველოში გაცილებით უკეთესი ვითარებაა, ვიდრე რუსეთში - ქაღალდზე. სინამდვილეში მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე სწორედ მძიმე ეკონომიკურ-სოციალური ვითარების გამო გადასახლდა სამშობლოდან რუსეთში. საქართველოში დარჩენილი მათი ნათესავები და ახლობლები დიდი სიამოვნებით დაადგებოდნენ მათ გზას ხელსაყრელი სავიზო პირობების შემთხვევაში. რა გამოდის - რეგიონის ნომერ პირველი ქვეყანა - გაუსაძლისი პირობების გამო, თუნდაც ბიზნესის წარმოების საქმეში, უხვად აიძულებს თავის მოქალაქეებს არა მარტო 97-ე ადგილზე მყოფ რუსეთში გადახვეწას, არამედ სხვა „დაჩაჩანაკებულ“ ევროპის ქვეყნებში გამგზავრებას.

საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ერთი ქართველი მხატვარი, ამჟამად მოსკოვში მცხოვრები, ლენინური პრემიით დააჯილდოვეს, ენაკვიმატმა კოლეგებმა ასე თქვეს - მაგას ლენინური პრემიის მიღებისთვის (ანუ მარიფათისთვის) ნობელის პრემია ეკუთვნისო. ზუსტად ანალოგიურია საქართველოს ხელისუფალთა მარიფათიც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თუ პირველ შემთხვევაში მხატვრის ფული იგულისხმება, მეორეში - ხალხის ფული.

ზემოთმოყვანილ მაგალითებს ისიც უნდა დაემატოს - შე-ჯიბრი რომ ჰქვია. შე-ჯიბრი საქართველო-რუსეთს შორის, ოღონდ ერთი განსხვავებით - ჩვენ ვეჯიბრებით რუსეთს, ის კი არა. ის არაფრად აგდებს ერთ მტკაველ საქართველოს არც ეკონომიკური თვალსაზრისით, არც სხვა პარამეტრებით. ჩვენ ვეჯიბრებით თავდავიწყებით ყოველ დღე, ქართულ ტელესივრცესა და ბეჭდვით მედიაში, „ოსტატურად“ ვიყენებთ რა რუსეთის ნებისმიერ ჩავარდნას ამა თუ იმ საკითხში, მის მიმართ კრიტიკულ მოსაზრებას ამა თუ იმ ქვეყანაში. განსაკუთრებით გვხიბლავს ჩვენს მიერ ინსპირირებული უცხოელთა შედარებები საქართველო-რუსეთს შორის.

გახსოვთ ალბათ რამდენჯერ დაგვიტრიალეს ტელეკომპანიებმა ამერიკელი სენატორის მაკკეინის „ფრთიანი“ ნათქვამი - რუსეთმა საქართველოდან უნდა გადაიღოს რეფორმები და ახალი ცხოვრების შენებაო. ეს სენატორი მარტო არ არის. მის მოსაზრებას სხვა კოლეგებიც იზიარებენ.

საერთო თავის ქებას თან ახლავს პერსონალური ბაქი-ბუქიც: პოლიციის რეფორმა რუსეთმა ჩვენგან გადაიღო, პუტინმა სააკაშვილს მიბაძა - ხან თვითმფრინავის შტურვალს მიუჯდა, ხან მანქანის საჭეს და სხვა.

ერთი სიტყვით, ჯიბრი ზენიტშია აყვანილი. ამ ერთობ არასაშურ პროცესში ჩართულ მედიას, განსაკუთრებით ტელეკომპანიებს - „უნებლიედ“ ეპარებათ ტყუილი, ფალსიფიკაცია. ამას წინათ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსკოვში ვიზიტის დროს გაკეთებულ განცხადებაში - მოსკოვის უთანხმოებაზე ლიბიასთან და სირიასთან მიმართებაში, ჟუპეს თურმე ასე უპასუხია - შენ, შენ მამიდას მიხედე და შეასრულე სარკოზი-მედვედევის შეთანხმება, ლიბია და სირია ჩემი გადასაწყვეტიაო. ასეთი იყო ქართული ტელეკომპანიების ინტერპრეტაცია.

არანაკლები ქოქოლა დააყარეს ნატო-რუსეთის სოჭის კონსულტაციებს. მოლაპარაკება ჩაიშალაო, არადა ჩაშლის მას არაფერი ეტყობოდა, ნატოს გენერალური მდივნის რასმუსენის განცხადებით. პრეს-კონფერენციის დროს მან აღნიშნა იმ პროგრესის შესახებ, რასაც ადგილი აქვს მხარეებს შორის. განხილვის პროცესშია ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის საკითხი. აღნიშნულზე მიმდინარეობს კონსულტაციები და მომავალი ნატოს სამიტის დროს ჩიკაგოში გარკვეული შედეგები იქნება ცნობილი.

საქართველოს ხელისუფლებას ბოლო 8 წლის განმავლობაში არასდროს უწარმოებია რომელიმე ქვეყანასთან ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან ისეთი მოლაპარაკება, რომელიც დიპლომატიური მოლაპარაკების პარამეტრებში შეიძლება ჩაჯდეს. დასავლელ პოლიტიკოსებთან შეხვედრა-საუბრები, საუბრებია, ხშირად მათი მხრიდან დიდაქტიკური, რჩევისა და რეკომენდაციების გამომხატავი. ასეთი, დიდი სურვილისდა მიუხედავად არ შეიძლება განხილულ იქნას მოლაპარაკებად. მაგრამ ეს არ იცის მედიამ. სამწუხაროდ მან არც ის იცის, რომ რიგითი მინისტრის უცხოეთში სამუშაო ვიზიტი „ოფიციალურად“ არ ჩაითვლება.

დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებობს აზრთა სხვაობა არა მარტო რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ევროპაში განთავსებაში, არამედ არაბეთის ქვეყნებთან მიმართებაშიც, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში და სხვა, რაც არ არის გასაკვირი, მით უმეტეს, გასაკილი. დავუშვათ, რომ ჩაიშალა მოლაპარაკება, რასაც ადგილი არ ჰქონია, საქართველოს - რა? მოიგებს ამით საქართველო?

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"