ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
11.07.2011
რობერტ სტურუა და ქართულ-სომხური ურთიერთობების ზოგიერთი თავისებურება

რობერტ სტურუას და ბაია ამაშუკელის დიალოგმა სააგენტო საქინფორმის საიტზე,  ქართულ მას-მედიაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. უფრო სწორად, ერთმა ფრაზამ ამ დიალოგიდან - სააკაშვილს იმიტომ არ უყვარს ქართველი ხალხი, რომ ქართველი სულაც არ არის, სომეხიაო. „ლიბერასტი“ გარეწრები მაშინვე თავს დაესხნენ მაესტროს და შეეცადნენ ჩაექოლათ ის თავიანთი ღორისებრი ჩლიქებით. სტურუას ეს განცხადება „მრავალეროვნული საქართველოს“ წევრმა კეთილმა ადამიანებმაც გააპროტესტეს, რომლებიც თავიანთ წარმოსახვაში ისევ „ხალხთა ძმურ ოჯახში“ - სსრკ-ში ცხოვრობენ. რეჟისორის გამონათქვამებმა მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა სომხეთის ინტელექტუალურ წრეებშიც, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი. მაგრამ მთავარი ეს კი არაა, არამედ ის, რომ ამ ისტორიამ ნებსით თუ უნებლიეთ გააშიშვლა რეალურად არსებული, მაგრამ მიჩუმათებული (კეთილი განზრახვების გამო) პრობლემა - კერძოდ, ქართველების და სომხების მიერ ერთმანეთის აღქმის პრობლემა.

საქართველოს და სომხეთს შორის საეკლესიო განხეთქილება, რასაც ადგილი ჰქონდა მე-7 საუკუნეში, როცა ქართული ეკლესია დაადგა ქალკედონის საეკლესიო კრების დადგენილებების შესრულების გზას, ხოლო სომხებმა არ მიიღეს მონაწილეობა ამ კრებაში და მონოფიზიტებად დარჩნენ, დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენაა ამ ორი ხალხის ცხოვრებაში. თუმცა საეკლესიო განხეთქილებამ როდი მიიყვანა მეზობელი და მოძმე ხალხები დაპირისპირებამდე - ბევრი მაგალითი არსებობს ამის შემდეგაც ქართველებსა და სომხებს შორის თანამშრომლობის და ურთიერთდახმარებისა, რაც ეფუძნებოდა ინტერესთა თანხვედრას. მაგრამ ამ მოვლენამ მაინც გამოიწვია ორ ხალხს შორის გარკვეული გაუცხოება. კონფესიური განსხვავება ზემოქმედებას ახდენდა ორი სხვადასხვა ტიპის კოლექტიური ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაზე, განსხვავებული მსოფლმხედველობის ფორმირებაზე. მაგრამ, ქართველების და სომხების ზოგიერთი თავისებურების ახსნა, განსაკუთრებით მათ მიერ ერთმანეთის აღქმის კონტექტსში, ძნელია მხოლოდ კონფესიური განსხვავებებით.

ძალზე დაკვირვებულ ადამიანს - ანდრეი ამალრიკს - რომელმაც ბრეჟნევის ეპოქაში საქართველოში და სომხეთში იმოგზაურა, შთაბეჭდილება დარჩა, რომ ქართველები და სომხები ორ ძმასავით არიან, რომლებიც მუდმივად ჩხუბობენ. მსგავსი რამ მე შემხვედრია სხვა არაკავკასიელ ავტორებთანაც, ვისაც ჩვენი ქვეყნები მოუნახულებია. ძმობა ძმობად, მაგრამ რა არის მაინც ამ მუდმივი დავის არსი, რომელსაც უცხოელები ამჩნევენ და რომელსაც ჩვენ - სომხები და ქართველები - ვაჩუმათებთ პოლიტკორექტულობიდან გამომდინარე?

საქმე ისაა, რომ ამ ორი ეთნოსის ურთიერთობები დიდწილად განპირობებულია მათ მიერ საკუთარი ისტორიის მძაფრი განცდით. ქართველები და სომხები არა მხოლოდ სათუთად ეპყრობიან თავიანთ მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ისევე როგორც ბევრი სხვა ხალხი მსოფლიოში, არამედ, შეიძლება ითქვას, ცხოვრობენ ამ ისტორიით. საბჭოთა ეპოქაში ისტორია წარმოადგენდა ეროვნული სიამაყის მთავარ საგანს ქართველებისთვის და სომხებისთვის, და ეს მაშინ, როცა მათ ჰქონდათ საკმაოდ განვითარებული ეკონომიკა და ცხოვრების მაღალი დონე. იგივე ვითარებაა ამ მხრივ დღესაც, როცა აღარც განვითარებული ეკონომიკაა და აღარც ცხოვრების დონე. ეს შეიძლება არც ყოფილიყო პრობლემა, მაგრამ ორი ერის „ისტორიული ინტერესები“ ხშირად გადაიკვეთება ხოლმე, თანაც საკვანძო საკითხებში - ქართველების და სომხების ისტორია ხომ მეტად მჭიდროდ არის გადახლართული. ამიტომ ბუნებრივია, ისტორიული ფაქტების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია ორივე მხრიდან აღარ რჩება მხოლოდ სპეციალისტების განსჯის საგანი, ის ილექება ორი ხალხის ცნობიერებაში.

ამ მოცემულობას პირდაპირი კავშირი აქვს თანამედროვე პოლიტიკასთან, ორმხრივ ურთიერთობებთან. გამაღიზიანებლის როლში შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ ჯავახეთის რეგიონის ან ცალკეული ტაძრების „ისტორიული“ კუთვნილება; არანაკლებ საზოგადო-პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს ქართველი და სომეხი ისტორიკოსების ტრადიციული კამათი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბაგრატიდების წარმომავლობა, ქართული ანბანის წარმოშობა და სხვა მრავალი. უფრო ხშირად სომეხი ისტორიკოსების პრეტენზიები კომიკურ ხასიათს ატარებს, მათი დაუსაბუთებლობის გამო, თუმცა ზედმეტად ემოციური რეაგირება ქართული ისტორიული მეცნიერების და საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან ხშირად არანაკლებ კომიკური ხდება.

ნათელია, რომ ერთიც და მეორე მხარეც ეთნიკური კატეგორიებით აზროვნებს. სომხებისთვის მნიშვნელოვანია მინიშნება მათ „უძველესობაზე“ და „კულტურტრეგერულ“ როლზე კავკასიაში („ანბანი ჩვენ შეგიქმენით, ქრისტიანობაც მოგეცით, თბილისი ჩვენ ავაშენეთ და საერთოდ, ყავის სმაც ჩვენ გასწავლეთ“). ქართული ინტელიგენცია, როდესაც უარყოფს სომხური ისტორიული მეცნიერების არგუმენტებს, რომლის ცალკეული წარმომადგენლები იქამდე მიდიან, რომ ლეონარდო და ვინჩისაც სომეხად აცხადებენ, საპასუხოდ შეახსენებს სომეხ კოლეგებს იმას, რომ მათ საერთოდ არ ჰქონიათ სახელმწიფოებრიობა მე-11 საუკუნიდან დაწყებული, 1918 წლამდე, და რომ სომხეთი არაერთხელ ყოფილა ქართული სამეფოს შემადგენლობაში, ხოლო სომხები სტუმართმოყვარე ქართულ მიწაზე სახლდებოდნენ.

ზემოთ აღწერილი სიტუაცია სულაც არ არის „საბჭოთა პროდუქტი“. პოლიტიზირებული პოლემიკა ისტორიულ თემებზე ხშირად წარმოშობილა ქართულ-სომხური მეზობლობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, თუმცა ის განსაკუთრებით გამძაფრდა მე-19 საუკუნის ბოლოს, ნაციონალიზმის ეპოქაში, რაც მაშინ მთელს ევროპას იყო მოდებული. საბჭოთა პერიოდში კი ეს „პაექრობა“ ლატენტურ ხასიათს ატარებდა, მაგრამ სულაც არ გამქრალა.

პოსტსაბჭოთა დროში ისტორიულმა თემატიკამ პოლიტიკის კონტექსტში უკვე თავი იჩინა ჯავახეთის საკითხის გარშემო. როგორც ცნობილია, 1990-იანი წლების დასაწყისში, როცა საქართველოში ქაოსი მეფობდა, რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრ ახალქალაქში, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაზე, სომხური დროშა ფრიალებდა. სომეხი მოსახლეობის უმრავლესობას, როგორც ჯავახეთში, ისე თავად სომხეთში, მტკიცედ სწამს, რომ ეს რეგიონი ისტორიულად სომხურია. ასეა თუ არა სინამდვილეში, ახლა არ გვაინტერესებს, მთავარია ის, რომ ისტორიულმა ასპექტმა თავი იჩინა კონკრეტულ მომენტში, და სრულიად თვალსაჩინო პოლიტიკური შედეგებით. საქართველომ მხოლოდ თანდათანობით აღადგინა კონტროლი ჯავახეთზე და აღკვეთა გარკვეული ძალების პრეტენზია მხარის პოლიტიკურ-კულტურული ავტონომიის შესახებ. როგორც უკვე ვწერდი სააგენტო "რეგნუმისადმი" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში, საქართველო სეპარატიზმის გაღვივებისგან ჯავახეთში იხსნა სომხურ-აზერბაიჯანულმა შუღლმა (თუმცა, შესაძლოა, იგივე ითქვას ქვემო ქართლის რეგიონზეც, სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობენ).

ისტორიული ასპექტის მეორე მხარე, რომელიც ზეგავლენას ახდენს თბილისსა და ერევანს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებზე, არის ცალკეული ტაძრების კუთვნილების საკითხი (ქართული თუ სომხური ეკლესიების მიერ), და სომხური ეკლესიის იურიდიული სტატუსი საქართველოში. ამ საკითხებს არანაკლები ფეთქებადსაშიში პოტენციალი აქვთ, ვიდრე ტერიტორიულ დავებს. ამაზე მეტყველებს ქართული საზოგადოების არაერთგვაროვანი, რბილად რომ ვთქვათ, რეაქცია საქართველოს პარლამენტის მიერ რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონის მიღებაზე, რასაც ეწინააღმდეგებოდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია. საკმაოდ მძაფრი რეაქცია გამოიწვია სომხური საეკლესიო დელეგაციის, ცოტა არ იყოს, „მიმწოლმა“ ქცევამ. ეს ვიზიტი არ დასრულებულა წარმატებულად და საქართველოში ნეგატიურად იყო აღქმული. ქართული სამღვდელოების გარკვეული ნაწილი, მაგალითად, მეუფე ზენონის სახით, თვლის, რომ პარლამენტის მიერ კანონის მიღება წარმოადგენს „სომხური ეკლესიის გამარჯვებას“ ქართულზე. ასევე მიიჩნევს ქართული საზოგაროებრიობის მნივნელოვანი ნაწილიც. ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ საეკლესიო ქონების ფლობის საკითხმა შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს ვნებათაღელვა, რადგან სწორედ მხარეების მიერ ერთობლივი ისტორიის „კონკურენტული“ აღქმა არ აძლევს მათ საშუალებას, წავიდნენ გონივრულ კომპრომისებზე. რაც შეეხება საქართველოს, შემიძლია ვამტკიცო მხოლოდ ჩემი დაკვირვების საფუძველზე, მაგრამ დაბეჯითებით: ქართული საზოგადოება მზად არის წავიდეს გაცილებით მეტ დათმობებზე, ვთქვათ, აფხაზების მიმართ, რომლებთანაც ომი გვქონდა, ვიდრე სომხების მიმართ (კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: აფხაზეთის ომის გახსენებისას საქართველოში განსაკუთრებულ სიძულვილით მოიხსენიებენ არა იმდენად აფხაზ მებრძოლებს, და თვით მომავალ ჩრდილოკავკასიელ ტერორისტებს, არამედ ბაგრამიანის სახელობის სომხურ ბატალიონს. შესაძლოა, ეს შენაერთი გამოირჩეოდა კიდეც სისასტიკით, მაგრამ პრობლემა აქ უფრო მეტად იმაშია, რომ ის დაკომპლექტებული იყო ეთნიკური სომხებით). ამის ახსნა თითქმის შეუძლებელია, თუ არა იმით, რომ მხარეები ერთმანეთს უყურებენ ისტორიის პრიზმაში და არა თანამედროვეობის და რაციონალური ინტერესების გათვალისწინებით.

ასე რომ, რობერტ სტურუასთან დაკავშირებული შემთხვევა არც კერძოა და არც ექსკლუზიური, ის ასახავს რეალურად არსებულ პრობლემას, რითაც უნდა დაკავდნენ პოლიტიკის ექსპერტები. რეაქცია სომხურ პრესაში სტურუას გამონათქვამების შესახებ (მაგალითისთვის ვიღებთ გრიგორ აგანიანის სტატიას ჟურნალში „ეროვნული იდეა“) ქართველი ექსპერტებისთვის საყურადღებოა არა მხოლოდ იმით, რომ დავაკვირდეთ, თუ როგორ რეაგირებენ სომეხი ექსპერტები ამა თუ იმ განცხადებაზე საქართველოდან, არამედ იმ მიზეზითაც, რომ ვიცოდეთ, რა წარმოდგენები აქვთ მათ საქართველოზე. აგანიანის ზემოთაღნიშნული სტატია ამ კუთხით საინტერესო მომენტებს შეიცავს.

გ. აგანიანის სტატიაში „რატომ უყვარს რობერტ სტურუას შუშანიკი და რატომ სრულებით არ უყვარს მიხეილ ნიკოლოზის ძე“ თავმოყრილია მრავალი ის სტერეოტიპი, რომლებიც არსებობს სომხურ საზოგადოებაში საქართველოს მიმართ. ამავე დროს, სტატია არ არის გაჟღენთილი აპრიორი ანტიქართული სულით, და ბევრი ქართველი ავტორის ნაშრომისგან განსხვავებით, რომლებიც მძაფრად გამოეხმაურნენ ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს, სომეხი ავტორი ადეკვატური და აკადემიურიც კი რჩება.

პირველი, რაც ამ სტატიიდან ჩანს, ისაა, რომ ქართულ ეთნიკურ მრავალფეროვნებას, ანუ ქართული სუბეთნოსების არსებობას (ქართლელების, რომლებსაც ავტორი შეცდომით უწოდებს ქართველებს, კახელების, იმერლების და ა.შ.) სომხეთში ნეგატიურად აღიქვამენ, მიიჩნევენ რაღაც პრობლემად, რომელიც ქართველების გაღიზიანებას იწვევს და თითქოს ამაში ისინი სომხებს ადანაშაულებენ. ჩემთვის, და ვფიქრობ ძალიან ბევრი ქართველისთვის, ამგვარი (სუბ-)ეთნიკური მრავალფეროვნება მისასალმებელია, რადგან ის ამდიდრებს ქართველ ხალხს, და ისტორიულადაც, სრულიად შესაძლებელია, რომ სწორედ ამან გადაარჩინა საქართველო - როცა გარეშე აგრესორების ზეწოლა მოდიოდა ქართლის სამეფოზე, კახეთი მშვიდობას ინარჩუნებდა და პირიქით, როცა ქართლში მდგომარეობა წყნარდებოდა, კახეთი იღებდა თავის თავზე ძირითად დარტყმას და ა.შ. ეს ჩემი პირადი ჰიპოთეზაა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ქართული ეთნოსის არაერთგვაროვნება გამონაკლისი არაა; ვთქვათ, ბავარიელებს და ბრანდენბურგელებს, შვაბებს და ქვემო საქსონელებს შორის თვალში საცემი განსხვავებია, მაგრამ ისინი ერთიან გერმანელ ერს შეადგენენ და ეს ამ ერის პლუსად ითვლება. სომხურ პოლიტიკურ აზროვნებაში კი დადებით მოვლენად მიიჩნევა ეთნიკური ერთგვაროვნება.

მეორე. სომხური პოლიტიკური აზრი ნაციონალისტებად და არმენოფობებად აღიქვამს მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ქართველ განმანათლებლებს და საზოგადო მოღვაწეებს, პირველ რიგში, ილია ჭავჭავაძეს და აკაკი წერეთელს. ეს ახალი ამბავი არაა, მაგრამ ეს მომენტი უნდა გვახსოვდეს. ქართველებისთვის სათაყვანო ავტორები ჩვენი მეზობლებისთვის „პერსონა ნონ გრატაა“. თუ რატომ არის ასე, ცალკე განსახილველი თემაა, მაგრამ ფაქტია. აგანიანი მათ გვარებს რუსულად პატარა ასოთი წერს, ხოლო სიტყვა განმანათლებელს ბრჭყალებში სვამს, რაც მიანიშნებს მის დამოკიდებულებაზე ამ ადამიანების მიმართ.

მესამე. სომხეთში გავრცელებულია აზრი (აგანიანი ამ შემთხვევაში მარტო ნამდვილად არ არის), რომ ქართულ ინტელიგენციას ერთგვარი შური აქვს სომხების მიმართ: „დაწყებული მე-19 საუკუნიდან, როცა დაიწყო ქართული ინტელიგენციის ფორმირება, შურის და არმენოფობიის ჭია დასახლდა, პირველ რიგში, ჭავჭავეძეებისა და წერეთლების გულებში, რომლებიც თავის თავს „განმანათლებლებად“ აცხადებდნენ, და მათ მიმდევრებში“. ცოტა გაუგებარია, რით არის გამოწვეული ქართული შური სომხების მიმართ, ალბათ, მხედველობაში აქვთ სომხების მდიდარი სავაჭრო კლასის არსებობა ტიფლისში. მაგრამ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და მათი უახლოესი თანამებრძოლები არ იყვნენ მაინცდამაინც ღარიბი ადამიანები, მაშ რატომ უნდა ჰქონოდათ მათ შური სომხების მიმართ? ალბათ, იგულისხმება არა ქართული ინტელიგენცია, არამედ ქართველი ხალხი მთლიანობაში. ჩვენ არ შევუდგებით აქ სომეხ ავტორთან დისკუსიას, მივიღოთ ეს აზრი, როგორც მოცემულობა, როგორც სტერეოტიპი, რომელიც არსებობს სომხეთში. თუმცა შევნიშნავთ, რომ ანალოგიური შეხედულება არსებობს საქართველოში - რომ სომხებს შურთ ქართველების. ბ-ნი აგანიანი ოდნავ გაერთო და სხვა სომხური სტერეოტიპებიც ჩამოთვალა, რომლებიც ქართველების მიმართ არსებობს: „რატომ არის, რომ ქართველი გლეხების 70-80 % ყმაა, ხოლო სომხები - არა? რატომაა თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი სომეხი? რატომ არ ჰყავდა ორი საუკუნის განმავლობაში ქართლის დედაქალაქს ქართველი ქალაქის თავი?“... ალბათ, ეს ფაქტებიც იწვევენ ქართველთა შურს, მაგრამ სომხებს შურთ ის (ქართული ვერსიით), რომ მათ თითქმის არ ჰყავდათ საგვარეულო არისტოკრატია, არ ჰქონდათ სახელმწიფოებრიობა, მთლიანად დაკავებული იყვნენ ვაჭრობით, ანუ „ვაჭრუკანებს“ წარმოადგენდნენ, მაშინ როცა ქართველებს „მებრძოლებად“ სახელი ჰქონდათ მოხვეჭილი კავკასიაში. სომხური სამხედრო არისტოკრატია (მაგალითად, არღუთინსკი, ბებუთოვები) ჩამოყალიბდა სწორედ მეფე ერეკლეს კარზე. აგანიანს პოლემიკურ აღელვებაში დაავიწყდა ის, რომ აღმოსავლეთ საქართველოს სულაც არ მართავდნენ გამუსლიმებული „მეფუკები“ 1801 წლამდე, ანუ რუსეთთან შეერთებამდე. ერეკლე მეორე მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო და მეფედ ეკურთხა, როგორც ქრისტიანი მეფე, ის აქტიურად ერეოდა ირანის შინაურ საქმეებში (შაჰად გახდომაში სწორედ ქრისტიანულმა რწმენამ შეუშალა ხელი - ამაზე წერს იმ ეპოქის ერთ-ერთი ინგლისელი მოგზაური) და არავის მონა არ იყო.

სომხების მუსლიმი მბრძანებლები ერევნის და ყარაბაღის სახანოებში ერეკლეს ვასალები იყვნენ. გამოდის, რომ თუ ერეკლეს ჩავთვლით ირანელთა მონად, სომხები გამოდიან ერეკლეს მონების მონებად. აი ეს შურთ სომხებს ქართველების - ვიმეორებ, ქართული ვერსიით (და კაცმა რომ თქვას, ლოგიკითაც - ვაღიარებ, თუნდა ეჭვმიტანილი ვიქნე არაობიექტურობაში და „პროქართველობაში“).

აი ძირითადი მომენტები სტერეოტიპულ აზროვნებაში ერთმანეთის მიმართ, რაც შეიძლება დავინახოთ აგანიანის სტატიაზე დაყრდნობით. როგორც ჩანს, ურთიერთაღქმა განპირობებულია ისტორიით, და თუკი არაპოლიტკორექტული ვიქნებით და ი. სტალინს დავესეხებით, სომხებს ახასიათებთ „ავადმყოფური ისტორიზმი“ (ციტატა აღებულია აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის ჩანაწერებიდან ქართველი ისტორიკოსების არაფორმალური შეხვედრის დროს სტალინთან 1945 წლის შემოდგომაზე. ქართული ტექსტი იხ. ). თუმცა არც ქართველები აკლებენ.

მაგრამ სტატიის მთავარი აზრი მდგომარეობს შემდეგში - საქართველოში არსებობს „ანტისომხური მარაზმი“, „ქრონიკული და განუკურნებელი არმენოფიბია“. მე ჩემი მხრიდან მთლიანად ვეთანხმები ამას! სომხურ მარაზმზე, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ გამოაცხადონ ნებისმიერი მეტ-ნაკლებად ცნობილი პიროვნება „სომეხად“, თუკი ეჭვი არსებობს, რომ ამ პიროვნებას წვეთი სისხლი მაინც ურევია სომხური, ქართველები პასუხობენ მსგავსი მარაზმით - ყოველ ასეთ ადამიანს „სომეხად“ აცხადებენ, შემდეგ კი სწყინთ, რომ ქართული ისტორიის გამოჩენილ მოღვაწეთა ნახევარს ჩვენი მეზობლები თავიანთ მარაზმში „სომეხად“ მოიხსენიებენ, ხოლო ქართულ ეკლესიებზე წერენ, რომ ისინი „სომხურებია“, თუკი მათ კედლებზე ერთი სომხური ასო მაინც აღმოჩნდება. მტკივნეული წასაკითხია ამგვარი რამ: „ჩვენი ქართველი „მეგობრების“ აზრით, სომეხად ყოფნა ან სომხური ფესვების ქონა ძალიან წააგავს კეთროვნად ყოფნას“... ვაღიაროთ, ძვირფასო თანამემამულეებო, ქართველებო, რომ ხშირად მართლაც ასე ხდება! პარადოქსია - შერეული ქართულ-სომხური ქორწინებები საკმაოდ ხშირია, მაგრამ სომხების მიუღებლობა ასევე გავრცელებულია. ამ ფაქტს კომენტარის გარეშე დავტოვებ, თუმცა, განსაკუთრებით რუსულენოვანი მკითხველებისთვის, დავამატებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ბაბუა მართლაც იყო ჩაწერილი სომხად და ატარებდა გვარს სააკოვი. ჩემთვის ეს ფაქტი არაფერს ცვლის - მიმაჩნია, რომ სააკაშვილს ისევე ფეხზე ჰკიდია სომხები, როგორც ქართველები, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.

რაც შეეხება კონკრეტულად რობერტ სტურუას, მისი გამონათქვამები სააკაშვილის შესახებ, ალბათ უფრო შავი იუმორია, რომელიც ვერ გაიგო ვერც აგანიანმა, ვერც „მრავალეროვანმა საქართველომ“ და მით უმეტეს, ვერც ქართველმა სვავ-ლიბერასტებმა. ამათ ოღონდ საბაბი მიეცი, და სიამოვნებით დაძიძგნიან ნებისმიერ „ანტისააკაშვილურ ელემენტს“, განსაკუთრებით თუ ეს პიროვნება ისეთი მასშტაბისაა, როგორც რობერტ სტურუა. რა თქმა უნდა, რთულია იუმორის, ხუმრობის ახსნა, მისი „დაღეჭვა“ ყველასთვის. მე პირადად გულიანად გამეცინა, როცა წარმოვიდგინე კონკრეტული სიტუაცია: კორესპოდენტი სტურუას უსვამს კოსმიური მასშტაბის შეკითხვას - რატომ სძულს პრეზიდენტ სააკაშვილს საკუთარი, ქართველი ხალხი? ბატონმა რობიკომ, რა თქმა უნდა, სერიოზული სახის გამომეტყვლების შენარჩუნებით, ამ კოსმიურ კითხვაზე მარტივ და მომაკვდინებელ პასუხს მიაგნო - ის ხომ სომეხია, რატომ უნდა უყვარდეს ქართველები?

არ გეცინებათ? მაშინ ჩათვალეთ, რომ ამ ადგილას „სმაილიკი“ დავამატე.

ხოლო ქართველ და სომეხ ექსპერტ-პოლიტოლოგებს, ალბათ, დროა მოვუწოდოთ, რომ მიეხედოს „უხერხულ“ საკითხებს და მშვიდად, ადამიანურად დაიწყოს მსჯელობა ტაბუდადებული თემების შესახებ. რადგან თუკი გარკვეულ თემას ტაბუ ედება აკადემიურ წრეებში, ის მაინც გამოდის გარეთ, მაგრამ უკვე სხვაგვარი, გადაგვარებული და ამიტომაც საშიში ფორმით.

გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"