ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
26.06.2011
სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოსა და ირანს შორის

სამშობლოს უსაფრთხოებისთვის გაწეულ სამსახურს მიეწერება ის „პატრიოტული“ რიტორიკა, რომელმაც თავი იჩინა ქართულ მედიაში ვითომდა სერიოზული საფრთხის მოახლოებასთან დაკავშირებით, რომელმაც საქართველო შეიძლება წალეკოს - კერძოდ, ამგვარ საფრთხედ განიხილება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ამით ქვეყანაში ტერორისტების სავარაუდო მომრავლება.

ქართველი პოლიტიკოსები, ცხადია, ოპოზიციურად განწყობილნი, და ასევე ოპოზიციური პოლიტოლოგები, განგაშის ზარებს რეკენ ირანთან მიმართებაში, რითაც, რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხყოფას აყენებენ რეგიონის მძლავრ სახელმწიფოს და ნეგატიურ სამსახურს უწევენ საკუთარ მოსახლეობას მეზობელი ქვეყნის ცოდნაში. არადა, მოჭარბებული “პატრიოტიზმის” თავი და თავი არის აშშ-სადმი მონური მორჩილება, ამასთანავე, საკუთარი ხელისუფლების სიძულვილი.

ნორმალურ სახელმწიფოში ხელისუფლების სიყვარული ისეთი რამაა, მინიმუმ ღიმილს რომ იწვევს მოსახლეობაში. არც ჩვენშია დაგუბებული ხელისუფლების სიყვარული. ხელისუფლება უყვარს საკუთარ ნათესავებს საკუთარი პირდაპირი თუ ირიბი შემოსავლების გამო, და თუ რა სიყვარულთან გვაქვს საქმე - მკითხველმა განსაჯოს. მაგრამ რაც შეეხება სიძულვილს - ოპოზიციონერთა მძლავ იარაღს, საზღვარი არ აქვს. მთავარია ხელისუფალთა ლანძღვა, თუნდაც მაშინ, როდესაც ლანძღვის საფუძველი ნაკლებად არსებობს. სწორედ ასეთად მიმაჩნია ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება. ჩემი აზრით, სავიზო რეჟიმის მოშლისთვის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი ძალზე პოზიტიურად გამოირჩევა იმ ნაბიჯთა შორის, რომლებიც მან განახორციელა თავისი მმართველობის განმავლობაში. პოზიტიური ნაბიჯები კი “ნაციონალურ” ხელისუფლებას ერთობ ცოტა აქვს.

სავიზო რეჟიმის გაუქმებით ხელისუფლებამ პირველად, 8 წლის განმავლობაში, დაგვანახა, რომ მას ვაშინგტონიდან დამოუკიდებლად შეუძლია რაღაც გადაწყვეტილების მიღება, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და არა ამერიკის შტატი. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ნაწილი ექსპერტებისა თვლის - ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება სწორედ ვაშინგტონიდან იყო ნაკარნახევი. ექსპერტთა ამ კატეგორიის მოსაზრება ხელისუფლების, უპირველეს ყოვლისა პირველი პირის მიერ გადადგმული ნაბიჯის გამამართლებელია - რა ექნა, ვაშინგტონმა უკარნახაო.

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ თუ თეთრ სახლთან არა, ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი სააკაშვილმა რესპუბლიკური პარტიის ისეთ დამკვრელურ ძალასთან შეათანხმა, როგორებიცაა მაკკეინი, ლუგარი და რატომღაც დონალდ ტრამპი. კეთილი, მაგრამ რა გავლენით ისარგებლებდნენ ისინი თეთრ სახლთან მიმართებაში? როგორ აიძულებდნენ ობამას ადმინისტრაციას საქართველოსთვის ასეთი რამის კარნახს? გამოდის, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის უარყოფითი რეაქცია დიპლომატიურ-პოლიტიკური თამაში ყოფილა და სხვა არაფერი.

პოლიტოლოგი უფრო შორს მიდის და გაზეთ „საქართველო და მსოფლიო“-ს მკითხველს ეუბნება, რომ ირანი სახიფათო ქვეყანაა: „ირანთან უვიზო რეჟიმის საფრთხეებს თუ დავუმატებთ ჩრდილო კავკასიასთან უვიზო რეჟიმის ცალმხრივად შემოღებასაც, პრაქტიკულად საქართველო ხდება ისლამური სამყაროს მოედანი, სადაც სრულიად ადვილი შესაძლებელია საქართველოს იმიჯისა და უსაფრთხოებისთვის ფრიად სახიფათო მდგომარეობა შეიქმნას. ისლამისტებს სხვაგან არ აქვთ ასეთი მოედნების ფუფუნება. ახლა კი ჩაჯდებიან მანქანაში და ნებისმიერ დროს შემოვლენ საქართველოში“.

საინტერესოა ამავე გაზეთში დაბეჭდილი ლევან კალანდაძის მოსაზრებაც: “ირანი არის განსაკუთრებული მოვლენა. ეს არის ქვეყანა, რომელიც პრაქტიკულად კონფრონტაციაშია დასავლეთთან. ირანის შესახებ არაერთი სახიფათო მინიშნება გაკეთდა სხვადასხვა ქვეყნის პოლიტისტებლიშმენტის მხრიდან. არც ერთი უცხოელი დიპლომატი არ ადგება და ღია ტექსტით არ გეტყვის, რომ ირანთან ურთიერთობები არ უნდა განავითაროთ. წესით, ჩვენ უნდა მივხდეთ, ვისთან როგორი ურთიერთობები უფრო სასარგებლოა ქვეყნისთვის. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ მასთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით სავიზო რეჟიმისა...“

სავიზო რეჟიმის გაუქმებამ და აქედან გამომდინარე საქართველოში ტერორისტთა შესაძლო შემოდინებამ საფრანგეთში გადახვეწილი ოქრუაშვილის რეაქციაც გამოიწვია, თუმცა სხვა კონტექსტში და სხვა საბაბით - უპირველესად სააკაშვილის გაშავებისთვის. რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს:

„В начале 2004 года, когда Саакашвили прибыл с первым официальным визитом в Москву, я был рядом с ним. Путин, тогдашний российский президент, сообщил, что наш бывший Генконсул в Трабзоне раздавал чеченцам грузинские визы, чтобы те смогли по грузинской территории попасть в Россию или Азербайджан.

После встречи в Кремле, Саакашвили сказал, что нужно обратить внимание на этого консула. И через месяц-полтора этого человека перевели консулом в Египет, то есть в Мекку для боевиков, которые направлялись на Северный Кавказ.“

ოქრუაშვილის განცხადებას მოჰყვა მწვანეთა პარტიის ლიდერის გაჩეჩილაძის გამოსვლა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში. აქუბარდიასთან საუბრის დროს შეეხო რა ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს, გაჩეჩილაძემ ამ საქმეში პირდაპირ დაადანაშაულა ირანში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა, ყოფილი გენერალური კონსული ტრაპიზონში და ელჩი ეგვიპტეში (და არა კონსული, როგორც ოქრუაშვილი აღნიშნავს).

ანტიირანულ სხვა განცხადებებს აღარ ჩამოვთვლი, ვინაიდან საკმაოდ მრავალია და თანაც ის, რაც წარმოგიდგინეთ, საკმარისია ისტერიული სულისკვეთების ტემპერატურის დასადგენად, რასაც ადგილი აქვს საქართველოში ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება - მთელი მსოფლიოს ტერორისტები გულის ფანცქალით ელოდნენ ირანთან ვიზის გაუქმებას, რათა დაძრულიყვნენ ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოსკენ, შავბნელი ზრახვების განსახორციელებლად.

მაგრამ რატომ მაინცდამაინც ირანიდან და არა, ვთქვათ, თურქეთიდან, ვისთანაც კარგა ხანია გაუქმებულია სავიზო რეჟიმი? გარდა ამისა, გამარტივებული სავიზო წესის მიხედვით, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეეძლო და შეუძლია საქართველოს ვიზის მიღება საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში, მათ შორის აეროპორტში. ან რა პრობლემას წარმოადგენდა ირანში, საქართველოს საელჩოში ვიზის მიღება?

საქართველო-ირანს შორის გაიოლებული სავიზო მიმოსვლის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევრის დასაწყისში. საქართველოს საკონსულო დეპარტამენტის წინადადება გაიზიარა ირანისა და საქართველოს ხელისუფლებამ და ხელშეკრულებაც გაფორმდა. გაიოლებულმა სავიზო რეჟიმმა ა.წ. იანვრამდე იმოქმედა.

უვიზო მიმოსვლის შემოღების ინიციატორი ამჯერად ირანის ხელისუფლება იყო. მას სურდა ცალმხრივად შემოეღო ასეთი რამ საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ სურვილის შესახებ ირანის მხარემ აცნობა ირანში საქართველოს ელჩს ჯანჯღავას, რომელმაც თავის მხრივ - საქართველოს ხელისუფლებას. გადაწყვეტილება ვიზების გაუქმების თაობაზე მიიღო სააკაშვილმა და არა ელჩმა ჯანჯღავამ, როგორც ეს გაჩეჩილაძეს ჰგონია.

ოღონდ ერთია - ირანის მხარის სურვილს - საქართველოს მოქალაქეთათვის ირანის ვიზების გაუქმების თაობაზე, დაემატა ანალოგიური გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან - ირანელთათვის საქართველოში შემოსასვლელი ვიზების გაუქმება.

გაიოლებულ სავიზო რეჟიმს, რასაც ორ ქვეყანას შორის ჰქონდა ადგილი ა.წ. იანვრამდე, არ შეეძლო ტერორისტის საქართველოში შემოსვლისათვის რაიმე შეფერხების შექმნა. გარდა ამისა, სხვა გზითაც შეიძლებოდა საქართველოში შემოსვლა, რაც კარგად მოეხსენებათ საქმეში ჩახედულთ, მათ შორის აშშ-ს დიპლომატიას. ამ უკანასკნელთა გაღიზიანება იმდენად ვიზის გაუქმებით არ ყოფილა გამოწვეული, რამდენადაც პერსპექტივაში საქართველო-ირანის თანამშრომლობით.

ცნობილი მიზეზების გამო ამერიკისათვის ირანი ნომერ პირველი მტერია, რაც თავისთავად მოითხოვს აშშ-ს „სტრატეგიული პარტნიორის“, საქართველოს მხრიდან თავშეკავებას ირანთან მიმართებაში. ამ თვალსაზრისით, ევროპელ მოკავშირეებსაც არ უნდა ჰქონდეთ ირანთან სხვადასხვა სახის ურთიერთობი - განსაკუთრებით ენერგომატარებლებთან მიმართებაში. მიუხედავად ირანის წინააღმდეგ შემოღებული სანქციებისა, ეს ქვეყანა ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ევროპის ბაზარზე. ირანი ყოველწლიურად 113 მილიონ ტონა ნავთობს აწვდის ევროპას. ცნობისათვის - რუსეთი 250 მილიონს. თუ ამერიკის ევროპელი მოკავშირეები ცდილობენ აწარმოონ დამოუკიდებელი პოლიტიკა - საქართველო რატომ უნდა იყოს რომის პაპზე მეტი კათოლიკე? ანუ რატომ არ უნდა ჰქონდეს მას ურთიერთთანამშრომლობა რეგიონის უმძლავრეს ქვეყანასთან? ის, რომ ამერიკას ეწყინება, საბაბი არ არის.

ირანის საფრთხის შესახებ არაერთხელ თქმულა დასავლურ მედიაში, რაც უმთავრესად გამოწვეულია ირანის ბირთვული კვლევის გაფართოებით. დასავლეთს, კერძოდ აშშ-ს მიაჩნია, რომ ირანი ამზადებს ბირთვულ ბომბს, რითაც დააშანტაჟებს მთელს მსოფლიოს. თითქოს, ირანის რაკეტები დამიზნებული იქნება ევროპაზე და თავდასხმის გასანეიტრალებლად საჭიროა ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნა. გარდა ამისა, დასავლეთი ირანს ადანაშაულებს ტერორიზმის მხარდაჭერაში და ა.შ.

ამ დროს ირანი არც ბირთვულ იარაღს ქმნის და არც ტერორიზმს ეხმარება. ეს ქვეყანა, როგორც ტერორისტული აქტების ხშირი მსხვერპლი, თვით ებრძვის ტერორიზმს. მის მიერ გადადგმული ნაბიჯები შთამბეჭდავია. ირანის ხელისუფლება მწვავედ იყო და არის დაპირისპირებული ალ-კაიდასთან, თალიბანთან. ირანული შიიზმი არ იზიარებს არაბულ-ავღანური ფუნდამენტალიზმის უკიდურესობებს, ამდენად მისი როლი კავკასიის, განსაკუთრებით საქართველოს „აფეთქებაში“ ცალსახად გაზვიადებულია, შეიძლება ითქვას, მოგონილიც.

ირანი ის ქვეყანაა, ვინც დამოუკიდებლობის პირველ ცივ და მშიერ წლებში დახმარების ხელს უწვდიდა საქართველოს. ოცწლიანი საქმიანი ურთიერთობის პერიოდში ირანის მხრიდან საქართველოს მისამართით ადგილი არ ჰქონია ერთ გადაბრუნებულ სიტყვასაც კი. ირანი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც გაეროს, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

მრავალი ათეული წლის განმავლობაში ირანს არავითარი ტერიტორიული უთანხმოება არ შექმნია სხვა ქვეყნებთან. ირანი არის მძლავრი სახელმწიფო არა მარტო სამხედრო თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რაც შესაძლებლობას აძლევს მას აწარმოოს აშშ-გან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა.

ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარებას, ტურიზმის გაფართოებას, სხვა დარგებში თანამშრომლობას. ირანში საქართველოს საელჩოს მონაცემებით, ა.წ. 5 თვის განმავლობაში საქართველოს უკვე ეწვია 13 ათასამდე ტურისტი ამ ქვეყნიდან.

რაც შეეხება საქართველოსთვის საფრთხეებს - ვიყოთ გულწრფელები და ვაღიაროთ, რომ ამას ადგილი უფრო ჰქონდა სხვადასხვა სახის ამერიკული ორგანიზაციების მხრიდან, ვიდრე ირანის. სწორედ ამერიკელთა მხარდაჭერით მოხდა ის, რაც მოხდა 2008 წელს, რამაც ქვეყანას ტერიტორიების 20% დააკარგვინა. ამერიკელთა ჩიჩხინით გადავიქეცით დიდი და მძლავრი მეზობლის ნომერ პირველ მტრად. ჯეიმსთაუნის ფონდის წარმომადგენელთა წყალობით და ჩიჩინით ვაღიარეთ ჩერქეზთა გენოციდი, რითაც თავი ერთობ უხერხულ მდგომარეობაში ჩავიყენეთ. კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. ისე ნუ ვიზამთ, რომ ახლა ამერიკელთა ინიციატივით ირანს გადავეკიდოთ.

ირანის პოლიტიკური გააქტიურება კავკასიაში შექმნის იმ აუცილებელ კონკურენციას, რომელიც ესოდენ საჭიროა ნებისმიერ საქმეში, მით უმეტეს, პოლიტიკაში. ასეთ დროს საზრიანი ხელისუფლების პირობებში და მისი მოხერხებულობიდან გამომდინარე ქვეყნისთვის საჭირო დივიდენდების მოპოვებას წინ არაფერი დაუდგება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"