ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
16.06.2011
საქართველოს პარლამენტის მიერ “ჩერქეზთა გენოციდის” აღიარების მიზეზები და შესაძლო შედეგები

აშკარაა, რომ საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების მიერ ინიცირებული ჩერქესული წარმოშობის ხალხთა ე. წ. გენოციდის თემის განხილვა სახელმწიფო სტრუქტურების დონეზე და ამ ე. წ. გენოციდის ოფიციალური და საზეიმო აღიარება პარლამენტის მხრიდან განპირობებულია საქართველოსა და რუსეთს შორის ამჟამად არსებული ურთულესი სიტუაციით. საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს გამოუცხადა ერთგვარი “ცივი ომი”, უკვე დიდი ხანია, ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის მუდმივ ოპონენტებად იქცნენ, რაც ხშირ შემთხვევაში ელემენტარული დიპლომატიური ეთიკის ფარგლებსაც კი სცილდება.

ქ. თბილისში 2011 წლის 15 ივნისს ე. წ. “ჩერქესი ხალხის გენოციდის აღიარების” შესახებ გამართული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მონაწილეთა ერთობლივი განცხადება

აშკარაა, რომ საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების მიერ ინიცირებული ჩერქესული წარმოშობის ხალხთა ე. წ. გენოციდის თემის განხილვა სახელმწიფო სტრუქტურების დონეზე და ამ ე. წ. გენოციდის ოფიციალური და საზეიმო აღიარება პარლამენტის მხრიდან განპირობებულია საქართველოსა და რუსეთს შორის ამჟამად არსებული ურთულესი სიტუაციით. საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს გამოუცხადა ერთგვარი “ცივი ომი”, უკვე დიდი ხანია, ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის მუდმივ ოპონენტებად იქცნენ, რაც ხშირ შემთხვევაში ელემენტარული დიპლომატიური ეთიკის ფარგლებსაც კი სცილდება.

მაგრამ დღევანდელი კონფერენციის მიზანი იყო მხოლოდ იმის დადგენა, თუ რამდენად შეიძლება, საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქესთა ე. წ. გენოციდთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება აღმოჩნდეს საქართველოს, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტის, ანუ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისი.

ჩვენ გავითვალისწინეთ საკითხის ამგვარი დასმისათვის შესაძლო კრიტიკა ჩვენი მისამართით, მავანთ შეიძლება უარჰყონ ჩერქესული ხალხების საკითხის განხილვის ანტირუსული სარჩული და განაცხადონ, რომ ე. წ. გენოციდის აღიარება ჭეშმარიტების დადგენისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენისათვის გაკეთდა, რაც თავისთავად უნდა მოვიაზროთ საქართველოს ინტერესების შესაბამისად. მაგრამ ირკვევა, რომ საქართველოში საკითხი არ იქნა სიღრმისეულად განხილული, ხოლო ხელისუფლების მიერ მოწვეულ ქართველ მკვლევართა ჯგუფს, რომლის დასკვნების საფუძველზეც პარლამენტმა ფორმალურად აღიარა ე. წ. გენოციდი, არ გააჩნია იმის კომპეტენცია, ამა თუ იმ მოვლენას მისცეს ისეთი პრობლემური კვალიფიკაცია, როგორიც გენოციდია.

რუსეთის იმპერიის მიერ ჩრდილოეთ კავკასიის, მათ შორის, ყაბარდოს დაპყრობა, დრამატული, მაგრამ ამასთან მსოფლიო ისტორიისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. რუსეთის მიერ კავკასიის მთიანეთის დაპყრობა და ათვისება ოსმალეთის იმპერიის გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა, ოსმალეთი კი რუსეთთან ამ გეოპოლიტიკურ ჭიდილში, როგორც ცნობილია, რელიგიურ ფაქტორს აქტიურად იყენებდა. ჩერქესული ხალხების ზერელე, ფორმალური, მაგრამ მაინც ისლამიზაცია საკმარისი იყო იმისათვის, რომ ისინი რუსეთს აქტიურად დაპირისპირებოდნენ - ოსმალური იმპერიის წაქეზებით. რუსეთის იმპერიას ყაბარდო-ჩერქესთა მიმართ იმაზე მეტი არაფერი ჩაუდენია, რაც არ ჩაუდენიათ ევროპელ კოლონიზატორებს ყველა დანარჩენ კონტინენტებზე. რუსეთის ქმედებები ჩრდილოეთ კავკასიაში უმეტეს შემთხვევებში ფერმკრთალდება დასავლური კოლონიალიზმის ისტორიასთან შედარებით. დასავლეთის კოლონიზატორული პოლიტიკის პირობებში მსოფლიოში სისხლის ზღვა დადგა, მრავალი ცივილიზაცია და კულტურა გადაშენდა, აღარ არსებობს ბევრი ეთნოსი და ენა, რომელიც უწინ არსებობდა. მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ თანამედროვე სახელმწიფოებმა დაიწყონ მსოფლიო ისტორიის ცალკე აღებული ვრცელი ეპიზოდების კვალიფიცირება გენოციდად. გამოდის, რომ მთელი მსოფლიო ისტორია გენოციდის უამრავი ფაქტისგან შედგება, რაც თავად ამ ტერმინის გაუფასურებასა და ნიველირებას ახდენს, არღვევს მის განსაკუთრებულობას, სიმძიმეს უკარგავს მას.

რაც შეეხება ე. წ. ჩერქესთა გენოციდის აღიარების სარგებლობა-მავნებლობას საქართველოსათვის. ჩვენი აზრით, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქართულ სახელმწიფოს აყენებს რამდენიმე სერიოზული პრობლემის წინაშე, რომლებიც თავს იჩენს როგორც ახლო, ისე შორეულ პერსპექტივაში.

პირველი. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც გამოიჩინა “ორიგინალობა” და აღიარა ე. წ. ჩერქესთა გენოციდი. მოსალოდნელი არ არის, რომ რომელიმე სხვა სახელმწიფო საქართველოს მხარს აუბამს. ამრიგად, გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს მარგინალიზაციისკენ საერთაშორისო არენაზე.

მეორე. რუსეთის ფედერაციაში ჩრდილოკავკასიელ ხალხებს, მათ შორის, ჩერქესებს, ყაბარდოელებს, ადიღელებს - აქვთ საკუთარი ავტონომიური რესპუბლიკები, რომლებიც მოსკოვის დოტაციებზე არიან დამოკიდებულნი. ამ რესპუბლიკებს არავითარი ინტერესი არ გააჩნიათ, აუმხედრდნენ რუსებს ისტორიულ საკითხებთან დაკავშირებით. თურქეთის და არაბული ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ ჩრდილოკავკასიელებს აქვთ თავიანთი ავტონომიები, სკოლებში მშობლიურ ენებზე განათლების მიღების საშუალება, უმაღლესი სასწავლებლები, ეროვნული კულტურის კერები… მოსწონს საქართველოს ხელისუფლებას თუ არა, ეს ხალხები ლოიალურად არიან განწყობილნი რუსეთის მიმართ და არ ამჟღავნებენ ტენდენციას, აჰყვნენ საქართველოს ხელისუფლებას, რაც ისევ და ისევ ამ უკანასკნელს აგდებს უხერხულ მდგომარეობაში და ამით საქართველოს ინტერესები ზარალდება. საქართველო ვარდება ერთგვარად კომიკურ ვითარებაში, როდესაც იგი ცდილობს, ჩრდილოკავკასიელ ხალხებს მოახვიოს თავისი შეხედულებები მათ საკუთარ ისტორიასთან დაკავშირებით. მაგრამ საფრთხე მხოლოდ ამაში არ მდგომარეობს. სავსებით შესაძლებელია, რომ “გენოციდის აღიარებამ” საქართველოს მიმართ აღნიშნული ხალხები უფრო ნეგატიურად განაწყოს, რადგან მათ შეუძლიათ, ეჭვი შეიტანონ ქართული მხარის გულწრფელობაში და იგი პროვოკაციის მცდელობაში დაადანაშაულონ. თბილისში მოწვეული ზოგიერთი უცხოური დიასპორის წარმომადგენლის აზრი ვერ გადაფარავს ჩრდილოკავკასიელთა რეალურ განწყობებს. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია. საქართველოს შეიძლება ბევრად უფრო აქტიურად “შეახსენონ”, რომ ჩრდილოკავკასიელთა ძალისმიერი დამორჩილება ხშირ შემთხვევაში ქართველთა ხელით ხორციელდებოდა, ქართველები ხომ რუსეთის იმპერიის ჯარებთან ერთად ან ამ ჯარების შემადგენლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, პრაქტიკულად ყველა კავკასიური ომის ჟამს. შესაბამისად, გამოვა, რომ ე. წ. “გენოციდში” დამნაშავენი ისევ და ისევ ქართველები არიან.

მესამე. საქართველოს ხელისუფლება არ ითვალისწინებს, რომ რუსეთის იმპერიას თავის დროზე არანაკლებ რთული ურთიერთობა ჰქონდა აფხაზ ეთნოსთან, რომლის დიდი ნაწილი აიყარა და ოსმალეთში გადავიდა. აფხაზებს ისტორიის ეს მონაკვეთიც კარგად ახსოვთ, მაგრამ მთლიანობაში აფხაზები რუსეთის მიმართ მეტად ლოიალურად არიან განწყობილნი და მძიმე ისტორია მათ ხელს არ უშლით, ორიენტაცია რუსეთზე ჰქონდეთ აღებული და არა საქართველოზე. საქართველოს ხელისუფლების ლოგიკით, თუკი ე. წ. ჩერქესთა გენოციდი იქნა აღიარებული, მაშინ აფხაზთა მუჰაჯირობაც “გენოციდად” უნდა შეფასდეს. საქართველოს ხელისუფლება აღიარებს “აფხაზთა გენოციდს” თუ არ აღიარებს, იგი 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური და 2008 წლის ქართულ-ოსური ომის შემდეგ ერთობ გროტესკულ ვითარებაშია მოქცეული.

მეოთხე. ჩერქესთა “გენოციდის” საკითხი 1990-იანი წლებიდან მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ს შექმნილმა საერთაშორისო სტრუქტურებმა წამოჭრეს, ამ პროცესში ძალიან მალე დაუფარავად ჩაერთნენ აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენლები (მაგალითად, პოლ ჰენზე), გამოიცა ტენდენციური მასალები ე. წ. ჩერქესთა გენოციდთან დაკავშირებით, ადიღურ-ჩერქესული დიასპორების წარმომადგენლებს აშშ-მ და ევროკავშირმა გრანტები გამოუყვეს… ხოლო 2010 წლის ნოემბერში ამერიკული “ჯეიმსთაუნის ფონდის” ორგანიზებით თბილისში, ილიას უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „მიჩქმალული ერები - ბოროტმოქმედებები გრძელდება. ჩრდილოეთ კავკასია წარსულსა და მომავალს შორის“. ყოველივე ეს იძლევა საფუძველს ვთქვათ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ე. წ. ჩერქესთა გენოციდის აღიარება ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილია, არ არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და ემსახურება საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად დაძაბვას. ამასთან, რა თქმა უნდა, როგორც ეს უკვე ნაწილობრივ აღინიშნა, აშშ თავად არ აპირებს წინა პლანზე გამოჩნდეს და რაიმე “გენოციდი” აღიაროს ჩრდილოეთ კავკასიაში.

მეხუთე. ე. წ. ჩერქესთა გენოციდის აღიარება უხერხულობას ქმნის მეზობელ სომხეთთანაც, რომლის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თურქეთში სომხური გენოციდის აღიარება. განსხვავებით ე. წ. ჩერქესული გენოციდისაგან, სომხების გენოციდი ზოგიერთი სახელმწიფოს პარლამენტმა აღიარა, საქართველოს ეს ნაბიჯი არ გადაუდგამს. ჩვენ არ ვაფასებთ, მართებულია თუ არა სომხური გენოციდის აღიარება საქართველოს მხრიდან, მაგრამ ფაქტია, რომ პრიორიტეტი ცალმხრივად მიენიჭა ჩერქესთა საკითხს. ამ ფონზე “ჩერქესთა გენოციდის” აღიარებამ შეიძლება სომხეთის, ისევე როგორც გავლენიანი სომხური დიასპორების გაკვირვება და გააქტიურება გამოიწვიოს,რაც ქართულ მხარეზე შესაბამისი ზეწოლის პროვოცირებას მოახდენს.

მეექვსე. ლოგიკის მიხედვით, ჩვენი საკუთარი ისტორიიდან უნდა შევაფასოთ გარკვეული ეპიზოდები “გენოციდად”. საქართველოში ისტორიული მეხსიერება არ ჩამკვდარა და ერს ახსოვს მრავალსაუკუნოვანი ეროვნული უბედურება, რომელიც საქართველოს ისტორიაში “ლეკიანობის” საერთო სახელწოდებით შევიდა, როდესაც ჩრდილოკავკასიური ტომები ახორციელებდნენ ქართული სამეფო-სამთავროების სისტემატიურ დარბევას და ამან მრავალი ათასი ქართველის გატაცების, დამონების, ხოცვა-ჟლეტის აურაცხელი ფაქტი განაპირობა. ქართველ ხალხს ისიც ახსოვს, რომ ამ საშინელებისგან ხსნას ქართველი მეფეები რუსეთის იმპერიასთან მჭიდრო თანამშრომლობაში ხედავდნენ და საბოლოოდ სწორედ რუსეთის მიერ ჩრდილო კავკასიის დაპყრობამ შეწყვიტა საქართველოს ხალხის და მიწა-წყლის დაუნდობელი ძარცვა და გაჩანაგება.

ჩვენ, კონფერენციის მონაწილეები, მივიჩნევთ, რომ ისტორიული მეხსიერების აფორიაქების მცდელობა ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივების მიზნით, სისხლიანი კონფლიქტების პროვოცირება და მათი გამოყენება ცალკეული ქვეყნების გეოპოლიტიკურ ინტერესებში კატეგორიულად მიუღებელია. ეს განსაკუთრებით სახიფათოა კავკასიაში - მრავალეროვნულ რეგიონში, რომლის ხალხებს ერთმანეთთან ურთიერთობების რთული ისტორია აქვთ. საქართველოს ხელისუფლების სწრაფვა, კავკასიის რეგიონში შორეული ქვეყნების ინტერესები და მითითებები განახორციელოს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საკუთარ ხალხს და ართულებს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობას, რაც ცალსახად მიუღებელია და დაგმობის ღირსია.

თბილისი, 15 ივნისი, 2011 წელიშენიშვნა: ზემოთ აღნიშნული კონფერენცია გაიმართა ფონდ “ისტორიული მემკვიდრეობისა” და ევრაზიის ინსტიტუტის ინიციატივით
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"