ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
14.06.2011
რუსეთი მტრის ის ხატია, რომელზეც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც წარმატებით ითბობს ხელს

რუსეთის თემა რომ ამ ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელია, არ-ახალია. დიდი მეზობელი ნეგატიურ გრძნობებს აღძრავს საქართველოს ხელისუფალთა გონებაში, თუმცა აღძრავს თუ არა, საკითხავია, ვინაიდან სწორედ ამ ნეგატივს ეფუძნება საქართველოს მმართველთა არსებობა.

წამით წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთთან საქართველოს აქვს კეთილმეზობლური ურთიერთობა, დაფუძნებული ურთიერთპატივისცემაზე, რას მიიღებდა ხელისუფლება?

გაქრებოდა უმწეო კრავის იმიჯი, რომელსაც დიდი დათვი შეჭმით ემუქრება, ამასთანავე გაქრება აშშ-დან წამოსული გრანტები, ფინანსური დახმარებები, მორალური მხარდაჭერა, დასავლეთის მიერ განუწყვეტილი და უშედეგო ლაქლაქი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით.

მოესპობათ ფინანსური ინექცია რუსეთის მტრული პოლიტიკის აღმწერ უცხოელ და რუს პოლიტოლოგებს, ადგილი აღარ ექნება საქართველოს ხელისუფალთა მიერ დაკვეთილ ვრცელ სტატიებსა და ინტერვიუებს უცხოურ, მათ შორის რუსულ პრესაში, თუნდაც ისეთს, რასაც ადგილი ჰქონდა რუსულ „კომსომოლსკაია პრავდაში“ კიკაბიძის ღრმადგასაპნული ინტერვიუს სახით.

ვეღარც ალბაცი - „ნიუ-თაიმის“ რედაქტორი მოითბობს ხელს ბენდუქიძისგან საკუთარ ჟურნალში სააკაშვილთან ინტერვიუს გამოქვეყნებაში.

აღარც ჰოლივუდი გადაიღებს ფილმს „აგვისტოს 5 დღე“ და აღარც მის რეჟისორს მოუწევს საქართველოს მიწის კოცნა, აღარც ვიღაც ნაყოფიას შეაწერს სააკაშვილი ფილმის გადაღებისთვის მილიონებს და აღარც ნაყოფია და მსგავსი ნაყოფიები შეაწერენ საქართველოს მოსახლეობას ფულს ხორცში, კვების პროდუქტებში, პირველი მოთხოვნილების საგნებში და მედიკამენტებში, აღარც ბენზინის, ფასები იქნება მიუწვდომელი ღარიბ-ღატაკი მოსახლეობისათვის და რაც მთავარია, აღარ იქნება გაუთავებელი ლაპარაკი პრეზიდენტის, ხელისუფლების, ოპოზიციის, ამერიკული არასამთავრობო ორგანიცაზიების მხრიდან საქართველოს დაცვაზე, მის დახსნაზე რუსეთის კლანჭებიდან, ნატოში გაწევრიანებაზე, ქართველ მეომართა მამაცობაზე ავღანეთში და სხვა...

მაგრამ - ივარგებს ასე? ნამდვილად არა! მით უმეტეს, ხელისუფალთათვის. ნეგატიურ PR-ზე აწყობილი პროპაგანდისტულ-საფინანსო მანქანა უცბათ დატოვებს ყოველგვარი ექსტრა-შემოსავლების გარეშე არა მარტო ხელისუფალთ, არამედ ამ გიგანტურ მანქანაში ჩართულ ყველა პირს. საქართველო-რუსეთის დაძაბული ურთიერთობაა სწორედ ის რძით სავსე ცური, რომელიც ამდენ ბედოვლათს აწოვებს ძუძუს - როგორ გგონიათ ძვირფასო მკითხველო, ვინმე უარს იტყვის ნოყიერ რძეზე?

რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობა სწორედ ისაა, რამაც მსოფლიო სახელგანთქმულობა მოუტანა სააკაშვილს და რაც უფრო ცუდია ორი ქვეყნის დამოკიდებულება, მით უკეთესია სააკაშვილისა და მისი ხელისუფლებისთვის. არ ყოფილიყო 2008 წლის აგვისტოს ომი, არ იქნებოდა რუსთაველის პროსპექტზე წითელი ხალიჩა, მასზე შემდგარი ჰოლივუდელებით. არც სააკაშვილის „შთამბეჭდავი“ გამოსვლები და განცხადებები იქნებოდა და ვიცხოვრებდით მონოტონურად, უღიმღამოდ, მოწყენილად.

ერთ რამედ ღირდა ზეიმით აღტკინებული ტელევიზიების პირდაპირი რეპორტაჟები ეპიცენტრიდან, ჟურნალისტი გოგო-ბიჭების აღტაცებული სახეები და არანაკლებ აღტაცებული სიტყვები, სააკაშვილის ჩახუტება ჰოლივუდელ შარონ სტოუნთან, „ბაბოჩკიანი“ ნაყოფიას, დავითაიას, პარლამეტის წევრების (მაინც როგორ „უხდებოდათ“ „ბაბოჩკა“) ხილვა, რუსთაველის პროსპექტის მეორე მხრიდან გონდაკარგული თბილისელების შეძახილები. მოდით ძვირფასო მკითხველო ვიყოთ გულწრფელნი - 2008 წელს პატივცემულ მიხეილს რომ არ დაედგა ცხინვალის ტრაგიკული სპექტაკლი, იქნებოდა თუ არა 2011 წლის სახალხო ზეიმი? არა და არა და ამას მამა-მარჩენალს უნდა ვუმადლოდეთ.

კიდევ ერთხელ არა, არ შეიძლება ლეიბორისტთა და ზოგიერთი ქუჩის ოპოზიციის ნათქვამის გაზიარება ზეიმისთვის დახარჯულ ფულთან დაკავშირებით. როგორც ჩანს ისინი ვერაფრით მიხვდნენ, რომ საქართველო მაძღარი, წარმატებული, მდიდარი ქვეყანაა, რომელსაც წლის განმავლობაში არაერთხელ ძალუძს მილიონების ხარჯვა საზეიმო ღონისძიებებში.

მერე რა, რომ ძალიან დიდი ფული დაიხარჯა ეკვადორულ ვარდებში, ფრანგი კულინარის ჩამოყვანაში, დახურული თუ ღია წვეულებების მოწყობაში, სხვა ღონისძიებებში. საქართველოს მოსახლეობას შეუძლია ასეთი ხარკის გაღება, ვინაიდან ისე კარგად ცხოვრობს, როგორც სკანდინავიის ქვეყნებში, არაბეთის საამიროებში. რითია ქართველი ხალხი თბილისის მერ უგულავაზე ნაკლები, რომელმაც საკმაოდ მსუყე უიკ-ენდი მოიწყო აშშ-ს უმდიდრეს ქალაქ ლას-ვეგასში - მარტო ერთი მიმართულებით მგზავრობა რომ 18 ათასს აჭარბებდა.

მოკირკიტე შალვა იტყვის - ფული საიდანო?! იმ ანეკდოტისა არ იყოს - „ტუმბოჩკიდან“ ჩემო შალვა. და ეს „ტუმბოჩკა“ დამშეულ-გაღატაკებული ხალხია. ამ „ტუმბოჩკაში“ ყოფს პატივცემული მიხეილი საკუთარ თათს, ისე, როგორც დათვი თაფლიან სკაში, და თანაც დათვთან შედარებით ნაკლები პრობლემებით. ქართველ ხალხს არ აღელვებს მიშას თათი ბიუჯეტში, ისე, როგორც ფუტკარს დათვის ტორი. შეურაცხყოფილი ფუტკარი უმალ თავდავიწყებით მიესევა დათვს და თუ დროზე არ გაერიდა, შავ დღეში ჩააგდებს.

მსგავსი რეაქცია მიუღებელია საქართველოს მოსახლეობისთვის, ვინაიდან ამაყია. გაიხსენეთ თითქმის ყველა ოპოზიციონერის განცხადება მიტინგებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებით - ქართველი ხალხი არასოდეს იკადრებს პურისთვის მიტინგის მოწყობასო. დიახ! არ იკადრებს მიტინგს, მაგრამ იკადრებს ქუჩაში, სამანქანო გზაჯვარედინზე ხელგამოწვდილ მათხოვრობას.

საქართველო გამორჩეული ქვეყანაა თუნდაც დემოკრატიული და მაძღარი ევროპიდან, სადაც მიტინგები, მანიფესტაციები, თანაც ასეულ-ათასიანი, სწორედ სოციალური პირობების, დასაქმების, სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების, ფასების შემცირების მოთხოვნებით იმართება. ოპოზიციის ნათქვამში არის საინტერესო მარცვალი, რასაც ხელისუფლებასთან შეხმატკბილება ჰქვია. ოპოზიცია ეუბნება ხალხს - თავი არ მოჭრათ ქვეყანას, პურის მოთხოვნით არ გამოხვიდეთო. ჰოდა, ხალხმაც გაიგო მისი ნათქვამი და რაც არ უნდა გაიჭაჭოს ოპოზიცია, ქუჩაში ფეხს არ ყოფს.

ბოლო დროს „ოპოზიციამ“, განსაკუთრებით „რვიანის“ წევრმა ზოგიერთმა პარტიამ დაგმო ოქრუაშვილის მიერ რუსული მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში ტერორისტების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების ფაქტის გამომზეურება. ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა აღიარა ის, რაც, ჩემი აზრით, ადრე უნდა ეღიარებინა. ამ ნათქვამით ოქრუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ხელისუფალთა კავშირების შესახებ ჩეჩენ ბოევიკებთან ანუ მან აღიარა ის, რასაც რუსეთის სპეცსამსახურები უკვე მერამდენე წელია გაიძახიან.

ცხადია, ყველაფერს ესაჭიროება მტკიცებულება, მაგრამ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათქვამი მთლად ბლეფი არ უნდა იყოს. ჩეჩენი ბოევიკები შესანიშნავ თავშესაფრად მიიჩნევდნენ პანკისის ხეობას. წინა ხელისუფლებას მართლადაც მჭიდრო კავშირები ჰქონდა მათთან. გახსოვთ გელაევი და შევარდნაძის დახასიათება - განათლებული კაციაო. სწორედ ეს "განათლებული კაცი" და მისი რაზმი გადმოიყვანა მაშინდელმა შსს-მ პანკისიდან კოდორის ხეობაში, რასაც მოჰყვა ჩეჩენთა შეტევა სოხუმზე, ცხადია უშედეგო. მაშინდელ პანკისთან მიმართებაში რა არ ითქმოდა, მათ შორის მთავარი - პანკისმა მთელი კახეთი ნემსზე დასვაო (ნარკოტიკები იგულისხმება).

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ფარდა ახადა ხელისუფლება-გელაევის ვოიაჟს, საპარლამენტო ფრაქცია „აღორძინება“ იყო, რომელმაც ექსტრა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა ამის თაობაზე. ეს, როგორ გაბედა „აღორძინებამო“ - ხორცის მოყვარული თევზი პირანიების მსგავსად შეესივნენ ოპოზიციურ ფრაქციას მმართველი „მოქალაქეთა კავშირი“ და სხვა პარტიები. ეს რომ ასეც იყოს (არადა მართლაც ასე იყო), ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვებელია ამის თქმაო.

ანალოგიურ რეაქციას აქვს ადგილი დღესაც - ოქრუაშვილს ეს არ უნდა ეთქვა, ვინაიდან ამით მან სააკაშვილს კი არა ქვეყანას ავნოო. ქვეყანას ვნება მაშინ ადგება, როდესაც მსგავსი ფარული გამოხდომებით ხელისუფლება ცდილობს რუსეთან დაჭიდებას. ქართველ ხალხს, ოპოზიციას, თავის დროზე, რომ ხმა აემაღლებინა ხელისუფალთა მხრიდან რუსეთის მიმართ გამაღიზიანებელ პროვოკაციებზე, პირიქით არ აჰყოლოდა ხელისუფალთა თამაშს, ადგილი არ ექნებოდა 2008 წლის აგვისტოს, არც ტერიტორიები დაიკარგებოდა.

რვიანის ზოგიერთი პარტიის "ანტიირაკლისტური" განცხადება ჩეჩენი ბოევიკებისთვის დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და მოსახლეობას აფიქრებინებს, რომ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მსგავს საკითხში ისიც ისე მოიქცევა, როგორც დღევანდელი ხელისუფლება. როგორც ჩანს ამ და ბევრ სხვა საკითხში ოპოზიცია-ხელისუფლებას შორის უსიტყვო კონსენსუსია, რაც გაცილებით ცუდად აისახება ქვეყანაზე, ვიდრე თუნდაც დანაშაულებრივი ქმედების დაგვიანებული გამომზეურება.

რუსეთი მტრის ის ხატია, რომელზეც ორივე - ხელისუფლება-ოპოზიცია წარმატებით ითბობს ხელს, ვინაიდან ორივე ოკეანისგადაღმიდან პურდება და სანაცვლოდ იმის მიერ დაკრულ მუსიკაზე ცეკვავს. არც ერთ მათგანს არ სურს ამ საამო ჰანგების განელება. ორივე დაბეჯითებით იტყვის "რუსული აგრესიის" თაობაზე, ესოდენ განუზომელი დივიდენდები, რომ მოაქვს მათთვის. ასეთ დროს ვის ახსოვს ქვეყანა?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"