ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
03.06.2011
გერმანია ატომურ სადგურებს ხურავს

გერმანიის მთავრობამ, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებისგან, ქრისტიან-სოციალისტებისგან და თავისუფალი დემოკრატებისგან შედგება, მიიღო გადაწყვეტილება 2022 წლისთვის მთლიანად გააჩეროს ქვეყანაში არსებული 17 ატომური რეაქტორი.

ეს გადაწყვეტილება ბუნდესტაგმა უნდა დაამტკიცოს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარლამენტი წინააღმდეგ წავიდეს, რადგან გერმანიის ოპოზიციური პარტიები - სოციალ-დემოკრატები, მწვანეები და მემარცხენეები, კიდევ უფრო აქტიურად უჭერენ მხარს ატომური სადგურების გაჩერებას, ვიდრე მმართველი კოალიციის მემარჯვენე პარტიები.

ცხადია, რომ გერმანიის მთავრობის ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია იაპონიაში მომხდარმა კატასტროფამ „ფუკუშიმას“ ატომურ სადგურზე. გერმანიის მოსახლეობის დიდი ნაწილი ფუკუშიმას მოვლენებამდეც აქტიურად ითხოვდა აეს-ების დახურვას, მაგრამ იაპონიის კატასტროფის შემდეგ მთავრობა იძულებული გახდა გადაეხედა თავისი გეგმებისთვის.

არადა, მანამდე კანცლერ მერკელის მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც იმ ატომურ სადგურებს, რომლებიც 2025-2030 წლებისთვის უნდა დახურულიყო, ექსპლუატაციის ვადა უგრძელდებოდათ 2040-2045 წლებამდე. ამით ხელისუფლება ცდილობდა შეემცირებინა გერმანიის დამოკიდებულება იმპორტირებულ გაზზე.

ახლა კი, თუკი სადგურები 2022 წლისთვის მთლიანად დაიხურება, გერმანია სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება. 17 ატომური ბლოკი გერმანიის ელექტროენერგიის 23%-ს გამოიმუშავებს. რითი აპირებს ქვეყანა მათ შეცვლას?

ამისთვის საჭირო იქნება 9 მძლავრი თბოელექტროსადგურის შეყვანა მწყობრში. თუმცა გერმანელები იმედოვნებენ, რომ ატომური ენერგიის ნაწილს ე.წ. სუფთა ენერგეტიკით ჩაანაცვლებენ, როგორებიცაა მზის და ქარის ენერგია. განზრახულია ჰიდრო, მზის და ქარის ენერგიის წილის გაზრდა 17-დან 35%-მდე 2050 წლისთვის. ამისთვის 200 მილიარდი ევროს გამოყოფა იქნება საჭირო. თუმცა უცნობია, რამდენად რენტაბეული იქნება გერმანიის პირობებში მზის ან ქარის ენერგიის გამოყენება, რადგან ეს ქვეყანა არც მზის და არც ქარის სიჭარბით ვერ დაიკვეხნის.

ეს მხოლოდ გეგმებია, ჯერჯერობით კი ნათელია, რომ გერმანიას გაზის იმპორტის გაზრდა მოუწევს. ამის თაობაზე უკვე გამოხატა თავისი კმაყოფილება გაზპრომის ხელმძღვანელმა, რომელმაც გერმანელი პარტნიორები „ანუგეშა“, რომ გაზპრომს იმდენი გაზი აქვს, რამდენიც საჭიროა და კიდევ საუკუნეები ეყოფა რეზერვები. თუმცა იმპორტული გაზი ფული ღირს, ასე რომ ევროპის ქვეყნებს სულ უფრო მეტი თანხების გადახდა მოუწევთ გაზის ექსპორტიორი ქვეყნებისთვის.

ეს ეხება არა მარტო გერმანიას, არამედ ევროპის და ევროკავშირის სხვა წევრებსაც. მაგალითად, შვეიცარიამ, რომლის ელექტროენერგიის 40% ასევე აეს-ების მიერ გამომუშავდებოდა, გადაწყვიტა მათი გამოყვანა ექსპლუატაციიდან 2034 წლისთვის. სავარაუდოდ, ანალოგიურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიც. რჩება საფრანგეთი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ატომურ ენერგეტიკაზე, რადგან მისი ელექტროენერგიის 70%-ს აეს-ები გამოიმუშავებენ. თუ საფრანგეთიც იძულებული გახდა დახუროს თავისი ატომური სადგურები, ეს ევროკავშირის ენერგეტიკაში უმძიმეს პრობლემებს შექმნის.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ევროკავშირის ქვეყნების საკუთარი ენერგოწარმოება ნელ-ნელა ეცემა. ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის და გაზის რეზერვები ნელა, მაგრამ სტაბილურად მცირდება. მოპოვების დაცემა განსაკუთრებით შეინიშნება დიდ ბრიტანეთში და ჰოლანდიაში. ჯერჯერობით ინარჩუნებს დონეს ნორვეგია, მაგრამ 2025 წლის შემდეგ მისი გაზის რეზერვებიც ამოწურვას დაიწყებს (ახალი საბადოების აღმოჩენის შანსი მცირეა). ეს ყველაფერი კი კიდევ უფრო გაზრდის ევროკავშირის მოთხოვნილებას იმპორტულ გაზზე.

ამის გამო ევროკავშირის მესვეურები გამალებული ცდილობენ გაზის ტრანსპორტირების ახალი მარშრუტების გაყვანას. ევროპა დიდ იმედებს ამყარებდა ე.წ. ნაბუქოს პროექტზე, თუმცა მისი მთავარი პოტენციური მომწოდებელი - თურქმენეთი - არ ჩქარობს მასთან შეერთებას და ეს არც არის ფიზიკურად შესაძლებელი, თუ კასპიის ზღვაზე არ აშენდა წყალქვეშა გაზსადენი. ეს კი დღევანდელ პირობებში ნაკლებად მოსალოდნელია. რჩება აზერბაიჯანი, მაგრამ ამ ქვეყნის გაზის რეზერვები არასაკმარისია ევროპის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. თანაც, აზერბაიჯანს ხელსაყრელ წინადადებებს სთავაზობენ რუსეთი და ირანი, რომ ამ ქვეყნების გავლით მოხდეს გაზის ტრანსპორტირება. ყარაბაღის პრობლემის არსებობის პირობებში ოფიციალური ბაქო იძულებულია გაითვალისწინოს მეზობლების ინტერესები, სხვა შემთხვევაში ჩნდება რისკი, რომ ალიევის რეჟიმი დესტაბილიზებული იქნება. საბოლოოდ, ევროპის მოთხოვნილება დამატებით იმპორტულ გაზზე ისევ რუსეთის, ყატარის (თხევად გაზი), და მომავალში ირანის მიერ იქნება დაკმაყოფილებული.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"