ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
03.06.2011
შეთქმულების თეორია ქართულად

2011 წლის 26 მაისის ღამეს სახალხო წარმომადგენლობითი კრების მიერ გამართული აქციის დარბევას ყველა ელოდა. სისასტიკით გამორჩეულ სადამსჯელო ღონისძიებას ანონსი აშშ ელჩმა ჯონ ბასმა და საია-მ (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ) გაუკეთეს.

შესაძლოა ამიტომ 28 მაისს სამოქალაქო საზოგადოების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე “არა - ძალადობას” გამოჩნდა ახალგაზრდა წარწერით მაისურზე - “ჯონ ბასი - საქართველოს შაჰ-აბასი”. ეს ერთი ახალგაზრდის მოსაზრება არ იყო; ჯონ ბასის მიმართ საყვედურები დარბევისთვის “მწვანე შუქის” ანთების გამო ბოლო დღეებში ხშირად გაისმის. თუმცა აშშ-ს მხრიდან პოლიტიკური მოტივაციით განპირობებული შეფასებები და განცხადებები გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ საელჩოს შენობასთან ინიცირებულმა საპროტესტო აქციამ ქართულ პოლიტიკურ ელიტაში გადაჭარბებული (უფრო კი ხაზგასმით თავგამოდებით-ქვეშევრდომული) რისხვა გამოიწვია. “არ ვაწყენინოთ ჩვენს სტრატეგიულ მეგობარს” - ასეთი იყო პათოსი.

ბასმა ოპერატიულად გააკეთა განცხადება იმასთან აკავშირებით, რომ ამგვარი აქციები ჩვეულებრივი მოვლენაა და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. რთული წარმოსადგენია, რომ აშშ ელჩისთვის მისი ქვეყნის ტერიტორია (საელჩო კი სწორედ ექსტერიტორიული სტატუსით სარგებლობს) ნაკლებ გასაფრთხილებელია, ვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: 26 მაისის აქციის მიმართ ბასის პოზიცია სულ სხვაგვარი აღმოჩნდა.

ასეთივე ოპერატიული იყო საია-ს განცხადება, რომლითაც ქართულ პოლიტიკაში გასული საუკუნის 80-იანი წლების კომუნისტური დეფინიცია “არასანქცირებული მიტინგი” აღდგა მკვდრეთით. ისეთმა კვალიფიციურმა იურისტთა გაერთიანებამ, როგორიც არის საია (ამას უცხოური, ძირითადად აშშ-ს გრანტებით დაფინანსების ფართო მასშტაბიც მოწმობს), არ შეიძლება, არ იცოდეს, რომ ქართული კანონმდებლობა არ ცნობს არავითარ სანქციას შეკრებისა თუ მანიფესტაციისათვის. ნებისმიერი შეკრება როგორც ჭერქვეშ, ისე ღია ცის ქვეშ, ჩვენი კონსტიტუციით თავისუფალია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ გაფრთხილებას თბილისის მერიის მიმართ შეკრების გამართვის შესახებ.

მეორეს მხრივ, ნინო ბურჯანაძეც, მისივე განცხადებით, მაღალკვალიფიციური იურისტია. რა უშლიდა ხელს სახალხო კრებას, 25 მაისს კიდევ ერთი შეტყობინება გაეგზავნათ ქალაქის მერიაში? ეს არ გაკეთებულა, თუმცა ამით ხელისუფლებას არ მოუპოვებია იმის უფლება, რომ სასტიკად გასწორებოდა აქციის მონაწილეებს. ღამის თორმეტ საათს, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა რაღაც მითიურ ნებართვის ამოწურვის დროდ გამოაცხადეს, სულ რამდენიმე წუთი აკლდა, როდესაც თბილისის მერიის წარმომადგენელმა აქციის ორგანიზატორებს გადასცა წერილი მიტინგის დაშლის, ან სხვა ადგილზე გადატანის მოთხოვნით. ესეც ერთგვარი ნოვაცია იყო; მანამდე არცერთი აქციისას ხელისუფლება ამგვარი წერილებით მომიტინგეებს არ მიმართავდა.

თუმცა ეს ერთადერთი ნოვაცია არ იყო. მაისის აქციებზე პირველად გაისმა -“ძალადობას ვუპასუხებთ ძალადობით”. რაკი კანონმდებლობით ჯოხი იარაღად არ ითვლება (ამაზე ხაზგასმით მიუთითა იურისტმა ბურჯანაძემ), აქციის მონაწილეები ჯოხებით შეიარაღდნენ და წინააღმდეგობისთვის მოემზადნენ. ცხადია, სურვილის შემთხვევაში იარაღად ნებისმიერი ნივთის გამოყენება შეიძლება, მაგრამ რთული წარმოსადგენია, აქციის ორგანიზატორებს იმის ილუზია ჰქონოდათ, რომ დაგეშილ და სპეცსაშუალებებით აღჭურვილ სპეცდანიშნულების რაზმს ჯოხებით გაუმკლავდებოდნენ.

სამაგიეროდ, სრულიად წარმოუდგენელი იყო ქართული საზოგადოებისთვის იმის აღმოჩენა, რომ მიტინგის დასარბევად გამოყვანილ პირთა შორის არა მარტო მოძალადეები, არამედ ტრივიალური მაროდიორებიც აღმოჩნდნენ. ასეთივე სიახლე იყო ისიც, რომ ექიმები წყნარად აგრძელებდნენ ჭრილობების დამუშავებას, როცა მათ თვალწინ პაციენტის ცემას უმოწყალოდ განაგრძობდნენ.

ადამიანურად სრულიად გასაგებია, რომ არაერთხელ ნაცემ და დარბეულ მომიტინგეებს რევანშის თუ არა, იმის სურვილი ჰქონდეთ, რომ თავი აღარ აცემინონ და ეს მცირე გამარჯვება მაინც მოიპოვონ. ათიოდე წლის წინ მანანა არჩვაძის მომხრეებმა საპროტესტო აქციაზე მძიმე ხის ჯვრები გამოიტანეს და პოლიციელებს საპასუხო ცემა აგემეს, მაგრამ ეს მცირეხნიანი რევანში იყო; აქცია დაშალეს, ზოგიერთი მონაწილე კი დააკავეს.

სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ დარბევას ვერ გაბედავდნენ, თუკი აქციას პოლიტიკური პარტიები შეუერთდებოდნენ და ხალხი გაცილებით მეტი იქნებოდა. შეგახსენებთ, რომ 2007 წელს აქციებზე ბევრად მეტი ადამიანი იდგა, ვიდრე ახლა, მაგრამ ამას სულაც არ შეუშლია ხელი სააკაშვილის ხელისუფლებისთვის, რომ ისინი დაერბია და ტელეკომპანია “იმედიც” ზედ მიეყოლებინა. განსხვავება იმაშია, რომ 26 მაისის აქციის დარბევა განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა; არიან დაღუპულები და დაკარგულები.

გამოცხადებული მიზანი, რომ სააკაშვილს აღლუმი ვერ ჩაებარებინა, ნამდვილად არ იმსახურებდა იმ ზომებს, რომელიც გატარდა 26 მაისის ღამეს. გავრცელებული ინფორმაციით გამოყვანილი იყო 3.500 სპეცრაზმელი, რაც ნამდვილად არ იყო საჭირო რამდენიმე ასეული მომიტინგის დასაშლელად. ეს უფრო ძალის დემონსტრირება და სამაგალითო დასჯა იყო, ვიდრე მიტინგის აღკვეთა. ძალის გადამეტების გამო მორიგი შეშფოთებები ისმის გაეროდან და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებიდან, მაგრამ 30 მაისს გავცელებული ვიდეოჩანაწერები ცხადყოფს, თუ რამ განაპირობა აშშ და ევროკავშირის ელჩების მზადყოფნა, გაემართლებინათ მიტინგის დაშლა; შსს-ს მიერ გავცელებული ინფორმაციით ყინწვისში დააკავეს ახლად შექმნილი “ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის” 23 წევრი, რომელთაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით წაუყენეს (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად), რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე.

ერთ-ერთი ადვოკატის განცხადებით, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს 23 კაცი დაუკავშირდა ერთმანეთს, რათა ჩამოეყალიბებინათ შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც მერე ცხინვალის ტერიტორიიდან შემოიყვანდა დაახლოებით 2000 კაცს. ისინი იქნებოდნენ ქართულ ფორმებში ჩაცმული, ქართულად მოლაპარაკე, ოღონდ რუსი ჯარისკაცები და დაეხმარებოდნენ სახელმწიფო გადატრიალებაში. ნიკა გოგუაძე (“ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის” თავმჯდომარე) აღიარებით ჩვენებაში აცხადებს, რომ მაისის დასაწყისში ის და მალხაზ ღვალაძე მოსკოვში შეხვდნენ თემურ ხაჩიშვილს, ვალერი გელბახიანს, რომან დუმბაძეს და ვლადიმერ ხომერიკს. “მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ჩვენ საქართველოში უნდა შეგვექმნა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა სახელად “ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა”, რომლის ძირითადი ფუნქციაც იქნებოდა ნინო ბურჯანაძის და ბადრი ბიწაძის მიერ გამართული საპროტესტო აქციების მხარდაჭერა”.

ამავე დროს, ბადრი ბიწაძეს, რომელსაც ეს მოძრაობა უნდა დახმარებოდა, ბრალი პოლიციაზე თავდასხმის მიზნით ჯგუფის ორგანიზებისთვის წაუყენეს (4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა) და პროკურატურამ მის მიმართ 100.000-ლარიანი გირაოს გამოყენებაზე იშუამდგომლა. ბურჯანაძემ კატეგორიულად განაცხადა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს და გაიკვირვა, თუ რატომ არ აპატიმრებენ მას.

სააკაშვილისთვის ადვოკატობის გაწევის მიზნით შექმნილმა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ - “ევროპული საქართველოსთვის” - კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ხელისუფლება და მას აქციის მონაწილეთა და ორგანიზატორთა მიმართ “ადეკვატური ნაბიჯების გადადგმისკენ” მოუწოდა. რა იგულისხმება ადეკვატურ ზომებში, კარგად ჩანს მათივე განცხადებიდან: “26 მაისს პოლიციას საქმე ჰქონდა არა მშვიდობიან დემონსტრანტებთან, არამედ ექსტრემისტებთან. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ძალის გამოყენებით აქციის აღკვეთა სამართლიანი იყო, რათა ექსტრემისტებს მოქმედების მასშტაბი შემცირებოდათ”. ამ განცხადებაზე თამამად მოაწერდნენ ხელს 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი მიტინგის დარბევის ორგანიზატორები.

გია ნოდიამ და მიხეილ თავხელიძემ, რომლებიც მუდამ მზად არიან ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება გაამართლონ, ნინო ბურჯანაძის მიმართ ტოლერანტულობა გააპროტესტეს. 1 ივნისამდე ბიწაძე არ გამოჩენილა და გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, სასამართლომ მას გირაოს ნაცვლად ორთვანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება თავად აქციის დაშლისას ძალის გადამეტებას, გია ნოდიამ ასეთი განცხადება გააკეთა: “ჩემი ინფორმაციით, იყო ძალის გადამეტების შემთხვევები, მაგრამ არ მაქვს საფუძველი იმის სათქმელად, რომ ძალის გადამეტებას სისტემური ხასიათი ჰქონდა. ამის მიზეზი იყო ცალკეული პირების არასაკმარისი პროფესიონალიზმი ან კონკრეტულ სიტუაციაში არაზუსტი გათვლა, მაგრამ ეს პრობლემა ტრაგიკული არ არის”. რთული სათქმელია, რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს "ცალკეული პირების არასაკმარისი პროფესიონალიზმის" ან კონკრეტულ სიტუაციაში "არაზუსტი გათვლის" გამო, რომ გია ნოდიამ ეს პრობლემა ტრაგიკულად მიიჩნიოს?

შეთქმულების თეორიის ლოგიკით, მოვლენები სულ სხვაგვარად უნდა განვითარებულიყო, მაგრამ შევეცადოთ, გავერკვეთ, რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ამ მორიგი შეთქმულების “ნაციონალური” ვერსია. დავიწყოთ იმით, რომ მაისის დასაწყისში სახალხო კრების მიერ აქციების დაანონსების შემდეგ (და არა მანამდე!) მოსკოვში სასწრაფოდ აძლევენ დავალებას გოგუაძესა და ღვალაძეს, შექმნან “ეროვნულ-

სარწმუნოებრივი მოძრაობა”, რათა ბურჯანაძესა და ბიწაძეს დაეხმარონ.

საკითხავია, რა საჭირო იყო ორგანიზაციის ფორმალიზება (მისი პრეზენტაცია 11 მაისს გაიმართა სასტუმრო “ამბასადორში”), თუკი მისი მიზანი სრულიად არასამოქალაქო - სამხედრო ძალის შემოყვანა იყო? ვინ აფუძნებს ამისთვის არასამთავრობო ორგანიზაციას და საჯაროს ხდის მისი წევრების ვინაობას? იქნებ, “ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის” დროშის გარეშე ვერ შემოვიდოდა 2.000 “ქართულად მოლაპარაკე რუსი ჯარისკაცი”? არამცთუ 2.000, არამედ, თუ სააკაშვილს ვენდობით, ქართულ არმიაზე 10-ჯერ მეტი რუსი ჯარისკაცი უკუვაგდეთ 2008 წელს და ახლა ამ მცირე რაზმის მიერ სახელმწიფო გადატრიალების შეეშინდა ჩვენს შემდგარ და ეფექტურ ხელისუფლებას? შსს-ს ინფორმაციით, ამ მოძრაობას მაღაზიები უნდა დაეწვა და ძალადობის პროვოცირება უნდა გამოეწვია. ისმის კითხვა: მაშ რატომ არ გააკეთეს მათ ეს? ისინი ხომ მხოლოდ 26 (ზოგიერთი წყაროს მიხედვით 27) მაისს დააკავეს?

თვალსაჩინოა კიდევ ერთი შეუსაბამობაც; ორგანიზაციის ლიდერად მოხსენიებული დავით შუკაკიძე (ისევე, როგორც გენერალი გია უჩავა, რომლის ვიდეოაღიარებებსაც იყენებდა ხელისუფლება შემდგომი რეპრესიების გასამართლებლად) ჯერ კიდევ 22 მაისს, აქციიდან გაიტაცა პოლიციამ. ამის შესახებ ინფორმაცია აქციაზეც გავრცელდა და საინფორმაციო საშუალებებშიც გამოქვეყნდა. რა ხდებოდა 22-დან 26 მაისამდე, უცნობია, ისევე როგორც ორგანიზაციის დანარჩენი წევრების დაკავების დრო, ადგილი და სხვა დეტალები. აღიარებითი ჩვენებები ქართულ საზოგადოებაში უკვე გაკვირვებასაც აღარ იწვევს, მაგრამ გოგუაძისეული ვერსია კარგად ცნობილი შტირლიცის მიერ ტექსტის დასაშიფრად წიგნის გამოყენებას პირდაპირ იმეორებს. ყურადღებას ისიც იქცევს, რომ ამ მიზნით “თეთრების”, ანუ შაშიაშვილის მოძრაობის მიერ გამოცემული წიგნი გამოიყენება. ირკვევა, რომ თემურ ხაჩიშვილმა ამ წიგნის ერთი ეგზემპლარი გოგუაძეს მისცა, ხოლო მეორე თავად დაიტოვა. მთელი ამ ისტორიის არასერიოზული ხასიათი დამთრგუნველ ხასიათს ატარებს.

თავად ამ სასწრაფოდ შექმნილი ორგანიზაციის სახელწოდებაც საინტერესოა; ტერმინის სახით ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეოლოგია და მოძრაობა რამდენიმე წლის წინ შემოიტანა ბესარიონ გუგუშვილმა, რომელიც ინტერნეტ-რესურს პრესა.გე-ს გარშემო დატრიალებული სკანდალის შემდეგ, მარტში უეცრად ამ საიტის ბლოგერი გახდა. შეგახსენებთ, რომ საიტი დამფუძნებელთა ჯგუფმა იანვარში ხმაურით დატოვა და განაცხადა, რომ იგი შსს-ს კონტროლს ქვეშ გადავიდა.

ერთი სიტყვით, იდეოლოგიის ავტორი - ზვიად გამსახურდიას დევნილი მთავრობის თავმჯდომარეა, პოლიტბიურო - სააკაშვილის მიერ განდევნილი პოლიტიკოსები და ძალოვანები, ხოლო აღმსრულებლები - საზოგადოებისთვის ნაკლებად (ან თითქმის) უცნობი პიროვნებები, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებაში მომყვან ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს და ორგზის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ეხმარებიან! ჩვენს სამშობლოს რომ არ ეხებოდეს, საკმაოდ სახალისო ვოდევილის ხასიათს ატარებს ეს ყოველივე.

მთელ ამ ისტორიაში მრავალი პასუხგაუცემელი კითხვაა. კიდევ დიდხანს იკამათებენ პოლიტიკოსები, უფლებადამცველები, ჯიბის და ჯიბეგახვრეტილი არასამთავრობოები, ადვოკატები, ჟურნალისტები… ფაქტი კი ფაქტად რჩება - ქართულ შეთქმულების თეორიაში “რუსული კვალი” აქტუალურობას არ კარგავს და, სავარაუდოდ, არც დაკარგავს, რადგან იგი სააკაშვილისთვის მუდამ მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებს.

საკითხავი მხოლოდ ის არის, რატომ აღმოჩნდნენ მოუმზადებელნი ამ მარტივი და განმეორებადი სცენარისთვის “სახალხო კრების” ლიდერები, დანარჩენი ოპოზიცია, მთლიანად საზოგადოება და ღირს თუ არა ამგვარი მეთოდებით ხელისუფლებაში დარჩენა, ან მისი მოპოვება?

ამ კითხვებმა უკვე რიტორიკული ხასიათი შეიძინა, მაგრამ არის სიახლეც: 28 მაისს ძალადობის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია გაიმართა. ხალხი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე 26 მაისის ღამეს. ცხადია, რომ სადამსჯელო ოპერაციამ საპირისპირო შედეგი გამოიღო. თუმცა ხალხმა აქციაზე პოლიტიკოსებს მიკროფონი არ დაუთმო.

ნინო ბურჯანაძემ “მაესტროს” ეთერში განაცხადა, რომ მისი დღევანდელი მდგომარეობა სწორედ იმის საზღაურია, რომელიც მისმა უახლესმა პოლიტიკურმა წარსულმა განაპირობა. ზომიერი ოპოზიცია ასაბუთებს, რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად ხანგრძლივი გზაა გასავლელი, მათ შორის მოლაპარაკებების გზით. ხელისუფლება მორიგ “გამარჯვებას” ზეიმობს და მის წიაღში მხოლოდ ერთეულები გრძნობენ, რომ ეს პიროსის გამარჯვებაა.

თავის დროზე ზურაბ ჟვანიამ შევარდნაძის შემდგომ ეპოქაში ხელისუფლებაში დასარჩენად რვა წელი შეალია იმ მოვლენების განვითარებას, რომელთაც შემდგომ “ვარდების რევოლუცია” უწოდეს. ამ რვა წლიდან შვიდის განმავლობაში იგი პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ხოლო გადადგომის შემდეგ მისმა კანდიდატმა - ბურჯანაძემ დაიკავა სახელმწიფოს მეორე პირის თანამდებობა. იმ რვა წლის განმავლობაში მან ჩინებულად გამოიყენა როგორც აშშ-ს, ისე ევროპისა და რუსეთის ყველა სახის დახმარება. თუმცა ეს სულ სხვა სტატიის თემაა, აქ კი მხოლოდ იმას დავსძენთ, რომ ჟვანიას რევოლუციური სამეულისა და მათი გუნდებიდან არც ერთი წევრისთვის არ უსწავლებია ხეზე ასვლა.

ნანა დევდარიანი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"