ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ტრიბუნა
01.06.2011
გულბაათ რცხილაძე: "რუსეთს აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი შეტენეს"
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ამას წინანდელ ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალმა "ქართული ელიტა" კომენტარისთვის მიმართა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს გულბაათ რცხილაძეს.

კითხვა: რას ნიშნავდა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტის სერგეი ლავროვის ვიზიტი?

პასუხი: მისი ვიზიტი იმ გზის გაგრძელება იყო, რაც რუსეთმა აირჩია. გავიხსენოთ 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი. პრეზიდენტ მედვედევის გამოსვლაში ერთი ფრაზა იყო გაჟღერებული, რომ რუსეთს ეს გადაწყვეტილება, ანუ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, იოლად არ მიუღია. რუსეთის პრეზიდენტის განცხადება მიგვანიშნებს, რომ კრემლი უბრალოდ იძულებული იყო, ეს ნაბიჯი გადაედგა და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება სულაც არ ყოფილა რუსების სანუკვარი ოცნება. ახლაც თამაშობს რუსეთის ხელისუფლება, თითქოს დამოუკიდებელ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჩადის, სინამდვილეში კი თავადაც იცის, რომ ეს სიმართლე არაა, რადგან ორივე ეს რეგიონი რუსეთზე ტოტალურად დამოკიდებულია, ეკონომიკურიდან დაწყებული, სამხედრო თვალსაზრისით დასრულებული.

კითხვა: რატომ არ აწყობდა რუსეთს ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარება?

პასუხი: ეს სიტუაცია შეიძლება მოსწონდეთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ელიტებს, რადგან რუსული ცხოვრების პირობები უკეთესია, მაგრამ ჩვენი მეზობლისთვის არის თავის ტკივილი, რადგან რუსეთმა ეს სახელმწიფოები უნდა უზრუნველყოს. ზემოთ უკვე ვთქვი, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არა დამოუკიდებელი, არამედ რუსეთზე დამოკიდებული ქვეყნებია. მოსკოვი ისედაც დიდ დახმარებას უწევს ჩრდილოკავკასიურ ავტონომიურ რესპუბლიკებს, რომლებისთვისაც უზარმაზარი თანხები იხარჯება. აქედან გამომდინარე, მას დამატებითი ტერიტორიების შენახვა აღარ აწყობდა. ლავროვის ვიზიტი არ უნდა გაგვიკვირდეს, ის იძულებულია, დაწყებული თამაში გააგრძელოს. ყოველივე ამას მთლად მარტო სააკაშვილის პოლიტიკას ნუ დავაბრალებთ. რადიკალური ანტირუსული რიტორიკა 1989 წლის აპრილის დღეებში დაიწყო და ასე მოვდივართ დღემდე.

კითხვა: მაშინ ჩნდება კითხვა... რატომ აღიარა, თუ ეს გადაწყვეტილება მის პოლიტიკასა და ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა?

პასუხი: აკი გითხარით, იძულებული იყო–მეთქი. ამ შემთხვევაში ეკონომიკაზე და ზოგად პოლიტიკურ მიზნებზე მაღლა კონკრეტული გარემოება იდგა: რუსეთს რომ არ ეღიარებინა ეს ორი რესპუბლიკა დამოუკიდებლად, მაშინ მას კონტროლი უნდა დაეკარგა სიტუაციაზე, მოსკოვს აღარ ექნებოდა იურიდიული უფლება, ჯარები დაეტოვებინა ამ ტერიტორიებზე. სწორედ ამგვარი პროვოკაცია მოუწყეს სააკაშილის ხელით ამერიკელებმა რუსეთს, ფაქტობრივად აიძულეს იგი, რომ მიეღო ნაკლებად მომგებიანი გადაწყვეტილება. რუსეთს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი “შეტენეს”, თან ისე, როგორც “დამოუკიდებელი სახელმწიფოები” და პარალელურად რუსეთსა და საქართველოს შორის საბოლოოდ გააფუჭეს ურთიერთობა, ეს კი ამერიკას აწყობს, ამ ფონზე იგი აძლიერებს თავის პოზიციებს საქართველოს დარჩენილ ტერიტორიებზე. დააკვირდით, ამერიკას არასოდეს გამოუხატავს ინტერესი აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიმართ, ამერიკას საქართველო აინტერესებს მხოლოდ, წითელი ხიდიდან ფოთამდე, როგორც “კორიდორი”. ამ “კორიდორის” ფუნქციონირებას კი აფხაზები და ოსები ხელს ვერ და არ უშლიან. სამაგიეროდ, “კორიდორად” ქცეული საქართველო ამერიკის მორჩილი ყმაა, არადა, რუსეთთან რომ დაბალანსებული ურთიერთობა გვქონდეს, აქ არც ამერიკის ტოტალური გავლენა იქნებოდა და არც სააკაშვილის რეჟიმი. მეტიც, ქვეყანას გაერთიანების მეტი პერსპექტივა ექნებოდა.

კითხვა: ედუარდ კოკოითთან შეხვედრის შემდეგ კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: “ჩვენ არასდროს მივატოვებთ სამხრეთ ოსეთს”... როგორ ფიქრობთ, როდისმე დათმობს რუსეთი ამ ტერიტორიებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ასე აღდგება?

პასუხი: ჯერ უნდა გავერკვეთ, რა მიზანი გვაქვს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ის ფრაზაა, რომელიც განსაკუთრებით საშიშია აფხაზი და ოსი ხალხისთვის, რადგან ეს ტერმინი ომთან ასოცირდება. მათთვის მთავარია, როგორ ცხოვრებას შევთავაზებთ, რამდენად მივცემთ თავისუფლებას და რამდენად დავიცავთ მათ უფლებებს. თუ ამ ყველაფერს უზრუნველვყოფთ, რა თქმა უნდა, რუსეთის შუამავლობით, მაშინ მათაც დაუცხრებათ ჩვენს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება და იფიქრებენ საერთო სახელმწიფოში ცხოვრების შესაძლებლობაზე. მათ ამისკენ უბრალოდ მომავალში შექმნილი ახალი გარემოებები უბიძგებენ. ამჟამად ასეთი რამ თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ რეალობა ისტორიაში ადამიანების, მათ მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებებით იქმნება.

წყარო: 2011 წლის მაისის ჟურნალი "ქართული ელიტა".

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"