ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
31.05.2011
"ოპოზიციური გაზაფხულის" დასასრული

26 მაისის ღამეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ძალებმა დაარბიეს რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე მიტინგი, რომელიც 5 დღეს გრძელდებოდა (ქალაქის სხვადასხვა ნაწილში). ყველაფერი კი 21 მაისს დაიწყო - ე.წ. სახალხო კრების მიერ თავისუფლების მოედანზე გამართული მიტინგით.

21 მაისის შეკრებაზე არც ისე ბევრი ადამიანი მოვიდა, როგორც ორგანიზატორები ვარაუდობდნენ. აქციის პიკზე მონაწილეთა რაოდენობა შეიძლება შევაფასოთ, როგორც დაახლოებით 10 ათასი. შესაძლოა ზოგიერთი ქვეყნისთვის ეს ციფრი დიდი იყოს (მაგალითად, 10-მილიონიან მოსკოვში ოპოზიცია ამის ნახევარსაც ვერ კრებს), მაგრამ თბილისისთვის, სადაც 2007-2009 წლებში 50-100 ათასი ადამიანი გამოდიოდა ქუჩებში, ეს რაოდენობა „მოკრძალებულად“ ითვლება. მით უმეტეს „გადამწყვეტი ბრძოლისთვის“, როგორც ამას აანონსებდნენ სახალხო კრების ლიდერები.

შემდგომ დღეებში აქციის მონაწილეთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა. 21 მაისს ორგანიზატორებმა თავიანთი მომხრეები პირველი არხის შენობასთან მიიყვანეს და ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს, თან ნინო ბურჯანაძისთვის პირდაპირ ტელეეთერს მოითხოვდნენ. ბურჯანაძეს პირველი არხით გამოსვლის საშუალება კი მიეცა, მაგრამ აქცია მაინც გაგრძელდა და 25 მაისს ისევ რუსთაველის პროსპექტზე გადაინაცვლა. საბოლოოდ მაინც გაუგებარი დარჩა, რატომ დაინიშნა პირველი მიტინგი მაინცდამაინც 21 მაისს და არა ვთქვათ, 24 ან 25 მაისს.

დაგეგმილი იყო, რომ მომიტინგეები ისევ დაიკავებდნენ თავისუფლების მოედანს, მაგრამ ხალხის რაოდენობა მცირე აღმოჩნდა (3-4 ათასი), ასე რომ, პროსპექტზე მომიტინგეების სიმცირე უფრო ნაკლებად ჩანდა. თუმცა საღამოსთვის ხალხის რაოდენობა ოდნავ მოემატა და კონცერტიც კი დაიწყო. თითქოსდა ოპოზიციისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა.

25-26 მაისის მთავარი ინტრიგა იმაში იყო, შესძლებდა თუ არა ხელისუფლება დაგეგმილი სამხედრო აღლუმის ჩატარებას რუსთაველის პროსპექტზე. ბურჯანაძე და მისი მომხრეები თავიდან აცხადებდნენ, რომ არ მისცემდნენ სააკაშვილს აღლუმის ჩატარების საშუალებას. ხელისუფლება, თავის მხრივ, დარწმუნებით გაიძახოდა, რომ აღლუმი ჩატარდება ზუსტად იქ და მაშინ, როგორც განსაზღვრულია. ხალხი მარჩიელობდა, თუ რა მოხდებოდა, მაგრამ თანდათან ნათელი გახდა, რომ გარდაუვალი იყო მიტინგის დაშლა (ან დარბევა).

25 მაისის საღამოს, როცა დაძაბულობამ პიკს მიაღწია, თბილისში ძლიერი წვიმა და სეტყვა დაიწყო. ამან მომიტინგეთა რაოდენობის შეთხელება გამოიწვია და ღამის 12 საათის შემდეგ, როცა ამოიწურა ქალაქის მერიის მიერ მიტინგისთვის გამოყოფილი დრო, რუსთაველის პროსპექტისკენ დაიძრა ე.წ. სპეცნაზი და შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა დიდი რაოდენობა.

დაიწყო მიტინგის დაშლა, რომელიც დარბევაში გადაიზარდა. იმის მაგივრად, რომ აქციის მონაწილეები განედევნათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, მათ ყოველი მხრიდან გზა გადაუჭრეს, დაკავებულებს კი სასტიკად სცემდნენ. ნაცემია ასეულობით ადამიანი, ზოგიერთი მათგანი ძლიერად. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 4 ადამიანი. მათ შორის ერთ-ერთს, პოლიციელს, მანქანა დაეჯახა, ხოლო დანარჩენების დაღუპვის გარემოებები გაურკვეველია. პოლიცია აცხადებს, რომ დაღუპული პოლიციელი ბურჯანაძის ესკორტის მანქანამ გაიტანა, რომელიც „ბრძოლის ველს“ ტოვებდა. თუმცა თავად ბურჯანაძე ამას უარყოფს. ასეა თუ ისე, დაკავებულია 2 პიროვნება ბურჯანაძის ესკორტიდან, მძღოლები. ძლიერად არის ნაცემი პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, ხოლო სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი ბათიაშვილი რამდენიმე დღე დაკარგულად ითვლებოდა. დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

მეორე დილით სამხედრო აღლუმი რუსთაველის პროსპექტზე ჩვეულებრივად ჩატარდა. თუმცა ბოლო მომენტში „საბრძოლო ხორუმის“ შესრულება სუხიშვილების ანსამბლის შესრულებით მაინც გადაიფიქრეს. სააკაშვილი, როგორც ყოველთვის, თავის ამპლუაში იყო და თბილისში განვითარებულ მოვლენებში „რუსეთის იმპერიას“ ადანაშაულებდა. ამის დასადასტურებლად, შსს-მ გამოაქვეყნა საუბრის ჩანაწერი, სადაც ნინო ბურჯანაძე და მისი შვილი მთავრობის დამხობის შესაძლებლობას და არმიის პოზიციას განიხილავენ, საუბარში კი „გრუ-ს სპეცნაზიც“ არის ნახსენები. თავად ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ფრაზები კონტექსტიდან ამოგლეჯილია და შეცვლილი. ჯერჯერობით ყოფილი სპიკერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, თუმცა მის მეუღლეს უკვე წაუყენეს ბრალი. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ დაკავებულ მომიტინგეებსაც სახელმწიფო გადატრიალების მუხლით უპირებენ გასამართლებას.

მთელი ეს დღეები (21-25 მაისი), სახალხო კრების მიტინგები უცნაური აკომპანიმენტის ქვეშ მიდიოდა. ვგულისხმობთ სხვა ოპოზიციურ ძალებს, რომელთაგანაც გამოირჩეოდა „ქართული პარტია“. იქმნებოდა აშკარა შთაბეჭდილება, რომ ამ პარტიის ლიდერები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საბოლოოდ დაებნიათ მოსახლეობა და წაერთმიათ მისთვის მიტინგზე მისვლის ყოველგვარი სურვილი. განსაკუთრებით „თავი გამოიჩინა“ ოქრუაშვილმა, რომელმაც ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში ჯერ განაცხადა, რომ 25 მაისს თბილისში დაბრუნდება და ხალხის გვერდზე დადგება, შემდეგ კი ასევე მოულოდნელად გადაიფიქრა და ჩამოსვლაზე უარი... ბურჯანაძეს დააბრალა, რომელიც თითქოს რაღაცაში არ დაეთანხმა მას. იმავე „ქართულმა პარტიამ“ მოულოდნელად დანიშნა მიტინგი 25 მაისს ავლაბრის რეზიდენციის შენობასთან, ბოლო მომენტში კი მისი ჩატარება გადაიფიქრა, ვითომდა იმ მოტივით, რომ მომიტინგეების ძალები არ გაეყო. ისმის კითხვა: მაშინ რა საჭირო იყო საერთოდ მიტინგის დანიშვნა, თუკი ის გასაუქმებელი იყო? ასე აბნევდა ხალხს ქართული ოპოზიცია.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, უმეტესობა საერთოდ გაჩუმებული იყო, ერთი-ორი მათგანი კი სახალხო კრების აქციებს შეუერთდა (მაგალითად, კუკავა და მისი „თავისუფალი საქართველო“), თუმცა მეორეხარისხოვან როლებში. ზოგიერთი პარტია, რომელიც თავის თავს ოპოზიციურს უწოდებს, პირიქით, სახალხო კრებას აკრიტიკებდა და მთავრობის არ იყოს, „კრემლის აგენტებს“ და „დესტაბილიზაციის შემომტანებს“ უწოდებდა.

საინტერესო განცხადება გააკეთა აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა. მან აღნიშნა, რომ მიტინგების გაგრძელებას შეიძლება დესტაბილიზაცია მოყვეს და რომ ზოგიერთი ძალა სწორედ დესტაბილიზაციაშია დაინტერესებული. ინტერნეტ-სივრცეში და სოციალურ ქსელებში ეს განცხადება აღიქვეს, როგორც „მწვანე შუქის“ ანთება ხელისუფლებისთის, რათა მას მიტინგი დაერბია. უნდა გავიხსენოთ, რომ საზოგადოებრივ აზრში უკვე მყარად და არცთუ უსაფუძვლოდ დამკვიდრდა სტერეოტიპი, რომ სწორედ ამერიკის საელჩო განსაზღვრავს საქართველოს არა მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკასაც. სხვათა შორის, ზემოთ ნახსენებმა „ქართულმა პარტიამ“ მაისის შუა რიცხვებში აშშ-ს საელჩოსთან მცირერიცხოვანი მიტინგი გამართა. ამ მიტინგის უცნაურობა იმაში იყო, რომ იმ დროს, როცა ოქრუაშვილი პარიზიდან გაკეთებულ განცხადებაში აშშ-ს საელჩოს საქართველოს ყველა უბედურების სათავედ მოიხსენიებდა, ამავე პარტიის მეორე ლიდერი კიწმარიშვილი ამერიკას მოუწოდებდა, სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმს კი არ დაჰყრდნობოდა საქართველოში, არამედ დემოკრატებს (ანუ მათ). ამასთან, ოქრუაშვილი თურმე უცხოეთიდან რეკავდა და თავის კოლეგა კიწმარიშვილს ლანძღავდა, ცოტა ხალხი რატომ არის მიტინგზეო. მსგავსი უცნაური გამოხტომები კიდევ უფრო აბნევდა ხალხს.

შევაფასოთ მაისის მოვლენების წინასწარი შედეგები. სახალხო კრების მიერ საპროტესტო აქციების მრავალთვიანი მომზადება, რაც ანონსირებული იყო „სააკაშვილის რეჟიმთან გადამწყვეტი ბრძოლის“ სახით, გამოიხატა 5-დღიან მიტინგში, რომელმაც არავითარი შედეგი არ მოიტანა ოპოზიციას. საქართველოს მოსახლეობა უკვე იმდენად დაიღალა ქართველი პოლიტიკოსების ინტრიგებისგან და თამაშებისგან, რომ არავისი აღარ სჯერა, არც ოპოზიციიდან და არც ხელისუფლებიდან.

ამასთან, მიუხედავად ხალხის დიდი ნაწილის უკმაყოფილებისა მიხეილ სააკაშვილის და მისი მინისტრების მიერ გატარებული პოლიტიკით მრავალ სფეროში, მთავრობამ მოახერხა ოპოზიციის იმგვარი დისკრედიტაცია, რომ თუ 2-3 წლის წინ მიტინგებზე ათეულობით ათასი ადამიანი გამოდიოდა, დღეს ეს ციფრი რამდენიმე ათასამდე და ხშირად რამდენიმე ასეულამდე შემცირდა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე არათუ გაიზარდა, არამედ ხშირ შემთხვევაში დაეცა კიდეც.

უფრო მეტიც, რამდენიმე წლის წინ მიტინგებში თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა, ახლა კი უმეტესობამ პირში წყალი ჩაიგუბა. ეს ფაქტი აღნიშნა სააკაშვილმა, რომელმაც ის იმით ახსნა, რომ მის წინააღმდეგ მხოლოდ „კრემლის აგენტები“ გამოდიან და ისიც იმიტომ, რომ თურმე მოსკოვს „შურს საქართველოში ჩატარებული რეფორმების“. თუ ეს ასეა, მაშინ გაუგებარია, რატომ არ მიიღო აქციებში მონაწილეობა, მაგალითად, ლეიბორისტულმა პარტიამ, რომლის ლიდერსაც სააკაშვილი წინა წლებში ასევე აბრალდებდა „კრემლის აგენტობას“.

საპროტესტო აქციის სასტიკი დარბევით მთავრობამ კიდევ ერთხელ „მოახერხა“ შეელახა საკუთარი იმიჯი არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. ექსპერტები მარჩიელობენ, რაში დასჭირდა პოლიციას მომიტინგეების ცემა და დამცირება, როცა შეიძლებოდა მათი გამოდევნა პროსპექტიდან. ამ შემთხვევაში ბურჯანაძე და მისი მომხრეები ძალიან არასახარბიელო პოლიტიკურ სიტუაციაში აღმოჩდებოდნენ.

ახლა კი ბურჯანაძეს საკუთარი თავი და პარტია „წამებულად“ შეუძლია წარმოაჩინოს, რომლებიც „ბოლომდე ებრძოდნენ ტირანულ რეჟიმს“. მაგრამ ეტყობა ხელისუფლება უფრო მნიშვნელოვნად თვლის იმას, რომ ძალა გამოავლინოს და კიდევ ერთხელ აჩვენოს მოსახლეობას, რომ სწორედ ის არის ქვეყანაში სიტუაციის ბატონ-პატრონი. თანაც, ამ გზით შესაძლებელია ხალხის ცნობიერებაში ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც „მოღალატე“ და „რუსეთის აგენტი“, რომელსაც სასტიკად უნდა გაუსწორდე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძირითადად საინფორმაციო სფეროში და პიარის დონეზე ხდება, თორემ ის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ეძებს გზებს რუსეთთან კონტაქტების განახლებისთვის, საიდუმლოებას არ წარმოადგენს.

რა იქნება შემდეგ? დგება ზაფხულის სეზონი და ახალ საპროტესტო აქციებზე საუბარი ნაკლებად რეალურია. ის პარტიები, რომლებიც არ იღებდნენ მონაწილეობას გამოსვლებში და მოლაპარაკებებს აწარმოებენ ხელისუფლებასთან ე.წ. საარჩევნო გარემოს შეცვლის ირგვლივ, შეეცდებიან არსებული სიტუაცია გამოიყენონ რეჟიმისგან მცირეოდენი დათმობების მისაღებად, რასაც დიდ გამარჯვებად გაასაღებენ, სინამდვილეში კი მომავალ პარლამენტში რამდენიმე კაცით მეტს თუ გაიყვანენ, მხოლოდ და მხოლოდ. სავარაუდოდ, ხელისუფლება მათ გარკვეულ დათმობებს „წაუგდებს“ და ამით დაასაჩუქრებს მიტინგებში არ მონაწილეობის გამო. მაგრამ საქმე არ შეეხება პრინციპულ დათმობებს, რომლებსაც შეუძლიათ საპარლამენტო არჩევნების და მათში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების ბედი სასწორზე დააყენონ.

P.S. გ. ვეკუას სტატია სომხეთში გამომავალი რუსულენოვანი ანალიტიკური ჟურნალისთვის "მესამე გზა" დაიწერა და ქართულად ითარგმნა.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"