ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
31.05.2011
“უმაღლესი ინსტანციების” უმოქმედობის პირობებში მ.სააკაშვილი საქართველოს ფარაონი ხდება

“უმაღლეს ინსტანციებში” პირობითად ვგულისხმობთ იმ ძალებს, რომლებსაც აქვთ მ.სააკაშვილისა და მისი რეჟიმის ნებისმიერ ქმედებებზე უპირობო გავლენა, ასევე მთავარი - ძალუძთ მისი ფიზიკური მოცილება. ეს ძალები ასივე პროცენტით საქართველოს გარეთ იმყოფებიან.

1. აშშ - ძალა, რომელზეც ყველაზე უფრო მეტად არის სააკაშვილის რეჟიმის ბედი დამოკიდებული; ამ ძალას შეუძლია, თუკი მოინდომა, რეჟიმი დაუყოვნებლივ შეცვალოს; ამისათვის აშშ-ს აქვს ყველა შესაძლებლობა და ზეწოლის ბერკეტი: საფინანსო-ეკონომიკური, პოლიტიკურ-დიპლომატიური და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქართველოს სახელისუფლებო და პოლიტიკურ ორგანოების სრული გაჯერება ამერიკული სპეცსამსახურების აგენტურით;

2. ევროპის სახელმწიფოები, ევროკავშირი და ევროპული სტრუქტურები (ევროპის კომისია, ევროპარლამენტი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთო) - ასევე ფლობენ საქართველოზე არა გადამწყვეტ, მაგრამ ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ-ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტებს, და სააკაშვილის რეჟიმი მნიშნელოვანწილად მათზეც არის დამოკიდებული;

3. რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებელ რესპუბლიკებად” აღიარების შემდეგ საქართველოზე ზეწოლის პრაქტიკულად ყველა ბერკეტი დაკარგა, სამხედრო ბერკეტის გარდა. რუსეთს სააკაშვილის რეჟიმის ჩამოგდება არ შეუძლია ისევე მშვიდობიანად, როგორც ამერიკასა და ევროკავშირს, სამაგიეროდ ამის გაკეთება შეუძლია პრაქტიკულად ასევე სწრაფად და უმტკივნეულოდ, თუკი აამოქმედებს თავის სამხედრო მანქანას. მაგრამ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ რეჟიმისადმი მუქარა/შანტაჟი რუსეთს თავისი ამჟამინდელი სამხედრო ყოფნითა და უპირატესობით არ შეუძლია, მას ამ ძალის მხოლოდ პირდაპირი გამოყენება შეუძლია. ეს ძალზე და ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია, რომელსაც ჩვენ ჩვენს მომავალ კომენტარებში შევეხებით.

შინაგანი ფაქტორები - მძიმე სოციალური ფონი და სახალხო უკმაყოფილება, ეკლესიისა და პირადად პატრიარქის ავტორიტეტი, მით უმეტეს კი ოპოზიციური პარტიები - უკვე თითქმის აღარანაირ დამოუკიდებელ როლს არ ასრულებენ. მხოლოდ გარეშე ძალებს შეუძლიათ მათით მანიპულირება.

ეს მომენტი განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა 26 მაისის მოვლენების შემდეგ, როდესაც გამოირკვა, რომ ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს კონკრეტული მოქმედების არანაირი გეგმა არ გააჩნია, გარდა დასავლეთის საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ მიმართვების გაკეთებისა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათი ყოველი მოქმედება - იქნება ეს რადიკალური ოპოზიციის ქუჩის მსვლელობა თუ საპარლამენტო ოპოზიციის მიერ მოლაპარაკების მაგიდასთან გაკეთებული წინადადება - საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს, ამერიკის, ევროპის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე შთაბეჭდილების მოხდენას! სწორედ დასავლეთმა უნდა მოახდინოს შემდგომ “ზეწოლა” სააკაშვილზე და ცხოვრებაში გაატარებინოს ხალხისა და ოპოზიციის ესა თუ ის სურვილი - ასეა განწყობილი თავად ქართული ოპოზიცია შინაგანად, ასეა მოწყობილი მისი პოლიტიკური აზროვნება.

მაგრამ, რა თქმა უნდა, დასავლეთს არ სურს საქართველოში იმ რეჟიმის შეცვლა, რომელიც ბეჯითად ემსახურება მის ინტერესებს და ყოველმხრივ არის მასზე დამოკიდებული, ხოლო რუსეთის ხელისუფლება საკუთარ თავს უნერგავს, რომ კავკასიაში საქმეები მშვენივრად მისდის და არაფრის შეცვლა არაა საჭირო.

ასეთ პირობებში არანაირი შანსი არ არის, სააკაშვილის რეჟიმის თავიდან მოცილებისა, სულ ცოტა მანამ, სანამ სახელმწიფო ბიუჯეტს ძალუძს ძალოვანი სტრუქტურების უხვი დაფინანსება, ხოლო ეროვნული ვალუტა, ავად თუ კარგად, პოზიციებს ინარჩუნებს. ამიტიმ სააკაშვილს შეუძლია, თავს უფლება მისცეს, ისე მოიქცეს, როგორც ფარაონი, ყურადღებით ნახეთ ქვემოთ მოცემული ვიდეო, რომელზეც ახლახანს გახსნილი ახალი პარკია, რიყეზე, თბილისში:

http://www.youtube.com/watch?v=LTBmjdr6Quc&feature=player_embedded
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"