ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
10.06.2011
აშშ-მ 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - ფარსად გადააქცია

სამწუხაროდ, მოვლენები სწორედ ჩვენი პროგნოზების შესაბამისად განვითარდა - ოპოზიციის მცდელობამ, ჩაეშალა 26 მაისის სამხედრო აღლუმი, ხელისუფლების ერთადერთი რეაქცია გამოიწვია - მიტინგი დაუნდობლად იქნა დარბეული. გამართლდა ჩვენს მიერ გაკეთებული მეორე პროგნოზიც: სამწუხაროდ, ხელისუფლების ძალოვანი ქმედებები დღეს მოსახლეობის ისეთსავე მასშტაბურ რეაქციას აღარ იწვევს, როგორც ეს იყო ორიოდე წლის წინათ. ამის მიზეზი ბევრია, ჩვენ მათზე არა ერთხელ შევჩერდით, ახლა კი სხვა რამეზე იქნება საუბარი.

ამ სიტუაციაში მხოლოდ ის არის გასახარი, რომ “მაესტროს” ჟურნალისტური კოლექტივი მაინც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და გადამწყვეტ მომენტში არ შეუშინდა მიტინგის დარბევის საშინელი კადრების გავრცელებას.

დარბევას წინ უძღოდა საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადება, რომელშიც ნათქვამია:

"რადიკალური ოპოზიციის გარკვეული ჯგუფები ძალადობრივი კონფრონტაციის გამოწვევას ცდილობენ… ნებისმიერი დემოკრატიულად განწყობილი საზოგადოების ვალდებულებაა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაიცვას, თუმცა ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ საპროტესტო მოქმედებებით სხვა მოქალაქეების უფლებები არ შეილახოს. მათ თავის საქმიანობაში, გადაადგილებაში და თუნდაც გარკვეული მნიშვნელოვანი დღეების სათანადოდ აღნიშნვაში ხელი არ უნდა შეეშალოთ… დღეს ქუჩაში გასულ დემონსტრანტებს შორის არიან გარკვეული ადამიანები, რომლებიც სიტუაციის დაძაბვას და კონფრონტაციის გამოწვევას ცდილობენ… ეს ხელს უშლის მათი მოთხოვნების მშვიდობიანი გზით შესრულებას და გარდა ამისა, მათ მიმართ საზოგადოების ნდობას მნიშვნელოვნად ამცირებს".

თუკი ჩვენ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ რომელიმე უცხო სახელმწიფოს ელჩი, სადმე, რომელიმე სუვერენულ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, თავის თავს ამგვარ ტონში, ამგვარი შინაარსის განცხადების გაკეთების უფლებას მისცემს, ჩვენს საიტს საერთოდ დავხურავთ. საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადება ესაა საქართველოსა და მისი ხალხის სრული უპატივცემულობა, ელჩის მენტორული ტონი, “ბრძნული” რჩევები და მეტიც, მსგავსი “ინფორმირებულობა” იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზრახვები ამოძრავებს ზოგიერთ დემონსტრანტს, აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ აშშ საქართველოს განიხილავს არასუვერენულ სახელმწიფოდ, არასრულფასოვანი ხალხით.

მაგრამ მაინც ვინ გააბედინა შეზღუდულ ჯონ ბასს, მისცემოდა ამგვარ თავდავიწყებას, და თან დამოუკიდებლობის დღის წინ? ეს, რა თქმა უნდა, თავად ქართული საზოგადოებრიობაა, პირველ რიგში, მისი პოლიტიკური სპექტრისა და ე. წ. არასამთავრობო სექტორის სახით, რომლებიც მიეჩვივნენ უცხოურ, პირველ რიგში ამერიკულ წარმომადგენლობებში სირბილს და მათთან საკუთარი გეგმების შეთანხმებას, და ამასთან, მათგან მოწყალების მოლოდინში არიან როგორ საფინანსო, ისე ზოგად-პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით. იმავე ნინო ბურჯანაძეს არაერთხელ განუცხადებია, რომ აშშ მხარს არ დაუჭერს სააკაშვილს, ჯონ ბასის ეს განცხადება კი მან მხოლოდ როგორც “დიპლომატიური განცხადება”, ისე შეაფასა, ნაცვლად იმისა, რომ მკვეთრად დაეგმო იგი, როგორც ქართველი ხალხის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა, და თანაც ამერიკის მიერვე დასმული სააკაშვილის მხარდასაჭერად. ბურჯანაძემ ისიც განაცხადა, რომ “იმ დროს, როდესაც ჩვენ ვაწყობდით ‘ვარდების რევოლუციას’, აშშ-ის მაშინდელი ელჩი ოფიციალურ განცხადებებში ბევრად უფრო თავშეკავებული იყო, ვიდრე ჩვენთან კერძო საუბრებში”. ეს აღიარება ალბათ კომენტარს არ საჭიროებს.

საქართველოში დღესდღეობიც ისედაც ძლიერია ანტიამერიკული განწყობები - მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული სპეცსამსახურების მიერ მართული და საქართველოში მოქმედი ინსტიტუტები ცდილობენ თავიანთი “გამოკითხვების შედეგების” თავს მოხვევას. აღნიშნული განწყობები დღეიდან უფრო გაძლიერდება - ელჩი ბასი მაინც მოუქნელად მოიქცა, მისი სიტყვიერი სანქცია მიტინგის დასარბევად საჭირო არ იყო, მას ისედაც დაარბევდნენ. ამგვარად კი აშშ-ის იმიჯი კიდევ უფრო შეილახება. თვით ის ქართველი ინტელექტუალები, როგორებიც არიან ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი და პოეტი დავით მაღრაძე, რომლებიც ყოველთვის საქართველოს დასავლეთთან დაახლოების თანმიმდევრული მხარდამჭერნი იყვნენ, მიტინგის დარბევის შემდეგ მეტად უარყოფითად გამოეხმაურნენ შეერთებული შტატების პოლიტიკას. ითქვა, რომ ამერიკამ პირდაპირ დაიკავა დიქტატურის მხარე.

მაგრამ როგორი იქნება აშშ-ის იმიჯი საქართველოში, უფრო შორეული მომავლისთვის არის აქტუალური, ახლა კი ბევრი რამ წყდება. სამწუხაროდ, ჩვენი ის პროგნოზიც დასტურდება, რომ ოპოზიციას, როგორც ჩანს, არ ჰქონდა გეგმა მიტინგის დარბევის შემთხვევაში, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სამოქმედო გეგმა დარბევის შემდეგ. ნინო ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ მიმართა დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და მოუწოდა მათ, ჩაერიონ პოლიციის მიერ დაკავებული მომიტინგეების გასათავისუფლებლად.

ჯერ არ ჩანს არსებული სიტუაციიდან გამოსავალი, სავსებით რეალურია ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის მიმართ რეპრესიები. ამან შესაძლოა, მათი რეიტინგი ასწიოს, მაგრამ მაშინ, როდესაც დაპირისპირების ბედს მხოლოდ ძალა წყვეტს, ხოლო ხალხმა დიდი ხანია, თავი ჩაქინდრა, ეს რეიტინგი დიდი ვერაფერი შვებაა.

ოპოზიციამ თავიდანვე დაუშვა შეცდომა, როდესაც ნათლად და მკაფიოდ არ გაემიჯნა თავის პროდასავლურ ოცნებებს. ნინო ბურჯანაძის “შპაგატი” რუსეთსა და აშშ-ის შორის აშკარად არ გამოვიდა. ამერიკელები ასეთ რამეს არ “ყლაპავენ”, მათ ურჩევნიათ “თავიანთი ძაღლიშვილი”. ქართულმა ოპოზიციამ არასწორად გაიაზრა არაბულ სამყაროში მიმდინარე მოვლენები და შეცდომით მიიჩნია, რომ მუბარაქისა და ბენ ალის ჩამოგდება აშშ-ის მხრიდან დემოკრატიისადმი მხარდაჭერის გამოვლენა იყო, ხოლო დასავლეთი კადაფისა და ასადს იმიტომ ებრძვის, რომ ისინი დიქტატორები არიან… ოპოზიციას თუნდაც ჩვენი მოკრძალებული საიტი რომ წაეკითხა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებსაც აშუქებს, ალბათ რამეს მაინც გაიგებდა.

სხვაგვარად კი, ოპოზიცია, ისევე როგორც მთელი საქართველო, რჩება აშშ-ის და მისი მარიონეტი სააკაშილის მსხვერპლი. დღეს დილით რუსთაველის პროსპექტის ასფალტზე, რომელზეც რიგითი ქართველების სისხლი დაიღვარა, “მთავარსარდლის” გასახარად ჩაივლის ფსევდოარმია, რომელიც, თავის მხრივ, პოლიციური რეჟიმის მიერ ბევრჯერ იქნა “გაწმენდილი” და ვერ მოასწრო ნამდვილ ქართულ არმიად ჩამოყალიბება. იქნებიან ასევე შოუ-კლოუნები, “საზოგადოებრიობის წარმომადგენლები”, მოკლედ, რეჟიმის ყველა მლიქვნელი. ასეთი “შესანიშნავი” 26 მაისი მოდის, “დამოუკიდებლობის დღე” და თან (მორიგი) “გამარჯვების დღე” - ქართველ ხალხზე.

თბილისი, 2011 წლის 26 მაისის დილა
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"