ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
25.05.2011
“მაესტრო” თავის ჩვეულ ამპლუას სწრაფად დაუბრუნდა

გადამწყვეტ მომენტში, როდესაც თბილისის საპროტესტო აქცია კულმინაციის ფაზაში შევიდა და პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა მიშისტური “აღლუმის” ჩასაშლელად, ტელეკომპანიებმა - “მაესტრომ” და “მეორე არხმა”, რომლებიც აქციას პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ, ტრანსლირება შეწყვიტეს.

სამაგიეროდ, სამთავრობო არხები უკვე ავრცელებენ მიშას პოლიცაის მიერ შეთითხნილ “ფარულ ჩანაწერებს”, რომ დემონსტრანტები “პოლიციის მანქანების დასაწვავად” ხალხში ფულს არიგებენ.

მართალია, ჩვენს მიერ ნახსენები “გადამწყვეტი მომენტი”, როგორც უწინაც ვივარაუდეთ, არსებითად არაფერს წყვეტს და სააკაშვილის დამანგრეველი პარპაში საქართველოში ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება, მაგრამ ფაქტი მაინც საყურადღებოა: “მაესტროს” პირდაპირი ტრანსლაცია გაითიშა სწორედ მაშინ, როდესაც “სახალხო კრება” ტელეცენტრთან უნაყოფო დგომის შემდეგ შედარებით რეალურ საქმეზე გადავიდა.

თუკი ამერიკის საელჩოს უშუალოდ დაქვემდებარებული “მეორე არხისგან” განზე გადგომა საერთოდ არ არის გასაკვირი, “მაესტრო” საპროტესტოდ განწყობილი ხალხის საკმაოდ დიდ ნაწილს გარკვეულ იმედს უნერგავდა. აქუბარდიას ცოლის “კავკასია” ხომ ისედაც დიდი ხანია, აშკარად მიკერძოებულ “კანტორად” იქცა და არც უწინ იწუხებდა თავს მრავალათასიანი დემონსტრაციების პირდაპირ ეთერში გაშუქებით. არადა, სწორედ პირდაპირი ეთერი ხდება გადამწყვეტი ნებისმიერი ქუჩის აქციის დროს, რაც დაამტკიცა 2007 წლის ნოემბრის ტელეკომპანია “იმედმა”.

ნინო ბურჯანაძე “არ იმჩნევს” წაგებულ თამაშს და განაგრძობს მოწოდებებს, რათა ხალხი გამოვიდეს. ამჯერად იგი “მაესტროსაც” მოუწოდებს, “ნუ გადაიქცევა კიწმარიშვილის ტელევიზიად”, მაგრამ “მაესტრო” დიდი ხანია, საერთოდ გაურკვეველი მენეჯმენტის მიერ იმართება და თვისობრივად არ განსხვავდება სხვა ტელევიზიებისგან. ჩვენ შემთხვევით არ ვუწოდეთ ამ ტელევიზიის მაუწყებლობას “თუთიყუშური”.

ასეა თუ ისე, დღეს ფაქტია: შედარებით მცირერიცხოვანი აქციის მოსალოდნელი ალაგმვა ხელისუფლების მიერ ამაღამ პირდაპირი ეთერის გარეშე მოხდება. ასეთი ალაგმვა გარდაუვალია, თუკი ბურჯანაძე უკან არ დაიხევს აღლუმის ჩაშლის მოთხოვნით და თავად არ გადაინაცვლებს სხვა ადგილას. თუმცა სიტუაცია საქართველოში იმდენად დამთრგუნველია, რომ უნდა ვაღიაროთ, პირდაპირ ეთერში სააკაშვილმა გუბაზ სანიკიძე რომ დაკლას და მისი ხორცი შეჭამოს, არც ეს გამოიყვანს ხალხს ქუჩებში.

“სახალხო კრებამ” მთლიანობაში დაამტკიცა, რომ იგი საქმეს მოუმზადებლად და არაკომპეტენტურად შეუდგა, თუმცა ამის შესახებ - ჩვენს მომავალ კომენტარებში.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"